Friday, August 7, 2015

როსინის ‘კონკია’ ნეაპოლის ‘სან–კარლოში’ / 'La Cenerentola' Rossini at Teatro di San Carlo

იტალიური საოპერო მუსიკის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი – ნეაპოლი  XVIII  საუკუნის პირველ ნახევარში განიცდიდა უდიდეს აღმავლობას. ქალაქის მუდმივმოქმედი ოთხი კონსერვატორია იძლეოდა ნაყოფიერ ნიადაგს ვოკალური მუსიკის ნიმუშების სცენაზე აჟღერებისათვის. სწორედ ამ პერიოდში ეწვივნენ ქალაქს  მუსიკის  გენიოსები:  ჰენდელი, გლუკი, ჰაიდნი და მოცარტი, და  სამხრეთული მრავალფეროვანი აურით მოხიბლულმა თითოეულმა მათგანმა დატოვა უბრწყინვალესი მუსიკალური შედევრები. ეს გასაკვირი არაა, რადგან ქალაქში მოღვაწეობდნენ იმ ეპოქის წამყვანი საოპერო კომპოზიტორები, პირველ რიგში უდიდესი იტალიელი კომპოზიტორი ალესანდრო სკარლატი (1660–1725) და ახალგაზრდა ლეონარდო ვინჩი (1690–1730), ლეონარდო ლეო (1694–1744) და ნიკოლა პორპორა (1686–1768). გაზრდილ მუსიკალურ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებდა ქალაქში არსებული პატარა საოპერო თეატრები, ამიტომაც ნეაპოლიტანური სამეფოს მმართველმა, ბურბონების დინასტიის წარმომადგენელმა, მეფე კარლ VII (ესპანეთის მეფე კარლოს III) გადაწყვიტა ძველი სან–ბარტოლომეო თეატრის ნაცვლად აეგო ახალი – დიდი შენობა. ეს იყო პროგრესულად მოაზროვნე მმართველი, რომლის მოღვაწეობისას (1734–1759) ფართოდ გაეღო კარი განმანათლებლების მოღვაწეობასა და მათი იდეების დანერგვას.
ახალი შენობა, რომელსაც მეფის სახელი დაერქვა (წმინდა კარლოსის სამეფო თეატრი, ამჟამად ‘ტეატრო სან კარლო’/Teatro di San Carlo)  გაიხსნა 1737 წელს და იმდროისათვის 1379 საჯდომ ადგილს მოიცავდა. შემდგომ ეპოქებში შენობამ საგრძნობი რეკონსტრუქცია განიცადა. ჯერ იყო და 1816 წლის დასაწყისში ხანძარმა შენობის დიდი ნაწილი გაანადგურა. 1817 წელს სტენდალი ესწრება განახლებული თეატრის გახსნას და ვერ მალავს თავის აღფრთოვანებას, რასაც შთაბეჭდილებების წიგნში აღნიშნავს: იმ დროიდან თეატრს უკავშირდება იტალიური ბელ კანტოს სკოლის ისტორიის საუკეთესო ფურცლები. როსინის 1815 წლის პირველ დადგმას ‘ელიზაბეტა, ინგლისის დედოფალი’ მოგვიანებით (1817–22წწ.) მოჰყვა 7 ოპერის პრემიერა. ამ თეატრისათვის დაწერილ გაეტანო დინოცეტის 17 ნაწარმოებიდან,  გამოვყოფდი აბსოლუტურ შედევრს ‘ლუჩია ლამერმურელი’.  
დაუვიწყარმა ბელინიმ ზუსტად ნეაპოლის ‘სან კარლო’–ში აიდგა ფეხი, როგორც კომპოზიტორმა. მაგრამ ნამდვილი მუსიკალური პაექრობა მოგვიანებით გაიმართა – მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ვერდი და სახელმოხვეჭილი სავერიო მერკადანტე წარდგნენ ნეაპოლელთა წინაშე თავიანთი ოპერებით (აღსანიშნავია ვერდის ‘ლუიზა მილერი’). სან–კარლოს თეატრის სცენაზე გამოდიოდნენ საოპერო სცენის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ მარია მალიბრანი, ჯუდიტა პასტა, ლუიჯი ლაბლაში, ჯოვანი ბატისტა რუბინი და ა.შ. თეატრმა ბოლო რეკონსტრუქცია და რესტავრაცია 1937 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და სულ ახლახანს – 2009–2010 წლებში განიცადა. 

უკანასკნელ ცვლილებებში შედის უხმო ვენტილაციისა და კონდიციონირების სისტემა, გაკეთდა ახალი სცენისქვეშა ფოიე, სცენა სრულად შეიცვალა და აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით და განახლდა სარეპეტიციო ოთახები. ეს ამბიციური გეგმა უმოკლეს ვადებში შესრულდა გერმანული კომპანიის მიერ. მაგრამ ცვლილებებმა იტალიურ პრესაში ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია, თუმცა იურგენ რეინჰოლდი არგუმენტირებულად ხსნის, თუ რატომ  არ დააზიანა ცვლილებებმა თეატრის უნიკალური აკუსტიკა. ამჟამად თეატრი მოიცავს 3285 ადგილს და იტალიის დიდ, მუდმივმოქმედ  თეატრებს შორის ითვლება ყველაზე ძველ შენობად (შედარებისათვის სახელგანთქმული მილანის ‘ლა სკალა’ და ვენეციის ‘ლა ფენიჩე’ აშენებულია დეკადების შემდეგ). იტალიური ვოკალური სკოლის მე–XX საუკუნის ოქროს წლები შეეხო ამ თეატრს, აქ გამოდიოდნენ ეპოქის უდიდესი მომღერლები, დირიჟორები და შემსრულებლები.   

როგორც მუსიკის დიდ ქომაგს ოცნებად მქონდა იტალიის საუკეთესო საოპერო თეატრების სამეულის სპექტაკლებზე დასწრება, მაგრამ ნეაპოლში ჩასვლა მრავალ  მიზეზთა გამო სულ ჭიანურდებოდა. ხელშემწყობ გარემოებათა გამო წელს ეს ნატვრა ავიხდინე და 21 ივნისს დავესწარი როსინის ოპერას ‘კონკია ანუ სიკეთის ტრიუმფი/La Cenerentola ossia La bontà in trionfo’. როსინის ეს კომიკური ოპერა, ჩემთვის საკმაოდ ნაცნობი, ნეაპოლში არ დადგმულა 2003 წლიდან და ამჟამად კი აქ თავს იყრიდნენ საინტერესო ვოკალური ძალები. ყველა პარტიის შემსრულებელი იტალიელი იყო გარდა დონ რამიროსა, რომელიც რუსული წარმოშობის ტენორს – მაქსინ მირონოვს უნდა ემღერა.
ამ ზაფხულს მთელ ნეაპოლს რესტავრაციის ბაცილა შეჰყროდა  – შენობათა უმრავლესობა გარედან შეფუთული იყო, მათ შორის სამეფო სასახლე და საოპერო თეატრი. ამის გამო ისინი ერთიანი შენობის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, ამიტომაც იქ მომუშავე პერსონალი მოვიხმე რომ გავრკვეულიყავი – სად იყო სასახლეში და სად თეატრში შესასვლელი. ორივე შენობა ერწყმის ერთმანეთს, თეატრი თავის ფასადით განლაგებულია სასახლის მარჯვენა ფლანგზე მის პერპენდიკულარულად და პირდაპირ შეჰყურებს უმბერტო I–ის ულამაზეს გალერეას. პარალელები მილანთან (‘ლა სკალა’ და ვიტორიო ემანუელ II–ის გალერეა) იყო  თვალშისაცემი, მაგრამ ამაზე არ შევჩერდები. ფასადი სრულიად სადა, მაღალი, ზემოთ – კოლონებიანი და ქვევით არკებიანი, იქვეა შესასვლელი ბილეთის სალაროებში და ცენტრალური შესასვლელი ოპერაში. შესასვლელს საფეხურებით  მივყავართ ზემოთ, სადაც ოდნავ მოგრძო თაღით შევდივართ ძირითად დარბაზში. ამ დარბაზს, როგორც ამბობენ, არქიტექტორ ანტონიო ნიკოლინის (1817წ) შეტანილი ცვლილებების შემდეგ არ შეუცვლია თავისი სახე.  დარბაზი მაღალი – ექვსიარუსიანი, ფართო სცენით და გამოირჩევა გასაკვირად ფართო საორკესტრო ადგილით. დარბაზიდან ორკესტრანტები კარგად ჩანან, რადგან ისინი მეტად ზედაპირზე არიან, ამიტომაც დირიჟორი უფრო ახლოსაა მსმენელთან და კარგად ჩანს დარბაზიდან. სცენის საწინააღმდეგოდ არის სამეფო ლოჟა, სამეფოს გერბი და გვირგვინი სცენის თავზეა და ჭერი კი მოხატულია. დარბაზს არ ამშვენებს დიდი ჭაღი, ამიტომაც სივრცე ფართეა და ამაღლებული. აუდიტორიას (პლატეა) სავარძლების 22 რიგი ავსებს, რომელიც ორი გასწვრივი და ერთი განივი გასასვლელით გამოიყოფა. ერთი სიტყვით, სავარძლებიც ძალზე მოხერხებულია – ნახევრადოვალური, ასე რომ მსმენელი ყოველივე ამისაგან საკმაო კომფორტს და სივრცეს იღებს. აღვნიშნავ, რომ არანაირი ტექნიკური ინოვაცია არ შეეხო  ლიბრეტოს ვიზუალურ მოწოდებას – იგი ტრადიციულად ფარდის ზედა ნაწილში,  პროექტორით მხოლოდ იტალიურ ენაზე ისახება. ყველა იარუსი შედგება ინდივიდუალური ლოჟებისაგან (4–5 ადგილიანი), რომელშიც მოხვედრა მხოლოდ თეატრის თანამშრომლის მიერ კარების გასაღებით გახსნის შემდეგ შეიძლებოდა. ლოჟებს შორის სრული ტიხრები სარკეებით იყო დამშვენებული. ამის გამო მე ზედა იარუსების დათვალიერებისას და დარბაზის სამახსოვრო სურათების გადასაღებად მხოლოდ იმ ლოჟაში მომიწია შესვლა, რომელშიც უკვე მსმენელი იყო შესული. დარბაზი ულამაზესი, მდიდრული, წითელ ხავერდში გამოწყობილ ელეგანტურ არისტოკრატიულ ქალბატონს აგავდა, რომლითაც ნამდვილად მოიხიბლებოდი.  
წარმოდგენისათვის დაბეჭდილი პროგრამა იყო სქელი, მასში სრული ლიბრეტო, ტექსტი და მრავალფეროვანი ფოტოები შედიოდა.  ეს იყო ერთ–ერთი საუკეთესო ბუკლეტი იმ სპექტაკლებისაგან, რომელთაც მე დავსწრებივარ. აღმოჩნდა, რომ ‘სან–კარლოს’ სცენაზე ამ ოპერაში გამოსულან სახელგანთქმული ჯულიეტა სიმიონატო, ტერესა ბერგანსა და ლუჩია ვალენტინი–ტერანი. სცენასთან ახლოს ამფითეატრის მეცხრე რიგში კომფორტულად მოვიკალათე. სცენა უკვე ფარდააწეული იყო. კვირას სპექტაკლი რატომღაც უჩვეულოდ ადრე 17 საათზე იყო დანიშნული და  დაუგვიანებლად დაიწყო. სცენაზე გამოვიდა დირიჟორი გაბრიელე ფერო (Gabriele Ferro), როსინის აღიარებული იტალიელი სპეციალისტი და უვერტიურა და პარალელურად მოქმედებაც დაიწყო – ახალგაზრდა ქალიშვილი უცაბედად მამას კარგავს და მას თავის სახლში დონ მანიფიკო წაიყვანს. დამდგმელმა რეჟისორმა (პოლ კურანი) მოქმედება მე–XVIII საუკუნიდან მე–XX  საუკუნის დასაწყისში გადაიტანა, მაგრამ ამან არ შეუშალა ხელი დახვეწილ და დეტალიზირებულ სცენოგრაფიას (პასკუალე გროსი) და მდიდრულ კოსტიუმებს (ზაირა დე ვინჩენტის). ფეროს ორკესტრი თავში აუჩქარებლად და ოდნავ ზანტადაც მიჰყავდა, რაც სრულიად საპირისპირო იყო კლაუდიო აბადოსა და/ან რიკარდო შაიის მიერ აღიარებულ ჩანაწერებში მოცემული ტემპებისა. პირველ სცენაშივე ჩნდება კონკია ანჯელინა თავისი ცნობილი ბალადით 'Una volta c'era un re'. სერენა მალფი (Serena Malfi),  ანჯელინას როლის შემსრულებელი ჩემთვის უცნობი იყო, მაგრამ სპექტაკლამდე ინტერნეტ–ქსელში მისი მონაწილეობით ვიდეონაწყვეტები ვნახე და დიდი იმედებით აღვივსე. მას ულამაზესი ჟღერადი კონტრალტო ჰქონდა, მაგრამ როგორც შემდგომმა სცენებმა უჩვენა ტექნიკურად ბელ კანტოს უბადლო შემსრულებლებს ჩამოუვარდებოდა და მომდევნო დუეტში რამიროსთან (Un soave non so che), რომელიც პრინცის მოახლედ არის გადაცმული, ეს სისუსტე უფრო გამოიკვეთა. მირონოვი ზედგამოჭრილი იყო ამ როლისათვის – ლირიული, ულამაზესი ტემბრის მქონე, მოქნილი და ტექნიკურად უნაკლო – მის ფონზე მალფი ფიორიტურებში არც ისეთი ლაღი მომეჩვენა. დომ მანიფიკოს ქალიშვილების პარტიებში გამოდიოდნენ კატერინა დი ტონო (კლორინდა) და კანდიდა გუიდა (ტისბე). ორივე პერსონაჟი იყო კოლორიტული – ფუმფულა კლორინდას უპირისპირდებოდა თხელი, აყლაყუდა ტისბე. დები ერთმანეთში ქიშპობდნენ იქამდეც, რომ არ აცლიდნენ ხილის მირთმევას (ერთი ბანანი ორივემ ძვლივს გაიყო). მათი პერსონაჟები რეჟისორულად იყო ძალზე გამოკვეთილი – საერთოდ დადგმას არ აკლდა პანტომიმა და ბუფონადა – და ეს პერსონაჟების კომიზმთან ერთად დაუვიწყარ თეატრალურ სანახაობას ქმნიდა. ნეაპოლი, როგორც იტალიური კომიკური ოპერის აკვანი, ამ დადგმაშიც არ ღალატობდა თავის საუკეთესო ტრადიციებს, მით უფრო რომ შემსრულებელთა უმრავლესობა იტალიელი იყო. დონ მანიფიკოსაც (ცნობილი ბანი კარლო ლეპორე/Carlo Lepore) არ დაუკლია მიხრა–მოხრა – ტანადი, ახმახი, მყარი, დაბალი ბანით მან დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა – როგორც ვოკალურად უნაკლო, ასევე სამსახიობო კუთხით. განსაკუთრებულად კომიკური იყო მისი პირველი აქტის კავატინა (Noi Don Magnifico), როდესაც ბახუსის გავლენის ქვეშ იგი მოურიდებლად ფანფარონობს, თან ჩაბღაუჭებული აქვს ხუთი ღვინის ბოთლი, რაც მსმენელთა (გუნდის) აშკარა ირონიას იწვევს.
კარლო ლეოპრე (დონ მანიფიკო) და სერენა მალფი (ანჯელინა)
დარჩენილი ბანებიდან პრინცის კამერდინერ დანდინის როლში ამ პარტიის სტაჟიანი შემსრულებელი სიმონე ალბერგინი (Simone Alberghini) გახლდათ, რომელიც ორ ვიდეო–სპექტაკლში უკვე მყავდა ნანახი (რუქსანა დონოზესა და ელინა გარანჩასთან) და ფილოსოფოს ალიდოროს როლში ლუკა ტიტოტო (Luca Tittoto). ორივე ბანს სასიამოვნო ტემბრის ხმა ჰქონდა, ტიტოტოს კი ღრმა და მყარი, მაგრამ პირველი აქტის ალიდოროს რთულ არიაში (La del ciel nell’arcano), რომელიც მან ეფექტურად და სწრაფად დაიწყო, მის მეორე ნაწილში ძალა გამოეცალა და დაასრულა მეტად უფერულად. ფინალში გამოჩნდება ელეგანტური მანქანა რომელსაც ანჯელინა მეჯლისზე მიჰყავს, სადაც იგი ღამის შავ ეფექტურ კაბაში იქნება ნიღბით. შესვენებისას მსმენელების ნაწილი ამფითეატრის ქვედა ფოიეში ვახშამს შეექცა, მაგრამ მარცხენა გასასვლელით ერთ დიდ მოგრძო ცარიელი დარბაზის გადაკვეთით უცბად ლამაზი კიბეებით იმ პარკში მოვხვდი, რომელიც დიდი რკინის გისოსებით იყო შემოფარგლული. ასეთი მოულოდნელი შეხვედრა ბუნებასთან მეტად მომხიბლავი იყო, მით უფრო რომ შორიდან, ხეებს შორის ამაყად ჩანდა განმარტოებით მყოფი ‘ახალი კოშკი’ (კასტელ ნუოვო).
კ.ლეპორე, კ.დი ტონო, ს.ალბერგინი, კ.გუიდა
დარბაზში დაბრუნებულს ახალგაზრდა, ფრაკებში გამოწყობილი მსახიობები შემხვდნენ, ისინი ხალისობდნენ, ხუმრობდნენ, მერე სცენაზე ავიდნენ და იქ მეორე მოქმედებისათვის სუფრა გაშალეს. მეორე აქტში აღსანიშნავია პრინც რამიროს რთული ორნაწილიანი არია (Si, ritrovarla io giuro), რომელიც ტრადიციულ ვერსიებში არ სრულდებოდა. მირონოვმა აქაც მშვიდად და ტექნიკურად გაუმკლავდა მას, ერთია, მისი მაღლები ოდნავ მკრთალი და დიდი სიძლიერის არ იყო. მაგრამ მან მოახერხა არიის მეორე ნაწილში პარტიტურით გათვალისწინებულ ნოტზე უფრო მაღალი ნოტი აეღო და დაეჭირა იგი, რითაც სრულიად მოიგო მსმენელის გული. მისი ტემბრი რაღაცით ლუიჯი ალვას მომაგონებდა, თან იგი ახალგაზრდულად ჟღერდა; რომ არა მაღლები – ჩემი აზრით ხუან–დიეგო ფლორესს იგი დიდ კონკურენციას გაუწევდა. დანდინი, რომელიც მთელი პირველი აქტი უხვად სარგებლობდა მისთვის მოულოდნელად მინიჭებული ძალაუფლებით (ისე, რომ კიდევაც პრინც რამიროსაც დავალებებს აძლევდა) დუეტში იძულებულია დონ მანიფიკოს ამცნოს თავისი ვინაობა – რისი დანდინია იგი, თუ აქაც სახეს არ შეინარჩუნებს! ქარიშხალი იმდენად ეფექტურად იყო დადგმული – გაცოცხლდა ძველი სასცენო საშუალებები ქარის ხმისა და ჭექა–ქუხილის იმიტაციით, რასაც გაბრიელ ფეროს ინტუიტიურად სწორად ამორჩეული ტემპი და აქცენტები მოჰყვა, რომ ორკესტრი ბევრად უფრო მომეწონა. მოუთმენლად ველოდი ანჯელინას ფინალურ რონდოს – მის პირველ ნაწილში მალფის მაღლები ძლიერი და რატომღაც მეტისმეტად მყვირალა აღმოჩნდა (უფრო ვერდის და ვერიზმს რომ შეეფერებოდა), მაგრამ მეორე ნაწილი უკვე მშვიდად და რითმში იმღერა. სპექტაკლი დამთავრდა – ეს იყო მდიდრული დადგმისა და კარგი არტისტული შესრულების სინერგიული სინთეზი. აქამდე მორიდებულმა მსმენელებმა დასასრულს შესაბამისი ოვაციებით დააჯილდოვეს მომღერლები, მაგრამ აღფრთოვანება დიდხანს არ გაგრძელდა – და მსმენელი და შემსრულებელი მალევე დაიშალა. ერთი სიტყვით ოპერა ‘ბუფა’–ს მაღალხარისხიანი იტალიური შესრულება დამხვდა კარგად გააზრებული და მუსიკისადმი მოწიწებული რეჟისორული მიდგომით. რაც შეეხება დარბაზის აკუსტიკას – თუ საუკეთესო არა (უფრო ხავერდოვანი ხმაც მომისმენია სხვაგან), იგი სინამდვილეში ძალზე კარგი იყო – ორკესტრისა და ხმების სწორი ბალანსითა და აკუსტიკურ დიაპაზონში რაიმე შესამჩნევი ჩავარდნის გარეშე.
კ.გუიდა, ს.ალბერგინი, მ.მირონოვი, გ.ფერო, ს.მალფი, (?),  კ.ლეპორე

სოლისტები – 4, ორკესტრი – 3.8, სცენოგრაფია და კოსტიუმები – 5.

დავით გიგინეიშვილი / David Gigineishvili

Napoli, Teatro di San Carlo 
Gioachino Rossini “LA CENERENTOLA ossia La bonita in trionfo ”
21st June, 2015

Angelina, detta Cenerentola SERENA MALFI
Don Ramiro      MAXIM MIRONOV
Dandini             SIMONE ALBERGHINI
Don Magnifico CARLO LEPORE
Clorinda            CATERINA DI TONNO
Tisbe                 CANDIDA GUIDA
Alidoro             LUCA TITTOTO

Orchestra e coro del Teatro di San Carlo
Direttore   Gabriele Ferro 
Maestro del coro Marco Faelli 
Regia Paul Curran (ripresa da Oscar Cecchi)
Scene Pasquale Grossi 
Costumi Zaira de Vincentiis    

გამოქვეყნებულია ჟურნალ 'ლიტერატურული საქართველო' 2015; 34 (3764):15.

No comments:

Post a Comment