ვენაში სამი თეატრია სადაც იდგმება ოპერა:
ვენის სახელმწიფო
ოპერის თეატრი, ვენის სახალხო ოპერა და თეატრი ‘ან დერ ვინი (Theater an der Wien)’. ეს უკანასკნელი ყველაზე ძველი საოპერო თეატრია. იგი გაიხსნა 1801 წელს მოხერხებული ავსტრიელი მუსიკის იმპრესარიოს ემანუელ შიკანედერის ძალისხმევით. თეატრის
სცენაზე იმთავითვე საოპერო სპექტაკლები იდგმებოდა, მათ შორის პრემიერები ისეთი ოპერებისა,
როგორიცაა ბეთხოვენის ‘ფიდელიო’, შტრაუსის ‘ღამურა’, ლეჰარის, მილიოკერისა და ცელერის ოპერეტებიც.
1962
წლიდან თეატრში უკვე თანამედროვე მუსიკალური სპექტაკლები და მიუზიკლები იდგმება, მათ შორის ინგლისურენოვანი დადგმებიც. მაგრამ დრო და დრო სცენა კლასიკური ოპერასაც
ეთმობოდა, რომელიც ვენის სახელმწიფო ოპერასთან ერთობლიობაში
ხორციელდებოდა და ამდენად სახელგანთქმული დირიჟორები და მომღერლები უცხონი არ იყვნენ ამ სცენისთვის.
2006 წლიდან (მოცარტის საიუბილეი წელიწადი) თეატრის ახალი დირექტორის როლანდ გეიერის ჩანაფიქრით თეატრში უკვე რეგულარულად ეთმობა სცენა მოცარტის, ბაროკოსა და თანამედროვე ოპერის ნიმუშებს. ამ გეგმის თანახმად 2010-2011 წლების სეზონზე
ჰენდელის, რამოს, მოცარტის, ბრიტენის, პულენკის და სხვა თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება.
2010
წლის სექტემბერში ჰენდელის „სემელე“-ს
(Semele) დადგმის მუსიკალური ხელმძღვანელობა დაეკისრა ამ ჟანრის აღიარებულ
მეტრს უილიამ კრისტის. მან აღნიშნული ნაწარმოები დამდგმელ რეჟისორთან რობერტ კარსენთან ერთად 3 წლით ადრე წარმოადგინა ციურიხის ოპერაში და ამჟამად იმავე დადგმის გამეორებას აპირებდა ვენაში. აღსანიშნავია რომ ციურიხის დადგმაში ცენტრალური პარტია დაეკისრა ჩეჩილია ბარტოლის, სპექტაკლი უმალვე იყო ჩაწერილი ტელევიზიით და გამოშვებული დვდ და ბლუ-რეი მედია მატარებლებზე. მიუხედავად იმისა, რომ
ამ ჩანაწერით ჩემი კოლექცია უკვე
გავამდიდრე, მაინც შეგნებულად არ ვნახე ციურიხის დადგმა, რადგან ვაპირებდი დავსწრებოდი ცოცხალ სპექტაკლს. ციურიხის დადგმისგან
განსხვავებით ყველა მეორეხარისხოვანი პარტიის შემსრულებელი და ორკესტრი იყო განსხვავებული, მაგრამ ბარტოლი და კრისტის დუეტი დარჩა უცვლელი.
რაც შეეხება „სემელეს”, ეს არის
თავისებური ყაიდის
ორატორია, რომლის შესახებაც თავად ჰენდელი წერდა რომ „ეს არის ორატორიის მანერაში დაწერილი ოპერა“-ო. ეს ნაწარმოები პირველად დაიდგა 1744 წელს საკონცერტო შესრულებით. კლასიკური ორატორიებისაგან განსხვავებით „სემელე“-ს დაჰკრავს კომიკური იერი, რაც აადვილებს მის სცენურ დადგმას და აახლოვებს ოპერას. მისი სიუჟეტი და სემელეს ვოკალური პარტია იძლევა საშუალებას,
რათა მომღერლმა ბაროკო კოლორატურის უბადლო ფლობასთან ერთად თავისი სილამაზე და არტისტულობა წარმოაჩინოს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ჩეჩილია ბარტოლი დათანხმდა მისთვის უჩველო ინგლისურენოვან ორატორულ პარტიაში გამოსვლაზე. სიუჟეტი კი ვითარდება შემდეგნაირად: სემელე, შეყვარებული იუპიტერში – ღმერთების მეფეში, მამის დიდი დაჟინებით უნდა გათხოვდეს ათამასზე. მაგრამ საქორწინო ცერემონიის დროს მას ტაძრიდან მოიტაცებს იუპიტერი, რითაც აღსრულდება სემელეს საიდუმლო ნატვრა. თავის მხრივ, სემელეს დას ინოს უყვარს ათამასი და ჩაშლილი ქორწინება მას იმედს აღუძრავს. იუპიტერის მეუღლე ჯუნო თავისი საიდუმლო შიკრიკის (ირისი) მეშვეობით მეუღლის ღალატს გაიგებს
და განიზრახავს სომნუსის (ძილის მეფის) გამოყენებით დაატყვევოს და
შემდეგ მოკლას სემელე, ასე
დაიბრუნებს იგი მეუღლეს. ყოველივე ამას ჯუნო ანხორციელებს ჯადოსნური სარკით, რომელსაც თავად (გადაცმული ირისის ტანსაცმელში) მიართმევს სემელეს და რომელშიც სემელეს ეჩვენება რომ არის უბადლო და ყველაზე უმშვენიერესი. თვითტკბობით გაბრუებულ სემელეს
ჯუნო შთააგონებს, რომ მან მოსთხოვოს იუპიტერს წარდგეს მის წინაშე ჭეშმარიტი სახით. ჯუნომ იცის რომ ამის შესრულებით სემელე იქნება განდევნილი ღმერთების სამყაროდან. სომნუსისაგან ეჭვებით შეპყრობილი იუპიტერი სემელეს წასვლით მის უცნაურ თხოვნაზე უარს
ვერ ეუბნება და შედეგად ხორციელდება ჯუნოს შურისძიება. იგი ბედნიერია რომ დაიბრუნა მეუღლე და სრული ძალაუფლება.
თეატრი ‘ან დერ ვინი’ აღმოჩნდა ძალზე ხელსაყრელი ადგილი ჩაფიქრებული დადგმის განსახორციელებლად. ჩეჩილია ბარტოლის არც ისე დიდი ხმა და არტისტული ექზალტირება უკვე დადებით ფაქტორებად იქცა და საღამო უდავოდ იქცა მის ტრიუმფად. მან არ დააყოვნა ვირტუოზული რულადებისა და ტრელების ჩართვა პარტიაში და ჩემი აზრით გადაამეტა კიდევაც კომპოზიტორის ფანტაზიას – მესამე აქტში
არია სარკესთან
(‘Myself
I shall adore’) და შემდგომი კულმინაციური არია (‘No,
no! I will take no less’) , სადაც იგი საბედისწერო თხოვნას უმხელს იუპიტერს. პირველი არიის ფინალური ნაწილი ‘კადენციებით’ შესრულდა, რაც მოცარტის დროინდელ საფორტეპიანო კონცერტებს თუ ახასიათებდათ, მაგრამ მსმენელ-მაყურებელი
ბარტოლის ხმამ ისე ადვილად მოაჯადოვა და აღაფრთოვანა, რომ უმრავლესობას არც ჰენდელის სტილი არც ბაროკოს შესრულების ტრადიციები ახსოვდა. ამავე სტილში იყო ორკესტრის საერთო ინტერპრეტაცია. კრისტიმ და მისმა სახელოვანმა პერიოდული ინსტრუმენტების ორკესტრმა "Les Arts Florissants" აირჩიეს სწრაფი და ენერგიული სტილი, რაც უკეთ ესადაგება XXI საუკუნის რითმს ვიდრე ჰენდელისეულ ეპოქას. სხვა პარტიების შემსრულებლებისაგან ჩემთვის ნაცნობი გვარი მხოლოდ ამერიკელი ტენორი ჩარლზ ვორკმანი იყო, რომელიც იუპიტერის პარტიაში გამოდიოდა. მას დიდი და ლამაზი ხმა ჰქონდა, თუმცა ვოკალური სიძნელეების დაძლევა მეორე აქტის რთულ არიაში (‘Lay
out doubts and fears aside’) მაინც გაუძნელდა. ზოგადად მან ურიგო შთაბეჭდილება არ დატოვა.
სხვა ქალი შემსრულებელი: შვედი მალენა ერნმანი (ინო) და კერსტინ ავემო (ირის), გერმანელი ბირგიტ რემეტი (ჯუნო) თუმცა არ გამოირჩევოდა განსაკუთრებული ვოკალური მონაცემებით არტისტული და ჰაბიტუალური თვისებებით ავსებდნენ სპექტაკლს და ამით ზედმიწევნით ზუსტად ანხორციელებდნენ რეჟისორის ჩანაფიქრს. მამაკაცებისაგან გამოირჩეოდა ამერიკელი დევიდ პიტსინგერი (კადმუსი, სომნუსი) თავისი ღრმა ანგლიკანური ბანით და შემსრულებლების სიიდან ამოვარდნილი არც კონტრატენორი მეთიუ შოუ (ათამასი) ჩანდა. ამიტომაც ბარტოლის ფენომენალური ტექნიკა და მოქნილი ხმა (მიუხედავად უკვე კარიერის განვლილი წლებისა) რადიკალურად განასხვავებდა მას დანარჩენი შემსრულებლებისაგან და რელიეფურად და ბუნებრივად აყენებდა მას ‘დივა’-ს როლში. არ შემიძლია არ გამოვყო არნოლდ შიონბერგის გუნდი, რომელიც აქამდე ნიკოლაუს არნონკურის ჩანაწერებიდან მქონდა მოსმენილი. ამ მაღალპროფესიულმა გუნდმა არა მხოლოდ მომაჯადოვა თავისი შესრულებით, არამედ ყოველი გუნდური ნომერი იყო სავსე პლასტიკითა და მოძრაობით, სადაც ჩაქსოვილი იყო ეროსი და სიმბოლიზმი ყველანაირი გადამეტებული აქცენტებით რაიმე ბულვარულისა და მასობრივი კულტურის ელემენტებისა.
სიუჟეტის გადმოტანა თანამედროვე ეპოქაში არ არის
გასაკვირი, პირიქით მე ჰენდელის ცნობილი ოპერები მხოლოდ მოდერნისტულ გადაწყვეტაში მაქვს ნანახი. მაგრამ რობერტ კარსენის ინტერპრეტაცია იყო რაღაც დაუვიწყარი – რბილი, ნაზი ფერები და შუქ-ჩრდილი, ხავერდოვანი არისტოკრატული ტანსაცმელები, სამეფო გვირგვინები, სამკაულები და ელეგანტური ქალბატონები – ყველაფერი ეს ქმნიდა საამო და ნაზ ატმოსფეროს
(თუმცა ირონიას არ მოკლებული), სადაც მაყურებელი და მსმენელი ჰარმონიულად ექცეოდა ჰენდელის დაუვიწყარი
მუსიკის გავლენის ქვეშ.
იუმორით სავსე, თანამედროვე ელემენტებით გაჯერებული
სიუჟეტი ვითარდებოდა გასაგებად. ამით ჰენდელი ძალზე მისაწვდომი და მარტივი ხდებოდა თანამედროვე დაუხვეწავი მაყურებლისთვისაც, რაც არც კომპოზიტორს და არც მუსიკას არ უქადდა
დაჩრდილვას, პირიქით, აჩვენებდა რამდენად უკვდავია ბაროკოს ეპოქის ტიტანის გენიალური ნაწარმოები და რამდენად თანამედროვეა
იგი. ბრწყინვალე დადგმა (ეფექტური ფინალით, სადაც გამარჯვებული დედოფალი ჯუნო პასიური მოწმე ხდება მეუღლის ფლირტისა უკვე ახალი
ფავორიტ ქალთან) და მეტად მოდერნისტული ინტერპრეტაცია, რადგან არც ვოკალური სტილითა და ტრადიციით ეს არ იყო ‘ჭეშმარიტი’ ჰენდელი და, მიუხედავად კლასიციზმისა და ბაროკოს სინთეზისა (რომ არ ვთქვად სამწუხარო კუპიურებისა პირველ აქტში – სემელეს არია ‘The
morning lark’ და მესამე აქტში ათამასის არია ‘Despair
no more’), მაინც ტოვებდა არნახულ შთაბეჭდილებას. მე მგონი იმ საღამოს რეჟისორმა და დირიჟორმა უჩვენეს დაუვიწყარი მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა შეატრიალო დღევანდელი მსმენელი ბაროკოს ოპერისაკენ. მაყურებელმა სრულად მიიღო და მოიწონა დადგმა და სპექტაკლის ბოლოს ხანგრძლივი ოვაციებით აცილებდა სცენიდან მომღერლებსა და რეჟისორს. ეს იყო დაუვიწყარი საღამო და საუკეთესო სპექტაკლი სექტემბრის ვენის საოპერო რეპერტუარში.
დავით გიგინეიშვილი
09.2010
გამოქვეყნებულია ჟურნალ "მუსიკა"–ში 2010 #3:53–55
Georg Friedrich Händel - Semele
Oratorio in three Acts (1744)
Semele: Cecilia Bartoli
Jupiter / Apollo: Charles Workman
Cadmus/Somnus: David Pittsinger
Ino: Malena Ernman
Juno: Birgit Remmert
Athamas: Matthew Shaw
Iris: Kerstin Avemo
Arnold Schoenberg Chor - Les Arts Florissants
Conductor William Christie
Director Robert Carsen
Theater an der Wien - 17.09.2010
No comments:
Post a Comment