დონიცეტის ‘ლუჩია ლარმურელი/Lucia di Lammermoor’
წარმოადგენს იტალიური ბელ კანტოს უდავო შედევრს. უოლტერ სკოტის პოეტურმა რომანტიზმმა
იდეალური გამოხატვა ჰპოვა დონიცეტის ოპერაში, სადაც მუსიკალურ ენაზე გადმოცემულია
ახალგაზრდა შეყვარებული ქალის ტრაგედია, როდესაც იგი, საკუთარი ძმის, ლორდ ენრიკო
ეშტონის ზეწოლითა და ბედ–უკუღმართობის გამოისობით, ცოლად მიჰყვება სხვას (ლორდ არტურ ბაკლოუს) და
ჩადენილი საქციელის სიმძიმე მისი გონებისა და ხასიათისათვის უმძიმესი და
დაუძლეველი სატანჯველი აღმოჩნდება. ლუჩიას ერთადერთი სიყვარული – ედგარი
რავენსვუდების ოჯახიდან, რომელიც მტრულად დაპირისპირებულია ეშტონების საგვარეულოს,
ლუჩიას გაუბედურების შემდეგ იღებს სებედისწერო გადაწყვეტილებას – მისდევს თავის
მიჯნურს.
1835 წელს დადგმული ოპერა ნეაპოლის ‘სან კარლოს’ თეატრში დღემდე არის
პოპულარული საოპერო სცენის წამყვან თეატრებში. ოპერის წარმატებას განაპირობებს დონიცეტის უჩვეულო და მომწიფებული
მუსიკალური, ოსტატური ენა, რომლითაც იგი აჯილდოებს თავის გმირებს და უპირველესად
ლუჩიას. უნდა გამოვყოთ ლუჩიას სიგიჟის
სცენა, რომელიც თავისი მუსიკალური დრამატიზმითა და გამოხატვით შესულია კლასიკური
მუსიკის საგანძურში. აღსანიშნავია, რომ ყველა დროის სახელგანთქმული პრიმადონები
ზუსტად ამ პარტიაში სინჯავდნენ თავის ძალებს. რად ღირს ამ სიის ჩამოთვლა: მარია
კალასი, ჯოან საზერლენდი, რენატა სკოტო, მონსერა კაბალე, ბევერლი სილზი და ა.შ.
‘დოიჩე ოპერის’ სცენაზე 2015 წლის თებერვალში მხოლოდ ორი სპექტაკლი
იგეგმებოდა. დავესწარი პირველს – 1 თებერვლის წარმოდგენას. შემადგენლობა ასეთი
იყო: ლუჩიას ასრულებდა ახალგაზრდა სამხრეთ აფრიკელი სოპრანო – პრეტი იენდი (Pretty
Yende), ლორდ ენრიკოს – იტალიელი ბარიტონი სიმონე პიაცოლა (Simone Piazzola), ედგარს– სახელგანთქმული ტენორი ჯოზეფ კალეია (Joseph
Calleja) და ლუჩიას აღმრზდელის, რაიმონდოს პარტიაში – ბანი სიმონ ლიმი (Simon Lim).
სადირიჟორო პულტთან იყო ივან რეპუშიჩი (Ivan Repušić). დადგმა არ იყო
საპრემიერო – იგი იმეორებდა ‘დოიჩე ოპერის’ ტრადიციულ, ძველ, 1980 წლის
წარმოდგენას, რომლის რეჟისორი ფილიპო სანჯუსტი იყო. რაც ეხება კოსტიუმებს – ეს იყო
მდიდრული, ეპოქის შესაბამისი და მომხიბვლელი სამოსი. მიზანსცენები და ინტერიერი –
მეტად მინიმალისტური და ძუნწი იყო. ამიტომაც ტრადიციულ დადგმას მაინც აკლდა
სამხატვრო სიუხვე. მაგრამ დღეს გამეფებული, კლასიკური მუსიკისათვის არაშესატყვისი
მოდერნიზმის ფონზე ეს წარმოდგენა უდავოდ ტრადიციულ სპექტრში განიხილებოდა და
ხიბლავდა მაყურებელს.
თავიდანვე წარმოდგენაში გამოვლინდა ‘დოიჩე ოპერის’ ძველი სისუსტეები –
მომღერლებისა და ორკესტრის არაკოორდინირებული შესრულება. ვფიქრობ, რომ ეს მოწვეული
მომღერლების დროის უქონლობით არის გამოწვეული, ან შეიძლება ადგილობრივი ორკესტრის
ხელწერაა. სუსტმა დირიჟორულმა ინტერპრეტაციამ ეს ჩავარდნა უფრო გამოავლინა. წამიერად
გონებაში ასეთმა აზრმა გამიელვა – ისეთ
თეატრებში, როგორიცაა ‘მეტროპოლიტენ ოპერა’, ‘კოვენტ გარდენი’ და ‘ლა სკალა’ –
ასეთ რამეს, როგორც წესი, ვერ შევხვდებით.
მეორე უსიამოვნო განცდა, რომელიც სპექტაკლმა დამიტოვა, ეხებოდა ოპერის ვერსიას –
უკანასკნელ წლებში გამოვლინდა, ჩემი აზრით, ძალზე დადებითი ტენდენცია – ოპერის შესრულება
სრული ვერსიით, ყველანაირი კუპიურების გარეშე. წარსული საუკუნის ოტალიური ოპერის
აღმავლობის წლებში მას საკმაოდ შემცირებულად ასრულებდნენ – აკლებდნენ დუეტებში და
არიაში რეპრიზას, პირველ აქტში არ
ასრულებდნენ რაიმონდოს არიას და მეორე აქტის მთელ დასაწყის სცენას – დრამატიზმით
აღსავსე ენრიკოსა და ედგარის დუეტს, სადაც
ისინი ერთმანეთს დუელზე იწვევენ. დღევანდელ წარმოდგენაზე შესრულდა მოკლე ვერსია,
რამაც ძალიან დამწყვიტა გული. რაც ეხება შემსრულებლებს – იტალიელი სიმონე პიაცოლასათვის,
რომელიც ძირითადად იტალიის და ესპანეთის თეატრებში გამოდის, ბერლინის სცენაზე ეს
გამოსვლა მისთვის დებიუტი იყო. მას დახშული, ტემბრალურად რენატო ბრუზონის მსგავსი
ხმა ჰქონდა, მაგრამ კარგი ფრაზირება და უბადლო ზედა ნოტები. მისი მოქნილი ხმა
კარგად ასახავდა გმირის ხისტ და უდრეკ პოზიციას. მაგრამ სცენისათვის მას პატარა
ხმა აღმოაჩნდა. არც სოპრანოს ხმა იყო დიდი, თუმცა ავსებდა დარბაზს. ლამაზი ტემბრის
და საშუალო ტექნიკის ფლობა ჯერ კიდევ არ იძლევა აღიარების საშუალებას. პრეტი იენდი
პირველ აქტში, (უნდა ითქვას, რომ ამ პარტიის შესრულება ბერლინის სცენაზე მისთვის
ორმაგად სადებიუტო იყო), გამოიყურებოდა არადამაჯერებლად, ეტყობოდა მღელვარება –
ამიტომაც როლი სასურველი სიმტკიცითა და დაბეჯითებით ვერ მიჰყავდა, რაც მის ვოკალურ
მონაცემებზე ისახებოდა. ამ მომღერალმა მსგავსი არასტაბილურობა გამოიჩინა ‘მეტროპოლიტენ–ოპერის’
სცენაზე, როდესაც პირველად როსინის ‘გრაფ ორიში’ 2013 წელს გამოვიდა. იქამდე კი
როლები იყო მილანის ‘ლა სკალაშიც’. მაგრამ მეორე აქტი მეტად დამაჯერებლად წაიყვანა
– დაძლია სადებიუტო მღელვარება და სიგიჟის სცენა ძალზე ეფექტურად შეასრულა. რისთვისაც
მაყურებლის დიდი ოვაცია და პირადად ჩემი სიმპათიაც დაიმსახურა. რაც შეეხება ჯოზეფ
კალეიას – იგი ნამდვილად იყო იმ საღამოს გმირი. პირველივე გამოჩენიდან ცხადი გახდა,
რომ სხვა შემსრულებლებთან შედარებით ის
თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. უშეცდომოდ, დაძაბულობისა და ჩავარდნების
გარეშე – თავისი ულამაზესი, მოქნილი ხმით მან მთლიანად შეავსო დარბაზი და არც ‘საფირმო’ პიანისიმოებს აკლებდა. ერთი
სიამოვნება იყო მისი მოსმენა. ამის გამო კუპიურების არსებობა მეტად მტკივნეულად
აღვიქვი. რაც შეეხება კორეელ ბანს – სიმონ ლიმს (ისიც მოწვეული იყო ცენტრალური
პარტიების შემსრულებლების მსგავსად), იგი ძირითადად მღერის როსინისა და მოცარტს იტალიის
საოპერო სცენაზე და მათ შორის მილანის ‘ლა სკალაში’. მას ამ პარტიისათვის ნაკლებად
შესატყვისი ტემბრი ჰქონდა, მაგრამ ვოკალური თვალსაზრისით ჩინებულად იმღერა.
![]() |
ედგარი (ჯ.კალეია), რაიმონდო (ს.ლიმი), ენრიკო (ს.პიაცოლა) |
რადგან ყველა შემსრულებელი ახალგაზრდა იყო, ტანად მაღალ კალეიას
კარგად უპირისპირდებოდა ჩასხმული პიაცოლა და ლუჩიის შემსრულებელი – აფრიკელი იენდი,
თხელი სიმპათიური, საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა ქალი, თეატრალური თვალსაზრისით
რაიმე დისონანსს ადგილი ნამდვილად არ ჰქონდა. დანარჩენი პერსონაჟები წამყვან მომღერლებს
ტონს არ უდებდნენ.
![]() |
სახელგანთქმული სექსტეტი |
წარმოდგენისას გაკეთდა
ერთი შესვენება, მაგრამ, ტრადიციულად, ბერლინელმა მსმენელებმა სასმელი პირველივე აქტის წინ
დააგემოვნეს. იმ საღამოს მეც სრულად გავიზიარებდი დარბაზის სიხარულს, რომ არა ერთი
მოულოდნელი ფაქტი. ორი დღით ადრე, ვებერის ოპერის მოსმენისას ბერლინის ნაციონალურ
ოპერაში მე, ჩვეულებრივ, როგორც აქამდე არაერთხელ გამიკეთებია მსოფლიოს სხვადასხვა
საოპერო დარბაზიდან, როგორც ჟურნალისტმა, გამოვიყენე ჩემი ფოტოკამერა, რათა ფოტომასალით
გამემდიდრებინა ჩემი შთაბეჭდილების წერილი.
![]() |
ს.ლიმი, პ.იენდი, ჯ.კალეია, რ.მილერი, მ.ნევლინი, ს.პიაცოლა |
წელს მე სხვა – უფრო მცირე და
საგრძნობლად მჩატე მიკრო 4/3 სისტემაზე გადავედი, ამიტომაც გამიკვირდა, როდესაც წინა
წარმოდგენაზე ხელით ვიღაცამ უხეშად შემეხო. იმ წუთში ჩავთვალე, რომ კამერის
დამატებითმა წითელმა ნათურამ ვიღაცა შეაწუხა, თუმცა არც ეს არ ამართლებდა მის ფიზიკურ აგრესიას. ‘ლუჩიის’
პირველი აქტის ბოლოში, სექსტეტის დასრულებისას მე უკვე ზედმეტი გამაღიზიანებლებისაგან
გათიშული კამერა გამოვიყენე და პირველი აქტის მიწურულს მომღერლები გადავიღე. უკვე შესვენებისას მე მორიგი აგრესიის
მსხვერპლი აღმოვჩნდი – როგორც ფიზიკური ისე ვერბალური. ვინმე მსმენელი, ასაკოვანი
მამაკაცი (არცთუ სასიამოვნო იყო მისი გაბრაზებული სახის დანახვა!), ვერა და ვერ შეგუებოდა
ჩემი კამერის არსებობას. მისმა მუჯლუგუნმა წუთიერად დამავიწყა დონიცეტის ლირიზმი
და უოლტერ სკოტის რომანტიზმი. ნამდვილად გამაკვირვა სიტლანქისა და კაცთმოძულეობის
ასეთმა უეცარმა ამოფრქვევამ ამ, ერთი შეხედვით წარმატებულ, ბიურგერულ ბერლინურ საზოგადოებაში,
მეტად გასაოცარი იყო! ნუთუ შეიძლება ხელოვნების მოყვარული ჰუმანისტი ვიღაცის ბნელი
აგრესიის სამიზნე გახდეს? სამწუხაროდ, გუნებაწამხდარმა, ამ კითხვით დავტოვე ‘დოიჩე ოპერის’ თეატრი...
დავით გიგინეიშვილი / David Gigineishvili
Deutsche Oper Berlin
February 1st, 2015
G.Donizetti - 'Lucia di Lammermoor'
Enrico Simone Piazzola
Lucia Pretty Yende
Edgardo Joseph Calleja
Arturo Matthew Newlin
Raimondo Simon Lim
Alice Ronnita Miller
Normanno Jörg Schörner
Chor der Deutschen Oper Berlin
Orchester der Deutschen Oper Berlin
Conductor Ivan Repušić
Choir Conductor Thomas Richter
Director, Stage-design, Costume-design Filippo Sanjust
გამოქვეყნებულია ჯურნალ ‘საქართველოს ბიბლიოთეკა’ 2015, 1(58):55-56.
No comments:
Post a Comment