Friday, July 20, 2012

ანტონიო ვივალდო 'ბაიაზეტი' (კინო და მუსიკა) / Antonio Vivaldi 'Bajazet' (CDs review)



ანტონიო ვივალდი ‘ბაიაზეტი’
Antonio Vivaldi  'Bajazet''
მუსიკალური ტრაგედია 3 აქტად. 
დევიდ დენიელს (ტამერლანო), ი.დ’არქანჯელო (ბაიაზეტი), მ.მიანოვიჩი (ასტერია), ე.გარანკა (ანდრონიკო), ვ.ჟენო (ირენე), პ.ჩიოფი (იდასპე).
ეუროპა გალანტე, ფაბიო ბიონდი.
Virgin Classics 5 45676 2 9 (2cds+1DVD)
146 წუთი, ჩაწერილია 2004 წელს.
ვივალდის ბრწყინვალე ოპერების [‘ორლანდო ფურიოზო/Orlando Furioso’ ჩაწერილი ჯერ კიდევ კლაუდიო შიმონეს ხელმძღვანელობით (Erato ECD88190) და ‘ტიტო მანლიო/Tito Manlio’ უკვე ვიტორიო ნეგრის დირიჟორობით (Philips 446 332-2)] შემდგომ მისი შემოქმედების სხვა ნიმუშების გაცნობამ, კერძოდ, ხორდი სავალის ‘ფარნაჩემ /Farnace’ (AliaVox 9822) და რინალდო ალესანდრინის ‘ოლიმპიადამ/L’Olimpiade’ (Opus111 30316) ვერ მომანიჭა ის სიამოვნება, რასაც ველოდი და ნაწილობრივ გამიცრუა იმედები, ამავე დროს დამარწმუნა, რომ მისი მუსიკალური დრამის შედევრი მაინც ‘იუდიტა ტრიუმფანსია/Juditha Triumphans’. ამიტომ გარკვეული ეჭვის თვალით შევხვდი ახალი ოპერის ჩანაწერის გამოჩენას, მხოლოდ მომღერლების ბრწყინვალე შემადგენლობამ გამაბედვინა ამ კომპლექტის შეძენა. ეს ტრაგიკული ოპერა ეფუძნება თათართა იმპერატორის ტამერლანოს ტყვეობაში მყოფი ოტომანთა სულთანის ბაიაზეტის ცხოვრების ბოლო წლებს. ინტრიგა იხლართება მას შემდეგ, რაც იმპერატორი ინტერესს ავლენს ბაიაზეტის ქალიშვილისადმი (ასტერია),  ეს კი სასოწარკვეთილებაში აგდებს იმპერატორის ოფიციალურ დანიშნულს – პრინცესა ირენას და ასევე ტამერლანოს მოკავშირე, ბერძენ პრინცს ანდრონიკოს, რომელიც  ასტერიაზეა შეყვარებული და მისგანაც საპასუხო გრძნობებს ღებულობს. დაპირისპირებები და ინტრიგები კულმინაციას აღწევს მას შემდეგ, რაც ამბავი შეურაცყოფილი ბაიაზეტის თვითმკვლელობით მთავრდება. ეს აქტი აიძულებს იმპერატორს გულმოწყალება გამოიჩინოს ანდრონიკოს და ასტერიას სიყვარულის მიმართ. რადგან ტურინში აღმოჩენილ პარტიტურაში გამოტოვებული იყო მთავარი პერსონაჟების (ანდრონიკოს ‘Quel ciglio vezzosetto’, ტამერლანოს ‘Cruda sorte, avverso’, და ირენას ‘Son tortorella’) არიები, ფაბიო ბიონდი ოპერის დრამატურგიული ხაზის გაწყვეტის საშიშროებიდან გამომდინარე, იძულებული გახდა ვივალდის მიერ შემდგომ დაწერილი ოპერებიდან მოეძებნა და შეევსო ეს დანაკლისი. 

ოპერის პრემიერაზე, რომელიც შედგა ვერონაში 1735 წელს, მონაწილეობდა ორი კასტრატი – ანდრონიკოსა და იდასპეს როლებში. ჩანაწერში კი მხოლოდ ერთი კონტრატენორი – დევიდ დენიელსია და ისიც ტამერლანოს როლში, რომელიც სპეციალურად იყო დაწერილი კონტრალტოსათვის. ვოკალური ნაწილის სირთულეებიდან გამომდინარე ასეთი გადაადგილება გამართლებულიც იყო. ბიონდიმ ამ ოპერაში ბრწყინვალე შემადგენლობა შეკრიბა – უკვე ნახსენებ დევიდ დენიელსთან ერთად არიან ვივიკა ჟენო (ირენე), მარიანა მიანოვიჩი (ასტერია) და პატრიცია ჩოფი (იდასპე). ვარსკვლავებმა კარგად გაართვეს თავი პარტიებს. აღნიშვნის ღირსია ჟენოს ფენომენალური ტექნიკა არიაში Qual guerriero in campo armato, ჩიოფის ვირტუოზობა და სუნთქვის უნაკლო გამოყენება უმძიმესი პასაჟებისას არიაში - Anche il mar par che sommerga’ (აბა სხვა რა შეეძლო დაეპირისპირებინა ჩიოფის აბობოქრებულ ვულკანის – ჩეჩილია ბარტოლის მიმართ, რომელმაც ეს არია მანამდე ჩაწერა ვივალდის ალბომში DECCA 466 589-2) და მიანოვიჩის ტემბრალური შთამბეჭდაობა მისი ხმის მოქნილობასთან ერთად (არია La cervetta timidetta’). ჩემთვის ნამდვილად აღმოჩენა იყო ახალგაზრდა ელინა გარანკა ანდრონიკოს როლში, მან ტოლი არ დაუდო სახელმოხვეჭილ ბაროკო ოპერის გამოცდილ სპეციალისტებს, განსაკუთრებით არიაში Spesso tra vaghe rose’ (რაღაცით ჰასეს სტილს რომ მოგვაგონებს) და რასაკვირველია, იტალიელმა ბას-ბარიტონმაც ილდებრანდო დ’არქანჯელომ თავისი ბრწყინვალე მაღალი ‘მი’-თ ’Dov’e la figlia?’


ბიონდის ტემპერამენტული და ინკრუსტირებული ინტერპრეტაცია, ცხადია აქცენტებით სიმებიან ინსტრუმენტებზე, რადგან თავად არის პირველი ვიოლონი – ეს ნამდვილი საოცრებაა და  წარმოადგენს ვივალდის XXI საუკუნის ინტერპრეტაციას. როგორც საოპერო დირიჟორს,  პირველად მოვუსმინე მას და ვფიქრობ, რომ  ძალზედ ორიგინალურად გაართვა თავი ამ მეტად ფაქიზ და ამავე დროს რთულ საქმიანობას. ჩანაწერი ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა აკლია სტუდია Harmonia Mundi-სათვის დამახასიათებელი მოცულობის შეგრძნება და დასწრების ეფექტი. კომპლექტი ასევე დატვირთულია დვდ-დისკით, სადაც სტუდიური ჩანაწერის პროცესის მომენტებია აღბეჭდილი სრული ცალკეული არიების სახით. ოპერატორული მონტაჟით კარგად არის გადმოცემული ბიონდის, როგორც დირიჟორისა და პირველი ვიოლინოს, დაულეველი ენერგია და ცალკეული ორკესტრანტების ოსტატობა. ამ 30-წუთიან ვიზუალურ მასალაში წარმოდგენილი ყველა მომღერალი და ჟენოც თავის სუპერვირტუოზული არიით – მეტად სასიამოვნო სანახაობაა!


დავით გიგინეიშვილი
გამოქვეყნებულია ჟურნალ "საქართველოს ბიბლიოთეკა"  2006

No comments:

Post a Comment