ოპერა ‘სიმონ ბოკანეგრა / Simon Boccanegra’ შექმნილია შემოქმედების ზენიტში მყოფი ვერდის მიერ ისეთი შედევრების შემდეგ, როგორიცაა ‘რიგოლეტო’, ‘ტრუბადური’ და ‘ტრავიატა’, მაგრამ თავად კომპოზიტორი არ იყო კმაყოფილი არც ნაწარმოებით და არც საპრემიერო დადგმის შედეგით (ვენეცია, 1857), რის გამოც, მოგვიანებით, ახალგაზრდა არიგო ბოიტოსთან ‘ოტელო’-ზე თანამშრომლობის ტალღაზე იგი ფუნდამენტალურად განაახლებს ოპერას, კერძოდ, სავსებით შეცვლის პირველი აქტის ფინალს (‘საბჭოს დარბაზი’), გამოკვეთს და რელიეფურს გახდის მთავარი გმირის სახეს და შედეგად ოპერის 1881 წლის რედაქციაში გაჩნდება რამდენიმე, უდავოდ შთამბეჭდავი სცენა. ამის მიუხედავად ოპერა, რომელიც ხჳვ საუკუნის პოლიტიკური ინტრიგების ფონზე გენუის რესპუბლიკის დოჟის სიმონ ბოკანეგრას პირად ტრაგედიას ასახავს, დარჩა მაინც ღრმად სევდიან, დანისლულ ფერებში და მისი დადგმა მხოლოდ რომელიმე ვარსკვლავ-ბარიტონის პატივსაცემად თუ ხორციელდებოდა დიდ საოპერო სცენებზე.
05.2012
დაბეჭდილია ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთეკა'–ში (2012)#2:54–56.
ამიტომაც, მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორი, პლასიდო
დომინგო დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც 2007 წელს ‘სიმონ ბოკანეგრა’-ში მთავარი ბარიტონალური როლის შესრულების სურვილი გაუჩნდა და პრემიერის თარიღიც კი დასახა. მართლაც, პრემიერა შედგა 2009 წლის 24 ოქტომბერს, ბერლინის სახელმწიფო საოპერო თეატრ ‘Unter den Linden’-ში, დირიჟორ დანიელ ბარენბოიმის ხელმძღვანელობით. პრემიერამ ტრიუმფით ჩაიარა და გადაინაცვლა ევროპის სხვა უდიდეს საოპერო თეატრებში: მილანის ‘ლა სკალა’-ში, ლონდონის ‘კოვენტ გარდენ’-ში და ა.შ. 2009 წლის მიწურულს, მიწევდა რა მივლინება გერმანიაში, ჯერ კიდევ მაშინ ჩავიფიქრე ამ სპექტაკლზე დასწრება, მაგრამ ბერლინში ჩასვლა მნიშვნელოვნად ცვლიდა ჩემს მარშრუტს და მე დიდი გულსტკივილით გადავდე ეს ნატვრა. 2010 წელს ‘სიმონ ბოკანეგრა’ უკვე იდგმება ნიუ-იორკის ‘მეტროპოლიტენ ოპერა’-ში, 69 წლის დომინგოს იუბილეზე რამოდენიმე დღით ადრე და ისევ ტრიუმფი! ცნობილმა მუსიკალურმა კომპანიებმა წარმოდგენა სამჯერ ჩაიწერეს სხვადასხვა საოპერო თეატრებში, რა თქმა უნდა, მთავარ პარტიაში დომინგოს მონაწილეობით და უკვე გამოსცეს დვდ-დისკებზე, რაც რეკორდულია საერთოდ საოპერო დვდ კატალოგისთვის. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი იქნებოდა ჩემი სიხარული, როდესაც 2012 წლის დასაწყისში,
ჰოლივუდში ჩემი მივლინების ვადებში, გაჩნდა ამ სპექტაკლზე დასწრების იმედი. ლოს-ანჯელესის (ელ-ეი) ოპერამ, რომლის გენერალური დირექტორი თავად პლასიდო დომინგოა, როგორც იქნა დადგმის ტრიუმფალური სვლის მესამე წლის თავზე, ამა წლის თებერვალ-მარტში ‘სიმონ ბოკანეგრას’ შესრულების შესახებ გამოაცხადა. გარი მერფმა, ელ-ეი-ს ოპერის საზოგადოებასთან კავშირის დირექტორმა აკრედიტაციაში დამეხმარაკდა ხუთშაბათს, 1 მარტს მე დავესწარი ამ სპექტაკლს. ეს ჩემი მეორე ვიზიტი იყო ამ საოპერო თეატრში, ამინდი იმ დღეს იყო დიდებული, კალიფორნიული მზე აცხუნებდა ისე, რომ თავი მაისის თვეში მეგონა და სანტა მონიკას მშვენიერ სანაპიროდან გავეშურე ქალაქის ცენტრისაკენ, რამაც დაგეგმილზე მეტი დრო წაიღო, მაგრამ თადარიგიანობამ გადამარჩინა და სპექტაკლზე არ დავაგვიანე.
დოროთი ჩანდლერის პავილიონის შესასვლელთან ხალხი სამ რიგად იყო ჩამწკრივებული, მომიწია რიგში დგომა, რათა სანატრელი ბილეთი ამეღო. მსმენელების დაუსრულებელი ნაკადის გამო წარმოდგენა ოდნავი დაგვიანებით დაიწყო. იგრძნობოდა დიდი მოლოდინი და ინტერესი ამ სპექტაკლის მიმართ. ჩემი ადგილი ტრადიციულად ‘დამფუძნებელთა წრედი’-ს იარუსში იყო, საიდანაც სცენა სრულად ჩანდა და აკუსტიკა უნაკლო იყო. სპექტაკლს ცნობილი დირიჟორი ჯეიმს კონლონი ხელმძღვანელობდა.
ოპერის ლიბრეტო ეფუძნება ანტონიო გუტიერესის დრამას, ავტორის, რომლის ნაწარმოები საფუძვლად დაედო კომპოზიტორის წარმატებულ ოპერა ‘ტრუბადური’-ს ტექსტს. სიმონის სახით ვერდის შემოჰყავს საკმაოდ რთული პერსონაჟი – წარსულში მეკობრე, პლებეი სიმონ ბოკანეგრა, რომელსაც ირჩევენ გენუის რესპუბლიკის დოჟად. მაგრამ შეუპოვარი და მკაცრი სიმონი ტრაგიკული სიყვარულის მსხვერპლია და მისი ცხოვრება თითქმის დაკარგული ქალიშვილის ძებნაში გადის. აამავე დროს მას უწევს შეუძლებელი – შეარიგოს პატრიციებისა და პლებეების პარტიები და აიცილოს სამოქალაქო ომი, დაიბრუნოს ფიესკოს ოჯახის ნდობა, რომლის ქალწულის გულის დატყვევება მოახერხა... ამ რთულ მეტამარფოზას განიცდის გმირი ოპერის მთელი სიუჟეტის განმავლობაში.
ოპერა იწყება პროლოგით, სადაც ნაჩვენებია ხალხის მიერ სიმონის ქალაქის დოჟად არჩევა (ორი პოლიტიკოსის, პიეტროსა და პაოლოს წყალობით). წარსულში პლებეი, სიმონი იმედოვნებს ამ საპატიო თანამდებობის საშუალებით მიიღოს პატიება და კურთხევა პატრიცი ფიესკოს მხრიდან, რომლის ქალიშვილთან მას საიდუმლო სიყვარული აკავშირებს. მაგრამ ამ კავშირის ნაყოფი – პატარა გოგონა გაიტაცეს და მარია (ბავშვის დედა) გარდაიცვლება მშობლების სახლში. ფიესკოსი და ბოკანეგრას შერიგება არ მოხერხდა.
პირველ მოქმედებას გადავყავართ 24 წლის შემდეგ – გრიმალდების ოჯახში იზრდება აყვანილი ქალიშვილი ამელია, რომლის წარმოშობა საიდუმლოებით არის მოცული. იგი ახალგაზრდა პატრიცის გაბრიელე ადორნოს უყვარს, რომელსაც ფიესკო აქეზებს მისი მტრის, დოჟი სიმონის წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყოს. დოჟი გრიმალდის სახლს ესტუმრება საკუთარი მრჩევლის პაოლოსათვის ამელიას ხელის სათხოვნელად. მაგრამ ამელიასთან საუბრის შედეგად გაირკვევა მისი წარმომავლობა – იგი სიმონის ქალიშვილი ყოფილა. დოჟი დაპირდება ამელიას, რომ ხელს შეუწყობს მის გათხოვებას მხოლოდ სიყვარულით.
პაოლო, როგორც კი შეიტყობს დოჟის კეთილგანწყობის დაკარგვას, ამელიას მოტაცებას დააპირებს, მაგრამ ამას ადორნო ხელს შეუშლის. ამ პროცესში ადორნოს ერთ-ერთი გამტაცებელი შემოაკვდება. ამ დროს სიმონი იმყოფება საბჭოს დარმაზში, სადაც ქალაქის პოლიტიკური საკითხები წყდება. აღშფოთებული მოსახლეობა ლამობს შეაღწიოს დარბაზში მოთხოვნით: დაისაჯოს გამტაცებელი და მკვლელი. სიმონი უშიშრად შემოუშვებს დარბაზში ბრბოს. ადორნოს მიაჩნია, რომ გატაცების შემკვეთი დოჟია და ცდილობს დასაჯოს დოჟი, ამ დროს გამოჩნდება ამელია და გადაეფარება მამას. გატაცების ორგანიზატორის ვინაობის გარკვევაში საბჭოს დარბაზში მყოფი ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდება. სიტუაციის განსამუხტავად სიმონი თავად პაოლოს დაავალებს გამტაცებელის განკიცხვას, რითაც მას მორალურ სასჯელს გამოუტანს.
მეორე აქტი იწყება პაოლოს ხრიკებით, რომელსაც დოჟის მოკვლა უნდა. ის სასმელში შეურევს საწამლავს და ასევე ცდილობს დაკავებული ფიესკო და ადორნოც გამოიყენოს დოჟის გასადგურებლად. პაოლო ადვილად მიიმხრობს ადორნოს, რომელიც ეჭვებით სავსეა და ამელიას ადანაშაულებს. იგი ჩაუსაფრდება დოჟს. ამასობაში სიმონი უმხელს ქალიშვილს, რომ ადორნოს ღალატის საკმარისი რწმუნებები გააჩნია, მაგრამ მის გასაკვირვად ამელია გამოუტყდება მამას ადორნოს სიყვარულში. დოჟი შეძრულია და გადადებს ადორნოს დასჯას. იგი სვამს მოწამლულ წყალს და საძინებელში გავა, სადაც ადორნო შეიპარება დოჟის მოსაკლავად. ამელია აქაც გადაარჩენს მამას. ამ სცენაში გაიგებს ადორნო ამელიას წარმომავლობას და სინანულით ივსება.
მესამე მოქმედებაში აჯანყებული პატრიციები მზად არიან დაზავდნენ. პაოლო ღალატისათვის სასიკვდილიდ არის განწირული, მაგრამ მოასწრებს ახაროს განთავისუფლებულ ფიესკოს დოჟის მოწამვლა. გაბრიელე ადორნო და ამელია ჯვარს იწერენ, მაგრამ დასუსტებული ბოკანეგრა ახერხებს მიუტევოს ფიესკოს, რომელიც, თურმე, პადრე ანდრეას ტანისამოსში გადაცმული აჯანყებას მეთაურობდა. სასტიკი ფიესკო ამელიას წარმოშობისა და სიმონის დიდსულოვნების წინაშე უკან იხევს. სიკვდილის პირას მყოფი სიმონი აკურთხებს ადორნოს დოჟის წოდებაში და სულს დალევს ქალიშვილის ხელებში.
პროლოგშივე, სადაც იკვეთება ვერდის, როგორც ვოკალური, ასევე სიუჟეტური უპირატესობები, სცენაზე გამოჩნდნენ პაოლო
გავანელი - პაოლოსა და ვიტალი
კოვალიოვი - ფიესკოს როლში. გავანელიმ კარგად გაართვა როლს თავი – მისი დიდი, ოდნავ უხეში, მაგრამ ტემბრალურად სამხრეთოვანი ხმა სწორად მიესადაგა პოლიტიკური ინტრიგანის, ამპარტავანისა და შურიანი პლებეის როლს. მან ასევე ღირსეული პარტნიორობა გაუწია დომინგოს ცნობილ ‘საბჭოს დარბაზის’ სცენაში და ფინალშიც. ფიესკოს შემსრულებელმა, უკრაინული წარმოშობის ახალგაზრდა ბანმა, ვიტალი კოვალიოვმა, რომელმაც მოახერხა უკვე სახელის მოხვეჭა არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპაშიც, არც თუ ურიგოდ შეასრულა პარტია. ამ არტისტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თავიდანვე აღებული მყარი და დამაჯერებელი ინტერპრეტაცია მან მთელი სპექტაკლის განმავლობაში შეინარჩუნა. მაგრამ განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი როლი მას არ შეუქმნია. დომინგო სცენაზე გამოჩენისთანავე იყო დარბაზის ყურადღების ცენტრში. და ეს არა მხოლოდ მისი მაღალი რეპუტაციის შედეგად. წარმოსადეგი, სანდო იერითა და ემოციურად შეფერილი ტემბრით მან ოპერის პროლოგიდან შეუპოვრი, მტკიცე და სამართლიანი კაცის სახე წარმოადგინა. უჩვეულო იყო ტენორისეული რეგისტრის ბარიტონალური პარტიის მოსმენა, მაგრამ უკვე პროლოგის ბოლოს ეს თავისებურება სრულიად დამავიწყდა და მთლიანად ვიყავი ჩართული იმ დრამაში, რომელიც ვითარდებოდა სცენაზე. სცენურმა გადაწყვეტამ, ვერდის მუსიკალურმა გენიამ და მდიდრულმა სიუჟეტურმა სიღრმეებმა მსმენელიც დრამის თანამონაწილედ აქცია. არა მგონია იმ საღამოს ვინმე დარბაზში დარჩენილიყო სცენის მიღმა და ყოფილიყო სპექტაკლის გულგრილი მეთვალყურე. დადგმა განხორციელდა სამეფო თეატრის ‘კოვენტ გარდენი’-ს დეკორაციებითა და განათებით (პიტერ ჰოლი და დუანე შულერი), რაც ძალზე შთამბეჭდავი და დრამატურგიული ხაზის პირდაპირ პარალელური იყო. ანა
მარია მარტინესმა ამელიას პირველივე არიიდან მომაწონა თავი. ოდნავ მუქი, მაგრამ ლამაზი ხმით, ტექნიკური მოქნილობით და კანტილენის უნარით მან კარგად გადმოსცა შეყვარებული, მაგრამ იმავდროულად სამართლიანი და ყურადღებიანი ქალიშვილის როლი, ამ მხრივ მას თავისი ფიზიკური მონაცემებიც დაეხმარა. ადორნოს როლი ერგო იტალიელ ტენორ სტეფანო
სესკოს. ემოციური, მოქნილი და თეატრალური, მაგრამ მრავალი ვოკალური ხარვეზებით, იგი ვერ გაუმკლავდა ტენორის ცნობილ არიას ‘Cielo pietoso, rendila’, თუმცა შემდგომ რთულ სცენებში, ექსპრესიის წყალობით უფრო ეფექტური გამოჩნდა. ჯეიმს კონლონის ფაქიზი ხელმძღვანელობით ორკესტრი გარდაიქმნა (თუ შევადარებთ ელ-ეის წინა სპექტაკლს) მაღალპროფესიონალურ კოლექტივად, რომელსაც კარგად შეუძლია გადასცეს შემოქმედების ბოლო ეტაპზე მყოფი ვერდის ჩანაფიქრი.
სპექტაკლის დამთავრებისას აბსოლუტურად უჩვეულო და მოულოდნელი განცდის წინაშე აღმოვჩნდი, რადგანაც ვოკალური ტრიუმფის ნაცვლად ოპერა წარმოჩინდა რეჟისორულ ტრიუმფად და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამის შემოქმედი სახელგანთქმული პლასიდო დომინგო გახლდათ. მან მუსიკისადმი იმდენი სიყვარული და ინტუიცია გამოავლინა და იმხელა ენერგია ჩადო, რომ ნაკლებად პოპულარული ვერდის ოპერა ერთბაშად აქცია ყველაზე პოპულარულად. რომანტიულ–მუსიკალური თეატრის კონცეფციამ სრულად იზეიმა იმ საღამოს და მომეჩვენა რომ დიდი მაესტროს ვერდის უკანასკნელი ჩანაფიქრი სწორედ ეს უნდა ყოფილიყო.
მიუხედავად სიუჟეტური ჩახლართულობისა და ღრმა ტრაგიზმისა, მსმენელისთვის ოპერა საკმაოდ ახლობელი და გასაგები აღმოჩნდა, ამიტომაც დარბაზის რეაქცია და ემოციები არ იყო გასაკვირი. ოპერის დასრულებისას, როგორც კი ხმა დაირხა შემსრულებლები შეიძლება გამოჩენილიყვნენ ოვალურ დარბაზში, მსმენელთა დიდი არმია მოგროვდა და გვიანამდე ფეხს არ იცვლიდა.
ახალი დღის გარიჟრაჟი დადგა, როდესაც დავტოვე მუსიკალური ცენტრის შენობა. ცენტრალური შესასვლელის წინ ნათურებითა და ცისკრის შუქ-ჩრდილებით შემოსილი ხეები და ლამაზად გადმოფრქვეული შადრევნის ბროლის შხეფები თითქოს ესიყვარულებოდნენ კანტი-კუნტად მიმოფანტულ მსმენელებს, რომლებიც ზანტად ტოვებდნენ შენობას. აქ ბუნებაც კი თანამონაწილეა მსენელთა განცდების – გავიფიქრე მე და განთიადის სიგრილით შეცივებული გავეშურე შორეული კალვერ სითის თბილ სასტუმროსაკენ.
დავით გიგინეიშვილი
05.2012
დაბეჭდილია ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთეკა'–ში (2012)#2:54–56.
გილოცავთ, ძალიან კარგი და საინტერესო ბლოგია.
ReplyDelete