Friday, July 20, 2012

მექსიკური კინოს ტრიუმფი (კინო და მუსიკა)

ალეხანდრო გონსალეს ინარიტუს (Alejandro González Iñárritu) სახელი ქართველი კინოს მოყვარულთა უმეტესი ნაწილისთვის უცნობია. საინტერესოა მისი ბოლო ფილმი - ‘ბაბილონი/Babel 2006 და მასში მონაწილე ამერიკული კინოს ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ბრედ პიტი და ქეით ბლანშეტი. მაგრამ ვინც ფილმს ნახავს, დამეთანხმება რომ ეს არა მარტო მსახიობების, არამედ ახალგაზრდა მექსიკელი რეჟისორის ნამდვილი შემოქმედებითი მიღწევაა. 

სამ კონტინენტზე განვითარებულ ისტორიას, ერთი თვალის გადავლებით, თითქოს ერთმანეთთან არაფერი საერთო არ გააჩნიათ,  გარდა ბატონი იაშუჯიროს სანადირო თოფისა. ტოკიოს მაცხოვრებელმა მაროკოში მოგზაურობისას საჩუქრად დაუტოვა თოფი ნადირობაში თავის მეკვლეს, ადგილობრივ ბინადარ ჰასანს, რომელმაც მოგვიანებით იგი მეზობლად, მთებში მცხოვრებ მწყემს აბდულას მიჰყიდა. უკანასკნელმა კი იარაღი თავის ორ პატარა ვაჟს ჩააბარა თხის ჯოგის გარეული ნადირებისაგან დასაცავად. ახალგაზრდები დაუოკებელი ემოციებისა და წინდაუხედაობის შედეგად ტრაგედიაში გახვეულნი აღმოჩნდებიან: მათ საბედისწეროდ იმ მთის ძირას, სადაც ძმები თავის ჯოგს მწყემსავდნენ, დასავლეთიდან ჩამოსული ტურისტებით სავსე ავტობუსი გამოჩნდება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სამ განსხვავებულ კულტურაში განვითარებული ამბავი მოგვითხრობს აგრეთვე მშობლებისა და შვილების ურთიერთობებზე. რამდენადაც კულტურები განსხვავებულია ერთმანეთისაგან, იმდენად არაერთგვაროვანია ეს ურთოერთობები. იაპონური ტრადიციული და იმავდროულად ტექნოკრატიული საზოგადოების ერთეულში უდედოდ დარჩენილი ყრუ-მუნჯი ჩიეკო ძალიან განიცდის თავის მარტოობას. ეს ტანჯვა მას უცნაურ და დისოციალურ ნაბიჯებამდეც უბიძგებს, მაგრამ საბოლოოდ ბედისწერა იხსნის მას მოსალოდნელი დისტრესისაგან და იგი ადგილობრივ პოლიციელებით შეწუხებულ მამას ანდობს თავის ფიქრებს და განცდებს.
საპირისპიროდ, მაროკოელი მწყემსის აბდულას ოჯახში დატრიალებული უბედური ამბავი დიდ მსხვერპლს მოიტანს, მის უფროს და ყველაზე უდანაშაულო ვაჟს ახმედს პოლიციელის ბრმა ტყვია შეიწირავს. აფრიკული ოჯახი ყველაზე მეტად დაისჯება ტურისტულ ავტობუსში მჯდარ სიუზენის (ქეით ბლანშეტი) თავზე გადამხდარი უბედური შემთხვევის გამო და იმავდროულად, სწორედ ეს მხარე გაუწევს ქეითს დახმარებას – ჯერ ადგილობრივი მკურნალისა და მერე კასაბლანკას ჰოსპიტალში ჩატარებული ოპერაციით. უშურველი თანადგომით და ჰუმანურობით გამოირჩევა აგრეთვე ტურისტების ადგილობრივი გიდი ანვარი, რომელიც ჯერ მგზავრებს თავის სოფელ ტაზარინში ჩაიყვანს და ბოლომდე უანგაროდ მოემსახურება უბედურ შემთხვევაში გახვეულ ამერიკელ წყვილს, მაშინ, როცა ლოდინით გაღიზიანებული ტურისტები ავტობუსიანად დატოვებენ უკაცრიელ ადგილზე მდებარე სოფელს.


ნათესავადაც მოიაზრებს, რადგან იგია მათი ნამდვილი გამზრდელი და როგორადაც უცნაურად არ უნდა გვეჩვენებოდეს, სწორედ მას, ოჯახის ერთიანობისათვის მზრუნველს, აძევებენ და ჩამოაშორებენ თავის საყვარელ გასაზრდელებს.
პაციფისტური სულისკვეთებით განმსჭვალული ფილმი (ამერიკულ იარაღს მხოლოდ უბედურება მოაქვს ძველი კულტურების მატარებელ საზოგადოებაში!) სავსეა დოკუმენტალურ სტილში აღბეჭდილი ტრადიციებისა და ამ ეთნოსის ცხოვრების სტილის ამსახველი კადრებით. რეჟისორი არ ერიდება ამ მრავალფეროვნებასა და დიდი ოსტატობითა და აქცენტებით ხაზს უსვამს როგორც ეთნოკულტურების დამახასიათებელ თავისებურებებს, ასევე პოლიტიკურ და სოციალურ განსხვავებებს. ამიტომაც ფილმი გარკვეულად ანტიამერიკულ ელფერსაც ატარებს – უყურადღებოდ ვერ დატოვებ იაპონური ტელევიზიის დიქტორის კომენტარს, სადაც ისტორიის ამერიკული ჰეპი-ენდი არის ირონიით მოხსენიებული და უბედური შემთხვევა კი სახდეპარტამენტის მიერ შერაცხულია ალჟირელი ტერორისტების ნამოქმედარად. აღმოსავლური კაცთმოყვარეობა და ყურადღება დაპირისპირებულია ამერიკელ კანონდამცველთა პედანტურ მოქმედებასთან, რომელიც მაყურებლში იწვევს პიროვნების შელახვის შეგრძნებას. მიუხედავად აფრიკული სიღარიბისა და იაპონური იზოლიანტობისა, ეს კულტურები აღმოჩნდებიან, როგორც მეტად მოწყვლადი (ვინ იცის, იქნებ იაშუჯიროს მეუღლემ ამ თოფით მოიკლა თავი), ასევე შემწყნარებელი, ვიდრე რაფინირებული და კანონმორჩილი ამერიკული დემოკრატიული სისტემა. თუმცა იგი იდეალური დამცველია თავის საზოგადოებისა (სიუზენი და რობერტი თავის შვილებთან ერთად უვნებლები რჩებიან), მაგრამ მოკლებულია მრავალფეროვნებასა და ინდივიდუალობას, რაც მის სიახლოვეშიც და შორეულ აღმოსავლეთში ასე მკაფიოდ გამოავლინა რეჟისორის მზერამ.
ფილმმა დაიმსახურა შარშანდელი კანების ფესტივალის ერთ-ერთი საუკეთესო ჯილდო – რეჟისურისათვის და მრავალი სხვა საერთაშორისო ჯილდოები (მათ შორის ჰოლივუდის ოქროს გლობუსი, როგორც საუკეთესო დრამატული ჟანრის ფილმი და მრავალ სხვა კატეგორიაში – მუსიკა, მონტაჟი, სცენარი, მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისათვის). დღევანდელი დღისათვის აქტუალური ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების შეჯერებისა და რეჟისორული თვითმყოფადი ხელწერის წყალობით იგი ნამდვილად გამორჩეული და საინტერესო ნამუშევარია, რაც რადიკალურად განასხვავებს მას ჰოლივუდის (თუნდაც კარგი) სტანდარტებისაგან. მიუხედავად ჰუმანისტური პათოსისა, ფილმში მოთხრობილი ამბის გადაწყვეტის ხერხები მიაკუთვნებს ამ სურათს საკლუბო ჩვენებისათვის (მოზრდილი ასაკის მაყურებლისათვის) განსაზღვრულ სურათების რიცხვს. ამისდა მიუხედავად, ფილმი ყველა ასპექტით კარგადაა შეკრული (არ არის ამოვარდნილი არცერთი ეპიზოდი [ტეხასური უდაბნოებით დაწყებული ტოკიოს ულამაზესი ცათამბჯენების ჩვენებით], რაც დამდგმელის უბადლო ნიჭიერებაზე მიგვთითებს), და საერთო გავლენითა და მხატვრული ღირებულებით ფილმი შეიძლება შევადაროთ ამ წლის მეორე კინემატოგრაფიულ მოვლენას, ‘პანის ლაბირინთებში /El Laberinto del Fauno (2006)’, რომელიც ასევე მექსიკელი რეჟისორის გულიელმო დელ ტოროს მიერ არის გადაღებული და ჩვენს მიერ განხილულ ფილმთან ერთად იყო წარდგენილი წლევანდელი ოსკარების ნომინაციებზე.


დავით გიგინეიშვილი

დაბეჭდილია გაზეთ '"24 საათი" 2007; 251(1695): a11

No comments:

Post a Comment