წლევანდელმა შემოდგომამ საინტერესო სიახლე შემოგვთავაზა
მუსიკის მოყვარულებს – თბილისში გაიმართა
ბაროკო მუსიკის პირველი ფესტივალი. პროგრამაში შევიდა იმ ეპოქის
კომპოზიტორების ისეთი ნაწარმოებებიც – რომელიც სცენიდან
ცოცხლად, რაც ჩემს მეხსიერებას
შემოუნახავს, თბილისში არასოდეს შესრულებულა. ამის მოთავე და პროგრამის უცვლელი ძირითადი
შემსრულებელი თბილისის სიმფონიეტა იყო
– ძველებური ინსტრუმენტების პირველი ქართული ბაროკო კოლექტივი. ძალზე საამაყო და
საპასუხისმგებლო ისიც იყო, რომ ფესტივალზე ჩამოსული ბაროკო მუსიკის ცნობილი საერთაშორისო ინსტრუმენტალისტები
და დირიჟორები, ჩვენ კოლექტივთან ერთად აჟღერებდნენ ბაროკო მუსიკის საუკეთესო
ნიმუშებს.
მინდა გიამბობთ ერთ–ერთ ასეთ კონცერტზე, რომელიც ფესტივალის
მიწურულს, 3 დეკემბერს რუსთაველის მცირე დარბაზში ჩატარდა, კონცერტი საინტერესო
იყო იმითაც, რომ მასზე ცნობილი გერმანელი მევიოლინე ქრისტინა ბუში (Christine Busch) და იტალიელი ფაგოტისტი სერჯიო აძოლინი (Sergio Azzolini)
გამოდიოდნენ.
დარბაზში კარები გვიან გაიხსნა, რისთვისაც ერთმა
უცხოელმა შუახნის ქალბატონმა რატომღაც მე ხმამაღლა რუსულად შემომჩივლა: ‘რატომ
არის, რომ საქართველოში ყველა წარმოდგენა ერთი საათით იგვიანებს!’ ამას ჩემი
ღიმილის შემდეგ მისგან დამატებითი ოხვრა მოჰყვა. არა და ჩემი აზრით გასაკვირი ის
იყო რატომ იყვნენ დარბაზში ასე უხვად უცხოელები
და ისიც, ჩემი დიდი ეჭვით, მოსაწვევებით, მაშინ როდესაც თავიანთ სამშობლოში ისინი ამავე
შემსრულებლების კონცერტზე იოლად (მაგრამ გაცილებით მეტი საზღაურით) მოხვდებოდნენ.
დარბაზი კოხტა, კლასიციზმის სტილში
გაწყობილი ინტერიერით, ეფექტური და მოხერხებული განათებით გამოირჩეოდა, უკანა ფონი
კი შავად იყო დრაპირებული. ფართო სცენაზე ხმის ჩამწერი აპარატურა განელაგებინათ. რადგან
დარბაზის მარჯვენა მხარე ქუჩისკენ არის ორიენტირებული, გარედან შემოსული ხმაური იქ
მჯდომ მსმენელისათვის შემაწუხებელი იყო. მოხერხებული
სკამებიც კარგად იყო გაწყობილი,
ერთმანეთთან მიუბმელად.
დარბაზში ფოტოკორესპონდეტების სიუხვე იგრძნობოდა
– ისინი გაუთავებლად აჩხაკუნებდნენ კამერებს. გარდა რამოდენიმე შემსრულებლებისა
(ჩელო, კონტრაბასი, მანდოლინა და კლავესინი), ორკესტრანტები და სოლისტები ფეხზე
იდგნენ. ორკესტრი მხოლოდ სიმებიანებით დაკომლექტებული თექვსმეტი მუსიკოსისაგან
შედგებოდა.
პროგრამის პირველ ნაწილში შესრულდა
ჰენდელის დო–მინორული კონცერტო ‘დოპიო’ (doppio) ობოისა და ფაგოტისათვის, მაგრამ
ამ შემთხვევაში ობოის პარტიას ვიოლინო ასრულებდა. ჰენდელის ეს უიშვიათესი
ნაწარმოები მისი უკვდავი სევდიანი პალიტრით იყო გაჯერებული.
შემდეგ შეასრულეს
ვივალდის რე მინორული კონცერტი
ფაგოტისათვის RV481, სადაც აძოლინი დარჩა მარტო – მის ფაგოტს დაბალი, რბილი და
არადომინანტური ჟღერადობა ჰქონდა, ისმოდა, როგორც ორკესტრის ნაწილი, სოლო პასაჟებში კი თანამედროვე ჯაზური ელფერიც დაჰკრავდა.
საერთოდ აკუსტიკა არ იყო ცუდი (პირველი რიგიდან), მაგრამ ზედა სიხშირეები აშკარად ითრგუნებოდა და ქვედას –
გუგუნი ემატებოდა, რაც კედლებიდან ხმის არასწორი ანარეკლის შედეგი იყო. ჟღერადობა
არ იყო უხეში, თუმცა ზოგი ინსტრუმენტი (ვიოლინო, კლავესინი) შესამჩნევლად
ჩავარდილი მომეჩვენა.
შემდეგ პროგრამაში ცვლილება შევიდა – ბოლოს გამოცხადებული
ბრეშიანელოს კონცერტი მესამე ნაწარმოებად შესრულდა. ეს უიშვიათესი სი–ბემოლ მაჟორული
კონცერტი სპეციალურად ვიოლინოსა და ფაგოტისათვის არის დაწერილი და გამოირჩევა
მუსიკალური პალიტრის განვითარებულობით (გვინი ბაროკოსა და ადრეული კლასიციზმის
ელემენტები) და სოლისტებისათვის ვირტუოზული პარტიით. ამ შესრულებამ დიდი
სიამოვნება მომანიჭა. შესვენების წინ აძოლინიმ
აუდიტორიას უხმო და ინგლისურ ენაზე მოგვიყვა თუ რა ინსტრუმენტითა და
მანერით ასრულებდა იგი იმ საღამოს ბაროკო მუსიკას. მან ასევე გამოხატა მადლიერება
იმ ფაქტის მიმართ, რომ ორკერსტრი ინტერნაციონალური იყო – გარდა ქართველი
შემსრულებლებისა, პირველი ჩელო იყო იაპონელი ვატარუ მუკაი (Wataru Mukai) და
ლუთნოაზე უკრავდა ფრანგიეტიენ გალეტიე (Etienne Galletier).
მეორე ნაწილი დაიწყო იოჰან სებასტიან ბახის
უკვდავი ლა–მინორული სავიოლინო კონცერტით BWV1041. გარეგნულად აუღელვებელმა,
მაგრამ გარკვეულად შებოჭილმა ქრისტინა
ბუშმა პირველ ნაწილში შეუმჩნეველი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. მაგრამ მეორე და
განსაკუთრებით მესამე ნაწილში ვიოლინო გაიხსნა – ბახისათვის საჭირო ემოციები და სიღრმე
შეიძინა, ის აბობოქრება და ტემპი მიეცა რითაც ბახის პალიტრა სრულიად გამორჩეულია.
მევიოლინე პასაჟებს ისე ფაქიზად და იოლად უმკლავდებოდა, რომ ჩემი აღტაცება
დაიმსახურა. ტონი არ დაუდეს ჩვენმა სიმებიანებმაც და კონცერტი შედგა. ძველებური
ინსტრუმენტებით შესრულების პირველი მაგალითისათვის თბილისის აუდიტორიაში ეს
ნამდვილად არაჩვეულებრივი შესრულება გამოვიდა. კონცერტის მიწურულს კი აჟღერდა
ვივალდის ცნობილი კონცერტი ‘La notte’–ს ის ვერსია (RV104a), რომელიც ვიოლინოსა და
პატარა ფლეიტისთვის არის დაწერილი. აქაც ფლეიტის გადაკეთებული პარტია ფაგოტისტმა აძოლინიმ
შეასრულა. ეს ნამდვილად დაუვიწყარი დუეტი
გამოუვიდათ – კეკლუცობითა და ამავე დროს ცეცხლით სავსე. ორივე სოლისტი კონცერტის
ამ ნაწილში ჩინებულ ფორმაში აღმოჩნდა – ამის მოსმენა მსმენელს აღმაფრენას
ანიჭებდა. ემოციურ აძოლინის აყვა ბუშიც –
ინსტრუმენტები უკვე კარგად გამოკვეთილად ისმოდა. ვინატრებდი, რომ მთელი სპექტაკლი
ამ ტალღაზე ყოფილიყო.
დასასრულ, მინდა მოვულოცო ქართველ მსმენელს
ბაროკო მუსიკის ფესტივალის დამკვიდრება თბილისში. ფესტივალი შედგა – თბილისი
სიმფონიეტამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ვფიქრობ ეს ფაქტი მეტ ენერგიას და
ენთუზიაზმს შესძენს ჩვენს ორკესტრს, რომლის წინაშე არცთუ ისე იოლი ამოცანა დგას.
დავით გიგინეიშვილი
Tbilisi Baroque Music Festival 2015
03.12.2015
Sh.Rustaveli Theatre recital Hall, Tbilisi
G.F.Handel
Concerto doppio for Oboe and Bassoon, Strings and continuo in c-moll (reconstructed for violin and bassoon)
A.Vivaldi
Bassoon concerto in d-moll RV481 (Concerto RV 481 in Re minore per fagotto, archi e basso continuo)
G.A.Brescianello
Concerto for violin, bassoon, strings and continuo in b-dur (Concerto per violino, fagotto, archi e basso continuo, in si bemolle maggiore)
........
J.S.Bach
Concerto for violin, strings and continuo in a-moll BWV 1041 (Konzert Fur Violine, Streicher Und Continuo A-moll)
A.Vivaldi
Concerto 'La Notte' for flute, bassoon, strings and continuo in g-moll RV 104a* (Concerto in sol minore per flauto, fagotto, archi e cembalo RV 104) *instrumentation of violin instead of flute
Encore: Presto from Concerto 'La Notte'
Christine Busch, violine
Sergio Azzolini, bassoon
Georgian Sinfonietta, Giorgi Kerelashvili (leader)
მცირედი შეკვეცით წერილი გამოქვეყნებულია გაზეთში 'ლიტერატურული საქართველო' 2015 №45(3775):16 (11 დეკემბერი)
Tbilisi Baroque Music Festival 2015
03.12.2015
Sh.Rustaveli Theatre recital Hall, Tbilisi
G.F.Handel
Concerto doppio for Oboe and Bassoon, Strings and continuo in c-moll (reconstructed for violin and bassoon)
A.Vivaldi
Bassoon concerto in d-moll RV481 (Concerto RV 481 in Re minore per fagotto, archi e basso continuo)
G.A.Brescianello
Concerto for violin, bassoon, strings and continuo in b-dur (Concerto per violino, fagotto, archi e basso continuo, in si bemolle maggiore)
........
J.S.Bach
Concerto for violin, strings and continuo in a-moll BWV 1041 (Konzert Fur Violine, Streicher Und Continuo A-moll)
A.Vivaldi
Concerto 'La Notte' for flute, bassoon, strings and continuo in g-moll RV 104a* (Concerto in sol minore per flauto, fagotto, archi e cembalo RV 104) *instrumentation of violin instead of flute
Encore: Presto from Concerto 'La Notte'
Christine Busch, violine
Sergio Azzolini, bassoon
Georgian Sinfonietta, Giorgi Kerelashvili (leader)
მცირედი შეკვეცით წერილი გამოქვეყნებულია გაზეთში 'ლიტერატურული საქართველო' 2015 №45(3775):16 (11 დეკემბერი)
No comments:
Post a Comment