Monday, December 3, 2018

ბრემენის 29 მუსიკის ფესტივალი / 29th Music festival Bremen


ეს ფესტივალი ტრადიციულად ამა წლის აგვისტო-სექტემბერში გაიმართა. მშვენიერი იყო ამ დროის ბრემენი. შემოდგომის დასაწყისის ფერმკრთალი მზე კიდევ უფრო წარმოაჩენდა იმ წესრიგს, სისუფთავეს, სიმყუდროვეს, არქიტექტურულ სილამაზესა და დიდებულებას, რაც, ზოგადად, ევროპის ქალაქებს  ახასიათებთ...
 ფესტივალის გახსნა 25 აგვისტოს პომპეზურად ჩატარდა - ღონისძიებები ცხრა სხვადასხვა  დარბაზში ერთ დღეს, მაგრამ სამ განსხვავებულ დროს ტარდებოდა (19:30; 21 და 22:30-ზე). მსმენელს ერთი ბილეთით შეეძლო 45 წუთიან კონცერტს რამდენჯერმე (სამ განსხვავებულ ადგილას) დასწრებოდა. კონცერტების უმეტესობა ერთიდაიგივე შემსრულებლების მიერ მეორდებოდა, მაგრამ იყო ისეთი ანსამბლი, რომელიც სამ განსხვავებულ კონცერტს სთავაზობდა მსმენელს  (კერძოდ, თეოდორ კურენზისი ორკესტრით ‘მუზიკა ეტერნა’ ასრულებდა ბეთხოვენის 5, 6 და 7 სიმფონიას). დამსწრე საზოგადოებას ყველა სახის მუსიკა ელოდებოდა, რაც  ფესტივალის ფარგლებში სრულდება - სიმფონიურიდან დაწყებული, კამერულითა და ჯაზით დამთავრებული. კულტურული მემკვიდრეობის ფარგლებში 29 აგვისატოდან 2 სექტემბრამდე ჩატარდა ასევე საორღანო მუსიკის ფესტივალი, მიძღვნილი ორღანის დიდი გერმანელი ოსტატის - არპ შნიტგერისადმი. ეს იყო ექვსი დამოუკიდებელი კონცერტი ექვს განსხვავებულ ორღანზე, მათ შორის ოთხი მათგანი შექმნილი იყო თვით  შნიტგერის მიერ.  საინტერესო იყო აგრეთვე ფესტივალის პროგრამაში შეტანილი ახალი რუბრიკა: კონცერტი - სურპრიზი, სადაც მუსიკოსებს შეეძლოთ შემოეთავაზებინათ  მოულოდნელი და იმპროვიზაციული მანერა: ევროპული მუსიკალური ტრადიციების გადაჯაჭვა სხვა კონტინენტის ტრადიციებთან. მაგრამ, თავისთავად ცხადია, ტრადიცია არ დაირღვა და ფესტივალზე იყო წარმოდგენილი საოპერო, ორატორიალური და სიმფონიური, კამერული და ინსტრუმენტალური მუსიკა. ვიზიტის ხანმოკლეობიდან გამომდინარე  ოთხ ღონისძიებას დავესწარი, რომელზედაც დეტალურად მოგახსენებთ: პირველ სექტემბერს ფესტივალის აფიშით გამოცხადებული იყო ოფენბახის (Jacques Offenbach, 1819-1880) ოპერა ‘ჰოფმანის ზღაპრები/Les Contes d’Hoffmann’, რომელსაც ფრანგული დასი ასრულებდა ცნობილი დირიჟორის, მარკ მინკოვსკის (Marc Minkowski) ხელმძღვანელობით. მინკოვსკი თავის ორკესტრით (ლუვრის მუსიკოსები - Les Musiciens du Louvre) ჩამოვიდა. მას ასევე მოჰყვა ვენის ფილარმონიული გუნდი და ვოკალისტები, რომელთაგან ვარსკვლავი იყო სოპრანო -  ჯესიკა პრატი (Jessica Pratt). ოპერაში, ამ მომღერალმა, სამივე წამყვანი პარტია (ოლიმპია, ანტონია და ჯულიეტა) შეასრულა. სიუჟეტზე მკითხველის ყურადღებას არ შევაჩერებ, რადგანაც ოპერა ტელევიზიიდან მოსმენილი აქვს ჩვენს მაყურებელს. იგი წარმოადგენს როგორც ე.ტ.ა.ჰოფმანის, ასევე ლიბრეტისტის ფანტაზიის ნაზავს, ეს ფანტაზია, უფრო მეტად, იკვებება ჰოფმანის რეალური სასიყვარულო ისტორიებით. ოპერა წარმოგვიდგინეს მაიკლ კეიესა და ჯან-კრისტოფ კეკის რედაქციით (რადგან კომპოზიტორმა  სიცოცხლეში ვერ დაასრულა ოპერა), რაც ამჟამად ყველაზე პოპულარული რედაქციაა,  მოიცავს 5 აქტს, მასში შედის ბარკაროლა, ჰოფმანის კუპლეტები და ჯულიეტას არია მეოთხე აქტიდან და მეხუთე აქტის ჰოფმანის და მუზის კუპლეტები. რაც შეეხება შესრულებას, ჯესიკა პრატი აღემატებოდა ყველა სხვა შემსრულებლებს - მისი ტემბრი, ხმის სიძლიერე და ტექნიკა იყო შთამბეჭდავი. გარკვეული ხმის სილაღის დეფიციტი რულადებში მან ოსტატურად დაფარა განსხვავებული ორნამენტაციით (პირველ რიგში ოლიმპიას არიის მეორე ნაწილში). სხვა მხრივ, იგი ძალზე კარგი იყო. გამოვყოფდი, ასევე, კანადელ ბარიტონ რობერტ გლიდოუს (Robert Gleadow) - ლინდორფის, კოპელიუსისა და დაპერტუტოს შემსრულებელს. ეს მაღალი მომღერალი (წვერ-ულვაშებითა და გრძელი თმებით), ცდილობდა გარეგნული  გამოსახულებითა და ჟესტებით სახასიათო პალიტრა შეექმნა თავისი გმირისთვის. პირველ აქტში, ლინდორფის არიის შემდეგ, იგი დარბაზშიც კი ჩამოვიდა და მეოთხე რიგში,  გაოცებულ მსმენელის გვერდზე დაჯდა. შესრულება იყო საკონცერტო, რადგან ბრემენის ცნობილი დარბაზი - ‘ზარები’ არ იძლევა ოპერის სრულყოფილად დადგმის საშუალებას, მომღერლები პარტიტურით ხელში და ჩვეულებრივი საღამო კოსტიუმებში გამოწყობილნი იყვნენ. გამონაკლისი იყო ჯესიკა პრატი, რომელიც ზოგიერთ აქტში იცვლიდა კაბას (ან სცენის ბოლოს პორტიკზე ჩანდა ვუალით) და ტენორი კრისტოფ მორტანი (Christophe Mortagne), რომელიც სპალანცანისა და ნატანაელის პარტიაში გამოდიოდა. ეს უკანასკნელი სცენაზე  ჯადოსნური საკარნავალო მოსასხამითა  და აჩეჩილი თმებით  გამოვიდა. სახასიათო იყო ასევე სხვა მეორეხარისხოვანი პარტიის შემსრულებელი, ტენორი მათიას ვიდალი (Mathias Vidal) - პატარა სიმაღლისა, სათვალეებით, დასის წევრებთან მუდამ „მოკინკლავე“ (განსაკუთრებით, ორკესტრის ახალგაზრდა მევიოლინე ქალბატონზე იყო „გადაკიდებული“), ის იყო საკმაოდ კომიკური და არტისტული, კერძოდ, მესამე აქტის ფრანცის კუპლეტებში. კარგად შეასრულა როლი ასევე მეცოსოპრანო ოდე ექსტრემომ (Aude Extrémo). იგი ჰოფმანის ერთგული მეგობრის ნიკლაუსისა და მუზის როლში გამოდიოდა. ცხადია, მკითხველს დაებადება კითხვა - როგორი იყო ჰოფმანის პარტიის შემსრულებელი - ამერიკელი ტენორი ლეონარდო კაპალბო (Leonardo Capalbo) - არც ისე ეფექტური, როგორც მოსალოდნელი იყო - მან ოპერა ფრანგული სასიმღერო მანერით შეასრულა. მაგრამ, მეოთხე აქტიდან ხმის ფორსირება მოუწია - არც ამ მანერაში იყო მოსაწონი. სამაგიეროდ, ეს ხარვეზები გადაიფარა მინკოვსკის საუკეთესო დირიჟორობით და ანსამბლებში ვოკალისტების შეთახმებული შესრულებით. მინკოვსკის ინტერპრეტაცია დრამატული და სიღრმისეული იყო, ორკესტრი და გუნდი უნაკლოდ ასრულებდნენ დირიჟორის ჩანაფიქრს. აღსანიშნავია, პირველი ვიოლინო (ტიბო ნოალი - Thibault Noally) ჰოფმანის არიის მეორე აქტში და განსაკუთრებით, ნიკლაუსის რომანსის მესამე აქტში. მსმენელი მხურვალედ შეხვდა ამ საღამოს; მინკოვსკი სპექტაკლის დასასრულს მოლბა, მანამ კი აქტიური ხელმძღვანელი იყო და მკაცრიც კი, ერთხელაც  უკმაყოფილება ვერ დამალა დასის სიზანტით, რადგან იგი წინააღმდეგობაში მოდიოდა მის სწრაფ და მოქნილ ტემპებთან.
შემდგომი საღამო, რომელიც უკვე პატარა ქალაქ ბრემერჰაფენში 3 სექტემბერს გაიმართა - კამერული მუსიკის კონცერტი იყო, რომელშიც თანამედროვეობის ორი სახელმოხვეჭილი შემსრულებელი გამოვიდა - მევიოლინე რენო კაპუსონი (Renaud Capuçon) და პიანისტი დავით ფრე (David Fray). კონცერტი ჩატარდა ბრემერჰაფენის ინდუსტრიისა და კომერციის სახლის კამერულ დარბაზში. დარბაზი პატარა - სულ 12-რიგიანი იყო და იტევდა საშუალოდ 190 მსმენელს. ამის მიუხედავად, დარბაზის აკუსტიკა არ იყო იდეალური. ვიოლინოს გამოკვეთილი ხმა  ფორტეპიანოსთან ბალანსს არ არღვევდა და  კლავიშებიან ინსტრუმენტს არ ახშობდა. ორივე ინსტრუმენტალისტი ჩინებულ ფორმაში იყო. ბეთხოვენის ცნობილი ‘საგაზაფხულო/Frühlingssonate’ სონატას  (#5, ოპუსი 24) - გამოზომილი, დინამიური დასაწყისის შემდეგ მოჰყვა ელეგიური ადაჯიო, რომელიც შეიცვალა მხიარული სკერცოთი და ოპტიმისტური რონდოთი. მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა სახეზე იყო და ჩანდა, რომ მათ ეს ნაწარმოები დამუშავებული ჰქონდათ. შუბერტის სონატის ‘დუო/Duo’ ლა-მაჟორი, D574 პირველმა ნაწილმა ამ დუეტისათვის გარკვეული სიძნელეები შექმნა - ამ ნაწილის რთულ გადასვლებში წყობა ოდნავ დაიშალა, მაგრამ უკვე სკერცოში და შემდგომ, ანდანტინო და ალეგრო ვივაჩეში შემსრულებლებმა გამოავლინეს უბადლო ექსპრესია, რაც ფინალში ფორტისიმოში გადაიზარდა. შესვენების შემდეგ შესრულდა ბეთხოვენის სონატა #7 ოპუსი 30/2. ამ სონატაში ინსტრუმენტალისტებმა ისევ მაღალი ჰარმონიზაცია გამოავლინეს - ამ მუსიკალურ ნაწარმოებში პიციკატოც კი მევიოლინემ ექსპრესიით შეასრულა. შთამბეჭდავი იყო საფინალო სკერცო - ჩქარ და საცეკვაო რიტმში გახვეული  ბგერები თითქოსდა დახტოდნენ. ზოგადად, აღნიშნულ დუეტს, უფრო ექსპრესიული, ფორტისიმოსაკენ მიდრეკილება ახასიათებდა, რაც, სავარაუდოდ,  ამ ეპოქის ნიშანია. ბისზე შესრულდა ბახის სონატის ფრანგმენტი. აქ კი, პირველად, ორკესტრანტებმა თავიანთ შესრულებაში ლირიზმი, სევდა და ფიქრი შეიტანეს.
ოთხ სექტემბერს ისევ ბრემენის ‘ზარებში’, რაც ფესტივალის ძირითად დარბაზს წარმოადგენს, პარიზული დასი როსინის ‘სევილიელ დალაქს/Il Barbiere di Siviglia’ ასრულებდა. ოპერას უძღვებოდა ახალგაზრდა ფრანგი ვარსკვლავი - დირიჟორი ჟერემი რორე (Jérémie Rhorer) თავის ორკესტრთან ერთად ‘Le Cercle de l’Harmonie’. მომღერლები ჩემთვის უცნობი იყო, გარდა ალმავივას შემსრულებლის - ტენორი მიკელე ანჯელინისა (Michele Angelini), რომელიც ზუსტად ამ როლში მქონდა მოსმენილი ტელეტრანსლაციით და რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ამჟამადაც ოპერის საკონცერტო შესრულებას სთავაზობდნენ მაყურებელს. დირიჟორის ხელი და ორკესტრის გამოცდილება უკვე უვერტიურიდან გახდა ნათელი, რომელიც ნიუანსებით და აუჩქარებლად შესრულდა. ფიორელოსთან სცენის შემდეგ, გამოჩენისთანავე  ანჯელინიმ გამოავლინა არატრადიციული ორნამენტების და მაღალი ნოტების გამოყენების ტენდენცია. მას თბილი, ნამდვილად სამხრეთული და არცთუ პატარა ხმა ჰქონდა, გრაფის კანცონაში (Se il mio nome) აქცენტები და ტემპი შეცვალა, რითაც მელოდიურ ხაზს ესპანური საცეკვავო რიტმი შესძინა. ფიგაროს შემსრულებელი - ფრანგი გიომ ანდრიო (Guillaume Andrieux) იყო მოქნილი, სხარტი - მაგრამ ტემბრალურად მისი ხმა არ გიზიდავდა, მაღლები რბილი და შეუმჩნეველი ჰქონდა. იგი იგებდა ანსამბლებში, მაგრამ სადაც ვოკალი იყო გამოსაჩენი - უფერული რჩებოდა.  როზინას როლში გამოდიოდა რუსი მეცოსოპრანო ანა გორიაჩოვა (Anna Goryachova). მის ხმას უფრო კონტრალტოს დავარქმევდი. კარგი ტექნიკა, მყარი მაღლები ახასიათებდა. პირველ აქტში მომღერალი სრული ხმით მღეროდა - იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ხმით უნდოდა აევსო  დარბაზი და მოეხიბლა მსმენელი. ეს როზინას პარტიისათვის და როსინის მუსიკისათვის შეუფერებელი იყო. მეორე და მესამე აქტში მომღერალმა შეამცირა ‘ვერისტული’ სიმღერა და მიუახლოვდა თავის პარტიას. ბარტოლოს როლში გამოვიდა უნგრელი ბანი - პეტერ კალმანი (Peter Kálmán), რომელიც საღამოზე ვოკალურადაც და არტისტულად ბრწყინავდა. ‘სევილიელი დალაქი’ საკონცერტო შესრულებაშიც იძლევა ფართო საშუალებას გამოავლინო მოქმედება და კომიზმი - ამ სპექტაკლს ეს არ აკლდა. გონივრულად გამოიყენეს სცენის ბუნებრივი გალერეა, განსაკუთრებით, პირველ აქტში. ბაზილიოს როლში უკვე ჩვენთვის ნაცნობი კანადელი ბას-ბარიტონი რობერტ გლიდოუ გამოდიოდა. მისგან მეტს ველოდი - მაგრამ პარტიისათვის საჭირო სიძლიერე და სიმტკიცე მის ხმას აკლდა - ამიტომაც ბაზილიოს სახე გაფერმკრთალდა და იგი ცენტრალური პერსონიდან მეორეხარისხოვანად იქცა. ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად ძნელი პარტიაა ბაზილიოს როლი ამ ოპერაში. ოპერა შესრულდა სრული ვერსიით, სადაც გახსნილი იყო კუპიურები ანსამბლებში, იყო ბერტას არია და რაც მთავარია საფინალო დიდი და რთული ალმავივას სცენა და არია გუნდთან (Cessa di piu resistere). ანსამბლი - ვოკალისტები და ორკესტრი შეკრული და ერთმანეთთან შეთანხმებულნი ჩანდნენ, მხოლოდ ამოვარდნილი იყო რუსი მეცოსოპრანო. მაგრამ უდავო იყო ერთი რამ - ეს საღამო ტენორის - მიკელე ანჯელინის ბენეფისი იყო. მთელი პარტია მან ახალგაზრდული ენერგიით, დაუღლელად ჩაატარა - რა ტემპი, რა სიძლიერე, რა ლეგატო, სილაღე ზედა რეგისტრში, ტექნიკურად ფიორიტურებს  უნაკლოდ უმკლავდებოდა. თან პარტიაში დირიჟორის თანხმობით ბევრი ტექნიკური ცვლილება შეიტანა, რაც გხიბლავდა და გიზიდავდა. არა მგონია დღეს ვინმეს ასე თავისუფლად და ეფექტურად შეუძლია ეს რთული ბელ-კანტოს პარტია შეასრულოს. შესაძლოა ჩვენ საოპერო სცენის ახალი ვარსკვლავის დაბადების მომსწრენი ვართ. მსმენელმა გულთბილად მიიღო სპექტაკლი - ოვაციები არ წყდებოდა.
მეოთხე სპექტაკლი - იტალიური ბაროკო მუსიკა იტალიური დასის შესრულებით -გაიმართა 8 სექტემბერს პატარა ქალაქ ოლდენბურგის სახელმწიფო თეატრში.  ოლდენბურგის თეატრს, როგორც თეატრებს ზოგადად ახასიათებთ, გრძელი და დრამატული წარსული აქვს. პირველად 1833 წელს აშენდა ხის თეატრი და იგი დრამატული თეატრის ფუნქციას ასრულებდა, მოგვიანებით 1881 წელს მის წინ აშენდა რენესანსის სტილის ქვის შენობა. ათი წლის თავზე თეატრს ხანძარი გაუჩნდა. 1893 წელს განახლებული შენობა ისევ გაიხსნა, მასში შიდა დიზაინი შეცვალეს (ბაროკო სტილში) და ელექტროობა შეიყვანეს. 1921 წელს თეატრს, მასში განხორციელებულმა ცვლილებამ საოპერო მუსიკის შესრულების შესაძლებლობა მისცა.  ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება - სეზონის განმავლობაში თეატრში იდგმება დრამატული პიესები, ოპერეტა, ბალეტი და ოპერა. ბუნებრივია, თეატრს ჰყავს თავისი მუდმივმოქმედი ორკესტრი და გუნდი. ეს კოხტა, საშუალო ზომის სამიარუსიანი თეატრი გამოირჩევა მოხატული და მორთული ჭერით და ჭაღით. ჩანაწერებიდან  ჩემთვის უკვე ნაცნობ ანსამბლს ‘Concerto de’ Cavalieri’ მისი მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი მარჩელო დი ლიზა (Marcello di Lisa) უძღოდა. ამ საღამოსთვის ორკესტრი შედგებოდა  13 შემსრულებლისგან,, რომელთაგან 10 სიმებიანი ინსტრუმენტი იყო. პირველი ვიოლინო იმ საღამოს სახელგანთქმული ფედერიკო გულიელმო (Federico Guglielmo) გახლდათ. ეს მევიოლინე, ბაროკო მუსიკის ცნობილი ინტერპრეტატორი, თავად ხელმძღვანელობს ორკესტრს L’Arte dell’ Arco, რომელიც ტრადიციულად ვივალდის კამერულ და სხვა იტალიელი ბაროკო ეპოქის კომპოზიტორების მუსიკას ასრულებს. მომღერალი სამი იყო - სოპრანო ფრანჩესკა ასპრომონტე, მეცოსოპრანო ტერეზა იერვოლინო და ბანი - რენატო დოლჩინი. ნიკოლა პორპორას (Nicola Porpora, 1686-1768) ორნაწილიანი სერენადა-კანტატა ‘La lole’-ს წინ ორკესტრანტებმა ანჯელო რაგაცის სოლ მაჟორული სონატა შეასრულეს, რაც ერთგვარად ‘გახურების’ ტოლფასი იყო. პორპორას სერენადა იმ ეპოქის ტრადიციებისამებრ ხანგრძლივი ნაწარმოებია, რომელიც მრავალი ვოკალური ნომრისაგან შედგება - უპირატესად ერთი დუეტის, საფინალო ტრიოს, რეჩიტატივებისა და სოლო არიებისგან, დე ლიზას შესრულების მანერა მეტად კონსერვატული იყო, დღეს - იტალიური კამერული ორკესტრების იმპროვიზაციული ინტერპრეტაციის ფონზე სხვანაირად ამ შესრულების მანერას ვერ დაარქმევ. გამოვყოფდი ფედერიკო გულიელმოს, რომელსაც იმ საღამოს დიდი ჯაფა დაადგა. მისი ვიოლინოს ხმა არ გამოირჩეოდა არც სიმძლავრით და არც ექსპრესიით ორკესტრის ზოგადი ტონალობის ფონზე. მომღერლებმა კი მაღალი კლასი უჩვენეს - მეცო-კონტრალტო ტერეზა იერვოლინოს (Teresa Iervolino) გამოვყოფდი მისი ვოკალური ტემბრის სილამაზითა და ტექნიკით (არიები: Scuote qui l’aura; Scuote la chioma d’oro). ბანი რენატო დოლჩინი (Renato Dolcini), ასევე ლამაზი კამერული ხმის პატრონი, კარგად ფლობდა პარტიას. გამოვყოფდი მის რეჩიტატივსა და არიას მეორე ნაწილიდან (Ho gia la metre…Ombre oscure). არც სოპრანო ფრანჩესკა ასპრომონტე (Francesca Asmopronte) ოყო ურიგო - თუმცა მის წკრიალა ხმას მაღლებზე ოდნავ მყვირალა ელფერი დაჰყვებოდა. სხვა მხრივ, მასაც წუნს ვერ დადებდით (არია Usa tu l’armi). ერთი სიტყვით, იტალიელმა მომღერლებმა მაღალი კლასი უჩვენეს, მერამდენედ დაამტკიცეს, რომ ვოკალური მუსიკა მათი ხვედრია. რაც ეხება პორპორას უცნობ სერენადას - იგი არ გამოირჩეოდა რაიმე ორიგინალობით, მის მუსიკალურ ტექსტურაში იყო ტრადიციული ბაროკო მუსიკის ელემენტები და მელოდიური წყობა. უბრალოდ, ამის გახსენება იყო ფრიად სასიამოვნო. დარბაზში (ყოველ შემთხვევისას ჩემი რიგიდან) ხმები და კამერული ორკესტრი კარგად ისმოდა. მაყურებელმა თბილად მიიღო იტალიელი შემსრულებელი - ოვაციები არ წყდებოდა. დასმა ამის საპასუხოდ საფინალო ტრიო გაიმეორა. ასე დასრულდა ეს კამერული საღამო და ჩემი მონაწილეობა ბრემენის ფესტივალში. მაგრამ ფესტივალი გაგრძელდა - წინ სხვა სპექტაკლები და დიდი სახელები იყო - ფაბიო ბიონდი, რენე იაკობსი (ჰენდელის ულამაზესი ორატორიის რეპერტუარით), თუმცა რას გააწყობ, გეზი, უკან, თბილისისაკენ აღებული მქონდა. ბოლოში მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ბრემენის ფესტივალის პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი - ბატონი კერსტინ პრასლერი, რომლის ყურადღებისა და კეთილგანწყობის შედეგად მომეცა საშუალება უკვე მეორედ დავსწრებოდი გერმანიის ამ სახელგანთქმულ ფესტივალს. ყველა გაგზავნილი მოთხოვნა ბატონი პრასლერის მიერ იყო დაკმაყოფილებული, რაც ფესტივალის მომწყობი გერმანული მხარის გულისხმიერებასა და ყურადღებაზე მიუთითებს. 

ავით გიგინეიშვილი

დაბეჭდილია ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2018 N3 (72): 44-48.

No comments:

Post a Comment