Sunday, December 6, 2015

თბილისის ბაროკო ფესტივალი 2015 / Tbilisi Baroque Music Festival 2015

  წლევანდელმა შემოდგომამ საინტერესო სიახლე შემოგვთავაზა მუსიკის მოყვარულებს – თბილისში გაიმართა  ბაროკო მუსიკის პირველი ფესტივალი. პროგრამაში შევიდა იმ ეპოქის კომპოზიტორების ისეთი ნაწარმოებებიც – რომელიც სცენიდან ცოცხლად, რაც ჩემს მეხსიერებას შემოუნახავს, თბილისში არასოდეს შესრულებულა. ამის მოთავე და პროგრამის უცვლელი ძირითადი შემსრულებელი თბილისის სიმფონიეტა იყო – ძველებური ინსტრუმენტების პირველი ქართული ბაროკო კოლექტივი. ძალზე საამაყო და საპასუხისმგებლო ისიც იყო, რომ ფესტივალზე ჩამოსული  ბაროკო მუსიკის ცნობილი საერთაშორისო ინსტრუმენტალისტები და დირიჟორები, ჩვენ კოლექტივთან ერთად აჟღერებდნენ ბაროკო მუსიკის საუკეთესო ნიმუშებს.
  მინდა გიამბობთ  ერთ–ერთ ასეთ კონცერტზე, რომელიც ფესტივალის მიწურულს, 3 დეკემბერს რუსთაველის მცირე დარბაზში ჩატარდა, კონცერტი საინტერესო იყო იმითაც, რომ მასზე ცნობილი გერმანელი მევიოლინე ქრისტინა ბუში (Christine Busch) და იტალიელი ფაგოტისტი სერჯიო აძოლინი (Sergio Azzolini) გამოდიოდნენ.
დარბაზში კარები გვიან გაიხსნა, რისთვისაც ერთმა უცხოელმა შუახნის ქალბატონმა რატომღაც მე ხმამაღლა რუსულად შემომჩივლა: ‘რატომ არის, რომ საქართველოში ყველა წარმოდგენა ერთი საათით იგვიანებს!’ ამას ჩემი ღიმილის შემდეგ მისგან დამატებითი ოხვრა მოჰყვა. არა და ჩემი აზრით გასაკვირი ის იყო რატომ იყვნენ დარბაზში ასე უხვად  უცხოელები და ისიც, ჩემი დიდი ეჭვით, მოსაწვევებით, მაშინ როდესაც თავიანთ სამშობლოში ისინი ამავე შემსრულებლების კონცერტზე იოლად (მაგრამ გაცილებით მეტი საზღაურით) მოხვდებოდნენ.    
 დარბაზი კოხტა, კლასიციზმის სტილში გაწყობილი ინტერიერით, ეფექტური და მოხერხებული განათებით გამოირჩეოდა, უკანა ფონი კი შავად იყო დრაპირებული. ფართო სცენაზე ხმის ჩამწერი აპარატურა განელაგებინათ. რადგან დარბაზის მარჯვენა მხარე ქუჩისკენ არის ორიენტირებული, გარედან შემოსული ხმაური იქ მჯდომ მსმენელისათვის შემაწუხებელი იყო.  მოხერხებული სკამებიც კარგად  იყო გაწყობილი, ერთმანეთთან მიუბმელად.
   დარბაზში ფოტოკორესპონდეტების სიუხვე იგრძნობოდა – ისინი გაუთავებლად აჩხაკუნებდნენ კამერებს. გარდა რამოდენიმე შემსრულებლებისა (ჩელო, კონტრაბასი, მანდოლინა და კლავესინი), ორკესტრანტები და სოლისტები ფეხზე იდგნენ. ორკესტრი მხოლოდ სიმებიანებით დაკომლექტებული თექვსმეტი მუსიკოსისაგან შედგებოდა.
პროგრამის პირველ ნაწილში შესრულდა ჰენდელის დო–მინორული კონცერტო ‘დოპიო’ (doppio) ობოისა და ფაგოტისათვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ობოის პარტიას ვიოლინო ასრულებდა. ჰენდელის ეს უიშვიათესი ნაწარმოები მისი უკვდავი სევდიანი პალიტრით იყო გაჯერებული. 

შემდეგ შეასრულეს ვივალდის  რე მინორული კონცერტი ფაგოტისათვის RV481, სადაც აძოლინი დარჩა მარტო – მის ფაგოტს დაბალი, რბილი და არადომინანტური ჟღერადობა ჰქონდა, ისმოდა, როგორც ორკესტრის ნაწილი,  სოლო პასაჟებში კი თანამედროვე ჯაზური ელფერიც დაჰკრავდა. საერთოდ აკუსტიკა არ იყო ცუდი (პირველი რიგიდან), მაგრამ  ზედა სიხშირეები აშკარად ითრგუნებოდა და ქვედას – გუგუნი ემატებოდა, რაც კედლებიდან ხმის არასწორი ანარეკლის შედეგი იყო. ჟღერადობა არ იყო უხეში, თუმცა ზოგი ინსტრუმენტი (ვიოლინო, კლავესინი) შესამჩნევლად ჩავარდილი მომეჩვენა. 

შემდეგ პროგრამაში ცვლილება შევიდა – ბოლოს გამოცხადებული ბრეშიანელოს კონცერტი მესამე ნაწარმოებად შესრულდა. ეს უიშვიათესი სი–ბემოლ მაჟორული კონცერტი სპეციალურად ვიოლინოსა და ფაგოტისათვის არის დაწერილი და გამოირჩევა მუსიკალური პალიტრის განვითარებულობით (გვინი ბაროკოსა და ადრეული კლასიციზმის ელემენტები) და სოლისტებისათვის ვირტუოზული პარტიით. ამ შესრულებამ დიდი სიამოვნება მომანიჭა. შესვენების წინ აძოლინიმ  აუდიტორიას უხმო და ინგლისურ ენაზე მოგვიყვა თუ რა ინსტრუმენტითა და მანერით ასრულებდა იგი იმ საღამოს ბაროკო მუსიკას. მან ასევე გამოხატა მადლიერება იმ ფაქტის მიმართ, რომ ორკერსტრი ინტერნაციონალური იყო – გარდა ქართველი შემსრულებლებისა, პირველი ჩელო იყო იაპონელი ვატარუ მუკაი (Wataru Mukai) და ლუთნოაზე უკრავდა ფრანგიეტიენ გალეტიე (Etienne Galletier).

  მეორე ნაწილი დაიწყო იოჰან სებასტიან ბახის უკვდავი ლა–მინორული სავიოლინო კონცერტით BWV1041. გარეგნულად აუღელვებელმა, მაგრამ  გარკვეულად შებოჭილმა ქრისტინა ბუშმა პირველ ნაწილში შეუმჩნეველი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. მაგრამ მეორე და განსაკუთრებით მესამე ნაწილში ვიოლინო გაიხსნა – ბახისათვის საჭირო ემოციები და სიღრმე შეიძინა, ის აბობოქრება და ტემპი მიეცა რითაც ბახის პალიტრა სრულიად გამორჩეულია. მევიოლინე პასაჟებს ისე ფაქიზად და იოლად უმკლავდებოდა, რომ ჩემი აღტაცება დაიმსახურა. ტონი არ დაუდეს ჩვენმა სიმებიანებმაც და კონცერტი შედგა. ძველებური ინსტრუმენტებით შესრულების პირველი მაგალითისათვის თბილისის აუდიტორიაში ეს ნამდვილად არაჩვეულებრივი შესრულება გამოვიდა. კონცერტის მიწურულს კი აჟღერდა ვივალდის ცნობილი კონცერტი ‘La notte’–ს ის ვერსია (RV104a), რომელიც ვიოლინოსა და პატარა ფლეიტისთვის არის დაწერილი. აქაც ფლეიტის გადაკეთებული პარტია ფაგოტისტმა აძოლინიმ შეასრულა. ეს ნამდვილად  დაუვიწყარი დუეტი გამოუვიდათ – კეკლუცობითა და ამავე დროს ცეცხლით სავსე. ორივე სოლისტი კონცერტის ამ ნაწილში ჩინებულ ფორმაში აღმოჩნდა – ამის მოსმენა მსმენელს აღმაფრენას ანიჭებდა.  ემოციურ აძოლინის აყვა ბუშიც – ინსტრუმენტები უკვე კარგად გამოკვეთილად ისმოდა. ვინატრებდი, რომ მთელი სპექტაკლი ამ ტალღაზე ყოფილიყო.


  დასასრულ, მინდა მოვულოცო ქართველ მსმენელს ბაროკო მუსიკის ფესტივალის დამკვიდრება თბილისში. ფესტივალი შედგა – თბილისი სიმფონიეტამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ვფიქრობ ეს ფაქტი მეტ ენერგიას და ენთუზიაზმს შესძენს ჩვენს ორკესტრს, რომლის წინაშე არცთუ ისე იოლი ამოცანა დგას.    

დავით გიგინეიშვილი 


Tbilisi Baroque Music Festival 2015
03.12.2015
Sh.Rustaveli Theatre recital Hall, Tbilisi

G.F.Handel
Concerto doppio for Oboe and Bassoon, Strings and continuo in c-moll (reconstructed for violin and bassoon)
A.Vivaldi
Bassoon concerto in d-moll RV481 (Concerto RV 481 in Re minore per fagotto, archi e basso continuo)
G.A.Brescianello
Concerto for violin, bassoon, strings and continuo in b-dur (Concerto per violino, fagotto, archi e basso continuo, in si bemolle maggiore)
........
J.S.Bach
Concerto for violin, strings and continuo in a-moll BWV 1041 (Konzert Fur Violine, Streicher Und Continuo A-moll)
A.Vivaldi
Concerto 'La Notte' for flute, bassoon, strings and continuo in g-moll RV 104a*  (Concerto in sol minore per flauto, fagotto, archi e cembalo RV 104) *instrumentation of violin instead of flute

Encore: Presto from Concerto 'La Notte'

Christine Busch, violine
Sergio Azzolini, bassoon
Georgian Sinfonietta, Giorgi Kerelashvili (leader)

მცირედი შეკვეცით წერილი გამოქვეყნებულია გაზეთში 'ლიტერატურული საქართველო' 2015 №45(3775):16  (11 დეკემბერი)

Saturday, November 14, 2015

ბრემენის მუსიკალური ფესტივალი 2015 / Musikfest Bremen 2015 (1 ნაწილი)

ბრემენის მუსიკალური ფესტივალი (Musikfest Bremen), მიუხედავად ქალაქის მრავალსაუკუნოვანი წარსულისა, არ ითვლის დიდ ისტორიას. იგი დააარსა ამჟამად მოქმედმა პროფესორმა, ბრემენის მკვიდრმა თომას ალბერტმა 1989 წელს. აქამდე ცნობილი მევიოლინე და პერიოდული ინსტრუმენტების კამერული ანსამბლის დირიჟორი იგი 1986 წელს ქ.ბრემენში აარსებს ძველებური მუსიკის აკადემიას, ხოლო რამოდენიმე წელში კი საფუძველს ჩაუყრის აღნიშნულ ფესტივალს, რომელმაც მოკლე დროში მოიპოვა დიდი ავტორიტეტი. ფესტივალის გამართვის თვეებია გვიანი აგვისტო და სექტემბერი და უკანასკნელ პერიოდში იგი თავს უყრის არანაკლებ 30 წარმოდგენისა. მასში კლასიკური მუსიკის გარდა (რაც ძირითადია), წარმოდგენილია ჯაზი, მსოფლიო ხალხთა მუსიკა და ჟანრობრივი არეული მიმართულება (კროსოვერი). საღამოები ტარდება ბრემენის არა მხოლოდ განსხვავებულ დარბაზებში, არამედ ბრემენის სიახლოვეს მყოფ ქალაქებშიც და ტაძრებშიც (ძირითადად საორღანო და საგუნდო მუსიკა). ძალზე ორიგინალურად არის გადაწყვეტილი გახსნითი საღამო – ბილეთის მფლობელს საშუალება ეძლევა 24 საათის მანძილზე სამ კონცერტს დაესწროს, რომელიც შესაბამისად სხვადასხვა დროს იმართებოდა (ცხრა განსხვავებული კოლექტივი დროის ამ მონაკვეთში სამჯერ ზედიზედ აძლევდა წარმოდგენას).  დარბაზების სიუხვის მიუხედავად წამყვანი არის ბრემენის ‘ზარი/Die Glocke’ – რომელშიც როგორც გახსნითი, ასევე დახურვის საღამო იმართება. უკანასკნელი დეკადა ბრემენის ფესტივალზე გამოდიოდნენ ძველებური მუსიკის სახელგანთქმული კოლექტივები საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და ინგლისიდან (მარკ მინკოვსკი, ემანუელ ჰაიმი, რენე იაკობსი, ოტავიო დანტონე, ხორდი სავალი, პოლ მაკკრიში), რამაც ფესტივალს დიდი სახელი მოუტანა. ბრემენს ეწვია კლასიკური და ბაროკო მუსიკის დიდი საოპერო ვარსკვლავებიც. ასეთი დიდი რეპუტაციის გამო გეგმაში მქონდა ფესტივალზე დასწრება, მაგრამ ეს მხოლოდ ამა წლის შემოდგომაზე მოვახერხე. აკრედიტაცია იმაზე ადრე მოვიპოვე, ვიდრე ფესტივალის პროგრამა გამოცხადდებოდა. მიუხედავად არც თუ უსახელო კოლექტივებისა, წელს ფესტივალზე საინტერესო წარმოდგენა არც ისე ბევრი იყო. პირველი, რასაც დავესწარი, იყო კამერული მუსიკის კონცერტი ქ.ბრემერჰაფენის ინდუსტრიისა და კომერციის დარბაზში (IHK), რომელიც 12 სექტემბერს გაიმართა. აპოლონ მუზაგეტის სიმებიანი კვარტეტი (Apollon Musagète Quartett) ასრულებდა დვორჟაკის და ბრამსის კვარტეტებს. დარბაზი პატარა, დეკორაციების გარეშე, მაგრამ აკუსტიკურად დაბალანსებული იყო. დარბაზში არც თუ ისე ბევრმა მსმენელმა მოიყარა თავი. თავად თომას ალბერტმა გახსნა საღამო და ხაზი გაუსვა კამერული მუსიკის შესრულების სასურველ მოთხოვნას – პატარა და აკუსტიკურად გამართული დარბაზი, რითაც ახსნა რატომ გადაწყვიტეს ფესტივალის მესვეურებმა ამ ქალაქში ამ საღამოს ჩატარება. ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სახელმოხვეჭილმა პოლონურმა ანსამბლმა დვორჟაკის დო მაჟორული (N11, op.61) კვარტეტი ოდნავ არადამაჯერებლად დაიწყო, აკუსტიკურად ჩელო ოდნავ ჩავარდნილიც კი იყო. მხოლოდ მესამე ნაწილში (სკერცო – საცეკვაო მოტივით) კვარტეტმა საჭირო შეთანხმებულობა და სიმტკიცე მიიღო, ხოლო ბოლო ნაწილში, რომელიც კვარტეტის საუკეთესო და უსაზღვროდ ლამაზი ნაწილი გამოდგა, შესრულებამ სიცოცხლე და ენერგია მიიღო. შედარებით დავდაჭერილი კოლეგებისაგან განსხვავებით პირველი ვიოლინო (პაველ ზალეჟსკი/Pavel Zalejski) ამ ნაწილში მოეცა სრულ მუსიკალურ ნეტარებას – სუსტი და მაღალი პაველი ისე სულგანაბულად ქარგავდა მელოდიას, რომ დაძაბულობისაგან კიდევაც ცერებზე იდგა მთელი შესრულების დროს! შემსრულებელთა მუხტი მსმენელებზეც გადავიდა, რაც მხოლოდ მოკლე შესვენებამ გარკვეულად გაანელა. მეორე ნაწილის შუბერტის სოლ–მაჟორული კვარტეტი (N15, op.161), დვორჟაკისაგან განსხვავებით, უფრო ტრადიციული და კლასიკური, თან სევდით აღსავსე აღრმოჩნდა. პირველი ტიპური შუბერტისეული ნაწილის შემდეგ ნაწარმოებში რომანტიკული ვებერისეული მინარევი გაუჩნდა. აპოლონ მუზაგეტის კვარტეტს კარგად ეჭირა შუბერტის პულსი – მდგრადად და დინჯად დაასრულა კვარტეტმა კონცერტი. ერთია, რაც მე და ჩემმა გერმანელმა ნაცნობებმა გამოვთქვით – უკეთესი იქნებოდა საღამოს პროგრამა რომ საპირისპიროდ ყოფილიყო დაგეგმილი – ჯერ შუბერტი და შემდგომ დვორჟაკი.
  მეორე საღამო, რომელსაც დავესწარი, უკვე ბრემენის ‘ზარ’–ში 16 სექტემბერს წარმოადგენდა ერთგვარ ექსპერიმენტს. ცნობილი ნოველისტი და მუსიკის ქომაგი, ქალბატონი დონა ლეონი უძღვებოდა ბაროკო მუსიკის საღამოს – ამჟამად პოპულარულ იტალიურ ანსამბლ ‘Il Pomo d’Oro’–სთან, რომელიც აკომპანიმენტს უწევდა ორ მომღერალ ქალბატონს – ვერონიკა კანხემისა (Veronica Cangemi) და ქეით ოლდრიჩს (Kate Aldrich). პროგრამაში იყო უცნობი და საინტერესო იტალიური ბაროკოს მუსიკა – იომელი, პასკუალე ჩეფარო, დავიდე პერესი, ფრანჩესკო დე მაჯო, ნ.პორპორა, ჯენარო მანა და ლ.ლეო. ჩანაწერებშიც იშვიათად ჟღერადი, ამ კომპოზიტორთა მუსიკის ცოცხლად მოსმენა უკვე წარმატება იყო. კონცერტს საინტერესო სიუჟეტური ხაზი ახლდა, რაზედაც მწერალი დონა ლეონი ყოველი მოქმედების წინ უამბობდა მსმენელს. მუსიკა შეირჩა ისეთი, რომელიც გაცილებას ასახავდა – შესაბამისად კონცერტსაც ‘მშვიდობით/Addio’ დაერქვა. 
ქ.ოლდრიჩი, მ.ემელიანიჩევი, ვ.კანხემი

დონა ლეონმა ინგლისურ ენაზე გადმოგვცა დეტალებში, თუ როგორი მუსიკალური პალიტრით ასახავდნენ განშორებას იტალიელი კომპოზიტორები მე–XVIII საუკუნეში. მის წინასიტყვაობას დარბაზში ერთი–ორმა კრიტიკოსმა ხმამაღალი ‘ჩამხშობი’ კიჟინით შეხვდა, რასაც მე არ მივესალმე და არც თავად ლეონს მოეწონა. საღამოში ერთი დასანანი ცვლილება მაინც შევიდა – ორკესტრის დირიჟორი და მევიოლინე – რიკარდო მინაზი ოჯახური მიზეზების გამო არ ჩამოსულა, ამიტომაც ინსტუმენტალისტებს (რომელთა რიცხვი ათს არ აღემატებოდა) მეტად ახალგაზრდა ჩემბალისტი მაქსიმ ემელიანიჩევი (Maxim Emelyanychev) ხელმძღვანელობდა.

ორი არიის გარდა ყველა ნაწყვეტი დუეტი იყო. ვოკალურ ნაწარმოებებს შორის საკმაოდ უღიმღამო კამერული სონატემი (ჯუზეპე ავიტრანო და ანჯელო რაგაცი) შესრულდა. უკანასკნელი წლების ერთ–ერთ ყველაზე რეზონანსულ ორკესტრისაგან მეტს ველოდი. არიები საინტერესო გამოდგა – პერესის ვირტუოზული ‘Ah! Non lasciami, no’ სოპრანოსათვის და მანას ბობოქრული ‘Ove son? Che vegg’io?’ მეცო–სოპრანოსათვის. თუმცა ოლდრიჩს დიდი ხმა და მკვრივი მაღლები ქონდა, კანხემის უბადლო ფრაზირება და ტექნიკა, იდეალური ბაროკო მუსიკისათვის საბოლოოდ მაინც გხიბლავდა. დუეტები სევდიანი და ლირიული იყო. ბისზე შესრულდა ჰენდელის ‘ტეზეო’–დან მოკლე, მაგრამ ძალზე შთამბეჭდავი დუეტი (ჯერ კონტინუოთი, რასაც ბოლოში სრული ორკესტრი ერთვებოდა – ესეც ჰენდელის გასაოცარი ინსტრუმენტალიზმი). ყველაფერი იმ საღამოს საინტერესო და უცხო იყო – თუმცა იგი სამწუხაროდ მოკლე აღმოჩნდა, რადგან მზად ვიყავი მეტ ნეტარებას მივცემოდი ჩემთვისაც უცხო ჰანგების ასეთი კარგი შესრულებით.
   მესამე კონცერტზე მომიწია ქალაქ ვერდენში გამგზავრება. ეს ლამაზი და კოხტა ქალაქი, რომელმაც დიდი რესტავრაცია განიცადა და ტურისტების მოზიდვა გადაწყვიტა, ბრემენის აღმოსავლეთით არის განლაგებული მდინარე ალერის სიახლოვეს. მას დიდი ლუთერანული საკათედრო ტაძარი ამშვენებს (Dom zu Verden). ზუსტად ამ ტაძარში იმართებოდა 18 სექტემბერს მოცარტის ნაწარმოებებიდან შედგენილი კონცერტი (‘მოცარტი–1791/Mozart-1791’).  საღამოს უძღვებოდა ძველებური მუსიკის აღიარებული სპეციალისტი – შოტლანდიელი დირიჟორი ჯონ ბატი (John Butt) თავის ორკესტრთან (დანედინ კონსორტ/Dunedin Consort) და სოლისტებთან ერთად. მე ამ კოლექტივს ბახისა და ჰენდელის მუსიკის ჩანაწერებიდან ვიცნობდი, რომლებმაც დიდ ბრიტანეთში დიდი აღიარება და მრავალი პრიზი მოიპოვა. ქალაქის ცენტრალური ქუჩიდან უკვე კილომეტრის მოშორებიდან ჩანდა ვერდენის ტაძარი თავისი გრძელი, მასიური და ძალზე დაქანებული სახურავით. მიახლოვებისას აღმოჩნდა, რომ შესვლა გვერდითი ლამაზი წითელაგურიანი ორსართულიანი სახლის გერბიანი კარებიდან შეიძლებოდა, რომელიც ტაძრის ან მონასტრის ასოციაციას სრულიად არ ტოვებდა და პირიქით - ფარავდა ტაძარს. ტაძრის სამხრეთის მხრიდან, სადაც ერთადერთი მაღალი კოშკი იყო აღმართული, პატარა ფოიეს მეშვეობით უკვე პირდაპირ ტაძრის დიდ დარბაზში მივყავდით. 

ტაძარი დიდი და მასიური აღმოჩნდა, მას ორი ორღანი ამშვებებდა – ერთი უფრო ძველი, მისი სამხრეთის შესასვლელის თავზე და მეორე – უფრო თანამედროვე, უკვე დასავლეთის მხარეს, ზუსტად იმ კარების თავზე, რომელსაც ცალკე ეზოში მივყავდით და ვიწრო კორიდორების მეშვეობით უკვე ადრე ნახსენებ გერბიან კარებამდე, რომელიც თავის მხრივ ქალაქის ცენტრალურ ქუჩას უყურებდა. საკურთხევლის ტერიტორია იყო მოკრძალებული, მისი წინა შედარებით გრძელი და ვიწრო ფართობი მძიმე ხის სკამებს და ნოტებიან პიუპიტრებს ეჭირა. 

კონცერტში მოცარტის ‘ჯადოსნური ფლეიტიდან’ უვერტიურა, ლა–მაჟორული კლარნეტის კონცერტი (KV622) და ‘რექვიემი’ უნდა შესრულებულიყო. პროგრამა იყო საინტერესო და მე დიდი მოლოდინით ველოდი ორკესტრანტების გამოჩენას. განსხვავებით წინა სპექტაკლებიდან ტაძარი სრულად დაიტვირთა, მეტიც – მსმენელმა ყველა შემოსასვლელი კარების ტერიტორია დაიკავა და ნაკადი მოდიოდა და მოდიოდა.
შოტლანდიური კოლექტივი სრული შემადგენლობით ჩამოვიდა, მაგრამ როდესაც უვერტიურის პირველი ბგერები აჟღერდა ნათელი გახდა, რომ კომფორტს ამაოდ ველოდი. ტაძრის უჩვეულო აკუსტიკა აღმოჩნდა ამის მიზეზი, კედლებიდან არეკლილი რევერბერაცია მძიმედ და გვიან უბრუნდებოდა მსმენელს და თან ნაწილობრივ ახშობდა ორკესტრანტების მიერ შესრულებულ ახალ ტაქტს. ასე რომ უკვე შესრულებული მოეფინებოდა ახლად შესრულებულს და იქმნებოდა გარკვეული ქაოსი. დაიკარგა დეტალიზაცია და გაქრა აქცენტები: ფლეიტა და ჰობოი საერთოდ არ ისმოდა. პირველი რაც გავიფიქრე – შემსრულებლებმა თავად არ დაკარგონ ერთმანეთში სინქრონიზაცია, მაგრამ დირიჟორი და ორკესტრი აუღელვებლად აგრძელებდნენ. ეფექტი იგივე დარჩა მოცარტის მშვენიერი კლარნეტის კონცერტის შესრულებისას – არც უჩვეულო ბას–კლარნეტის ჟღერადობა (ერიკ ჰეპრიკ/Eric Hoeprich) და არც ორკესტრანტების ვირტუოზობა არ ისმოდა სრულყოფილად, მხოლოდ შუა ნელ ნაწილში თუ გაიხსნა ეს ნისლი და მუსიკამ საჭირო მწყობრი მიიღო. 

შესვენების შემდეგ შესრულებულმა ‘რექვიემმა’ ჩემი გუნებაგანწყობა საგრძნობლად აწია – პატარა გუნდი (6 მამაკაცი და 6 ქალბატონი) და ოთხი სოლისტი (მაირი ლოუსონი, ესთერ ბრეზილი, ნიკოლას მალროი და მეთიუ ბრუკი - M.Lawson, E.Brazil, N.Mulroy, M.Brook) ტაძრის აკუსტიკამ გააძლიერა და მათი ხმები დიდი გუნდის შესატყვისი იყო. ხანგრძლივი რევერბერაცია მოუხდა რექვიემს. ტემპები, როგორც მოსალოდნელი იყო, იყო სწრაფი – ეფექტი მძლავრი და გახანგრძლივებული, ცალკეული სოლისტების ხმების კი უფრო გამონათდა ამ უცნაური აკუსტიკის ხარჯზე. მუსიკა დაწერილი ტაძრისათვის სრულიად შესატყვისი იყო არსებული აკუსტიკისათვის. ამიტომაც საღამო არ ჩაიშალა – მსმენელმა და მათ შორის მეც, სიამოვნება მივიღეთ. შოტლანდიელები მხურვალე აპლოდისმენტებით გააცილეს, მათვე დასავლეთით მდებარე  კარების ვიწრო გასასვლელში კორიდორი შეუქმნეს ტაძრის დროულად დასატოვებლად.

  წინა სპექტაკლებმა კარგი მოლოდინი შემიქმნეს სრული საოპერო სპექტაკლის მოსასმენად – რაც ზუსტად ფესტივალის დახურვისათვის შემოინახეს ფესტივალის ორგანიზატორებმა. ამის შესახებაც შემდეგში მოგახსენებთ...

დავით გიგინეიშვილი

გამოქვეყნებულია ჟურნალში 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2015; 4(61):49–52.

12.09.2015 
Kammersaal der Industrie- und Handelskammer Bremerhaven
»Kammer-Konzert«   Program:
Antonin Dvorak: Streichquartett Nr. 11 C-Dur op. 61
Franz Schubert: Streichquartett Nr. 15 G-Dur op. 161 D 887


Apollon Musagete Quartett
+++++++++++++++++++

16.09.2015 
Die Glocke / Large Hall  (Bremen)

»Addio« Program:
Text: Donna Leon 
Music:
Niccolo Jommelli (Recit accomp), Pasquale Cafaro (duet), G.Avitrano (sonata), D.Perez (aria for soprano), G.F.De Majo (duet), Nicola Antonio Porpora (duet), A.Ragazzi (sonata), G.Manna (aria for mezzo-soprano), Leonardo Leo (duet)
Encore: Handel-Teseo (duet) Il Pomo d’Oro
Veronica Cangemi, Soprano
Kate Aldrich, Mezzosoprano
Donna Leon, Speaker

Maxim Emelyanychev, Cembalo & conductor
+++++++++++++++++++
18.09.2015 
Dom zu Verden
»Mozart 1791« Program:
Wolfgang Amadeus Mozart: 
Ouverture aus »Die Zauberflote« KV 620, 
Klarinettenkonzert A-Dur KV 622, 
Requiem d-Moll KV 626


Dunedin Consort Choir & Players
Eric Hoeprich, Clarinet
Mhairi Lawson, Soprano
Esther Brazil, Alto
Nicholas Mullroy, Tenor
Matthew Brook, Bass
John Butt conductor

Friday, August 7, 2015

როსინის ‘კონკია’ ნეაპოლის ‘სან–კარლოში’ / 'La Cenerentola' Rossini at Teatro di San Carlo

იტალიური საოპერო მუსიკის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი – ნეაპოლი  XVIII  საუკუნის პირველ ნახევარში განიცდიდა უდიდეს აღმავლობას. ქალაქის მუდმივმოქმედი ოთხი კონსერვატორია იძლეოდა ნაყოფიერ ნიადაგს ვოკალური მუსიკის ნიმუშების სცენაზე აჟღერებისათვის. სწორედ ამ პერიოდში ეწვივნენ ქალაქს  მუსიკის  გენიოსები:  ჰენდელი, გლუკი, ჰაიდნი და მოცარტი, და  სამხრეთული მრავალფეროვანი აურით მოხიბლულმა თითოეულმა მათგანმა დატოვა უბრწყინვალესი მუსიკალური შედევრები. ეს გასაკვირი არაა, რადგან ქალაქში მოღვაწეობდნენ იმ ეპოქის წამყვანი საოპერო კომპოზიტორები, პირველ რიგში უდიდესი იტალიელი კომპოზიტორი ალესანდრო სკარლატი (1660–1725) და ახალგაზრდა ლეონარდო ვინჩი (1690–1730), ლეონარდო ლეო (1694–1744) და ნიკოლა პორპორა (1686–1768). გაზრდილ მუსიკალურ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებდა ქალაქში არსებული პატარა საოპერო თეატრები, ამიტომაც ნეაპოლიტანური სამეფოს მმართველმა, ბურბონების დინასტიის წარმომადგენელმა, მეფე კარლ VII (ესპანეთის მეფე კარლოს III) გადაწყვიტა ძველი სან–ბარტოლომეო თეატრის ნაცვლად აეგო ახალი – დიდი შენობა. ეს იყო პროგრესულად მოაზროვნე მმართველი, რომლის მოღვაწეობისას (1734–1759) ფართოდ გაეღო კარი განმანათლებლების მოღვაწეობასა და მათი იდეების დანერგვას.
ახალი შენობა, რომელსაც მეფის სახელი დაერქვა (წმინდა კარლოსის სამეფო თეატრი, ამჟამად ‘ტეატრო სან კარლო’/Teatro di San Carlo)  გაიხსნა 1737 წელს და იმდროისათვის 1379 საჯდომ ადგილს მოიცავდა. შემდგომ ეპოქებში შენობამ საგრძნობი რეკონსტრუქცია განიცადა. ჯერ იყო და 1816 წლის დასაწყისში ხანძარმა შენობის დიდი ნაწილი გაანადგურა. 1817 წელს სტენდალი ესწრება განახლებული თეატრის გახსნას და ვერ მალავს თავის აღფრთოვანებას, რასაც შთაბეჭდილებების წიგნში აღნიშნავს: იმ დროიდან თეატრს უკავშირდება იტალიური ბელ კანტოს სკოლის ისტორიის საუკეთესო ფურცლები. როსინის 1815 წლის პირველ დადგმას ‘ელიზაბეტა, ინგლისის დედოფალი’ მოგვიანებით (1817–22წწ.) მოჰყვა 7 ოპერის პრემიერა. ამ თეატრისათვის დაწერილ გაეტანო დინოცეტის 17 ნაწარმოებიდან,  გამოვყოფდი აბსოლუტურ შედევრს ‘ლუჩია ლამერმურელი’.  
დაუვიწყარმა ბელინიმ ზუსტად ნეაპოლის ‘სან კარლო’–ში აიდგა ფეხი, როგორც კომპოზიტორმა. მაგრამ ნამდვილი მუსიკალური პაექრობა მოგვიანებით გაიმართა – მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ვერდი და სახელმოხვეჭილი სავერიო მერკადანტე წარდგნენ ნეაპოლელთა წინაშე თავიანთი ოპერებით (აღსანიშნავია ვერდის ‘ლუიზა მილერი’). სან–კარლოს თეატრის სცენაზე გამოდიოდნენ საოპერო სცენის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ მარია მალიბრანი, ჯუდიტა პასტა, ლუიჯი ლაბლაში, ჯოვანი ბატისტა რუბინი და ა.შ. თეატრმა ბოლო რეკონსტრუქცია და რესტავრაცია 1937 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და სულ ახლახანს – 2009–2010 წლებში განიცადა. 

უკანასკნელ ცვლილებებში შედის უხმო ვენტილაციისა და კონდიციონირების სისტემა, გაკეთდა ახალი სცენისქვეშა ფოიე, სცენა სრულად შეიცვალა და აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით და განახლდა სარეპეტიციო ოთახები. ეს ამბიციური გეგმა უმოკლეს ვადებში შესრულდა გერმანული კომპანიის მიერ. მაგრამ ცვლილებებმა იტალიურ პრესაში ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია, თუმცა იურგენ რეინჰოლდი არგუმენტირებულად ხსნის, თუ რატომ  არ დააზიანა ცვლილებებმა თეატრის უნიკალური აკუსტიკა. ამჟამად თეატრი მოიცავს 3285 ადგილს და იტალიის დიდ, მუდმივმოქმედ  თეატრებს შორის ითვლება ყველაზე ძველ შენობად (შედარებისათვის სახელგანთქმული მილანის ‘ლა სკალა’ და ვენეციის ‘ლა ფენიჩე’ აშენებულია დეკადების შემდეგ). იტალიური ვოკალური სკოლის მე–XX საუკუნის ოქროს წლები შეეხო ამ თეატრს, აქ გამოდიოდნენ ეპოქის უდიდესი მომღერლები, დირიჟორები და შემსრულებლები.   

როგორც მუსიკის დიდ ქომაგს ოცნებად მქონდა იტალიის საუკეთესო საოპერო თეატრების სამეულის სპექტაკლებზე დასწრება, მაგრამ ნეაპოლში ჩასვლა მრავალ  მიზეზთა გამო სულ ჭიანურდებოდა. ხელშემწყობ გარემოებათა გამო წელს ეს ნატვრა ავიხდინე და 21 ივნისს დავესწარი როსინის ოპერას ‘კონკია ანუ სიკეთის ტრიუმფი/La Cenerentola ossia La bontà in trionfo’. როსინის ეს კომიკური ოპერა, ჩემთვის საკმაოდ ნაცნობი, ნეაპოლში არ დადგმულა 2003 წლიდან და ამჟამად კი აქ თავს იყრიდნენ საინტერესო ვოკალური ძალები. ყველა პარტიის შემსრულებელი იტალიელი იყო გარდა დონ რამიროსა, რომელიც რუსული წარმოშობის ტენორს – მაქსინ მირონოვს უნდა ემღერა.
ამ ზაფხულს მთელ ნეაპოლს რესტავრაციის ბაცილა შეჰყროდა  – შენობათა უმრავლესობა გარედან შეფუთული იყო, მათ შორის სამეფო სასახლე და საოპერო თეატრი. ამის გამო ისინი ერთიანი შენობის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, ამიტომაც იქ მომუშავე პერსონალი მოვიხმე რომ გავრკვეულიყავი – სად იყო სასახლეში და სად თეატრში შესასვლელი. ორივე შენობა ერწყმის ერთმანეთს, თეატრი თავის ფასადით განლაგებულია სასახლის მარჯვენა ფლანგზე მის პერპენდიკულარულად და პირდაპირ შეჰყურებს უმბერტო I–ის ულამაზეს გალერეას. პარალელები მილანთან (‘ლა სკალა’ და ვიტორიო ემანუელ II–ის გალერეა) იყო  თვალშისაცემი, მაგრამ ამაზე არ შევჩერდები. ფასადი სრულიად სადა, მაღალი, ზემოთ – კოლონებიანი და ქვევით არკებიანი, იქვეა შესასვლელი ბილეთის სალაროებში და ცენტრალური შესასვლელი ოპერაში. შესასვლელს საფეხურებით  მივყავართ ზემოთ, სადაც ოდნავ მოგრძო თაღით შევდივართ ძირითად დარბაზში. ამ დარბაზს, როგორც ამბობენ, არქიტექტორ ანტონიო ნიკოლინის (1817წ) შეტანილი ცვლილებების შემდეგ არ შეუცვლია თავისი სახე.  დარბაზი მაღალი – ექვსიარუსიანი, ფართო სცენით და გამოირჩევა გასაკვირად ფართო საორკესტრო ადგილით. დარბაზიდან ორკესტრანტები კარგად ჩანან, რადგან ისინი მეტად ზედაპირზე არიან, ამიტომაც დირიჟორი უფრო ახლოსაა მსმენელთან და კარგად ჩანს დარბაზიდან. სცენის საწინააღმდეგოდ არის სამეფო ლოჟა, სამეფოს გერბი და გვირგვინი სცენის თავზეა და ჭერი კი მოხატულია. დარბაზს არ ამშვენებს დიდი ჭაღი, ამიტომაც სივრცე ფართეა და ამაღლებული. აუდიტორიას (პლატეა) სავარძლების 22 რიგი ავსებს, რომელიც ორი გასწვრივი და ერთი განივი გასასვლელით გამოიყოფა. ერთი სიტყვით, სავარძლებიც ძალზე მოხერხებულია – ნახევრადოვალური, ასე რომ მსმენელი ყოველივე ამისაგან საკმაო კომფორტს და სივრცეს იღებს. აღვნიშნავ, რომ არანაირი ტექნიკური ინოვაცია არ შეეხო  ლიბრეტოს ვიზუალურ მოწოდებას – იგი ტრადიციულად ფარდის ზედა ნაწილში,  პროექტორით მხოლოდ იტალიურ ენაზე ისახება. ყველა იარუსი შედგება ინდივიდუალური ლოჟებისაგან (4–5 ადგილიანი), რომელშიც მოხვედრა მხოლოდ თეატრის თანამშრომლის მიერ კარების გასაღებით გახსნის შემდეგ შეიძლებოდა. ლოჟებს შორის სრული ტიხრები სარკეებით იყო დამშვენებული. ამის გამო მე ზედა იარუსების დათვალიერებისას და დარბაზის სამახსოვრო სურათების გადასაღებად მხოლოდ იმ ლოჟაში მომიწია შესვლა, რომელშიც უკვე მსმენელი იყო შესული. დარბაზი ულამაზესი, მდიდრული, წითელ ხავერდში გამოწყობილ ელეგანტურ არისტოკრატიულ ქალბატონს აგავდა, რომლითაც ნამდვილად მოიხიბლებოდი.  
წარმოდგენისათვის დაბეჭდილი პროგრამა იყო სქელი, მასში სრული ლიბრეტო, ტექსტი და მრავალფეროვანი ფოტოები შედიოდა.  ეს იყო ერთ–ერთი საუკეთესო ბუკლეტი იმ სპექტაკლებისაგან, რომელთაც მე დავსწრებივარ. აღმოჩნდა, რომ ‘სან–კარლოს’ სცენაზე ამ ოპერაში გამოსულან სახელგანთქმული ჯულიეტა სიმიონატო, ტერესა ბერგანსა და ლუჩია ვალენტინი–ტერანი. სცენასთან ახლოს ამფითეატრის მეცხრე რიგში კომფორტულად მოვიკალათე. სცენა უკვე ფარდააწეული იყო. კვირას სპექტაკლი რატომღაც უჩვეულოდ ადრე 17 საათზე იყო დანიშნული და  დაუგვიანებლად დაიწყო. სცენაზე გამოვიდა დირიჟორი გაბრიელე ფერო (Gabriele Ferro), როსინის აღიარებული იტალიელი სპეციალისტი და უვერტიურა და პარალელურად მოქმედებაც დაიწყო – ახალგაზრდა ქალიშვილი უცაბედად მამას კარგავს და მას თავის სახლში დონ მანიფიკო წაიყვანს. დამდგმელმა რეჟისორმა (პოლ კურანი) მოქმედება მე–XVIII საუკუნიდან მე–XX  საუკუნის დასაწყისში გადაიტანა, მაგრამ ამან არ შეუშალა ხელი დახვეწილ და დეტალიზირებულ სცენოგრაფიას (პასკუალე გროსი) და მდიდრულ კოსტიუმებს (ზაირა დე ვინჩენტის). ფეროს ორკესტრი თავში აუჩქარებლად და ოდნავ ზანტადაც მიჰყავდა, რაც სრულიად საპირისპირო იყო კლაუდიო აბადოსა და/ან რიკარდო შაიის მიერ აღიარებულ ჩანაწერებში მოცემული ტემპებისა. პირველ სცენაშივე ჩნდება კონკია ანჯელინა თავისი ცნობილი ბალადით 'Una volta c'era un re'. სერენა მალფი (Serena Malfi),  ანჯელინას როლის შემსრულებელი ჩემთვის უცნობი იყო, მაგრამ სპექტაკლამდე ინტერნეტ–ქსელში მისი მონაწილეობით ვიდეონაწყვეტები ვნახე და დიდი იმედებით აღვივსე. მას ულამაზესი ჟღერადი კონტრალტო ჰქონდა, მაგრამ როგორც შემდგომმა სცენებმა უჩვენა ტექნიკურად ბელ კანტოს უბადლო შემსრულებლებს ჩამოუვარდებოდა და მომდევნო დუეტში რამიროსთან (Un soave non so che), რომელიც პრინცის მოახლედ არის გადაცმული, ეს სისუსტე უფრო გამოიკვეთა. მირონოვი ზედგამოჭრილი იყო ამ როლისათვის – ლირიული, ულამაზესი ტემბრის მქონე, მოქნილი და ტექნიკურად უნაკლო – მის ფონზე მალფი ფიორიტურებში არც ისეთი ლაღი მომეჩვენა. დომ მანიფიკოს ქალიშვილების პარტიებში გამოდიოდნენ კატერინა დი ტონო (კლორინდა) და კანდიდა გუიდა (ტისბე). ორივე პერსონაჟი იყო კოლორიტული – ფუმფულა კლორინდას უპირისპირდებოდა თხელი, აყლაყუდა ტისბე. დები ერთმანეთში ქიშპობდნენ იქამდეც, რომ არ აცლიდნენ ხილის მირთმევას (ერთი ბანანი ორივემ ძვლივს გაიყო). მათი პერსონაჟები რეჟისორულად იყო ძალზე გამოკვეთილი – საერთოდ დადგმას არ აკლდა პანტომიმა და ბუფონადა – და ეს პერსონაჟების კომიზმთან ერთად დაუვიწყარ თეატრალურ სანახაობას ქმნიდა. ნეაპოლი, როგორც იტალიური კომიკური ოპერის აკვანი, ამ დადგმაშიც არ ღალატობდა თავის საუკეთესო ტრადიციებს, მით უფრო რომ შემსრულებელთა უმრავლესობა იტალიელი იყო. დონ მანიფიკოსაც (ცნობილი ბანი კარლო ლეპორე/Carlo Lepore) არ დაუკლია მიხრა–მოხრა – ტანადი, ახმახი, მყარი, დაბალი ბანით მან დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა – როგორც ვოკალურად უნაკლო, ასევე სამსახიობო კუთხით. განსაკუთრებულად კომიკური იყო მისი პირველი აქტის კავატინა (Noi Don Magnifico), როდესაც ბახუსის გავლენის ქვეშ იგი მოურიდებლად ფანფარონობს, თან ჩაბღაუჭებული აქვს ხუთი ღვინის ბოთლი, რაც მსმენელთა (გუნდის) აშკარა ირონიას იწვევს.
კარლო ლეოპრე (დონ მანიფიკო) და სერენა მალფი (ანჯელინა)
დარჩენილი ბანებიდან პრინცის კამერდინერ დანდინის როლში ამ პარტიის სტაჟიანი შემსრულებელი სიმონე ალბერგინი (Simone Alberghini) გახლდათ, რომელიც ორ ვიდეო–სპექტაკლში უკვე მყავდა ნანახი (რუქსანა დონოზესა და ელინა გარანჩასთან) და ფილოსოფოს ალიდოროს როლში ლუკა ტიტოტო (Luca Tittoto). ორივე ბანს სასიამოვნო ტემბრის ხმა ჰქონდა, ტიტოტოს კი ღრმა და მყარი, მაგრამ პირველი აქტის ალიდოროს რთულ არიაში (La del ciel nell’arcano), რომელიც მან ეფექტურად და სწრაფად დაიწყო, მის მეორე ნაწილში ძალა გამოეცალა და დაასრულა მეტად უფერულად. ფინალში გამოჩნდება ელეგანტური მანქანა რომელსაც ანჯელინა მეჯლისზე მიჰყავს, სადაც იგი ღამის შავ ეფექტურ კაბაში იქნება ნიღბით. შესვენებისას მსმენელების ნაწილი ამფითეატრის ქვედა ფოიეში ვახშამს შეექცა, მაგრამ მარცხენა გასასვლელით ერთ დიდ მოგრძო ცარიელი დარბაზის გადაკვეთით უცბად ლამაზი კიბეებით იმ პარკში მოვხვდი, რომელიც დიდი რკინის გისოსებით იყო შემოფარგლული. ასეთი მოულოდნელი შეხვედრა ბუნებასთან მეტად მომხიბლავი იყო, მით უფრო რომ შორიდან, ხეებს შორის ამაყად ჩანდა განმარტოებით მყოფი ‘ახალი კოშკი’ (კასტელ ნუოვო).
კ.ლეპორე, კ.დი ტონო, ს.ალბერგინი, კ.გუიდა
დარბაზში დაბრუნებულს ახალგაზრდა, ფრაკებში გამოწყობილი მსახიობები შემხვდნენ, ისინი ხალისობდნენ, ხუმრობდნენ, მერე სცენაზე ავიდნენ და იქ მეორე მოქმედებისათვის სუფრა გაშალეს. მეორე აქტში აღსანიშნავია პრინც რამიროს რთული ორნაწილიანი არია (Si, ritrovarla io giuro), რომელიც ტრადიციულ ვერსიებში არ სრულდებოდა. მირონოვმა აქაც მშვიდად და ტექნიკურად გაუმკლავდა მას, ერთია, მისი მაღლები ოდნავ მკრთალი და დიდი სიძლიერის არ იყო. მაგრამ მან მოახერხა არიის მეორე ნაწილში პარტიტურით გათვალისწინებულ ნოტზე უფრო მაღალი ნოტი აეღო და დაეჭირა იგი, რითაც სრულიად მოიგო მსმენელის გული. მისი ტემბრი რაღაცით ლუიჯი ალვას მომაგონებდა, თან იგი ახალგაზრდულად ჟღერდა; რომ არა მაღლები – ჩემი აზრით ხუან–დიეგო ფლორესს იგი დიდ კონკურენციას გაუწევდა. დანდინი, რომელიც მთელი პირველი აქტი უხვად სარგებლობდა მისთვის მოულოდნელად მინიჭებული ძალაუფლებით (ისე, რომ კიდევაც პრინც რამიროსაც დავალებებს აძლევდა) დუეტში იძულებულია დონ მანიფიკოს ამცნოს თავისი ვინაობა – რისი დანდინია იგი, თუ აქაც სახეს არ შეინარჩუნებს! ქარიშხალი იმდენად ეფექტურად იყო დადგმული – გაცოცხლდა ძველი სასცენო საშუალებები ქარის ხმისა და ჭექა–ქუხილის იმიტაციით, რასაც გაბრიელ ფეროს ინტუიტიურად სწორად ამორჩეული ტემპი და აქცენტები მოჰყვა, რომ ორკესტრი ბევრად უფრო მომეწონა. მოუთმენლად ველოდი ანჯელინას ფინალურ რონდოს – მის პირველ ნაწილში მალფის მაღლები ძლიერი და რატომღაც მეტისმეტად მყვირალა აღმოჩნდა (უფრო ვერდის და ვერიზმს რომ შეეფერებოდა), მაგრამ მეორე ნაწილი უკვე მშვიდად და რითმში იმღერა. სპექტაკლი დამთავრდა – ეს იყო მდიდრული დადგმისა და კარგი არტისტული შესრულების სინერგიული სინთეზი. აქამდე მორიდებულმა მსმენელებმა დასასრულს შესაბამისი ოვაციებით დააჯილდოვეს მომღერლები, მაგრამ აღფრთოვანება დიდხანს არ გაგრძელდა – და მსმენელი და შემსრულებელი მალევე დაიშალა. ერთი სიტყვით ოპერა ‘ბუფა’–ს მაღალხარისხიანი იტალიური შესრულება დამხვდა კარგად გააზრებული და მუსიკისადმი მოწიწებული რეჟისორული მიდგომით. რაც შეეხება დარბაზის აკუსტიკას – თუ საუკეთესო არა (უფრო ხავერდოვანი ხმაც მომისმენია სხვაგან), იგი სინამდვილეში ძალზე კარგი იყო – ორკესტრისა და ხმების სწორი ბალანსითა და აკუსტიკურ დიაპაზონში რაიმე შესამჩნევი ჩავარდნის გარეშე.
კ.გუიდა, ს.ალბერგინი, მ.მირონოვი, გ.ფერო, ს.მალფი, (?),  კ.ლეპორე

სოლისტები – 4, ორკესტრი – 3.8, სცენოგრაფია და კოსტიუმები – 5.

დავით გიგინეიშვილი / David Gigineishvili

Napoli, Teatro di San Carlo 
Gioachino Rossini “LA CENERENTOLA ossia La bonita in trionfo ”
21st June, 2015

Angelina, detta Cenerentola SERENA MALFI
Don Ramiro      MAXIM MIRONOV
Dandini             SIMONE ALBERGHINI
Don Magnifico CARLO LEPORE
Clorinda            CATERINA DI TONNO
Tisbe                 CANDIDA GUIDA
Alidoro             LUCA TITTOTO

Orchestra e coro del Teatro di San Carlo
Direttore   Gabriele Ferro 
Maestro del coro Marco Faelli 
Regia Paul Curran (ripresa da Oscar Cecchi)
Scene Pasquale Grossi 
Costumi Zaira de Vincentiis    

გამოქვეყნებულია ჟურნალ 'ლიტერატურული საქართველო' 2015; 34 (3764):15.

Friday, July 24, 2015

გამოვიდა კრებული 'წერილები ხელოვნებაზე'

პატივცემულო მკითხველო

გამოვიდა დავით გიგინეიშვილის პუბლიკაციების კრებული 'წერილები ხელოვნებაზე', რომელიც მოიცავს კრიტიკულ წერილებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში.
წიგნში მოხვედრილი წერილები ეხება უპირატესად კინემატოგრაფს და კლასიკურ მუსიკას (რაც ნაწილობრივ წარმოდგენილია ბლოგზე)

წიგნის შეძენის მსურველებმა დაუკავშირდნენ ქალბატონ გულნარა სტურუას (ტელ.: 579 232541)


Friday, February 13, 2015

„ლუჩია ლამერმური“ დოიჩე ოპერაში / 'Lucia di Lammermoor' at the Deutsche Oper

დონიცეტის ‘ლუჩია ლარმურელი/Lucia di Lammermoor’ წარმოადგენს იტალიური ბელ კანტოს უდავო შედევრს. უოლტერ სკოტის პოეტურმა რომანტიზმმა იდეალური გამოხატვა ჰპოვა დონიცეტის ოპერაში, სადაც მუსიკალურ ენაზე გადმოცემულია ახალგაზრდა შეყვარებული ქალის ტრაგედია, როდესაც იგი, საკუთარი ძმის, ლორდ ენრიკო ეშტონის ზეწოლითა და ბედ–უკუღმართობის გამოისობით, ცოლად  მიჰყვება სხვას (ლორდ არტურ ბაკლოუს) და ჩადენილი საქციელის სიმძიმე მისი გონებისა და ხასიათისათვის უმძიმესი და დაუძლეველი სატანჯველი აღმოჩნდება. ლუჩიას ერთადერთი სიყვარული – ედგარი რავენსვუდების ოჯახიდან, რომელიც მტრულად დაპირისპირებულია ეშტონების საგვარეულოს, ლუჩიას გაუბედურების შემდეგ იღებს სებედისწერო გადაწყვეტილებას – მისდევს თავის მიჯნურს.
1835 წელს დადგმული ოპერა ნეაპოლის ‘სან კარლოს’ თეატრში დღემდე არის პოპულარული საოპერო სცენის წამყვან თეატრებში. ოპერის წარმატებას  განაპირობებს დონიცეტის უჩვეულო და მომწიფებული მუსიკალური, ოსტატური ენა, რომლითაც იგი აჯილდოებს თავის გმირებს და უპირველესად ლუჩიას. უნდა  გამოვყოთ ლუჩიას სიგიჟის სცენა, რომელიც თავისი მუსიკალური დრამატიზმითა და გამოხატვით შესულია კლასიკური მუსიკის საგანძურში. აღსანიშნავია, რომ ყველა დროის სახელგანთქმული პრიმადონები ზუსტად ამ პარტიაში სინჯავდნენ თავის ძალებს. რად ღირს ამ სიის ჩამოთვლა: მარია კალასი, ჯოან საზერლენდი, რენატა სკოტო, მონსერა კაბალე, ბევერლი სილზი და ა.შ.
‘დოიჩე ოპერის’ სცენაზე 2015 წლის თებერვალში მხოლოდ ორი სპექტაკლი იგეგმებოდა. დავესწარი პირველს – 1 თებერვლის წარმოდგენას. შემადგენლობა ასეთი იყო: ლუჩიას ასრულებდა ახალგაზრდა სამხრეთ აფრიკელი სოპრანო – პრეტი იენდი (Pretty Yende), ლორდ ენრიკოს – იტალიელი ბარიტონი სიმონე პიაცოლა (Simone Piazzola),  ედგარს– სახელგანთქმული ტენორი ჯოზეფ კალეია (Joseph Calleja) და ლუჩიას აღმრზდელის, რაიმონდოს პარტიაში – ბანი სიმონ ლიმი (Simon Lim). სადირიჟორო პულტთან იყო ივან რეპუშიჩი (Ivan Repušić). დადგმა არ იყო საპრემიერო – იგი იმეორებდა ‘დოიჩე ოპერის’ ტრადიციულ, ძველ, 1980 წლის წარმოდგენას, რომლის რეჟისორი ფილიპო სანჯუსტი იყო. რაც ეხება კოსტიუმებს – ეს იყო მდიდრული, ეპოქის შესაბამისი და მომხიბვლელი სამოსი. მიზანსცენები და ინტერიერი – მეტად მინიმალისტური და ძუნწი იყო. ამიტომაც ტრადიციულ დადგმას მაინც აკლდა სამხატვრო სიუხვე. მაგრამ დღეს გამეფებული, კლასიკური მუსიკისათვის არაშესატყვისი მოდერნიზმის ფონზე ეს წარმოდგენა უდავოდ ტრადიციულ სპექტრში განიხილებოდა და ხიბლავდა მაყურებელს.
თავიდანვე წარმოდგენაში გამოვლინდა ‘დოიჩე ოპერის’ ძველი სისუსტეები – მომღერლებისა და ორკესტრის არაკოორდინირებული შესრულება. ვფიქრობ, რომ ეს მოწვეული მომღერლების დროის უქონლობით არის გამოწვეული, ან შეიძლება ადგილობრივი ორკესტრის ხელწერაა. სუსტმა დირიჟორულმა ინტერპრეტაციამ ეს ჩავარდნა უფრო გამოავლინა. წამიერად გონებაში ასეთმა აზრმა  გამიელვა – ისეთ თეატრებში, როგორიცაა ‘მეტროპოლიტენ ოპერა’, ‘კოვენტ გარდენი’ და ‘ლა სკალა’ – ასეთ რამეს,  როგორც წესი, ვერ შევხვდებით. მეორე უსიამოვნო განცდა, რომელიც სპექტაკლმა დამიტოვა, ეხებოდა ოპერის ვერსიას – უკანასკნელ წლებში გამოვლინდა, ჩემი აზრით, ძალზე დადებითი ტენდენცია – ოპერის შესრულება სრული ვერსიით, ყველანაირი კუპიურების გარეშე. წარსული საუკუნის ოტალიური ოპერის აღმავლობის წლებში მას საკმაოდ შემცირებულად ასრულებდნენ – აკლებდნენ დუეტებში და არიაში რეპრიზას, პირველ აქტში  არ ასრულებდნენ რაიმონდოს არიას და მეორე აქტის მთელ დასაწყის სცენას – დრამატიზმით აღსავსე  ენრიკოსა და ედგარის დუეტს, სადაც ისინი ერთმანეთს დუელზე იწვევენ. დღევანდელ წარმოდგენაზე შესრულდა მოკლე ვერსია, რამაც ძალიან დამწყვიტა გული. რაც ეხება შემსრულებლებს – იტალიელი სიმონე პიაცოლასათვის, რომელიც ძირითადად იტალიის და ესპანეთის თეატრებში გამოდის, ბერლინის სცენაზე ეს გამოსვლა მისთვის დებიუტი იყო. მას დახშული, ტემბრალურად რენატო ბრუზონის მსგავსი ხმა ჰქონდა, მაგრამ კარგი ფრაზირება და უბადლო ზედა ნოტები. მისი მოქნილი ხმა კარგად ასახავდა გმირის ხისტ და უდრეკ პოზიციას. მაგრამ სცენისათვის მას პატარა ხმა აღმოაჩნდა. არც სოპრანოს ხმა იყო დიდი, თუმცა ავსებდა დარბაზს. ლამაზი ტემბრის და საშუალო ტექნიკის ფლობა ჯერ კიდევ არ იძლევა აღიარების საშუალებას. პრეტი იენდი პირველ აქტში, (უნდა ითქვას, რომ ამ პარტიის შესრულება ბერლინის სცენაზე მისთვის ორმაგად სადებიუტო იყო), გამოიყურებოდა არადამაჯერებლად, ეტყობოდა მღელვარება – ამიტომაც როლი სასურველი სიმტკიცითა და დაბეჯითებით ვერ მიჰყავდა, რაც მის ვოკალურ მონაცემებზე ისახებოდა. ამ მომღერალმა მსგავსი არასტაბილურობა გამოიჩინა ‘მეტროპოლიტენ–ოპერის’ სცენაზე, როდესაც პირველად როსინის ‘გრაფ ორიში’ 2013 წელს გამოვიდა. იქამდე კი როლები იყო მილანის ‘ლა სკალაშიც’. მაგრამ მეორე აქტი მეტად დამაჯერებლად წაიყვანა – დაძლია სადებიუტო მღელვარება და სიგიჟის სცენა ძალზე ეფექტურად შეასრულა. რისთვისაც მაყურებლის დიდი ოვაცია და პირადად ჩემი სიმპათიაც დაიმსახურა. რაც შეეხება ჯოზეფ კალეიას – იგი ნამდვილად იყო იმ საღამოს გმირი. პირველივე გამოჩენიდან ცხადი გახდა, რომ  სხვა შემსრულებლებთან შედარებით ის თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. უშეცდომოდ, დაძაბულობისა და ჩავარდნების გარეშე – თავისი ულამაზესი, მოქნილი ხმით მან მთლიანად შეავსო დარბაზი და არც  ‘საფირმო’ პიანისიმოებს აკლებდა. ერთი სიამოვნება იყო მისი მოსმენა. ამის გამო კუპიურების არსებობა მეტად მტკივნეულად აღვიქვი. რაც შეეხება კორეელ ბანს – სიმონ ლიმს (ისიც მოწვეული იყო ცენტრალური პარტიების შემსრულებლების მსგავსად), იგი ძირითადად მღერის როსინისა და მოცარტს იტალიის საოპერო სცენაზე და მათ შორის მილანის ‘ლა სკალაში’. მას ამ პარტიისათვის ნაკლებად შესატყვისი ტემბრი ჰქონდა, მაგრამ ვოკალური თვალსაზრისით ჩინებულად იმღერა.
ედგარი (ჯ.კალეია), რაიმონდო (ს.ლიმი), ენრიკო (ს.პიაცოლა)
რადგან ყველა შემსრულებელი ახალგაზრდა იყო, ტანად მაღალ კალეიას კარგად უპირისპირდებოდა ჩასხმული პიაცოლა და ლუჩიის შემსრულებელი – აფრიკელი იენდი, თხელი სიმპათიური, საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა ქალი, თეატრალური თვალსაზრისით რაიმე დისონანსს ადგილი ნამდვილად არ ჰქონდა. დანარჩენი პერსონაჟები წამყვან მომღერლებს ტონს არ უდებდნენ.
სახელგანთქმული სექსტეტი
წარმოდგენისას გაკეთდა ერთი შესვენება, მაგრამ, ტრადიციულად, ბერლინელმა  მსმენელებმა სასმელი პირველივე აქტის წინ დააგემოვნეს. იმ საღამოს მეც სრულად გავიზიარებდი დარბაზის სიხარულს, რომ არა ერთი მოულოდნელი ფაქტი. ორი დღით ადრე, ვებერის ოპერის მოსმენისას ბერლინის ნაციონალურ ოპერაში მე, ჩვეულებრივ, როგორც აქამდე არაერთხელ გამიკეთებია მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო დარბაზიდან, როგორც ჟურნალისტმა, გამოვიყენე ჩემი ფოტოკამერა, რათა ფოტომასალით გამემდიდრებინა ჩემი შთაბეჭდილების წერილი. 
ს.ლიმი, პ.იენდი, ჯ.კალეია, რ.მილერი, მ.ნევლინი, ს.პიაცოლა  
წელს მე სხვა – უფრო მცირე და საგრძნობლად მჩატე მიკრო 4/3 სისტემაზე გადავედი, ამიტომაც გამიკვირდა, როდესაც წინა წარმოდგენაზე ხელით ვიღაცამ უხეშად შემეხო. იმ წუთში ჩავთვალე, რომ კამერის დამატებითმა წითელმა ნათურამ ვიღაცა შეაწუხა, თუმცა არც ეს  არ ამართლებდა მის ფიზიკურ აგრესიას. ‘ლუჩიის’ პირველი აქტის ბოლოში, სექსტეტის დასრულებისას მე უკვე ზედმეტი გამაღიზიანებლებისაგან გათიშული კამერა გამოვიყენე და პირველი აქტის მიწურულს მომღერლები  გადავიღე. უკვე შესვენებისას მე მორიგი აგრესიის მსხვერპლი აღმოვჩნდი – როგორც ფიზიკური ისე ვერბალური. ვინმე მსმენელი, ასაკოვანი მამაკაცი (არცთუ სასიამოვნო იყო მისი გაბრაზებული სახის დანახვა!), ვერა და ვერ შეგუებოდა ჩემი კამერის არსებობას. მისმა მუჯლუგუნმა წუთიერად დამავიწყა დონიცეტის ლირიზმი და უოლტერ სკოტის რომანტიზმი. ნამდვილად გამაკვირვა სიტლანქისა და კაცთმოძულეობის ასეთმა უეცარმა ამოფრქვევამ ამ, ერთი შეხედვით წარმატებულ, ბიურგერულ ბერლინურ საზოგადოებაში, მეტად გასაოცარი იყო! ნუთუ შეიძლება ხელოვნების მოყვარული ჰუმანისტი ვიღაცის ბნელი აგრესიის სამიზნე გახდეს? სამწუხაროდ, გუნებაწამხდარმა, ამ კითხვით დავტოვე ‘დოიჩე ოპერის’ თეატრი...        

დავით გიგინეიშვილი / David Gigineishvili     

Deutsche Oper Berlin
February 1st, 2015
G.Donizetti - 'Lucia di Lammermoor'
Enrico          Simone Piazzola
Lucia            Pretty Yende
Edgardo       Joseph Calleja
Arturo         Matthew Newlin
Raimondo    Simon Lim
Alice            Ronnita Miller
Normanno  Jörg Schörner

Chor der Deutschen Oper Berlin
Orchester der Deutschen Oper Berlin
Conductor  Ivan Repušić

Choir Conductor Thomas Richter

Director, Stage-design, Costume-design Filippo Sanjust

გამოქვეყნებულია ჯურნალ საქართველოს ბიბლიოთეკა 2015, 1(58):55-56.

Monday, February 9, 2015

ვებერის მუსიკა ბერლინში / Weber 'Der Freischütz' in Berlin



მუსიკალური თვალსაზრისით, გერმანიის გამორჩეულ ქალაქში,  ბერლინში მოგზაურობა  დიდი ხანია იყო ჩემი ნატვრა. ერთხელ, 2010 წელს, კი დავესწარი ‘დონ ჯოვანის’  დადგმას ‘დოიჩე ოპერის’ სცენაზე, მაგრამ მართალი რომ ვთქვა, მან  დიდად გამიცრუა იმედები.
ამჟამად, ერთი გადახედვით, საკმაოდ საინტერესო პროგრამა ავირჩიე – ვებერის ‘თავისუფალი მსროლელი /Der Freischütz’ ნაციონალურ ოპერაში (Staatsoper im Schiller Theater Berlin), სადაც თანამედროვე, საუკეთესო გერმანულმა ვოკალურმა შემსრულებლებმა მოიყარა თავი.  ბერლინის ნაციონალური ოპერა, რომელიც ტრადიციულად ‘უნტერ დერ ლიდენზე’ იმყოფება, შენობის რეკონსტრუქციის გამო გადაბარგდა შილერის თეატრში, ქალაქის დასავლეთ ნაწილში, კერძოდ, ბისმარკის ქუჩაზე, სხვათა შორის ‘დოიჩე ოპერის’ სიახლოვეს.
იანვარი ცივი, სუსხიანი და ოდნავ თოვლიანი იყო ბერლინში. შილერის თეატრი – მომცრო ზომის თანამედროვე ფასადის მქონე პატარა თეატრი ერთი იარუსითა და თექვსმეტრიგიანი პარტერით არც ინტერიერის თვალსაზრისით ტოვებდა შთაბეჭდილებას. სცენა საშუალო ზომისა იყო და ორკესტრი სავსებით იმალებოდა სცენის წინა ჩაღრმავებულ სივრცეში. აღნიშნული დადგმა საპრემიერო იყო ნაციონალური ოპერის 2014–2015 სეზონისათვის და მე 30 იანვარს გამართულ წარმოდგენას დავესწარი.
აკუსტიკა არ იყო გათვლილი მუსიკალური სპექტაკლებისათვის – ხმა ყრუდ მოდიოდა, რის გამოც რაღაც ძველი გერმანული რადიოდან გამოსულ ხმებს ემსგავსებოდა. დასაწყისში ამან გული გამიტეხა, მაგრამ ოპერის მსვლელობისას   გერმანულმა  რომანტიულმა მუსიკამ მაინც  თავისებური, საინტერესო ელფერი შესძინა სპექტაკლს. ორკესტრმა ჩინებულად დაიწყო – ვებერი თავის მუსიკით არ ტოვებს არანაირ კითხვას, თუ რა მიმართულებასა და ეპოქას მიეკუთვნება მისი ნაწარმოები. ჩემთვის, იტალიურ ბაროკოს, ბელკანტოს და ვერისტული მუსიკას მიჩვეული მსმენელისთვის  ძალზე მომაჯადოვებლად ჟღერდა ვებერის რომანტიზმით დატვირთული ულამაზესი მუსიკა და თან სად – გერმანიის შუაგულში! უნდა ვაღიარო, რომ დირიჟორმა (სებასტიან ვეიგლი/Sebastian Weigle) და ბერლინის ნაციონალური კაპელის ორკესტრმა (Staatskapelle Berlin) დიდი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე.
დადგმა (მიქაელ ტალჰაიმერი /Michael Thalheimer) – ორიგინალური და არატრადიციული იყო. ლეგენდამ ზღაპრული და ‘ფანტაზიის’ ელემენტები შეიძინა, ოპერის მიმდინარეობისას მაგიური შავი ჯადოქრის – მონადირე სამუელის სახე მუდამ ფიგურირებს. იგი ლანდივით დაჰყვება გმირებს, უთვალთვალებს და აკონტროლებს მათ ნაბიჯებს. სამყაროც, დამდგმელი რეჟისორის ჩანაფიქრით, რაღაც სივრცეებად არის დაყოფილი – აქეთ სცენისაკენ, სადაც მოქმედება ტარდება – ჩაბნელებულია და გამხმარი ტოტებით არის მოფენილი. იქეთ კი – უკანა პლანზე – კაშკაშა შუქი და ნათელი ხვრელია, საიდანაც ჩნდებიან და ისწევ უკან ბრუნდებიან  პერსონაჟები. მაგრამ მათი ძირითადი ქმედებები ხორციელდება – დაბნელებულ და სამუელის გავლენის ქვეშ მყოფ სამყაროში. ამიტომაცაა, რომ მაქსი , მთავარი პერსონაჟი და წარსულში კარგი მსროლელი და მონადირე, თავისი სიყვარულისა და ბედის გამო იხლართება მისი ნაცნობი მონადირის, კასპარის არაკეთილმოსურნე რჩევებში და თავის ბედს სამუელს ჩაუგდებს ხელში. არადა მიზანი ლამაზი და სუფთაა – მაქსს სურს თავისი შეყვარებულის, ახალგაზრდა ქალწულის აგატას ხელი დაიმსახუროს ახლად გამოცხადებულ მსროლელთა შეჯიბრში. აგატა თანაგრძნობითპასუხობს მაქსს და თავის გულის სიღრმეში ემზადება ამ ქორწილისთვის, თუმცა რაღაც ცუდი სიზმრები და თავსმოხვეული აზრები მას საშიშროებას უწინასწარმეტყველებენ. რასაც იგი ჯერ თავის ერთგულ მეგობარ ქალიშვილს – ანხენს უმხელს. მერე კი, შეჯიბრებამდე, უკვე მაქსსაც გაუზიარებს. დემონურ ძალებს კი არ სძინავთ – კასპარი სამუელის ჯადოქრობის დახმარებით სპეციალურ ტყვიებს ადნობს და გადასცემს მაქსს. უკანასკნელი ტყვია აგატასთვის არის განკუთვნილი, თუმცა მაქსმა არაფერი იცის ამაზე. ტურნირის დღეს სოფელი სადღესასწაულოდ არის მორთული – აგატა პატარძლის ტანისამოსშია და მის ირგვლივნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი სოფლის ქალიშვილები მზად არიან მას საქორწილო ფატა მიართვან. მაგრამ აგატას უცნაური და ტრაგიკული ხილვები აწუხებს. იმართება შეჯიბრი – გუგუნებს  სახელგანთქმულ მონადირეთა გუნდი (Was gleicht wohl auf Erden), მღერიან  სტუმრები: გრაფი ოტაკარი თავის მეგობრებთან და სოფლის მაცხოვრებლებთან სასიამოვნო სანახაობის მოლოდინში არიან. მაქსი დაწინაურდება შეჯიბრში, მაგრამ როდესაც გრაფი მას სთხოვს ესროლოს თეთრ მტრედს, ტყვია ხვდება კასპარს და აგატაც ვარდება. დათრგუნული და შეცბუნებული მაქსი ამხელს სტუმრებს თავის საიდუმლოებას. გრაფი ოტაკარი განრისხდება, მაგრამ ახლად გამოჩენილი განდეგილი მოუხმობს პატიებისაკენ და საბოლოოდ ყველა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.      
ვებერის მუსიკა! – არ შეიძლება მან არ მოგხიბლოს. ოპერის უვერტიურა წარმოადგენს რომანტიზმისა და სიმფონიზმის საუკეთესო ნიმუშს და  წინასწარ განგაწყობს საოცარი მუსიკალური თხზულების მოსასმენად, სადაც ხალხურ მელოდიებს ანაცვლებს არაჩვეულებრივი რომანტიკული საოპერო არიები და დუეტები და, სადაც ტყეებისა და მთების ჯადოსნური ბუნება აირეკლება მოქნილ მუსიკალურ მელოდიაში, რომელიც ზოგჯერ, მოულოდნელად იძენს დემონურ და ბნელ ელფერს (კერძოდ ჯადოს სცენაში).  ამიტომაცაა ოპერის ულამაზეს ფურცლებს მიეკუთვნება ანხენისა (No.7: Kommt ein schlanker) და აგატას (No.8: Leise, leise, Fromme Weise) რომანსები და არიები, სადაც კომპოზიტორმა მანდილოსნის ბუნებისა და რთული განცდების გადმოსაცემად მიმართა ობლიგატურ სიმებიან ინსტრუმენტებს (No.12: Und ob die Wolke sie verhülle; No.13: Trübe Augen, Liebchen, taugen). ხალხური მელოდიების ანარეკლს ატარებს უმშვენიერი სცენა (No.14: Wir winden dir), სადაც მელოდიას იმეორებს სოფლის სამი მანდილოსანი გუნდის დახმარებით. ეს სცენა განსაკუთრებით ლამაზი და ბუნებრივი გამოვიდა ოპერაში,  სხვათა შორის ზემოთხსენებული მონადირეთა გუნდთან ერთად. 
 
სოფლის მანდილოსნები და აგატა (როშმანი)

 რაც ეხება ვოკალურ შესრულებას – ქალებისაგან ანა პროჰასკას (Anna Prohaska) გამოვყოფდი, რომელმაც თავისი ხასიათობრივი, მოქნილი და ლამაზი ხმით მოახერხა სწორად გადმოეცა თავისი გმირის ანხენის სახე. უფრო რთული ამოცანა ჰქონდა სახელგანთქმულ დოროთეა როშმანს (Dorothea Röschmann) აგატას როლში. ან მომღერალი ფორმაში არ იყო, ან გადამეტებით მისდევდა დირიჟორის მითითებებს, შედეგი ცხადი იყო – მისი ხმა ზედმეტად ვიბრირებდა, აკლდა სინარნარე და მაშასადამე ლირიზმი და რომანტიზმი. სხვა მხრივ, მისი ხმა – დრამატული სოპრანო კარგად ავსებდა დარბაზს. ბევრს ველოდი მაქსის შემსრულებლისაგან – გერმანელი ტენორი ბურკჰარდ ფრიცისაგან (Burkhard Fritz). მას დადებითი კრიტიკა ჰქონდა ვერდის ოპერების ტენორის ძნელ პარტიებში. მაგრამ მისი პატარა, ტიპიური არაიტალიური შეფერილობის ხმა იმით იყო კიდევ დამძიმებული, რომ იმ საღამოს ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ სუნთქვა ეხუთებოდა (უპატიებელი შეცდომა მომღერლისათვის). აი კასპარის როლის შემსრულებელი – ფალკ შტრუკმანი (Falk Struckmann) კი ნამდვილად მომეწონა. მისი მაღალი რეგისტრის ბანი ბრწყინვალედ გაუმკლავდა კასპარის რთულ როლს – მისი მაღლები იყო უბადლო, განსაკუთრებით არიაში (No.5: Schweig, schweig damit dich niemand). მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები ზოგად ფონს არ ცვლიდნენ. 
ანხენი (პროჰასკა), მაქსი (ფრიცი) და აგატა (როშმანი)

ვებერის ოპერის მოსმენა სცენიდან წარმოადგენს განუწყვეტელ სიამოვნებას – დადგმამ ეს მუსიკის ჯადოსნური გავლენა არანაირად არ დაჩრდილა. იგი საინტერესო და ნოვატორული იყო. მაგრამ რადგან მთელი სპექტაკლის განმავლობაში ფიგურირებს ბნელი ძალა – შელოცვის სცენამ ავბედითობა დაკარგა და იგი უკვე დრამის საკვანძო ნაწილი არ იყო.
ჩემდა გასაკვირად – ოპერა  წარმოადგინეს ერთიანი შესრულებით, ყველანაირი შესვენების გარეშე. მსმენელი ამან არ დაღალა – მოხერხებულმა ბერლინელებმა კი მცირე ვახშამი და სასმელები სპექტაკლის წინ ფოიეში მიირთვეს.
დადგმა – 4.0
ვოკალი–4.0
ორკესტრი–4.5    

დავით გიგინეიშვილი / David Gigineishvili

Carl Maria von Weber
'Der Freischütz'


Staatsoper im Schiller Theater Berlin, January 30th, 2015

    Ottokar - Roman Trekel
    Kuno - Victor von Halem
    Agathe - Dorothea R
öschmann
    Annchen - Anna Prohaska
    Kaspar - Falk Struckmann
    Max - Burkhard Fritz
    Ein Eremit - Jan Martinik
    Kilian - Maximilian Krummen
    Samiel - Peter Moltzen
Staatsopernchor
Staatskapelle Berlin
Conductor - Sebastian Weigle
Stage director - Michael Thalheimer