Friday, February 13, 2015

„ლუჩია ლამერმური“ დოიჩე ოპერაში / 'Lucia di Lammermoor' at the Deutsche Oper

დონიცეტის ‘ლუჩია ლარმურელი/Lucia di Lammermoor’ წარმოადგენს იტალიური ბელ კანტოს უდავო შედევრს. უოლტერ სკოტის პოეტურმა რომანტიზმმა იდეალური გამოხატვა ჰპოვა დონიცეტის ოპერაში, სადაც მუსიკალურ ენაზე გადმოცემულია ახალგაზრდა შეყვარებული ქალის ტრაგედია, როდესაც იგი, საკუთარი ძმის, ლორდ ენრიკო ეშტონის ზეწოლითა და ბედ–უკუღმართობის გამოისობით, ცოლად  მიჰყვება სხვას (ლორდ არტურ ბაკლოუს) და ჩადენილი საქციელის სიმძიმე მისი გონებისა და ხასიათისათვის უმძიმესი და დაუძლეველი სატანჯველი აღმოჩნდება. ლუჩიას ერთადერთი სიყვარული – ედგარი რავენსვუდების ოჯახიდან, რომელიც მტრულად დაპირისპირებულია ეშტონების საგვარეულოს, ლუჩიას გაუბედურების შემდეგ იღებს სებედისწერო გადაწყვეტილებას – მისდევს თავის მიჯნურს.
1835 წელს დადგმული ოპერა ნეაპოლის ‘სან კარლოს’ თეატრში დღემდე არის პოპულარული საოპერო სცენის წამყვან თეატრებში. ოპერის წარმატებას  განაპირობებს დონიცეტის უჩვეულო და მომწიფებული მუსიკალური, ოსტატური ენა, რომლითაც იგი აჯილდოებს თავის გმირებს და უპირველესად ლუჩიას. უნდა  გამოვყოთ ლუჩიას სიგიჟის სცენა, რომელიც თავისი მუსიკალური დრამატიზმითა და გამოხატვით შესულია კლასიკური მუსიკის საგანძურში. აღსანიშნავია, რომ ყველა დროის სახელგანთქმული პრიმადონები ზუსტად ამ პარტიაში სინჯავდნენ თავის ძალებს. რად ღირს ამ სიის ჩამოთვლა: მარია კალასი, ჯოან საზერლენდი, რენატა სკოტო, მონსერა კაბალე, ბევერლი სილზი და ა.შ.
‘დოიჩე ოპერის’ სცენაზე 2015 წლის თებერვალში მხოლოდ ორი სპექტაკლი იგეგმებოდა. დავესწარი პირველს – 1 თებერვლის წარმოდგენას. შემადგენლობა ასეთი იყო: ლუჩიას ასრულებდა ახალგაზრდა სამხრეთ აფრიკელი სოპრანო – პრეტი იენდი (Pretty Yende), ლორდ ენრიკოს – იტალიელი ბარიტონი სიმონე პიაცოლა (Simone Piazzola),  ედგარს– სახელგანთქმული ტენორი ჯოზეფ კალეია (Joseph Calleja) და ლუჩიას აღმრზდელის, რაიმონდოს პარტიაში – ბანი სიმონ ლიმი (Simon Lim). სადირიჟორო პულტთან იყო ივან რეპუშიჩი (Ivan Repušić). დადგმა არ იყო საპრემიერო – იგი იმეორებდა ‘დოიჩე ოპერის’ ტრადიციულ, ძველ, 1980 წლის წარმოდგენას, რომლის რეჟისორი ფილიპო სანჯუსტი იყო. რაც ეხება კოსტიუმებს – ეს იყო მდიდრული, ეპოქის შესაბამისი და მომხიბვლელი სამოსი. მიზანსცენები და ინტერიერი – მეტად მინიმალისტური და ძუნწი იყო. ამიტომაც ტრადიციულ დადგმას მაინც აკლდა სამხატვრო სიუხვე. მაგრამ დღეს გამეფებული, კლასიკური მუსიკისათვის არაშესატყვისი მოდერნიზმის ფონზე ეს წარმოდგენა უდავოდ ტრადიციულ სპექტრში განიხილებოდა და ხიბლავდა მაყურებელს.
თავიდანვე წარმოდგენაში გამოვლინდა ‘დოიჩე ოპერის’ ძველი სისუსტეები – მომღერლებისა და ორკესტრის არაკოორდინირებული შესრულება. ვფიქრობ, რომ ეს მოწვეული მომღერლების დროის უქონლობით არის გამოწვეული, ან შეიძლება ადგილობრივი ორკესტრის ხელწერაა. სუსტმა დირიჟორულმა ინტერპრეტაციამ ეს ჩავარდნა უფრო გამოავლინა. წამიერად გონებაში ასეთმა აზრმა  გამიელვა – ისეთ თეატრებში, როგორიცაა ‘მეტროპოლიტენ ოპერა’, ‘კოვენტ გარდენი’ და ‘ლა სკალა’ – ასეთ რამეს,  როგორც წესი, ვერ შევხვდებით. მეორე უსიამოვნო განცდა, რომელიც სპექტაკლმა დამიტოვა, ეხებოდა ოპერის ვერსიას – უკანასკნელ წლებში გამოვლინდა, ჩემი აზრით, ძალზე დადებითი ტენდენცია – ოპერის შესრულება სრული ვერსიით, ყველანაირი კუპიურების გარეშე. წარსული საუკუნის ოტალიური ოპერის აღმავლობის წლებში მას საკმაოდ შემცირებულად ასრულებდნენ – აკლებდნენ დუეტებში და არიაში რეპრიზას, პირველ აქტში  არ ასრულებდნენ რაიმონდოს არიას და მეორე აქტის მთელ დასაწყის სცენას – დრამატიზმით აღსავსე  ენრიკოსა და ედგარის დუეტს, სადაც ისინი ერთმანეთს დუელზე იწვევენ. დღევანდელ წარმოდგენაზე შესრულდა მოკლე ვერსია, რამაც ძალიან დამწყვიტა გული. რაც ეხება შემსრულებლებს – იტალიელი სიმონე პიაცოლასათვის, რომელიც ძირითადად იტალიის და ესპანეთის თეატრებში გამოდის, ბერლინის სცენაზე ეს გამოსვლა მისთვის დებიუტი იყო. მას დახშული, ტემბრალურად რენატო ბრუზონის მსგავსი ხმა ჰქონდა, მაგრამ კარგი ფრაზირება და უბადლო ზედა ნოტები. მისი მოქნილი ხმა კარგად ასახავდა გმირის ხისტ და უდრეკ პოზიციას. მაგრამ სცენისათვის მას პატარა ხმა აღმოაჩნდა. არც სოპრანოს ხმა იყო დიდი, თუმცა ავსებდა დარბაზს. ლამაზი ტემბრის და საშუალო ტექნიკის ფლობა ჯერ კიდევ არ იძლევა აღიარების საშუალებას. პრეტი იენდი პირველ აქტში, (უნდა ითქვას, რომ ამ პარტიის შესრულება ბერლინის სცენაზე მისთვის ორმაგად სადებიუტო იყო), გამოიყურებოდა არადამაჯერებლად, ეტყობოდა მღელვარება – ამიტომაც როლი სასურველი სიმტკიცითა და დაბეჯითებით ვერ მიჰყავდა, რაც მის ვოკალურ მონაცემებზე ისახებოდა. ამ მომღერალმა მსგავსი არასტაბილურობა გამოიჩინა ‘მეტროპოლიტენ–ოპერის’ სცენაზე, როდესაც პირველად როსინის ‘გრაფ ორიში’ 2013 წელს გამოვიდა. იქამდე კი როლები იყო მილანის ‘ლა სკალაშიც’. მაგრამ მეორე აქტი მეტად დამაჯერებლად წაიყვანა – დაძლია სადებიუტო მღელვარება და სიგიჟის სცენა ძალზე ეფექტურად შეასრულა. რისთვისაც მაყურებლის დიდი ოვაცია და პირადად ჩემი სიმპათიაც დაიმსახურა. რაც შეეხება ჯოზეფ კალეიას – იგი ნამდვილად იყო იმ საღამოს გმირი. პირველივე გამოჩენიდან ცხადი გახდა, რომ  სხვა შემსრულებლებთან შედარებით ის თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. უშეცდომოდ, დაძაბულობისა და ჩავარდნების გარეშე – თავისი ულამაზესი, მოქნილი ხმით მან მთლიანად შეავსო დარბაზი და არც  ‘საფირმო’ პიანისიმოებს აკლებდა. ერთი სიამოვნება იყო მისი მოსმენა. ამის გამო კუპიურების არსებობა მეტად მტკივნეულად აღვიქვი. რაც შეეხება კორეელ ბანს – სიმონ ლიმს (ისიც მოწვეული იყო ცენტრალური პარტიების შემსრულებლების მსგავსად), იგი ძირითადად მღერის როსინისა და მოცარტს იტალიის საოპერო სცენაზე და მათ შორის მილანის ‘ლა სკალაში’. მას ამ პარტიისათვის ნაკლებად შესატყვისი ტემბრი ჰქონდა, მაგრამ ვოკალური თვალსაზრისით ჩინებულად იმღერა.
ედგარი (ჯ.კალეია), რაიმონდო (ს.ლიმი), ენრიკო (ს.პიაცოლა)
რადგან ყველა შემსრულებელი ახალგაზრდა იყო, ტანად მაღალ კალეიას კარგად უპირისპირდებოდა ჩასხმული პიაცოლა და ლუჩიის შემსრულებელი – აფრიკელი იენდი, თხელი სიმპათიური, საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა ქალი, თეატრალური თვალსაზრისით რაიმე დისონანსს ადგილი ნამდვილად არ ჰქონდა. დანარჩენი პერსონაჟები წამყვან მომღერლებს ტონს არ უდებდნენ.
სახელგანთქმული სექსტეტი
წარმოდგენისას გაკეთდა ერთი შესვენება, მაგრამ, ტრადიციულად, ბერლინელმა  მსმენელებმა სასმელი პირველივე აქტის წინ დააგემოვნეს. იმ საღამოს მეც სრულად გავიზიარებდი დარბაზის სიხარულს, რომ არა ერთი მოულოდნელი ფაქტი. ორი დღით ადრე, ვებერის ოპერის მოსმენისას ბერლინის ნაციონალურ ოპერაში მე, ჩვეულებრივ, როგორც აქამდე არაერთხელ გამიკეთებია მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო დარბაზიდან, როგორც ჟურნალისტმა, გამოვიყენე ჩემი ფოტოკამერა, რათა ფოტომასალით გამემდიდრებინა ჩემი შთაბეჭდილების წერილი. 
ს.ლიმი, პ.იენდი, ჯ.კალეია, რ.მილერი, მ.ნევლინი, ს.პიაცოლა  
წელს მე სხვა – უფრო მცირე და საგრძნობლად მჩატე მიკრო 4/3 სისტემაზე გადავედი, ამიტომაც გამიკვირდა, როდესაც წინა წარმოდგენაზე ხელით ვიღაცამ უხეშად შემეხო. იმ წუთში ჩავთვალე, რომ კამერის დამატებითმა წითელმა ნათურამ ვიღაცა შეაწუხა, თუმცა არც ეს  არ ამართლებდა მის ფიზიკურ აგრესიას. ‘ლუჩიის’ პირველი აქტის ბოლოში, სექსტეტის დასრულებისას მე უკვე ზედმეტი გამაღიზიანებლებისაგან გათიშული კამერა გამოვიყენე და პირველი აქტის მიწურულს მომღერლები  გადავიღე. უკვე შესვენებისას მე მორიგი აგრესიის მსხვერპლი აღმოვჩნდი – როგორც ფიზიკური ისე ვერბალური. ვინმე მსმენელი, ასაკოვანი მამაკაცი (არცთუ სასიამოვნო იყო მისი გაბრაზებული სახის დანახვა!), ვერა და ვერ შეგუებოდა ჩემი კამერის არსებობას. მისმა მუჯლუგუნმა წუთიერად დამავიწყა დონიცეტის ლირიზმი და უოლტერ სკოტის რომანტიზმი. ნამდვილად გამაკვირვა სიტლანქისა და კაცთმოძულეობის ასეთმა უეცარმა ამოფრქვევამ ამ, ერთი შეხედვით წარმატებულ, ბიურგერულ ბერლინურ საზოგადოებაში, მეტად გასაოცარი იყო! ნუთუ შეიძლება ხელოვნების მოყვარული ჰუმანისტი ვიღაცის ბნელი აგრესიის სამიზნე გახდეს? სამწუხაროდ, გუნებაწამხდარმა, ამ კითხვით დავტოვე ‘დოიჩე ოპერის’ თეატრი...        

დავით გიგინეიშვილი / David Gigineishvili     

Deutsche Oper Berlin
February 1st, 2015
G.Donizetti - 'Lucia di Lammermoor'
Enrico          Simone Piazzola
Lucia            Pretty Yende
Edgardo       Joseph Calleja
Arturo         Matthew Newlin
Raimondo    Simon Lim
Alice            Ronnita Miller
Normanno  Jörg Schörner

Chor der Deutschen Oper Berlin
Orchester der Deutschen Oper Berlin
Conductor  Ivan Repušić

Choir Conductor Thomas Richter

Director, Stage-design, Costume-design Filippo Sanjust

გამოქვეყნებულია ჯურნალ საქართველოს ბიბლიოთეკა 2015, 1(58):55-56.

Monday, February 9, 2015

ვებერის მუსიკა ბერლინში / Weber 'Der Freischütz' in Berlin



მუსიკალური თვალსაზრისით, გერმანიის გამორჩეულ ქალაქში,  ბერლინში მოგზაურობა  დიდი ხანია იყო ჩემი ნატვრა. ერთხელ, 2010 წელს, კი დავესწარი ‘დონ ჯოვანის’  დადგმას ‘დოიჩე ოპერის’ სცენაზე, მაგრამ მართალი რომ ვთქვა, მან  დიდად გამიცრუა იმედები.
ამჟამად, ერთი გადახედვით, საკმაოდ საინტერესო პროგრამა ავირჩიე – ვებერის ‘თავისუფალი მსროლელი /Der Freischütz’ ნაციონალურ ოპერაში (Staatsoper im Schiller Theater Berlin), სადაც თანამედროვე, საუკეთესო გერმანულმა ვოკალურმა შემსრულებლებმა მოიყარა თავი.  ბერლინის ნაციონალური ოპერა, რომელიც ტრადიციულად ‘უნტერ დერ ლიდენზე’ იმყოფება, შენობის რეკონსტრუქციის გამო გადაბარგდა შილერის თეატრში, ქალაქის დასავლეთ ნაწილში, კერძოდ, ბისმარკის ქუჩაზე, სხვათა შორის ‘დოიჩე ოპერის’ სიახლოვეს.
იანვარი ცივი, სუსხიანი და ოდნავ თოვლიანი იყო ბერლინში. შილერის თეატრი – მომცრო ზომის თანამედროვე ფასადის მქონე პატარა თეატრი ერთი იარუსითა და თექვსმეტრიგიანი პარტერით არც ინტერიერის თვალსაზრისით ტოვებდა შთაბეჭდილებას. სცენა საშუალო ზომისა იყო და ორკესტრი სავსებით იმალებოდა სცენის წინა ჩაღრმავებულ სივრცეში. აღნიშნული დადგმა საპრემიერო იყო ნაციონალური ოპერის 2014–2015 სეზონისათვის და მე 30 იანვარს გამართულ წარმოდგენას დავესწარი.
აკუსტიკა არ იყო გათვლილი მუსიკალური სპექტაკლებისათვის – ხმა ყრუდ მოდიოდა, რის გამოც რაღაც ძველი გერმანული რადიოდან გამოსულ ხმებს ემსგავსებოდა. დასაწყისში ამან გული გამიტეხა, მაგრამ ოპერის მსვლელობისას   გერმანულმა  რომანტიულმა მუსიკამ მაინც  თავისებური, საინტერესო ელფერი შესძინა სპექტაკლს. ორკესტრმა ჩინებულად დაიწყო – ვებერი თავის მუსიკით არ ტოვებს არანაირ კითხვას, თუ რა მიმართულებასა და ეპოქას მიეკუთვნება მისი ნაწარმოები. ჩემთვის, იტალიურ ბაროკოს, ბელკანტოს და ვერისტული მუსიკას მიჩვეული მსმენელისთვის  ძალზე მომაჯადოვებლად ჟღერდა ვებერის რომანტიზმით დატვირთული ულამაზესი მუსიკა და თან სად – გერმანიის შუაგულში! უნდა ვაღიარო, რომ დირიჟორმა (სებასტიან ვეიგლი/Sebastian Weigle) და ბერლინის ნაციონალური კაპელის ორკესტრმა (Staatskapelle Berlin) დიდი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე.
დადგმა (მიქაელ ტალჰაიმერი /Michael Thalheimer) – ორიგინალური და არატრადიციული იყო. ლეგენდამ ზღაპრული და ‘ფანტაზიის’ ელემენტები შეიძინა, ოპერის მიმდინარეობისას მაგიური შავი ჯადოქრის – მონადირე სამუელის სახე მუდამ ფიგურირებს. იგი ლანდივით დაჰყვება გმირებს, უთვალთვალებს და აკონტროლებს მათ ნაბიჯებს. სამყაროც, დამდგმელი რეჟისორის ჩანაფიქრით, რაღაც სივრცეებად არის დაყოფილი – აქეთ სცენისაკენ, სადაც მოქმედება ტარდება – ჩაბნელებულია და გამხმარი ტოტებით არის მოფენილი. იქეთ კი – უკანა პლანზე – კაშკაშა შუქი და ნათელი ხვრელია, საიდანაც ჩნდებიან და ისწევ უკან ბრუნდებიან  პერსონაჟები. მაგრამ მათი ძირითადი ქმედებები ხორციელდება – დაბნელებულ და სამუელის გავლენის ქვეშ მყოფ სამყაროში. ამიტომაცაა, რომ მაქსი , მთავარი პერსონაჟი და წარსულში კარგი მსროლელი და მონადირე, თავისი სიყვარულისა და ბედის გამო იხლართება მისი ნაცნობი მონადირის, კასპარის არაკეთილმოსურნე რჩევებში და თავის ბედს სამუელს ჩაუგდებს ხელში. არადა მიზანი ლამაზი და სუფთაა – მაქსს სურს თავისი შეყვარებულის, ახალგაზრდა ქალწულის აგატას ხელი დაიმსახუროს ახლად გამოცხადებულ მსროლელთა შეჯიბრში. აგატა თანაგრძნობითპასუხობს მაქსს და თავის გულის სიღრმეში ემზადება ამ ქორწილისთვის, თუმცა რაღაც ცუდი სიზმრები და თავსმოხვეული აზრები მას საშიშროებას უწინასწარმეტყველებენ. რასაც იგი ჯერ თავის ერთგულ მეგობარ ქალიშვილს – ანხენს უმხელს. მერე კი, შეჯიბრებამდე, უკვე მაქსსაც გაუზიარებს. დემონურ ძალებს კი არ სძინავთ – კასპარი სამუელის ჯადოქრობის დახმარებით სპეციალურ ტყვიებს ადნობს და გადასცემს მაქსს. უკანასკნელი ტყვია აგატასთვის არის განკუთვნილი, თუმცა მაქსმა არაფერი იცის ამაზე. ტურნირის დღეს სოფელი სადღესასწაულოდ არის მორთული – აგატა პატარძლის ტანისამოსშია და მის ირგვლივნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი სოფლის ქალიშვილები მზად არიან მას საქორწილო ფატა მიართვან. მაგრამ აგატას უცნაური და ტრაგიკული ხილვები აწუხებს. იმართება შეჯიბრი – გუგუნებს  სახელგანთქმულ მონადირეთა გუნდი (Was gleicht wohl auf Erden), მღერიან  სტუმრები: გრაფი ოტაკარი თავის მეგობრებთან და სოფლის მაცხოვრებლებთან სასიამოვნო სანახაობის მოლოდინში არიან. მაქსი დაწინაურდება შეჯიბრში, მაგრამ როდესაც გრაფი მას სთხოვს ესროლოს თეთრ მტრედს, ტყვია ხვდება კასპარს და აგატაც ვარდება. დათრგუნული და შეცბუნებული მაქსი ამხელს სტუმრებს თავის საიდუმლოებას. გრაფი ოტაკარი განრისხდება, მაგრამ ახლად გამოჩენილი განდეგილი მოუხმობს პატიებისაკენ და საბოლოოდ ყველა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.      
ვებერის მუსიკა! – არ შეიძლება მან არ მოგხიბლოს. ოპერის უვერტიურა წარმოადგენს რომანტიზმისა და სიმფონიზმის საუკეთესო ნიმუშს და  წინასწარ განგაწყობს საოცარი მუსიკალური თხზულების მოსასმენად, სადაც ხალხურ მელოდიებს ანაცვლებს არაჩვეულებრივი რომანტიკული საოპერო არიები და დუეტები და, სადაც ტყეებისა და მთების ჯადოსნური ბუნება აირეკლება მოქნილ მუსიკალურ მელოდიაში, რომელიც ზოგჯერ, მოულოდნელად იძენს დემონურ და ბნელ ელფერს (კერძოდ ჯადოს სცენაში).  ამიტომაცაა ოპერის ულამაზეს ფურცლებს მიეკუთვნება ანხენისა (No.7: Kommt ein schlanker) და აგატას (No.8: Leise, leise, Fromme Weise) რომანსები და არიები, სადაც კომპოზიტორმა მანდილოსნის ბუნებისა და რთული განცდების გადმოსაცემად მიმართა ობლიგატურ სიმებიან ინსტრუმენტებს (No.12: Und ob die Wolke sie verhülle; No.13: Trübe Augen, Liebchen, taugen). ხალხური მელოდიების ანარეკლს ატარებს უმშვენიერი სცენა (No.14: Wir winden dir), სადაც მელოდიას იმეორებს სოფლის სამი მანდილოსანი გუნდის დახმარებით. ეს სცენა განსაკუთრებით ლამაზი და ბუნებრივი გამოვიდა ოპერაში,  სხვათა შორის ზემოთხსენებული მონადირეთა გუნდთან ერთად. 
 
სოფლის მანდილოსნები და აგატა (როშმანი)

 რაც ეხება ვოკალურ შესრულებას – ქალებისაგან ანა პროჰასკას (Anna Prohaska) გამოვყოფდი, რომელმაც თავისი ხასიათობრივი, მოქნილი და ლამაზი ხმით მოახერხა სწორად გადმოეცა თავისი გმირის ანხენის სახე. უფრო რთული ამოცანა ჰქონდა სახელგანთქმულ დოროთეა როშმანს (Dorothea Röschmann) აგატას როლში. ან მომღერალი ფორმაში არ იყო, ან გადამეტებით მისდევდა დირიჟორის მითითებებს, შედეგი ცხადი იყო – მისი ხმა ზედმეტად ვიბრირებდა, აკლდა სინარნარე და მაშასადამე ლირიზმი და რომანტიზმი. სხვა მხრივ, მისი ხმა – დრამატული სოპრანო კარგად ავსებდა დარბაზს. ბევრს ველოდი მაქსის შემსრულებლისაგან – გერმანელი ტენორი ბურკჰარდ ფრიცისაგან (Burkhard Fritz). მას დადებითი კრიტიკა ჰქონდა ვერდის ოპერების ტენორის ძნელ პარტიებში. მაგრამ მისი პატარა, ტიპიური არაიტალიური შეფერილობის ხმა იმით იყო კიდევ დამძიმებული, რომ იმ საღამოს ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ სუნთქვა ეხუთებოდა (უპატიებელი შეცდომა მომღერლისათვის). აი კასპარის როლის შემსრულებელი – ფალკ შტრუკმანი (Falk Struckmann) კი ნამდვილად მომეწონა. მისი მაღალი რეგისტრის ბანი ბრწყინვალედ გაუმკლავდა კასპარის რთულ როლს – მისი მაღლები იყო უბადლო, განსაკუთრებით არიაში (No.5: Schweig, schweig damit dich niemand). მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები ზოგად ფონს არ ცვლიდნენ. 
ანხენი (პროჰასკა), მაქსი (ფრიცი) და აგატა (როშმანი)

ვებერის ოპერის მოსმენა სცენიდან წარმოადგენს განუწყვეტელ სიამოვნებას – დადგმამ ეს მუსიკის ჯადოსნური გავლენა არანაირად არ დაჩრდილა. იგი საინტერესო და ნოვატორული იყო. მაგრამ რადგან მთელი სპექტაკლის განმავლობაში ფიგურირებს ბნელი ძალა – შელოცვის სცენამ ავბედითობა დაკარგა და იგი უკვე დრამის საკვანძო ნაწილი არ იყო.
ჩემდა გასაკვირად – ოპერა  წარმოადგინეს ერთიანი შესრულებით, ყველანაირი შესვენების გარეშე. მსმენელი ამან არ დაღალა – მოხერხებულმა ბერლინელებმა კი მცირე ვახშამი და სასმელები სპექტაკლის წინ ფოიეში მიირთვეს.
დადგმა – 4.0
ვოკალი–4.0
ორკესტრი–4.5    

დავით გიგინეიშვილი / David Gigineishvili

Carl Maria von Weber
'Der Freischütz'


Staatsoper im Schiller Theater Berlin, January 30th, 2015

    Ottokar - Roman Trekel
    Kuno - Victor von Halem
    Agathe - Dorothea R
öschmann
    Annchen - Anna Prohaska
    Kaspar - Falk Struckmann
    Max - Burkhard Fritz
    Ein Eremit - Jan Martinik
    Kilian - Maximilian Krummen
    Samiel - Peter Moltzen
Staatsopernchor
Staatskapelle Berlin
Conductor - Sebastian Weigle
Stage director - Michael Thalheimer

საოპერო დივას ბოლო გამოსვლა ‘ლუკრეცია ბორჯიაში’ / Opera diva's last performance in 'Lucrezia Borgia'



ოპერა ‘ლუკრეცია ბორჯია/Lucrezia Borgia გაეტანო დონიცეტიმ მილანის ‘ლა სკალა’–სათვის დაწერა 1833 წლის მიწურულს, უმოკლეს ვადებში, რითაც ამ თეატრის იმპრესარიო, ჰერცოგ დი მოდრონეს დიდი საქმე გაუკეთა, მას მომდევნო საკარნავალო სეზონისათვის ერთი ახალი ოპერა უნდა წარედგინა, ოპერის დაწერა თავდაპირველად დავალებული ჰქონდა სავერიო მერკადანტეს.
 დონიცეტი იმდენად გაიტაცა ამ დრამამ, რომ მას ძირითადი მუსიკალური მონახაზები მანამ ჰქონდა მზად, ვიდრე ლიბრეტისტი ფელიჩე რომანი მიაწოდებდა მას ლექსებს. ოპერის სიუჟეტი შემდეგნაირია: ვენეციის ახალგაზრდა აზნაურები ფერარაში დიპლომატიური მისიით გამგზავრების წინ ატარებენ უკანასკნელ საღამოს. მათ შორის არიან მეგობრები – ჯენარო და ორსინი. დასასვენებლად განცალკევებულ ჯენაროს ეწვევა ნიღბიანი ქალბატონი – ეს ფერარას მმართველის –  ალფონსო დ’ესტეს მეუღლე, ლუკრეცია ბორჯიაა, რომელიც სინამდვილეში ჯენაროს დედაა. ჯენარო მოიხიბლება მისთვის უცნობი ქალბატონით, იგი გულს გაუხსნის მას და მოუყვება თავის ბავშვობას, თუ როგორ იზრდებოდა დედის გარეშე. ჯენაროს მეგობრები კი უცნობ ქალბატონში მალევე შეიცნობენ ლუკრეცია ბორჯიას და გაკიცხავენ მას.    
პირველ მოქმედებას გადავყავართ ფერარაში.  მეგობრების მიერ წაქეზებული ჯენარო ჩასვლისთანავე ბორჯიების გერბიდან ჩამოაგდებს ასო ‘ბ’–ს,  ამ მოქმედებით  შეურაცხყოფს ბორჯიების   გვარს. ამ აქტის  თვითმხილველი, გრაფის მსახური გამოიძახებს ბორჯიების დაცვას და ჯენაროს დააკავებენ. მეუღლის ღალატით დაეჭვებული ალფონსო ისარგებლებს ამ მომენტით და დაეთანხმება ლუკრეციას, რათა სასტიკად დასაჯონ ბორჯიების გვარის შეურაცხმყოფელი. ეს რომ ჯენარო იყო, ლუკრეციამ არ იცოდა და  გაიგო რა სინამდვილე,  შეცბუნებულმა  რადიკალურად შეცვალა თავისი ტაქტიკა, მაგრამ ამაოდ, ალფონსო მას მხოლოდ ჯენაროს სასიკვდილო დასჯის ხერხის ამორჩევის უფლებას უტოვებს: დამნაშავემ უნდა დალიოს ბორჯიების გვარისთვის ცნობილი ტრადიციული შხამიანი სასმელი. გაოგნებული ჯენარო შესვამს საწამლავიან თასს, მაგრამ ლუკრეცია მას ანტიდოტს აძლევს და თხოვს სასწრაფოდ დატოვოს სასახლე. დაბნეული ჯენარო ასრულებს მის თხოვნას.
მეორე აქტში მეგობარი ორსინი გადააფიქრინებს ჯენაროს გაემგზავროს ფერარადან და ორივენი მონაწილეობას ღებულობენ დღესასწაულში. მაგრამ ზუსტად ამ ზეიმზე  ვენეციაში მისი საიდუმლოს  გამხელისათვის განრისხებული ლუკრეცია აპირებს ღვინით მოწამლოს ჯენაროს მეგობრები. შურისძიების ტკბობის მიზნით ლუკრეცია დაესწრება წვეულებას და მოულოდნელად  განწირულებს შორის აღმოაჩენს თავის ვაჟს. ლუკრეცია მას ისევ სთავაზობს შხამის საწინააღმდეგო წამალს. მაგრამ ჯენარო ამჯერად უარზეა. შემოდის ალფონსო, რომელმაც წინასწარ იცოდა ახალგაზრდების გეგმები და მას ხელი არ შეუშლია მეუღლის ვერაგული ზრახვების განხორციელებისათვის. შხამმორეულ ჯენაროს წინაშე ლუკრეცია ამხელს, რომ იგი მისი შვილია და უგონოდ ეცემა.
ოპერა წარმოადგენს დონიცეტის მნიშვნელოვან ნაწარმოებს – იგი სავსეა ულამაზესი მელოდიებითა და ანსამბლებით, სადაც ორკესტრს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ამ ოპერაში შეიმჩნევა კომპოზიტორის სრულიად ორიგინალური მუსიკალური ხელწერა. ის წარმოადგენს ბელ კანტოს საუკეთესო ნიმუშს, რადგან ლუკრეციას პარტიისათვის დაიწერა ვოკალურად ძნელი და ვირტუოზული არიები და სცენები. მართალია, ოპერა შედარებით ცივად მიიღეს და გააკრიტიკეს კიდეც, მაგრამ მან დღემდე შეინარჩუნა სიცოცხლისუნარიონაბა მსოფლიო საოპერო სცენაზე. არსებობს რამოდენიმე სტუდიური ჩანაწერი, სადაც ლუკრეციას პარტიაში ბრწყინავენ მონსერა კაბალე, ჯოან საზერლენდი და ედიტა გრუბეროვა. ასევე არსებობს სპექტაკლების ჩანაწერები ამ ორი უკანასკნელი ვოკალისტის მონაწილეობით. ნანახი მაქვს ედიტა გრუბეროვას (Edita Gruberova) 2009წ. ჩანაწერი გადახედვით. 2014 წლის მიუნხენის საოპერო ფესტივალში მისი ჩართვა კი გამიკვირდა (გამომდინარე გრუბეროვას ხანდაზმულობიდან), თუმცა მინდოდა ერთხელ მაინც დავსწრებოდი ამ ლეგენდარული მომღერლის ცოცხალ სპექტაკლს.
   სპექტაკლი შედგა კვირას, 2014 წლის 26 ივლისს, დეკორეციები და კოსტიუმები იყო აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც დვდ–ჩანაწერში, გავიმეორებ – ასკეტური, გადატანილი XIX საუკუნეში, პრაქტიკულად უდეკორაციო. ძირითადი ყურადღება ენიჭებოდა მომღერლებს და მათ ვოკალურ საშუალებებს. წინა შემადგენლობიდან უცვლელი იყო გრუბეროვა და პავოლ ბრესლიკი (Pavol Breslik) ჯენაროს როლში. ორსინის ასრულებდა სილვია ტრო სანტაფე (Silvia Tro Santafé) და ალფონსოს – ჯონ რელი (John Relyea), სადირიჟორო პულტთან კი იდგა პაოლო არივაბენი (Paolo Arrivabeni). ეს წარმოდგენააღსანიშნავი  იყო იმით, რომ ამ სეზონზე შესრულდა  ბავარიის საოპერო თეატრში გრუბეროვას მოღვაწეობის 40 წელი.
პროლოგი იწყება ორსინისა და გუნდის სცენით (Nella fatal di Rimini), ტრო სანტაფე – მოკრძალებული სიმაღლის და საშუალო სიძლიერის მყარი,მეცო–სოპრანო   ლამაზი ხმის პატრონი აღმოჩნდა. პირველ სცენებში იგი სრულიად შესაბამისი იყო თავისი როლის, მეტი აღფრთოვანება დაიმსახურა უკვე შემდგომი სცენებით, სადაც უბადლო ტექნიკით შეასრულა არიის მეორე ნაწილი (Il Segreto per esser Felici). ბრესლიკი ცოცხალ შესრულებაში უფრო კარგი მომეჩვენა ვიდრე ჩანაწერში. ის ყურადღებას იქცევდა ლამაზი, სუფთა, ტემბრალურად უცვლელი და მოქნილი ხმით, რომელიც არ განიცდიდა რაიმე წინააღმდეგობას. ახალგაზრდა მომღერალმა დაუღლელად, ჩავარდნის გარეშე, ცოცხლად და ექსპრესიულად შეასრულა პარტია. ერთი სიტყვით, მსმენელს წარუდგა ნამდვილი ლირიული ტენორი, რომლის ხმა კარგად ჟღერდა დარბაზში. განსაკუთრებულად მოსაწონი იყო ბრესლიკი საფინალო დუეტში (Tu Pur qui? Non sei feggito?/Maffio Muore). მაღალი, მოქნილი, ჟღერადი და შედარებით რბილი (მაღალ რეგისტრში) ბანის პატრონი ჯონ რელი  რატომღაც მაფიოზს მაგონებდა. ვერ ვიტყვი, რომ იგი იდეალურად ჯდებოდა როლში, თუმცა დასამახსოვრებელი იყო. 
ლუკრეცია ბორჯია (ე.გრუბეროვა) და ჯენარო (პ.ბრესლიკი)
რაც ეხება ედიტა გრუბეროვას – პირველ არიაში (Com’e bello!) მიუხედავად შედარებით ნელი ტემპისა, მან გასაოცარი პასაჟი ბრწინვალედ შეასრულა. ერთი–ორი ზედა ნოტიც საუკეთესო იყო – მისი ტრადიციის შესაბამისად. მაგრამ ეს იყო და ეს. ბრესლიკი უმატებდა, გრუბეროვა კი აკლებდა – არც სუნთქვა, არც ასაკი და არც ფორმა მას არ აძლევდა საშუალებას როლი მიეყვანა ბოლომდე, საგრძნობი ხარვეზების გარეშე. მეტიც – მისი შესრულება იყო ის მკაფიო მაგალითი, როდესაც გაგონდება უკვდავი ფრაზა – მსახიობმა უნდა იცოდეს, როდის დატოვოს სცენა. ფინალურ არიაში (Era Desso Il Figlio Mio) მაღალი ნოტი უკვე ისეთი ხარვეზით აჟღერდა, რომ მისი ‘გამართლება’ შეიძლებოდა მხოლოდ დრამის მსახიობური განცდით, მაგრამ შეიძლება კი ეს ამას მივაწეროთ?
ერთი სიტყვით, საღამო გახდა ერთი პრიმადონას ჩავარდნა სხვა ახალგაზრდა მომღერლების კარგი შესრულების  ფონზე. მაგრამ პუბლიკამ არ იუკადრისა, სიყვარულით მიიღო და მხურვალე  ოვაციებით დააჯილდოვა ედიტა გრუბეროვა – ამით გამოხატა თავისი დიდი მადლიერება მისი ხანგრძლივი შემოქმედების მიმართ, რომლის უდიდესი ნაწილი (40 წელი) მან  ბავარიის ნაციონალური ოპერის სცენაზე გაატარა.
ბოლოს გამოვიდა თეატრის ინტენდატი და ბავარიის კულტურის მინისტრი, რომლებმაც მოკლე სიტყვით აღნიშნეს მომღერლის ღვაწლი მათ თეატრში და გადასცეს საპატიო მედალი. ედიტა გრუბეროვასთვის ეს დაუვიწყარი საიუბილეო საღამო იყო და სამწუხაროდ ჩემთვისაც. ბოლოში დავამატებდი, რომ ‘პრიმადონას’ ვოკალური ფორმიდან გამომდინარე ოპერა შეკვეცილი იყო – ზოგი არია სრულდებოდა გამეორების გარეშე, სხვა შემსრულებლების ნომრებიც შესაბამისად  შეკვეცილი იყო. ერთი სიტყვით,  კითხვაც კი გამიჩნდა– ეს დონიცეტის თუ ედიტა გრუბეროვას ‘ლუკრეცია ბორჯია’ შესრულდა? თუმცა მსმენელებმა ყველაფერი კარგად განსაჯეს...

დავით გიგინეიშვილი / David Gigineishvili


Donizetti – 'Lucrezia Borgia' 
Sunday, 27 July 2014
Nationaltheater (Bavarian State Opera), Munich

Don Alfonso – John Relyea
Donna Lucrezia Borgia – Edita Gruberova
Gennaro – Pavol Breslik
Maffio Orsini – Silvia Tro Santafй
Don Apostolo Gazella – Christian Rieger
Ascanio Petrucci – Andrea Borghini
Gubetta – Goran Juric
Rustighello – Dean Power
Astolfo – Tareq Nazmi

Bayerisches Staatsorchester
The Chorus of Bayerische Staatsoper
Conductor Paolo Arrivabeni
Stage Director Christof Loy

გამოქვეყნებულია ჟურნალში 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2014; 4(57):46-47.