Monday, October 24, 2016

CD review: Telemann Suites by Georgian Sinfonietta / ტელემანის სუიტები 'საქართველოს სინფონიეტას' შესრულებით

  გეორგ ფილიპ ტელემანი (1681-1767), ბაროკო მუსიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი თავის ეპოქაში იყო ყველაზე პოპულარული გერმანელი კომპოზიტორი. იგი პირადად იცნობდა და მეგობრობდა როგორც იოჰან სებასტიან ბახს ასევე გეორგ ფრიდრიხ ჰენდელს. ცხოვრების უდიდესი ნაწილი (1721 წლიდან) გაატარა ქალაქ ჰამბურგში, სადაც პრაქტიკულად სათავეში ჩაუდგა ამ ცოცხალი ქალაქის მუსიკალურ ცხოვრებას (წმინდა იოანეს ეკლესიის კანტორი, ქალაქის ორკესტრის და გუნდის მუსიკალური დირექტორი, ოპერის ხელმძღვანელი). მის კალამს ეკუთვნის რეკორდული რაოდენომა როგორც კამერული, ასევე ვოკალური (სასულიერო კანტატები, ორატორიები, ოპერები) ნაწარმოებების.
თანამედროვე ეპოქაში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულია მისი საორკესტრო სუიტები, რომლისგან სამი წარმოდგენილია ამ დისკზე.

სერვანტესის ‘დონ კიხოტი’ დაედო საფუძვლად მის პროგრამულ სახელგანთქმულ სოლ–მაჟორულ სუიტას ‘დონ კიხოტი’/Le Burlesque de Quichotte’ TWV55:G10. შექმნის ზუსტი თარითი უცნობია, თუმცა დიდი ვარაუდით იგი მე–XVIII საუკუნის ოციან წლებს მიეკუთვნება. მასში სრულად არის ასახული ტელემანის გასაოცარი მუსიკალური პალიტრა, რომლის საშუალებით კომპოზიტორი ახერხებს იუმორისტულ ჭრილში შეეხოს მრავალ ცხოვრისებულ ასპექტს.  სუიტა შვიდ ნაწილიანია, სადაც უვერტიურის გარდა მოცემულია ნაწარმოების პერსონაჯებთან დაკავშირებული ისტორიები: დონ კიხოტის გაღვიძება, ბრძოლა ქარის წისქვილთან, სიყვარულის ამოხვნეშა პრინცესა დულსინეასადმი,  მოტყვილებული სანქო პანსა, როსინატის ოთხით სვლა და სანჩოს ვირის ოთხით სვლა და საბოლოო – დონ კიხოტის სიზმრები. უვერტიურა ფრანგულ სლინშია დაწერილი – ნელი დებიუტით, რომელიც სწრაფ ნაწილში გადადის და სრულდება ისევ ნელი ნაწილის გამეორებით. მიუხედავად ტრადიციული წყობია კომპოზიტორი უკვე ამ ნაწილში ამზადებს მსმენელს, რომ თხრობა უჩვეულ და ზღაპრულ სამყაროზე ექნება, სადაც ცოცხალი გმირებია, რასაც შთამბეჭდავად გაწელილი აკორდები და გამისებური გადასვლები ახორციელებენ საერთო აუღელვებელი თხრობითი მელოდიის ფონზე. მეორე ნაწილი – სრულიად ნაზი, დონ კიხოტის მთვლემარე მდგომარეობას აღწერს მენუეტის სახით. მესამეში (ალეგრო) – ქარიშხლიანი მუსიკა სიმებიანების აქცენტებით – ნამდვილად შეტევისა და ბრძოლის ბრწყილვალე ასახვაა. რადიკალურად განსხვავებულია მეოთხე ნაწილი – სარაბანდას სტილში –გალანტური და ორნამენტიანი იგი გმირის სიყვარულის გრძნობებსა და ნატვრას ასახავს, თან სევდითა და ტანჯვით განსჭვალული – ძალზე ფაქიზი და ნაზია მუსიკალურად.  სანჩო პანსას ისტორია გადმოცემულია ცოცხალი შტრიხებით – სოფლის მელოდია ტალღისებრი ათმავალი და დაღმავალი მსვლელობით ვითომ და დაცინის და თან ეალერსება გლეხ პანსას. მენუეტის სტილი არის გამოყენებული, რათა კომპოზიტორს გადმოეცა ჩვენი გმირების ოთხფეხა მეგობრების სვლა – ცხენიის სწრაფი და ენერგიული რითმში და ნელი, შეჩერებით კი –  პანსას ვირის. უკანასკნელ ნაწილში – პირველყოფილი ცეკვის ფონზე რომელიც მთლიანად მინორულ, მავრიტანულ გავლენას ატარებს, აქა–იქ სტვირის ასოციაციია გაიელვებს კიდევაც  – როგორც ჩანს ეს ჩვენი გმირის დონ კიხოტის მომავალი თავგადასავლების წინასიტყვაობაა.

სიმებიანებისათვის და ბასო კონტინუოსათვის დაწერილი ეს ულამაზესი სუიტა ჩანაწერებში მრავლად არის წარმოდგენილი – პრაქტიკულად ყველა გერმანულ ძველებური ისნტრუმენტების ამსამბლს აქვს იგი ჩაწერილი. მეც საკმარისად მაქვს შესადარებლად და მეტიც სულ ახლახანს ლონდონში ცოცხლად მომიწია მოსმენა ‘The English concert’–ის შესრულებით. ქართულმა ანსამბლა საქართველოს სინფონიეტა შედარებით სწრაფი ტემპი აირჩია, განსაკუთრებით პირველ ნაწილში. უვერტიურა მსუბუქად და შეწყობილად შესრულდა ნაკლები აქცენტით ცალკეულ ინსტრუმენტებზე და მეტი ყურადღებით ანსამბლის ერთიან ჟღერადობაზე. მეორე ნაწილი გადაბმული, ვიოლინოსა და თეორბის სოლირებით, თან თეორბა მეტად წამოიწია წინ, როგორც ეს ბაროკო მუსიკის დიდი ბელგიელ ინტერპრეტატორს, რენე იაკობს ხოლმე ახასიათებს. ამიტომაც ამ ნაწილმა ძილ–ბურუსის შთაბეჭდილება დატოვა, სადაც მუსიკაც კი ეტრფიალება გმირს. ნაწილი შემოკლებულ ვარიანტში შესრულდა, რომელიც მხოლოდ იტალიური ანსამბლის შესრულებით მომისმენია (Europa Galante, ფაბიო ბიონდი). კონტრასტულად შემდეგი ნაწილი ისევ სწრაფი იყო (რითმი დროტნინგჰოლმის ანსამბლის მსგავსად – BIS CD1226), სადაც სიამებიანების გვერდიგვერდ თეორბა ისმოდა. დულსინეასადმი სიყვარულის ამოოხვრა მეორე ნაწილის მანერაში შესრულდა სიმებიანების და თეორბის დომინირებით. სანჩო პანსას ნაწილი სწრაფი და გრიგალისებური კლავესინისა და თეორბის ჩართულობით, შესაბამისად 8 წამით უფრო მოკლე ვიდრე ყველაზე მოკლე ზემოხსენებული დროტინგჰოლმის ანსამბლის ჩანაწერში. ბოლოს წინა ნაწილი – სიმებიანებმა კლავესინთან ერთად ცოცხალ რიტმში შეეცადენ გადაეცათ ცხენის ჭენება. კონტრასტულად ვირის სხვლა –ცალკეული სიმებიანებითა და თეორბით, მცირე პაუზებით, ბოლოში კი ცხენის ნავარდი ისევ გამეორდა. უკანასკნელი ნაწილი – სწრაფ სტილში სიმებიანებითა და თეორბის თანხლებით ფინალური გაჩუმებით. ზოგადად შესრულებაში არც ცალკეული ონსტრუმენტების ორნამენტიანობა დომინირებდა (რაც იტალიურ ანსამბლებს ახასიათებთ ან კიდევაც ჩემთვის საუკეთესო გერმანულ ელბიპოლისის ბაროკოორკესტრს – Elbipolis), არც მწკრივი სიმებიანების ‘კონსერვატული’ დომინირება (Collegium Musicum 90, სიმონ სტანდაჟი). ინტერპრეტაცია ზომიერ შუალედს იკავებდა სადაც ჭარბობდა თეორბის გამოყენება და აქა–იქ პირველი ვიოლინოს ჩუქურთმები (მაგალითად ბრწყინვალე მეორე ნაწილში). თუმცა ტემპები უფრო სწრაფ მხარეს იყო და ეს ძალზე გემოვნებითა და კარგად იყო შესრულებული. სამწუხაროდ ასეთ შექებას ვერ დაიმსახურებს დისკის ხმის ინჟინერის მუშაობა. ჩანაწერს ‘ოთახური’ დახშული სივრცის ელფერი დაყვება, ინსტრუმენტები უფრო თანამედროვე სტილში ჟღერენ, არ არის დეტალიზაცია, კლავესინი ჩავარდნილი და თეორბა კი ზედმეტად წინ წამოწეული მომეჩვენა. ერთი სიტყვით, ჩანაწერს რომ სასურველი ბაროკო სტილის ელფერი დადებოდა (როგორც ეს ყველა ზემოხსენებულ ჩანაწერს ახასიათებს) – ვფიქრობ დისკოგრაფიაში სრულტოფილი კონკურენტი გაჩნდებოდა.  
კრისტოფერ მაიერი საქართველოს სინფონიეტასთან ერთად ტელემანის სუიტის სესრულებისას
 მესამე სუიტა–უვერტიურა (La Bizarre/ახირებული’ TWV55:G2 სოლ მაჟორში) წარმოდგენილი დისკზე არის ნაპოვნი დარმშტატის არქივებში, მაგრამ მას კვლევარების ვარაუდით ტელემანის ფრანკფურტის პერიოდს მიაკუთვნებენ. უვერტიურას სახელწოდება არაორიდინალურისკენ გაგანწყობს, მაგრამ როგორც ეს მთელ ტელემანის ინსტრუმენტალურ შემოქმედებას ახასიათებს, საცეკვაო ნაწილებთან ერთად ზომიერად (და არა გადამეტებით) არის წარმოდგენილი ‘უცნაურობები’. კერძოდ, ორი განსხვავებული ნაწილით (მე–6 და მე–8), რომელთა სახელწოდებაა ფანტაზია’ და ‘ბულბული’. 
ზოგადად ქართულმა ანსამბლმა აქაც ჩქარი ტემპი აირჩია. შესადარებლად მხოლოდ ერთი ჩანაწერი აღმოჩნდა – ძველებური მუსიკის ბერლინის აკადემიის ცნობილი ორკესტრის (Harmonia Mundi HMC901744). ინტერპრეტაციები ნამდვილად განსხვავებული იყო – მეტადრე მეორე და მეოთხე ნაწილში (კურანტა და ბრანლი), სადაც ქართველმა მუსიკოსებმა ქარიშხლიანი ტემპი და მანერა შემოთავაზეს მსმენელს, გერმანელებმა უფრო შენელებული, კლავესინისა და თეორბის თანხლებით. მეოთხე ნაწილი ბერლინის აკადემიის ორკესტრმა ვრცელი ვერსიით ჩაწერეს, სადაც ნელ ნაწილს ცვლის სწრაფი. სხვა ნაწილებშიც გერმანელების სიფაქიზე, აქცენტები და ინსტრუმენტების სინაზე კონტრასტირებდა საქართველოს სინფონიეტას ჟღერად და აბობოქრებულ მანერას, რის გამო ჩვენი ორკესტრის შესრულების მანერა უფრო კლასიკური პერიოდის ნაწარმოებისათვის შესაფერისი მომეჩვენა (მოცარტი და მოცარტის შემდგომი პერიოდი). ორიგინალურად გამოჩნდა ვიოლინოსა და ლუტნის დებიუტი სარაბანდაში, რომლის თემა მერე სიმებიანებმა აიტაცეს (გერმანელებთან კი საპირისპიროდ იყო) და ბოლო ნაწილში (ბულბული) წინ წამოწეული კლავესინისა და ჩიტების გალობის იმიტაციის სინთეზი, რაც მოულოდნელი, მაგრამ მიღებული მანერაა გერმანული ბაროკო მუსიკის შემსრულებლებს შორის.

თუკი მივიღებთ მხედველობაში, რომ ჩვენ სინამდვილეში ეს პირველი პროფესიული ჩანაწერია ბაროკო მუსიკის იმ დროინდელი ინსტრუმენტებით და საერთოდ ამ ნაწარმოებების ქართული ორკესტრით, საქართველოს სიმფონიეტა შექების გარდა არაფერს იმსახურებს. მეტი ასეთი გაბედული ნაბიჯი და პროექტი მომავალში – აი რას ველით ჩვენ ჩვენი მუსიკოსებისაგან.  

შესრულება – 7.5
ჩანაწერის ხარისხი – 4    

დავით გიგინეიშვილი      


საქართველოს სინფონიეტა / Georgian Sinfonietta:
პირველი ვიოლინო: გიორგი ქერელაშვილი (TWV55:G10), ანა გოგისვანიძე (), ნატო ბრეგვაძე (TWV55:G2), თამარ ებრალიძე;
მეორე ვიოლინო: ნინო დავითაშვილი, მარიამ ჩოხელი, დიანა გოგიშვილი, დავით ტაბატაძე;
ვიოლა: ირინე ხოშტარია–ჯაიანი, გიორგი ტურიაშვილი, კონსტანტინე ჩავლეშვილი, მამუკა ბაბუაძე;
ჩელო: სერგეი ფომინი, ელენე ჯამშიტაშვილი;
კონტრაბასი: ავშინ გოიუშოვი;
თეორბა: ეტიენ გალეტიე (Etienne Galletier);
კლავესინი: ანა ქურდოვანიძე.

დირიჟორი – კრისტოფ მაიერი (Christoph Mayer
ჩანაწერი შესრულებულია 2016 წლის მაისში თბილისში.    

Friday, October 21, 2016

ბელინის 'ნორმის' პრემიერა ლონდონის კოვენტ–გარდენში / Bellini 'Norma' at the Royal Opera House

ვინჩენცო ბელინიმ, იტალიური ბელ კანტოს სტილის ერთ–ერთმა ქვაკუთხედმა, თავისი მოკლე შემოქმედებითი კარიერის პიკზე შექმნა ოპერა ‘ნორმა/Norma’, რომელიც პირველად 1831 წელს მილანის ‘ლა სკალაში’ შესრულდა. თავიდანვე ოპერას აღტაცება და უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ეს იმიტომ, რომ ამ ოპერაში ბელინიმ მოახერხა ახალგაზრდა ქალის თავგანწირვის აქტი აეყვანა მაღალ ეთიკურ სიმაღლემდე, სადაც გადახლართულია პიროვნული ტრაგედია, დედური ინსტინქტი და ქურუმის პასუხისმგებლობა საკუთარი, დამონებული ხალხის წინაშე. ნორმა, გალების უზენაესი ქურუმი და ოროვეზოს ქალიშვილი, საიდუმლოდ შეყვარებულია დამპყრობ რომაელების მხედართმთავარ პოლიონზე, რომლისგან ორი შვილი ჰყავს. იგი ეჭვებით დატანჯულია, რადგან ეჩვენება, რომ პოლიონის გრძნობა შენელდა და მარტო აპირებს დაბრუნდეს რომში. პოლიონი კი მოულოდნელად შეიყვარებს ახალგაზრდა გალელ ქურუმ ადალჯიზას, რომელთან გახსნის გულს და მოახერხებს რომში ერთად გამგზავრებაზე დაითანხმოს. პარალელურად, ოროვეზო აწყობს დრუიდების დიდ თავშეყრას, სადაც  შეწირვის წმინდა რიტუალით ნორმა ღმერთების შეწყალებას მოიპოვებს გალების მომავალი აჯანყებისათვის. ადალჯიზას შინაგანი მერყეობა უბიძგებს თავისი ფიქრები გაანდოს ნორმას, რომელიც აღუთქვამს მას მხარდაჭერას. როცა პოლიონის მოულოდნელი გამოჩენა  გამოააშკარავებს ადალჯიზას გრძნობებს პოლიონისადმი განრისხებული ნორმა ვერ დამალავს თავის ადრინდელ კავშირს, რაც შეაძრწუნებს ადალჯიზას. იგი  უარს ეუბნება პოლიონს. მეორე აქტში სასოწარკვეთილი ნორმა  შვილების დახოცვაზეც კი ფიქრობს, მაგრამ შემდგომ იგი ერთგულ ადალჯიზას ჩააბარებს პატარების მოვლას და ავალებს  წაიყვანოს ბავშვები რომში პოლიონთან ერთად. მაგრამ ადალჯიზა არ თანხმდება  და  მტკიცედ მოსთხოვს პოლიონს  ნორმასთან დაბრუნებას. ეს კი  ნორმას იმედს გაუჩენს. დგება შეწირვის რიტუალის საათი, ადალჯიზას უარით განრისხებული პოლიონი  შეაღწევს გალების ტაძარში. ნორმა უპირისპირდება პოლიონს, მაგრამ მოულოდნელად ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ სამსხვერპლოზე თავად შეწიროს საკუთარი თავი, აღელვებული წარდგება შეკრებილთა წინაშე და აღიარებს თავის კავშირს მტერთან (პოლიონთან). ნორმას ზებუნებრივმა ზნეობამ და თავგანწირვამ სულით ხორცამდე შეძრა პოლიონი და მასთან ერთად იგიც სწირავს თავს.
ასეთ ჰეროიკულ, მითის დონეზე აყვანილ სიუჟეტს ბელინიმ მიუსადაგა ამაღლებული, მელოდიური და იმავდროულად დრამატიზმით აღსავსე უაღრესად ლირიული მუსიკა. ოპერის დიდი ნაწილი (პოლიონის შემოსვლის არია და კავატინა, ნორმას კავატინა, ნორმას დუეტები ადალჯიზასთან, დუეტი პოლიონთან, ტრიო და ფინალური სცენა) მიეკუთვნება საოპერო მუსიკის შედევრების რიცხვს. ბელინის განუმეორებელი ხელწერა – რომანტიკული მუსიკალური ლირიზმით აღსავსეა ოპერა, სადაც ერთი გადახედვით მხოლოდ ჰეროიკული, დრამატული და მღელვარე მუსიკა უნდა ყოფილიყო. და, რასაკვირველია, ეს ოპერა ითხოვს განსაკუთრებულ ხმებს. ცნობილია, რომ ერთ–ერთი საუკეთესო შემსრულებელი ნორმის პარტიაში იყო მარია კალასი,  პოლიონისა კი – მარიო დელ მონაკო.
ბელინის ‘ნორმას’ ახალი დადგმა ‘კოვენტ გარდენის’ ოპერისთვის  განსაკუთრებული მოვლენაა. ამისათვის საუკეთესო ხმები იყო  მობილიზებული – ანა ნეტრებკო, დირიჟორ ანტონიო პაპანოს ჩანაფიქრით, მთავარ პარტიაში უნდა გამოსულიყო, მაგრამ ამა წლის გაზაფხულზე უკვე გაჩნდა ცნობა, რომ ნეტრებკომ უარი თქვა ამ პარტიაში  მონაწილეობაზე ‘ჩანაფიქრიდან რეპეტიციამდე მისი ხმის პარტიისათვის არასასურველი ცვლილების’ გამო (როგორც თავად ნეტრებკომ სამეფო თეატრის ადმინისტრაციისადმი გაგზავნილ წერილში განაცხადა). აი ამიტომ ის ბულგარელმა სოპრანომ სონია იონჩევამ (Sonya Yoncheva) შეცვალა. პოლიონის პარტიას ასრულებდა მალტელი ტენორი ჯოზეფ კალეია, ადალჯიზას – იტალიელი სონია განასი და ოროვეზოს – ინგლისელი ბრინდლი შეპარდი. 16 სექტემბერს მომღერალთა დასში არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ეს იყო პრემიერიდან მესამე დადგმა, შემდგომი სპექტაკლების ტრანსლაცია იგეგმებოდა ტელევიზიით.    

   სპექტაკლის მოსმენა ზუსტად უკანასკნელი იარუსიდან მომიწია, სადაც დიდი ხალხმრავლობასთან ერთად  სცენაც  შორს იყო, მაგრამ სრულად ჩანდა და სმენადობა არ იყო ურიგო. როგორც კი მაესტრო ანტონიო პაპანო (Antonio Pappano) დირიჟორობას შეუდგა, ნათელი გახდა, რომ იმ საღამოს სამეფო თეატრის ორკესტრი ერთ–ერთ თავის საუკეთესო ფორმაში წარმოგვიდგებოდა.გამოჩნდა ოროვეზო და გუნდი. თუკი პირველს აკლდა სიმტკიცე და ხმის სიძლიერე, სამაგიეროდ გუნდი იყო ძალზე შეკრული და ჟღერადი. ტენორებისთვის უდავო სიძნელეს წარმოადგენს პოლიონის საწყისი სცენა დრამატული კავატინითა და კაბალეტათი, რასაც ჩემს მეხსიერებაში სცენაზე მხოლოდ დელ მონაკო თუ უმკლავდებოდა ჩინებულად. ამიტომაც არ იყო მოულოდნელი, რომ ისეთ ლირიულ ტენორს, როგორიცაა კალეია (Joseph Calleja) გაუჭირდებოდა. თუმცა ოპერა სრულ ვერსიაში (გამეორებები კაბალეტაში) სრულდებოდა და კალეია არ ერიდებოდა მაღალ ნოტებს, ეს სცენა მაინც ნაკლებად შთამბეჭდავად მომეჩვენა. ნორმას შემსრულებელს, რომელსაც ამ პარტიის დებიუტი ჰქონდა სამეფო ოპერის სცენაზე, სულ არ ეტყობოდა მღელვარება და მერყეობა. მთელი პარტია მან ჩაატარა თანაბარ დონეზე, სადაც იგი კოლორატურას არ ერიდებოდა. მისი ხმის ტემბრი ოდნავ დახშული იყო, რაც კალასის ხმასთან ასოციაციას იწვევდა. სულ მაღალ რეგისტრში უეცარი გადასვლისას წამოყვირება შევნიშნე, ეს  ერთადერთ მკაფიო ტექნიკურ ხარვეზად მივიჩნიე,. ნორმას ცნობილი კავატინის შემდგომი კაბალეტა (Ah! Bello a me ritorna) შესრულდა სრული ვერსიით მხოლოდ მაღალი დო–დიეზის გარეშე. სპექტაკლში არც ეპოქა, არც მოქმედების ადგილი არ იყო შესაბამისი – რეჟისორმა (ალექს ოლე) მგონი ყველაფერი საპირისპიროდ შეცვალა: გალები გადაიქცნენ ქრისტიანებად (კათოლიკეებად?), ასე რომ პირველი აქტის მთელი სცენები ქრისტეს ჯვარცმის აუარებელი ხის გამოსახულებების ფონზე მიდიოდა. კოსტიუმებში დომინირებდა თანამედროვე, მაგრამ აქა–იქ შეიმჩნეოდა წინა საუკუნოვანი სამოსი და ატრიბუტიკა. პირველ აქტში ჭარბობდა ინკვიზიციისათვის დამახასიათებელი  წამახვილებული ქუდები ღვთისმსახურებზე და ბრიტანული სამხედრო მუნდირები ოფიცრებზე, მეორეში კი ბავშვთა ოთახის ინტერიერში გამოჩნდა ბრტყელი თანამედროვე ტელევიზორები.
პოლიონი (ჯ.კალეია) და ნორმა (ს.იონჩევა)
ყველაზე დიდ კითხვებს ჩემში ადალჯიზას პარტიის შემსრულებელი, იტალიელი მეცო სონია განასი (Sonia Ganassi) იწვევდა. 50 წლის მომღერალს აქამდე ვიცნობდი როსინის ოპერებიდან მრავალი ჩანაწერით, სადაც ის   არავითარი განსაკუთრებულობით არ გამოირჩეოდა. აქ კი, პირველ აქტში მისი ხმა პარტიისთვის თუმცა დაღლილი და მოუქნელი ჩანდა, მაგრამ მეორეში – არტისტიზმითა და ემოციური ელფერით მან დაჩრდილა თავისი ვოკალური ხარვეზები და  გმირის გარკვეული სახე შექმნა.  მთელი მეორე აქტის მანძილზე მსმენელი თვალს ვერ სწყვეტდა სცენას, ეს  კი, უპირველეს ყოვლისა, დრამატურგიული სიმძაფრისა და ბელინის უკვდავი მუსიკის შედეგი იყო.  მეორე აქტში პოლიონს დამშვენდა კალეიას ლირიული ტემბრი დუეტში და ფინალურ სცენაში ნორმასთან, როცა უდრეკ პოლიონში ხელმეორედ  გაიღვიძებს და აინთება ნორმასადმი, აწ უკვე ჩამქრალი სიყვარული. 

იშვიათია ოპერა, რომელიც მაყურებლის მუსიკალურ დრამაში სრულ ჩაძირვას შეძლებს, ბელინის უკვდავი ‘ნორმა’  გამონაკლისებს მიეკუთვნება. იმ საღამოს მისულ მსმენელებთან  ერთად, მეც მომიწია მუსიკის  აბობოქრებულ ტალღებში შესვლა. ეს საღამო მუდამ დარჩება ჩემში  ლონდონის სექტემბრის ვიზიტიდან წამოღებულ დაუვიწყარ და საუკეთესო მუსიკალურ მოგონებად.
დადგმა–3
ვოკალი–4

ორკესტრი–4.3

დავით გიგინეიშვილი

September 16th, 2016

Music Vincenzo Bellini
Libretto     Felice Romani
Director    Аlex Olle
Conductor Antonio Pappano

Norma              Sonya Yoncheva
Pollione              Joseph Calleja
Adalgisa              Sonia Ganassi
Oroveso              Brindley Sherratt
Flavio                  David Junghoon Kim
Clotilde              Vlada Borovko

Royal Opera Chorus
Concert Master         Peter Manning
Orchestra of the Royal Opera House

Thursday, October 13, 2016

'სევილიელი დალაქი' ლონდონის კოვენტ გარდენში / 'Il Barbiere di Siviglia' at the Royal Opera House

ლონდონის სამეფო თეატრს – ‘კოვენტ გარდენს/Theatre Royal Covent Garden’ უცნაური ისტორია აქვს. ის, რასაც ამჟამად ბოუ სტრიტზე ვხედავთ – კოლონებიან მაღალ ფასადს ანტიკურ სტილში, რომლის მარცხენა მხარეს შუშაბანდიანი მოხრილი სახურავიანი შენობა ადგას, არის მესამე თეატრი, რომელიც ძველი თეატრის  ადგილზე აშენდა. წინა ორის ცხოვრების ხანგრძლივობა  ხანძარმა შეაფერხა. თავდაპირველი თეატრი, რომელიც მე-XVIII საუკუნეში აიგო – დრამის თეატრი იყო და მნიშვნელოვანი მუსიკალური ნაწარმოებები – ჰენდელის ცნობილი ოპერები მასში უკვე 1735 წლიდან იდგმებოდა. საშინელი ხანძრის შემდეგ, რომელმაც ადამინების სიცოცხლეც იმსხვერპლა, აშენდა მეორე შენობა და 1808 წელს გაიხსნა უელსის პრინცის მხარდაჭერით. გახსნაზე შექსპირის დრამა უჩვენეს. 1847 წელს, მნიშვნელოვანი გადაკეთების შემდეგ, მას საბოლოოდ სამეფო კარის იტალიური ოპერის სახელი მიენიჭა და სრულფასოვან საოპერო თეატრად იქცა. მაგრამ სულ მალე, 1856 წელს ხანძარმა ისიც გაანადგურა. აღდგენილი თეატრი ამჟამინდელი სახით, 1858 წელს გაიხსნა მეიერბერის ოპერით და 1892 წლიდან ის სამეფო საოპერო თეატრის (Royal Opera House) სახელით მოიხსენიება. მე–XX საუკუნის კატაკლიზმების გამო თეატრი აქტიურად ვერ მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მასში ასევე საბალეტო დასიც (Royal Ballet) დამკვიდრდა. 1996–97 წლებში თეატრი ფუნდამენტალურად განახლდა. ნალისებრი ფორმის ძირითადი აუდიტორია (ბოუ ქუჩის პარალელური სცენით მარჯვნივ) ხელუხლებელი დარჩა, მაგრამ შენობას მოემატა სხვა აუდიტორიები – ბალეტისთვის, გუნდისთვის და კოსტიუმებისთვის (შენობის უკანა მხარის მომატებით ჯეიმსის ქუჩის მიმართულებით). ასევე გაიხსნა მცირე დარბაზი – ლინბარის სტუდიური თეატრი. ოპერამ ასევე მიიერთა მარცხენა მხრიდან ძველი სავაჭრო ცენტრი, რომელიც გადაკეთდა ულამაზეს ვიტრაჟებიან, ნახევაროვალურ შენობად, ამჟამად ცნობილი პოლ ჰემლინის ჰოლი (Paul Hamlyn Hall).  იქ განლაგებულია რესტორანი, ბარი, მოსასვენებელი ადგილები და ყველაფერი ეს ესკალატორებისა და კიბეების მეშვეობით უერთდება ცენტრალურ დარბაზს.
სექტემბრის თვეში იგეგმებოდა ერთი საინტერესო პრემიერა ლონდონის თეატრში – ბელინის ‘ნორმა’. მასზე და ერთ სხვა ტრადიციულ წარმოდგენაზე დასწრების სურვილით თადარიგიანათ მივმართეთ თეატრის პრეს–ოფისს. მაგრამ, მიუხედავად დანაპირებისა, საბოლოოდ მხოლოდ 15 სექტემბრის ‘სევილიელ დალაქზე’ მოვიპოვე აკრედიტაცია. ზემოხსენებულ ‘ნორმა’–ზე კი თეატრის ბილეთების ელექტრონული გაყიდვების სისტემასთან ყოველდღიური ურთიერთობის შემდეგ მოვახერხე შემეძინა ერთი ბილეთი. ბილეთის ფასი ნამდვილ ასტრონომიულ ციფრებს აღწევდა და თქვენ წარმოიდგინეთ მალევე იყიდებოდა – ყველაზე დაბალი ფასი სულ ზედა იარუსზე 45 ფუნტს, ანუ 160 ლარს აღწევდა.   

სევილიელი დალაქი/Il Barbiere di Siviglia’ წარმოადგენდა თეატრის 2005 წლის პროდუქციის განახლებულ ვერსიას. განახლება ძირითადად შემსრულებლებს შეეხებოდა. უკანასკნელ ხანს ევროპის საოპერო თეატრებში დამკვიდრდა ასეთი წესი – ახალი დადგმის (რეჟისორული და სცენოგრაფიული სიახლით)  შემდგომ სეზონებზე განმეორება, სადაც იცვლებიან მომღერლები და დირიჟორი. ასე იყო წელსაც ვენის სახელმწიფო ოპერაში  ვერდის ‘მაკბეტისა’ და გლუკის ‘ალცესტის’ შემთხვევაში: ‘მაკბეტი’ იყო 2015 წლის და ‘ალცესტა’ კი 2012 წლის დადგმის გამეორება (იხილეთ წინა წერილი). მოშე ლეიზერისა და პატრის კორიერის (Moshe Leiser & Patrice Caurier) დადგმა, რომელიც მკითხველისათვის შეიძლება  ნაცნობი იყოს 2009 წლის ვიდეო პროდუქციით (ჯ.დიდონატო, პ.სპანიოლი და ხ.დ.ფლორესი – ვირჯინი 50999 694581, 2 დვდ), ამჟამად შემდეგი შემადგენლობით წარსდგა მსმენელთა წინაშე: დანიელა მაკი –  როზინას, ხავიერ კამარენა – გრაფი ალმავივას, ვიტო პრიანტე – ფიგაროს, ხოსე ფარდილა – დოქტორ ბარტოლოსი და ფერუჩო ფურლანეტო – დონ ბაზილიოს როლებში. სადირიჟორო პულტთან იყო ჰენრიკ ნანასი (Henrik Nanasi). ოპერა დაიწყო ხუთწუთიანი დაგვიანებით, რაც შემდეგ სპექტაკლზეც განმეორდა. უვერტიურა ორკესტრმა ზანტად და შეუთანხმებლად დაიწყო, თუმცა ბოლოსკენ ოდნავ ტემპი მოუმატეს. დადგმა რაღაც ტრადიციულისა და მოდერნისტულის ნაზავს წარმოადგენდა. კამარენა (Javier Camarena) ინტროდუქციაში (ალმავივას კავატინაში), სადაც ორკესტრანტები ინსტრუმენტებით (კონტრაბასიანად) სცენაზე გამოვიდნენ და თავად ალმავივა კი ხეზე აძვრა, ჟღერდა მძიმედ, რულადები განსხვავებულად შეასრულა და მაღალი ნოტა კარგად გააჩერა. შემდეგ სცენებში კამარენა გამოცოცხლდა და სამხრეთელებისათვის დამახასიათებელი ცეცხლით წაიყვანა პარტია. ოპერის სიუჟეტიდან და მუსიკალური წყობიდან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ კამარენას ის საღამო მიყავდა.
როზინა (დ.მაკი) და ალმავივა (ხ.კამარენა)
ფიგაროს შემსრულებელს – იტალიელ ბარიტონს – ვიტო პრიანტეს (Vito Priante), რომელიც ოპერაში  დარბაზიდან, ჩემს უშუალო სიახლოვედან გამოჩნდა, ბაროკო ოპერებიდან ვიცნობდი. ბელ კანტოს ოპერაში, მიუხედავად მყარი ხმისა და კარგი მაღლებისა, იგი ლაღად მაინც არ გამოიყურებოდა – თითქოს რაღაც აკლდა. არც ცნობილ კავატინის ბოლოში არანაირი ვარიანტები არ შემოგვთავაზა და კამარენას სიკაშკაშის ქვეშ დაიჩრდილა.
ბარტოლო (ხ.ფარდილა), ბაზილიო (ფ.ფურლანეტო), ფიგარო (ვ.პრინატე), როზინა (დ.მაკი) და ალმავივა (ხ.კამარენა)
  სამაგიეროდ, როზინას პარტიის რეჟისორულ ჩანაფიქრში, რომლითაც იგი მიზანდასახულ და გამჭრიახ ძუ ლომს განასახიერებდა,  კარგად შეესატყვისა ახალგაზრდა არგენტინელი მეცო–სოპრანო დანიელა მაკი (Daniela Mack). მისი დაბალი ხმა, ტემბრალურად მერლინ ჰორნს რომ მოგაგონებდა, გამოირჩეოდა ბრწყინვალე ზედებით და ოდნავ დახშული და ხორხისმიერი ხმით შუა და ქვედა რეგისტრში. ასევე კარგი მომეჩვენა დოქტორ ბარტოლოს შემსრულებელი, პორტუგალიელი ბარიტონი – ხოსე ფარდილა (Jose Fardilha). როგორც ვოკალურად ისევე არტისტულად მას კარგად გამოუვიდა  ჯიუტი, თავის თავზე შეყვარებული და უზომოდ ეჭვიანი ბარტოლოს როლი. ვოკალში განსაკუთრებული ტექნიკის ფლობით ვერავის გამოვყოფდი, მაგრამ აღსანიშნავია არატრადიციული ტრელები და ფიორიტურები (ალმავივა, როზინა და ფიგარო). ოპერა შესრულდა სრული ვერსიით – ბერტას არიითა და ალმავივას საბოლოო არიით გუნდთან ("Cessa di piu resistere"-“Insomma, io ho tutti i torti”), სადაც კამარენა კვლავ ეფექტურად იღებდა მაღალ ნოტებს. რეჟისორულად უკანასკნელი სცენა ისე იყო წარმოდგენილი, რომ არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ არიის ბუნებრივი, სავალდებულო ადგილი ოპერის ფინალში. ამიტომაც მისი ტრადიციული ამოღება  მეტად გასაკვირად მომეჩვენა. ფურლანეტოს (Ferruccio Furlanetto) დიდი და მყვირალა ბანი ზუსტად ჯდებოდა ბაზილიოს პარტიაში, მაგრამ მას უკვე აკლდა ის სიმაგრე და ძალა, რაც  წარსულში ამ პარტიის ტრადიციულმა შემსრულებლებმა მიგვაჩვიეს.


ევროპისა და ამერიკის წამყვან საოპერო თეატრებში ნამყოფი მსმენელისთვის  ანუ ჩემთვის ‘კოვენტ გარდენის’ დალაშქვრა სპორტულ ინტერესსაც წარმოადგენდა. ძირითადი დარბაზი უცნაური აგებულებისა და კონსტრუქციის იყო. ქვედა წრიული ლოჟების მწკრივზე სამი ტრადიციული იარუსი იდგა, თუმცა არ იყო ცენტრალური ‘სამეფო’ ლოჟა.  ამფითეატრად წოდებული ბოლო იარუსი იტევდა უჩვეულოდ ბევრ მსმენელს. რიგები იმდენად ღრმად იყო შესული შენობის მარცხენა მხარეს, რომ ჭერის კამარა უკანა რიგებზე მჯდომის მხედველობის ველს მკვეთრად ავიწროებდა.

 იქ მოხვედრილ მსმენელს შთაბეჭდილება ექმნებოდა, რომ კინოდარბაზში იმყოფებოდა და არა საოპერო თეატრში. დარბაზში მოხვედრა ტრადიციული ვიწრო კიბეებით იყო შესაძლებელი, მაგრამ ასევე რამოდენიმე ლიფტსაც მოვკარი თვალი, რომლითაც ასაკოვანი და უნარშეზღუდულები სარგებლობდნენ. ამის გარდა, ანტრაქტში აღმოვაჩინე უზარმაზარი გადასასვლელები და რესტორანი, სადაც ქვედა სართულიდან მოქმედი ესკალატორი ადიოდ–ჩადიოდა. უმშვენიერესი, გრძელი ვერანდიდან, სადაც სავარძლები და მაგიდები იყო განთავსებული, ქროდა ნიავი და ჩანდა ლონდონის  ხედი, კერძოდ ‘კოვენტ გარდენის’ ბაზრობის ნაწილი. ასეთი რამ არც ერთ თეატრში არ მინახავს. ხალხის მასა მიჯაჭვული იყო რესტორანსა და ბარებს – არა მხოლოდ ვახშმობდნენ, არამედ საქმიან საუბრებსაც ატარებდნენ და სადილობდნენ! გასაოცარი სამყარო დამხვდა – ეს იყო მეტი ვიდრე მუსიკალური თეატრი. ეს ნამდვილად საქმიანი შენობა გახლდათ, სადაც მოსულები საქმის მოგვარებასა და ხელოვნებით ტკბობასთან ერთად დიდძალ თანხებსაც ტოვებდნენ. ესეც თანამედროვე ბიზნესის ფორმა! ოპერის პრეს–ოფისმა იმ ერთადერთ სპექტაკლზე ნამდვილად შესაშური ადგილი გამომიყო – წრიული ლოჟის პირველი რიგის მარჯვენა მხარეს. იქედან ყველაფერი ჩანდა, ლიბრეტოს ტექსტი ინგლისურად იწერებოდა ფარდის ზევით და აკუსტიკა საკმაოდ კარგი იყო, თუმცა არა განსაკუთრებული. 

დავით გიგინეიშვილი


გამოქვეყნებულია ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთეკა–ში 2017; 1(66):64–66.

London, Royal Opera House 15 September 2016
Director       Moshe Leiser & Patrice Caurier
Conductor        Henrik Nánási

Casting
Il Conte d'Almaviva Javier Camarena
Figaro Vito Priante
Rosina Daniela Mack
Il Dottor Bartolo José Fardilha
Basilio Ferruccio Furlanetto
Berta Madeleine Pierard
Fiorello Gyula Nagy
Chorus and Orchestra of the Royal Opera House