Friday, October 21, 2016

ბელინის 'ნორმის' პრემიერა ლონდონის კოვენტ–გარდენში / Bellini 'Norma' at the Royal Opera House

ვინჩენცო ბელინიმ, იტალიური ბელ კანტოს სტილის ერთ–ერთმა ქვაკუთხედმა, თავისი მოკლე შემოქმედებითი კარიერის პიკზე შექმნა ოპერა ‘ნორმა/Norma’, რომელიც პირველად 1831 წელს მილანის ‘ლა სკალაში’ შესრულდა. თავიდანვე ოპერას აღტაცება და უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ეს იმიტომ, რომ ამ ოპერაში ბელინიმ მოახერხა ახალგაზრდა ქალის თავგანწირვის აქტი აეყვანა მაღალ ეთიკურ სიმაღლემდე, სადაც გადახლართულია პიროვნული ტრაგედია, დედური ინსტინქტი და ქურუმის პასუხისმგებლობა საკუთარი, დამონებული ხალხის წინაშე. ნორმა, გალების უზენაესი ქურუმი და ოროვეზოს ქალიშვილი, საიდუმლოდ შეყვარებულია დამპყრობ რომაელების მხედართმთავარ პოლიონზე, რომლისგან ორი შვილი ჰყავს. იგი ეჭვებით დატანჯულია, რადგან ეჩვენება, რომ პოლიონის გრძნობა შენელდა და მარტო აპირებს დაბრუნდეს რომში. პოლიონი კი მოულოდნელად შეიყვარებს ახალგაზრდა გალელ ქურუმ ადალჯიზას, რომელთან გახსნის გულს და მოახერხებს რომში ერთად გამგზავრებაზე დაითანხმოს. პარალელურად, ოროვეზო აწყობს დრუიდების დიდ თავშეყრას, სადაც  შეწირვის წმინდა რიტუალით ნორმა ღმერთების შეწყალებას მოიპოვებს გალების მომავალი აჯანყებისათვის. ადალჯიზას შინაგანი მერყეობა უბიძგებს თავისი ფიქრები გაანდოს ნორმას, რომელიც აღუთქვამს მას მხარდაჭერას. როცა პოლიონის მოულოდნელი გამოჩენა  გამოააშკარავებს ადალჯიზას გრძნობებს პოლიონისადმი განრისხებული ნორმა ვერ დამალავს თავის ადრინდელ კავშირს, რაც შეაძრწუნებს ადალჯიზას. იგი  უარს ეუბნება პოლიონს. მეორე აქტში სასოწარკვეთილი ნორმა  შვილების დახოცვაზეც კი ფიქრობს, მაგრამ შემდგომ იგი ერთგულ ადალჯიზას ჩააბარებს პატარების მოვლას და ავალებს  წაიყვანოს ბავშვები რომში პოლიონთან ერთად. მაგრამ ადალჯიზა არ თანხმდება  და  მტკიცედ მოსთხოვს პოლიონს  ნორმასთან დაბრუნებას. ეს კი  ნორმას იმედს გაუჩენს. დგება შეწირვის რიტუალის საათი, ადალჯიზას უარით განრისხებული პოლიონი  შეაღწევს გალების ტაძარში. ნორმა უპირისპირდება პოლიონს, მაგრამ მოულოდნელად ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ სამსხვერპლოზე თავად შეწიროს საკუთარი თავი, აღელვებული წარდგება შეკრებილთა წინაშე და აღიარებს თავის კავშირს მტერთან (პოლიონთან). ნორმას ზებუნებრივმა ზნეობამ და თავგანწირვამ სულით ხორცამდე შეძრა პოლიონი და მასთან ერთად იგიც სწირავს თავს.
ასეთ ჰეროიკულ, მითის დონეზე აყვანილ სიუჟეტს ბელინიმ მიუსადაგა ამაღლებული, მელოდიური და იმავდროულად დრამატიზმით აღსავსე უაღრესად ლირიული მუსიკა. ოპერის დიდი ნაწილი (პოლიონის შემოსვლის არია და კავატინა, ნორმას კავატინა, ნორმას დუეტები ადალჯიზასთან, დუეტი პოლიონთან, ტრიო და ფინალური სცენა) მიეკუთვნება საოპერო მუსიკის შედევრების რიცხვს. ბელინის განუმეორებელი ხელწერა – რომანტიკული მუსიკალური ლირიზმით აღსავსეა ოპერა, სადაც ერთი გადახედვით მხოლოდ ჰეროიკული, დრამატული და მღელვარე მუსიკა უნდა ყოფილიყო. და, რასაკვირველია, ეს ოპერა ითხოვს განსაკუთრებულ ხმებს. ცნობილია, რომ ერთ–ერთი საუკეთესო შემსრულებელი ნორმის პარტიაში იყო მარია კალასი,  პოლიონისა კი – მარიო დელ მონაკო.
ბელინის ‘ნორმას’ ახალი დადგმა ‘კოვენტ გარდენის’ ოპერისთვის  განსაკუთრებული მოვლენაა. ამისათვის საუკეთესო ხმები იყო  მობილიზებული – ანა ნეტრებკო, დირიჟორ ანტონიო პაპანოს ჩანაფიქრით, მთავარ პარტიაში უნდა გამოსულიყო, მაგრამ ამა წლის გაზაფხულზე უკვე გაჩნდა ცნობა, რომ ნეტრებკომ უარი თქვა ამ პარტიაში  მონაწილეობაზე ‘ჩანაფიქრიდან რეპეტიციამდე მისი ხმის პარტიისათვის არასასურველი ცვლილების’ გამო (როგორც თავად ნეტრებკომ სამეფო თეატრის ადმინისტრაციისადმი გაგზავნილ წერილში განაცხადა). აი ამიტომ ის ბულგარელმა სოპრანომ სონია იონჩევამ (Sonya Yoncheva) შეცვალა. პოლიონის პარტიას ასრულებდა მალტელი ტენორი ჯოზეფ კალეია, ადალჯიზას – იტალიელი სონია განასი და ოროვეზოს – ინგლისელი ბრინდლი შეპარდი. 16 სექტემბერს მომღერალთა დასში არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ეს იყო პრემიერიდან მესამე დადგმა, შემდგომი სპექტაკლების ტრანსლაცია იგეგმებოდა ტელევიზიით.    

   სპექტაკლის მოსმენა ზუსტად უკანასკნელი იარუსიდან მომიწია, სადაც დიდი ხალხმრავლობასთან ერთად  სცენაც  შორს იყო, მაგრამ სრულად ჩანდა და სმენადობა არ იყო ურიგო. როგორც კი მაესტრო ანტონიო პაპანო (Antonio Pappano) დირიჟორობას შეუდგა, ნათელი გახდა, რომ იმ საღამოს სამეფო თეატრის ორკესტრი ერთ–ერთ თავის საუკეთესო ფორმაში წარმოგვიდგებოდა.გამოჩნდა ოროვეზო და გუნდი. თუკი პირველს აკლდა სიმტკიცე და ხმის სიძლიერე, სამაგიეროდ გუნდი იყო ძალზე შეკრული და ჟღერადი. ტენორებისთვის უდავო სიძნელეს წარმოადგენს პოლიონის საწყისი სცენა დრამატული კავატინითა და კაბალეტათი, რასაც ჩემს მეხსიერებაში სცენაზე მხოლოდ დელ მონაკო თუ უმკლავდებოდა ჩინებულად. ამიტომაც არ იყო მოულოდნელი, რომ ისეთ ლირიულ ტენორს, როგორიცაა კალეია (Joseph Calleja) გაუჭირდებოდა. თუმცა ოპერა სრულ ვერსიაში (გამეორებები კაბალეტაში) სრულდებოდა და კალეია არ ერიდებოდა მაღალ ნოტებს, ეს სცენა მაინც ნაკლებად შთამბეჭდავად მომეჩვენა. ნორმას შემსრულებელს, რომელსაც ამ პარტიის დებიუტი ჰქონდა სამეფო ოპერის სცენაზე, სულ არ ეტყობოდა მღელვარება და მერყეობა. მთელი პარტია მან ჩაატარა თანაბარ დონეზე, სადაც იგი კოლორატურას არ ერიდებოდა. მისი ხმის ტემბრი ოდნავ დახშული იყო, რაც კალასის ხმასთან ასოციაციას იწვევდა. სულ მაღალ რეგისტრში უეცარი გადასვლისას წამოყვირება შევნიშნე, ეს  ერთადერთ მკაფიო ტექნიკურ ხარვეზად მივიჩნიე,. ნორმას ცნობილი კავატინის შემდგომი კაბალეტა (Ah! Bello a me ritorna) შესრულდა სრული ვერსიით მხოლოდ მაღალი დო–დიეზის გარეშე. სპექტაკლში არც ეპოქა, არც მოქმედების ადგილი არ იყო შესაბამისი – რეჟისორმა (ალექს ოლე) მგონი ყველაფერი საპირისპიროდ შეცვალა: გალები გადაიქცნენ ქრისტიანებად (კათოლიკეებად?), ასე რომ პირველი აქტის მთელი სცენები ქრისტეს ჯვარცმის აუარებელი ხის გამოსახულებების ფონზე მიდიოდა. კოსტიუმებში დომინირებდა თანამედროვე, მაგრამ აქა–იქ შეიმჩნეოდა წინა საუკუნოვანი სამოსი და ატრიბუტიკა. პირველ აქტში ჭარბობდა ინკვიზიციისათვის დამახასიათებელი  წამახვილებული ქუდები ღვთისმსახურებზე და ბრიტანული სამხედრო მუნდირები ოფიცრებზე, მეორეში კი ბავშვთა ოთახის ინტერიერში გამოჩნდა ბრტყელი თანამედროვე ტელევიზორები.
პოლიონი (ჯ.კალეია) და ნორმა (ს.იონჩევა)
ყველაზე დიდ კითხვებს ჩემში ადალჯიზას პარტიის შემსრულებელი, იტალიელი მეცო სონია განასი (Sonia Ganassi) იწვევდა. 50 წლის მომღერალს აქამდე ვიცნობდი როსინის ოპერებიდან მრავალი ჩანაწერით, სადაც ის   არავითარი განსაკუთრებულობით არ გამოირჩეოდა. აქ კი, პირველ აქტში მისი ხმა პარტიისთვის თუმცა დაღლილი და მოუქნელი ჩანდა, მაგრამ მეორეში – არტისტიზმითა და ემოციური ელფერით მან დაჩრდილა თავისი ვოკალური ხარვეზები და  გმირის გარკვეული სახე შექმნა.  მთელი მეორე აქტის მანძილზე მსმენელი თვალს ვერ სწყვეტდა სცენას, ეს  კი, უპირველეს ყოვლისა, დრამატურგიული სიმძაფრისა და ბელინის უკვდავი მუსიკის შედეგი იყო.  მეორე აქტში პოლიონს დამშვენდა კალეიას ლირიული ტემბრი დუეტში და ფინალურ სცენაში ნორმასთან, როცა უდრეკ პოლიონში ხელმეორედ  გაიღვიძებს და აინთება ნორმასადმი, აწ უკვე ჩამქრალი სიყვარული. 

იშვიათია ოპერა, რომელიც მაყურებლის მუსიკალურ დრამაში სრულ ჩაძირვას შეძლებს, ბელინის უკვდავი ‘ნორმა’  გამონაკლისებს მიეკუთვნება. იმ საღამოს მისულ მსმენელებთან  ერთად, მეც მომიწია მუსიკის  აბობოქრებულ ტალღებში შესვლა. ეს საღამო მუდამ დარჩება ჩემში  ლონდონის სექტემბრის ვიზიტიდან წამოღებულ დაუვიწყარ და საუკეთესო მუსიკალურ მოგონებად.
დადგმა–3
ვოკალი–4

ორკესტრი–4.3

დავით გიგინეიშვილი

September 16th, 2016

Music Vincenzo Bellini
Libretto     Felice Romani
Director    Аlex Olle
Conductor Antonio Pappano

Norma              Sonya Yoncheva
Pollione              Joseph Calleja
Adalgisa              Sonia Ganassi
Oroveso              Brindley Sherratt
Flavio                  David Junghoon Kim
Clotilde              Vlada Borovko

Royal Opera Chorus
Concert Master         Peter Manning
Orchestra of the Royal Opera House

No comments:

Post a Comment