Saturday, February 8, 2020

ბაროკო ფესტივალის საიუბილეო კონცერტი თბილისში


2019 წელს  ბაროკო ფესტივალი თბილისში უკვე მეხუთედ  ჩატარდა. ამ საიუბილეო კონცერტს, სამწუხაროდ,  მხოლოდ მეორე ნახევარში – დეკემბრის თვეში შევუერთდი  როგორც მსმენელი. ამიტომაც ვერაფერს ვიტყვი იმ წარმოდგენებზე, რომელიც ნოემბრის თვეში გაიმართა,  იმ კონცერტებზე ქორეოგრაფია იყო შერწყმული მუსიკასთან (‘ძველებური ცეკვები’ და ‘ფოლია’), რაც ნაწილობრივ შარშანდელ ფესტივალზეც იყო ნაჩვენები, ასე რომ მასზე უკვე მკითხველისთვის მიწოდებული მაქვს ინფორმაცია შარშანდელი პუბლიკაციით. ასევე ნოემბერის თვის პროგრამით ჩატარდა  ფრანგული და იტალიური ბაროკო მუსიკის საღამო, ჩვენთვის უკვე ნაცნობ ჩელისტის - დავიდე ამადიოს მონაწილეობით და ვოკალური საღამო ჩვენი კონტრატენორის – მიხეილ აბრამიშვილის მონაწილეობით (‘13 არია’).
  ფესტივალის დეკემბრის პროგრამაში ძირითადად  ჩამოსული სტუმრები მონაწილეობდნენ. კერძოდ, ფესტივალის ერთ–ერთი სიახლე იყო ფრანგული ანსამბლი ‘Fuoco e Cenere’, რომელიც მისმა ხელმძღვანელმა, ვიოლაზე შემსრულებელმა ჯეი ბერნფელდმა (Jay Bernfeld) დააარსა ამ საუკუნის დასაწყისში. ანსამბლმა, რომლის შემადგენლობაში სამი ან მეტი წევრი იყო, არცთუ პატარა გზა გაიარა – შეასრულა რა შუასაუკუნეების მუსიკიდან დაწყებული მე–XX საუკუნის მუსიკამდე. მას მუდმივად ჰქონდა ინსტრუმენტალური მუსიკის სინთეზი თეატრალურობასა და ვოკალთან, და ამ გზაზე სხვადასხვა ვოკალისტები ებმებოდნენ ანსამბლთან. თბილისშიც ინსტრუმენტულ ანსაბლს, რომელიც სულ 5 წევრისაგან (იქედან მხოლოდ 4 იყო მუსიკოსი) შედგებოდა, მეცო–სოპრანო ნატალი პერესი(Natalie Perez) შეუერთდა. მათ 1 დეკემბერს ორიგინალური და ჩვენთვის უცხო ‘პულჩინელას’ საღამო გვაჩუქეს. ეს იყო მარიონეტების თეატრი მუსიკის ნაზავით, სადაც მთავარი გმირი პულჩინელა გამოხატავდა იმ ეპოქის (და ასევე ახლანდელის!) შვილის ძირითად მისწრაფებებს და ემოციებს თავისივე თავგადასავლების ფონზე. 



პერგოლეზის, დომენიკო გალოსი და ვილჰელმ ფონ ვასენაერის მუსიკის თანხლებით (კამერული და საოპერო მუსიკის ნაწყვეტები) გაიმართა ეს პანტომიმა, სადაც პულჩინელა  ხლართავდა ინტრიგებს, უხსნიდა სიყვარულს, იბრძოდა ნიანგთან, და ა.შ., და ამაში მშვენიერი ახალგაზრდა მომღერალი ქალი – ნატალი პერესიც მონაწილეობდა. მისი სუფთა და ლამაზი კამერული ხმა იმ საღამოს ერთ–ერთი აღმოჩენა იყო.
ანსამბლმა ‘Fuoco e Cenere’ მეორე საღამოც გამართა. 3 დეკემბერს უკვე  ანსამბლმა სამი მუსიკოსით (ვიოლა ბასი, კლავესინი და თეორბა) შეასრულა მარინ მარეს  ვიოლასთვის დაწერილი ცნობილი პიესების ნაწყვეტები, მათ შორის ჩაკონა, ვარიაციები ესპანური ფოლიის მოტივებზე (წიგნი II) და ა.შ. პროგრამის ბოლოს კი ჟაკ მორელის ჩაკონა მოვისმინეთ, მაგრამ უკვე 4 ინსტრუმენტისათვის, სადაც ზემოთ ნახსენებ ტრიოს დაემატა ფლეიტისტი პატრიცია ლავაი. ამ საღამოს უკვე ანსამბლის ხელმძღვანელი ჯეი ბერნფელდი მოექცა მსმენელის ფოკუსში, რადგან მუსიკის ძირითადი ხაზი ვიოლასათვის იყო დაწერილი. მისმა ოსტატობამ და მაღალმა პროფესიონალიზმმა მოხიბლა ქართველი მსმენელი. ეს იყო ნამდვილი ფრანგული ბაროკო მუსიკის საღამო.
7 დეკემბერს ფესტივალმა უმასპინძლმა უნგრელ ვიოლონჩელისტ ბალაშ მატეს (Balazs Máté). კონცერტის პირველ ნაწილში იგი ჩრდილში იყო, რადგან სრულდებოდა პიორსელის, კორელისა და ჰენდელის კამერული ნაწარმოებები. საღამოს მეორე ნაწილი უფრო საინტერესო აღმოჩნდა - კარლ ფილიპ ემანუალ ბახის ნაღვლიანი, დინამიური და სწრაფი მუსიკა მოერგო ჩვენი კამერული ორკესტრის ხელწერილს, რომლის შესრულების მანერა უფრო ესადაგება გვიანი ბაროკოსა და კლასიციზმის მუსიკალურ ნიმუშებს. კ.ფ.ე. ბახის ცნობილი ლა მაჟორული სავიოლონჩელო კონცერტი (Wq.172) დიდი ექსპრესიითა და აქცენტებით შესრულდა. მატეს ინსტრუმენტის დაბალმა ჟღერადობამ და მუქმა პალიტრამ განსაზღვრა ნაწარმოების შესრულების მანერა.


კონცერტის დასასრულს შესრულდა ჰამბურგის სი-მინორული  მე-5 სინფონია (Wq.182) მატეს დირიჟორობით. დომინირებდა სიმებიანი შფოთიანი აქცენტები და გრიგალისებური ტემპები - რამაც აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო და საღამოს წარმატება განაპირობა.
ფესტივალის ნამდვილი „გემრიელი შაქარლამა“ ბოლო - 13 დეკემბერს გამართული კონცერტი აღმოჩნდა. ვენეციური ბაროკო მუსიკა - ვივალდი და პლატი შესრულდა ორი ვირტუოზის - სერჯიო აზოლინისა (Sergio Azzolini) და ბალაშ მატეს მიერ. პროგრამაში იყო კონცერტები ერთი ინსტრუმენტისათვის: სავიოლონჩელო (ვივალდი RV 417, 412) და ფაგოტი (პლატი, ვივალდი RV476), ასევე ორივე ინსტრუმენტისათვის (ვივალდი RV409). როგორც მუსიკალური სტილით, ასევე ტონალობით პროგრამაში ჩართული ნაწარმოებები კარგად ასახავდა ვივალდის გენიას. მეტიც – დო–მაჟორული კონცერტი RV476 შესრულდა რეკონსტრუირებულად ორი ფაგოტისათვის (მეორე ინსტრუმენტზე  ჩამოსული სტუმარი – აი იკედა (Ai Ikeda) იყო. ასე რომ, ამ ორმა ინსტრუმენტმა სასწაული ვირტუოზული დუეტი გამართა ჯაზური ინტერპრეტაციების სტილში. ასევე აღნიშვნის ღირსია  ჩვენი ორკესტრის პირველი ვიოლინოს – გიორგი კერელაშვილის ვიოლინოს წამყვანი პარტიის ჩინებული შესრულება ვივალდის კონცერტში, ვიოლინოსა და ორი ჩელოსათვის RV561. 


მშვენიერი საღამო შედგა – ამას არა მხოლოდ შერჩეულმა პროგრამამ, არამედ სერჯიო აზოლინის განწყობამაც შეუწყო ხელი. ეს დიდებული ვირტუოზი უკვე საქართველოს მეგობარია და იგი ხშირად გვსტუმრობს ჩვენ და გვანებივრებს თავისი შესრულებით. ახლაც, კონცერტის ბოლოს აზოლინიმ ბისზე კიდევ ორი ვივალდის ახალი ნაწყვეტი შეასრულა. 
ფესტივალი დასრულდა, მაგრამ ჭეშმარიტი მუსიკის მოყვარულნი უკვე ახალ ფესტივალის მოლოდინში არიან, რომელიც მათ უდავოდ ახალ, აქამდე თბილისში შეუსრულებელ მუსიკალური ნაწარმოებებს აჩუქებს.

დავით გიგინეიშვილი

წერილი გამოქვეყნებულია ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2020; 1(78):32-33.

No comments:

Post a Comment