ოპერა ‘ლუკრეცია ბორჯია/Lucrezia Borgia’ გაეტანო დონიცეტიმ
მილანის ‘ლა სკალა’–სათვის დაწერა 1833 წლის მიწურულს, უმოკლეს ვადებში, რითაც ამ თეატრის
იმპრესარიო, ჰერცოგ დი მოდრონეს დიდი საქმე გაუკეთა, მას მომდევნო საკარნავალო სეზონისათვის
ერთი ახალი ოპერა უნდა წარედგინა, ოპერის დაწერა თავდაპირველად დავალებული ჰქონდა სავერიო
მერკადანტეს.
დონიცეტი იმდენად
გაიტაცა ამ დრამამ, რომ მას ძირითადი მუსიკალური მონახაზები მანამ ჰქონდა მზად, ვიდრე
ლიბრეტისტი ფელიჩე რომანი მიაწოდებდა მას ლექსებს. ოპერის სიუჟეტი შემდეგნაირია: ვენეციის
ახალგაზრდა აზნაურები ფერარაში დიპლომატიური მისიით გამგზავრების წინ ატარებენ უკანასკნელ
საღამოს. მათ შორის არიან მეგობრები – ჯენარო და ორსინი. დასასვენებლად განცალკევებულ
ჯენაროს ეწვევა ნიღბიანი ქალბატონი – ეს ფერარას მმართველის – ალფონსო დ’ესტეს მეუღლე, ლუკრეცია ბორჯიაა, რომელიც
სინამდვილეში ჯენაროს დედაა. ჯენარო მოიხიბლება მისთვის უცნობი ქალბატონით, იგი გულს
გაუხსნის მას და მოუყვება თავის ბავშვობას, თუ როგორ იზრდებოდა დედის გარეშე. ჯენაროს
მეგობრები კი უცნობ ქალბატონში მალევე შეიცნობენ ლუკრეცია ბორჯიას და გაკიცხავენ მას.
პირველ მოქმედებას გადავყავართ ფერარაში. მეგობრების მიერ წაქეზებული ჯენარო ჩასვლისთანავე
ბორჯიების გერბიდან ჩამოაგდებს ასო ‘ბ’–ს,
ამ მოქმედებით შეურაცხყოფს ბორჯიების
გვარს. ამ აქტის თვითმხილველი, გრაფის მსახური გამოიძახებს ბორჯიების
დაცვას და ჯენაროს დააკავებენ. მეუღლის ღალატით დაეჭვებული ალფონსო ისარგებლებს ამ
მომენტით და დაეთანხმება ლუკრეციას, რათა სასტიკად დასაჯონ ბორჯიების გვარის შეურაცხმყოფელი.
ეს რომ ჯენარო იყო, ლუკრეციამ არ იცოდა და
გაიგო რა სინამდვილე, შეცბუნებულმა რადიკალურად შეცვალა თავისი ტაქტიკა, მაგრამ ამაოდ,
ალფონსო მას მხოლოდ ჯენაროს სასიკვდილო დასჯის ხერხის ამორჩევის უფლებას უტოვებს: დამნაშავემ
უნდა დალიოს ბორჯიების გვარისთვის ცნობილი ტრადიციული შხამიანი სასმელი. გაოგნებული
ჯენარო შესვამს საწამლავიან თასს, მაგრამ ლუკრეცია მას ანტიდოტს აძლევს და თხოვს სასწრაფოდ
დატოვოს სასახლე. დაბნეული ჯენარო ასრულებს მის თხოვნას.
მეორე აქტში მეგობარი ორსინი გადააფიქრინებს ჯენაროს
გაემგზავროს ფერარადან და ორივენი მონაწილეობას ღებულობენ დღესასწაულში. მაგრამ ზუსტად
ამ ზეიმზე ვენეციაში მისი საიდუმლოს გამხელისათვის განრისხებული ლუკრეცია აპირებს ღვინით
მოწამლოს ჯენაროს მეგობრები. შურისძიების ტკბობის მიზნით ლუკრეცია დაესწრება წვეულებას
და მოულოდნელად განწირულებს შორის აღმოაჩენს
თავის ვაჟს. ლუკრეცია მას ისევ სთავაზობს შხამის საწინააღმდეგო წამალს. მაგრამ ჯენარო
ამჯერად უარზეა. შემოდის ალფონსო, რომელმაც წინასწარ იცოდა ახალგაზრდების გეგმები და
მას ხელი არ შეუშლია მეუღლის ვერაგული ზრახვების განხორციელებისათვის. შხამმორეულ ჯენაროს
წინაშე ლუკრეცია ამხელს, რომ იგი მისი შვილია და უგონოდ ეცემა.
ოპერა წარმოადგენს დონიცეტის მნიშვნელოვან ნაწარმოებს
– იგი სავსეა ულამაზესი მელოდიებითა და ანსამბლებით, სადაც ორკესტრს მნიშვნელოვანი
როლი ენიჭება. ამ ოპერაში შეიმჩნევა კომპოზიტორის სრულიად ორიგინალური მუსიკალური ხელწერა.
ის წარმოადგენს ბელ კანტოს საუკეთესო ნიმუშს, რადგან ლუკრეციას პარტიისათვის დაიწერა
ვოკალურად ძნელი და ვირტუოზული არიები და სცენები. მართალია, ოპერა შედარებით ცივად
მიიღეს და გააკრიტიკეს კიდეც, მაგრამ მან დღემდე შეინარჩუნა სიცოცხლისუნარიონაბა მსოფლიო
საოპერო სცენაზე. არსებობს რამოდენიმე სტუდიური ჩანაწერი, სადაც ლუკრეციას პარტიაში
ბრწყინავენ მონსერა კაბალე, ჯოან საზერლენდი და ედიტა გრუბეროვა. ასევე არსებობს სპექტაკლების
ჩანაწერები ამ ორი უკანასკნელი ვოკალისტის მონაწილეობით. ნანახი მაქვს ედიტა გრუბეროვას
(Edita Gruberova) 2009წ. ჩანაწერი გადახედვით. 2014 წლის მიუნხენის საოპერო ფესტივალში
მისი ჩართვა კი გამიკვირდა (გამომდინარე გრუბეროვას ხანდაზმულობიდან), თუმცა მინდოდა
ერთხელ მაინც დავსწრებოდი ამ ლეგენდარული მომღერლის ცოცხალ სპექტაკლს.
სპექტაკლი
შედგა კვირას, 2014 წლის 26 ივლისს, დეკორეციები და კოსტიუმები იყო აბსოლუტურად იდენტური
იმისა, რაც დვდ–ჩანაწერში, გავიმეორებ – ასკეტური, გადატანილი XIX საუკუნეში, პრაქტიკულად
უდეკორაციო. ძირითადი ყურადღება ენიჭებოდა მომღერლებს და მათ ვოკალურ საშუალებებს.
წინა შემადგენლობიდან უცვლელი იყო გრუბეროვა და პავოლ ბრესლიკი (Pavol Breslik) ჯენაროს
როლში. ორსინის ასრულებდა სილვია ტრო სანტაფე (Silvia Tro Santafé)
და ალფონსოს – ჯონ რელი (John Relyea), სადირიჟორო პულტთან კი იდგა პაოლო არივაბენი
(Paolo Arrivabeni).
ეს წარმოდგენააღსანიშნავი იყო იმით, რომ ამ
სეზონზე შესრულდა ბავარიის საოპერო თეატრში
გრუბეროვას მოღვაწეობის 40 წელი.
პროლოგი იწყება ორსინისა და გუნდის სცენით (Nella fatal
di Rimini), ტრო სანტაფე – მოკრძალებული სიმაღლის და საშუალო სიძლიერის მყარი,მეცო–სოპრანო ლამაზი ხმის პატრონი აღმოჩნდა. პირველ სცენებში
იგი სრულიად შესაბამისი იყო თავისი როლის, მეტი აღფრთოვანება დაიმსახურა უკვე შემდგომი
სცენებით, სადაც უბადლო ტექნიკით შეასრულა არიის მეორე ნაწილი (Il Segreto per esser Felici).
ბრესლიკი ცოცხალ შესრულებაში უფრო კარგი მომეჩვენა ვიდრე ჩანაწერში. ის ყურადღებას
იქცევდა ლამაზი, სუფთა, ტემბრალურად უცვლელი და მოქნილი ხმით, რომელიც არ განიცდიდა
რაიმე წინააღმდეგობას. ახალგაზრდა მომღერალმა დაუღლელად, ჩავარდნის გარეშე, ცოცხლად
და ექსპრესიულად შეასრულა პარტია. ერთი სიტყვით, მსმენელს წარუდგა ნამდვილი ლირიული
ტენორი, რომლის ხმა კარგად ჟღერდა დარბაზში. განსაკუთრებულად მოსაწონი იყო ბრესლიკი
საფინალო დუეტში (Tu Pur qui? Non sei feggito?/Maffio Muore). მაღალი, მოქნილი, ჟღერადი
და შედარებით რბილი (მაღალ რეგისტრში) ბანის პატრონი ჯონ რელი რატომღაც მაფიოზს მაგონებდა. ვერ ვიტყვი, რომ იგი
იდეალურად ჯდებოდა როლში, თუმცა დასამახსოვრებელი იყო.
![]() |
ლუკრეცია ბორჯია (ე.გრუბეროვა) და ჯენარო (პ.ბრესლიკი) |
რაც ეხება ედიტა გრუბეროვას – პირველ არიაში (Com’e
bello!) მიუხედავად შედარებით ნელი ტემპისა, მან გასაოცარი პასაჟი ბრწინვალედ შეასრულა.
ერთი–ორი ზედა ნოტიც საუკეთესო იყო – მისი ტრადიციის შესაბამისად. მაგრამ ეს იყო და
ეს. ბრესლიკი უმატებდა, გრუბეროვა კი აკლებდა – არც სუნთქვა, არც ასაკი და არც ფორმა
მას არ აძლევდა საშუალებას როლი მიეყვანა ბოლომდე, საგრძნობი ხარვეზების გარეშე. მეტიც
– მისი შესრულება იყო ის მკაფიო მაგალითი, როდესაც გაგონდება უკვდავი ფრაზა – მსახიობმა
უნდა იცოდეს, როდის დატოვოს სცენა. ფინალურ არიაში (Era Desso Il Figlio Mio)
მაღალი ნოტი უკვე ისეთი ხარვეზით აჟღერდა, რომ მისი ‘გამართლება’ შეიძლებოდა მხოლოდ
დრამის მსახიობური განცდით, მაგრამ შეიძლება კი ეს ამას მივაწეროთ?
ერთი სიტყვით, საღამო გახდა ერთი პრიმადონას ჩავარდნა
სხვა ახალგაზრდა მომღერლების კარგი შესრულების
ფონზე. მაგრამ პუბლიკამ არ იუკადრისა, სიყვარულით მიიღო და მხურვალე ოვაციებით დააჯილდოვა ედიტა გრუბეროვა – ამით გამოხატა
თავისი დიდი მადლიერება მისი ხანგრძლივი შემოქმედების მიმართ, რომლის უდიდესი ნაწილი
(40 წელი) მან ბავარიის ნაციონალური ოპერის
სცენაზე გაატარა.
ბოლოს გამოვიდა თეატრის ინტენდატი და ბავარიის კულტურის
მინისტრი, რომლებმაც მოკლე სიტყვით აღნიშნეს მომღერლის ღვაწლი მათ თეატრში და გადასცეს
საპატიო მედალი. ედიტა გრუბეროვასთვის ეს დაუვიწყარი საიუბილეო საღამო იყო და სამწუხაროდ
ჩემთვისაც. ბოლოში დავამატებდი, რომ ‘პრიმადონას’ ვოკალური ფორმიდან გამომდინარე ოპერა
შეკვეცილი იყო – ზოგი არია სრულდებოდა გამეორების გარეშე, სხვა შემსრულებლების ნომრებიც
შესაბამისად შეკვეცილი იყო. ერთი სიტყვით, კითხვაც კი გამიჩნდა– ეს დონიცეტის თუ ედიტა გრუბეროვას
‘ლუკრეცია ბორჯია’ შესრულდა? თუმცა მსმენელებმა ყველაფერი კარგად განსაჯეს...
დავით გიგინეიშვილი / David Gigineishvili
Donizetti – 'Lucrezia Borgia'
Donizetti – 'Lucrezia Borgia'
Sunday, 27 July 2014
Nationaltheater (Bavarian State Opera), Munich
Nationaltheater (Bavarian State Opera), Munich
Don Alfonso – John Relyea
Donna Lucrezia Borgia – Edita Gruberova
Gennaro – Pavol Breslik
Maffio Orsini – Silvia Tro Santafй
Don Apostolo Gazella – Christian Rieger
Ascanio Petrucci – Andrea Borghini
Gubetta – Goran Juric
Rustighello – Dean Power
Astolfo – Tareq Nazmi
Donna Lucrezia Borgia – Edita Gruberova
Gennaro – Pavol Breslik
Maffio Orsini – Silvia Tro Santafй
Don Apostolo Gazella – Christian Rieger
Ascanio Petrucci – Andrea Borghini
Gubetta – Goran Juric
Rustighello – Dean Power
Astolfo – Tareq Nazmi
Bayerisches Staatsorchester
The Chorus of Bayerische Staatsoper
The Chorus of Bayerische Staatsoper
Conductor Paolo Arrivabeni
Stage Director Christof Loy
გამოქვეყნებულია ჟურნალში 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2014; 4(57):46-47.
No comments:
Post a Comment