Monday, December 3, 2018

ბაროკო ფესტივალი კვლავ ჩვენთანაა / Tbilisi Baroque festival 2018


2018 წლის თბილისის ბაროკო ფესტივალი (tbf.ge), ტრადიციულად, შემოდგომაზე, ნოემბრის თვეში დაიწყო. წელს მუსიკალური სპექტაკლების რაოდენობა, წინა ფესტივალებთან შედარებით, ნაკლები იყო, მაგრამ ორგანიზატორებმა სიურპრიზი მოგვიწყვეს - ეს იყო ფესტივალის ძირითადი კოლექტივის და მასპინძლის - ‘საქართველოს სინფონიეტას’ 10 წლისადმი მიძღვნილი დოკუმენტალური ფილმი და მოცარტის ‘რექვიემის’ ავთენტური შესრულება.  ამ უკანასკნელზე კი მოგვიანებით მოგახსენებთ.
უცხოეთში სამეცნიერო მივლინების გამო პირველი სპექტაკლი გავაცდინე და შესაბამისად ვერაფერს მოგახსენებთ. მეორე სპექტაკლი ქართული ძალებით გაიმართა, რადგან დანაპირების მიუხედავად, ავადმყოფობის გამო გერმანელი დირიჟორი - ქალბატონი კორნელია ფონ კერსენბროკი წელს ვერ ჩამოვიდა თბილისში. მაგრამ პროგრამა ნაკლებად საინეტერესო არ გამხდარა. ქართველმა შემსრულებლებმა ჯერ ჰენდელის ულამაზესი სოლ-მინორული საორღანო კონცერტი #1 ოპ. 4, HWV289 შეასრულეს, სადაც ახლად შეძენილი ორღანი პოზიტივი აჟღერდა და მერე ჰაიდნის სახელგანთქმული დო-მაჟორული კონცერტი კლავიშიანი ინსტუმენტისათვის HobXVIII:11. ჰაიდნის კონცერტი თავისებურად შესრულდა - პირველი და მესამე (უნგრული რონდო) ნაწილები კლავესინზე და შუა ნაწილი -  ორღანზე. ორღანი ჟღერდა დიდებულად - მთელი პალიტრით გაანათა ჰენდელის კონცერტში და დაჩაგრა კლავესინი, რომელიც ისედაც, სამწუხაროდ, ცუდი ჟღერადობით გამოირჩეოდა. ამ საქმეს არც შემსრულებლის ჩანაცვლებამ უშველა - ჰენდელი შეასრულა ანა ქურდოვანიძემ და ჰაიდნის კონცერტი კი - ალექსანდრე ვასაძემ

კონცერტის მეორე ნაწილი ი.ს.ბახის საეკლესიო მუსიკას მიეძღვნა - შესრულდა ლაიფციგის პერიოდის კანტატა BWV 42 ‘Am Abend aber desselbiden Sabbats’ და ნაწყვეტები კანტატიდან BWV 12. კანტატა BWV 42-ის  შესავალში ულამაზესი სიმფონიაა, სადაც ჰობოის წამყვანი როლი ენიჭება. ასევე ჰობოი ჟღერს მეცო-სოპრანოს არიაშიც (Wo zwei und drei versammlet). გიორგი ქობულაშვილმა ჩინებულად დაძლია ჰობოი ობლიგატოს პარტია. ძალზე მომეწონა ჩვენი მეცო-სოპრანო, ნონა კიკალიშვილი, რომელსაც ხავერდოვანი, მკვრივი და ძლიერი ალტი ჰქონდა, მან ძველი გერმანელი მეცო-სოპრანოები მომაგონა, რომლებიც კარლ რიხტერის ხელმძღვანელობით ბახის მუსიკას ასრულებდნენ 50-60 წლებში. ბანის არია შეასრულა საოპერო მომღერალმა - გივი გიგინეიშვილმა. ჩვენი ბანის ჩართვა კამერული კანტატის შესრულებაში ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ ბახის კანტატის ამ პარტიას უფრო ბას-ბარიტონალური ტემბრი სჭირდება. დარბაზში მოსმენისას დარწმუნებული და ამაყი ვიყავი რადგან მიმაჩნდა რომ კანტატა BWV42 შესრულდა სრულად. უკვე, შინ მისულმა, ლიტერატურას და ჩანაწერებს რომ გადავხედე, აღმოვაჩინე რომ კანტატა დიდი კუპიურებით შესრულდა, რამაც შესრულებიდან მიღებული აღფრთოვანება შემინელა (გამოდის, რომ ბახის კანტატა სრულ ვერსიაში მაინც ვერადა ვერ  შევასრულეთ!). ვფიქრობ, პროგრამაში ეს ფაქტი მკაფიოდ მინიშნებული უნდა ყოფილიყო.

19 ნოემბერს, ჩვენ ორკესტრს ხელმძღვანელობდა გერმანელი დირიჟორი კრისტოფ მაიერი. ჩვენი მსმენელისათვის ძალზე უცნობი ბაროკო მუსიკა იყო წარმოდგენილი: ინგლისში მოღვაწე ჩარლზ ეივისონი, უილიამ ბოისი და ფრანჩესკო ბარსანტი, რომელთა მუსიკაში უდავოა იტალიური გავლენა და თავად იტალიელები: ვენეციელები ტომაზო ალბინონი და ანტონიო ვივალდი; ნეაპოლელი ფრანჩესკო დურანტე და მილანელი ჯოვანი ბატისტა სამარტინი. გერმანელ დირიჟორს ერთი თავისებურება ახასიათებს - ყოველი ახალი ნომრის წინ იგი აუდიტორიას გარკვეული მოკლე ინფორმაციას აწვდის ამ ნაწარმოების მუსიკალური ღირებულებების ირგვლივ. არც ახლა უღალატა მან თავის ტრადიციას.  კონცერტისათვის შერჩეული ნაწარმოებების ნაწილი, კერძოდ იტალიელი კომპოზიტორების სიმფონიები სიმებიანებისათვის მათ შემოქმედების მწვერვალს არ წარმოადგენდა. მაგრამ კონცერტი საინტერესო გამოვიდა, ბისზე დირიჟორმა შეასრულა ჰენდელის  ოპუს 6-ის მეშვიდე სი-ბემოლ მაჟორული კონჩერტო გროსოს ნაწილი (Hornpipe), რომელსაც ისეთი აქცენტები მისცა, რომ ჰენდელის მოყვარული არც ისე იოლად გამოიცნობდა მელოდიას.

ფესტივალის მეორე ნაწილი უფრო დიდ ინტერესს წარმოადგენდა, რადგან თბილისს ეწვია ცნობილი იტალიური, ძველებური მუსიკის ორკესტრი ‘Zefiro’ (www.ensemblezefiro.it), დაარსებული 1989 წელს იტალიელი ჰობოისტის ალფრედო ბერნარდინის (Alfredo Bernardini) მიერ. ორკესტრი ასრულებს ბაროკო მუსიკის დიდ სპექტრს, მაგრამ მეტი ყურადღება ექცევა ჩასაბერ ინსტრუმენტებს და ნაწარმოებებს, დაწერილს მხოლოდ ან უმეტესად ამ ინსტუმენტებისათვის (პარტიტები, ოქტეტები და სონატები, მუსიკა წყალზე, მუსიკა ფეიერვერკისათვის). თბილისში ამ ორკესტრის ზუსტად ჩასაბერი ინსტრუმენტების შემსრულებლები ჩამოვიდნენ ალფრედო ბერნარდინის ხელმძღვანელობით.  22 ნოემბერს ანსამბლმა სამი ოქტეტი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ სამივე ნაწარმოები ვენაში დაწერილია: ფრანც კრომერმა შექმნა იგი 1806 წელს, მოცარტმა 1782-1783 და ბეთჰოვენმა - 1792. XVIII საუკუნის ბოლოს მუსიკამ მხოლოდ ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის (Harmoniemusik) დიდ პოპულარობას მიაღწია როგორც იმპერატორის კარზე ასევე არისტოკრატიულ წრეებში. აქამდე მხოლოდ სამხედრო პარადებში მონაწილე ინსტრუმენტებმა უკვე სალონებში და სასახლეებში გადაინაცვლა და ცნობილმა კომპოზიტორებმა გვერდი არ აუარეს დროის ამ მოთხოვნას. ფრანც კრომერმა (Franz Krommer, 1759-1831), წარმოშობით მორავიელმა (ჩეხეთის რესპუბლიკა) კარიერის ბოლოს ავსტრიის იმპერატორის კარზე დიდი აღიარება მოიპოვა და იმპერატორის კარის კომპოზიტორის რანგს მიაღწია. იმ დროისათვის იგი ბეთჰოვენის კონკურენტად მიიჩნეოდა. მაგრამ, დრომ მისი სახელი დაჩრდილა, მაშინ როდესაც ბეთჰოვენმა უკვდავება მოიპოვა. ოთხნაწილიან პარტიტა ოპუსი 57 მი მაჟორში (Octet-Partita ‘Harmonie’) გამოვყოფდი ლამაზ მეოთხე ნაწილებს, სადაც მუსიკას ვენური მხიარულება, სილაღე და სიმსუბუქე ეტყობოდა.  

მოცარტის სერენადა დო მინორში (Serenade KV388) საკმაოდ ვირტუოზული ნაწარმოები, რომელიც მან 26 წლის ასაკში შექმნა, მაშინ, როდესაც საბოლოოდ მოცილდა ზალცბურგს და დიდი იმედებით გაეშურა ვენაში. მაგრამ ეს მისი ყველაზე განთქმული და დიდებული ოქტეტი არ არის. ბეთჰოვენის ოქტეტი (Parthia op.103), დაწერილი კომპოზიტორის ბონიდან ვენაში ჰაიდნთან სასწავლებლად გამგზავრების შემდეგ, მისი ახალგაზრდული ნაწარმოებია. მაგრამ, ამის მიუხედავად, მსმენელებთან ერთად, მან მეც მომხიბლა თავისი სილამაზით, სილაღით და სიცოცხლით. ბეთჰოვენის ოქტეტში მეტი ჰაერი, სივრცე და ინსტრუმენტების თავისუფლება იყო. საღამო დასრულდა მოცარტის ოპერიდან ‘ფიგაროს ქორწინება’ (Le Nozze di Figaro) არიებისა და უვერტიურის შესრულებით, გადაკეთებული ჩასაბერი ინსტრუმენტებისათვის. აქ იტალიელებმა მისცეს თავს უფლება და თამაშის ელემენტები შემოიტანეს შესრულებაში. ბერნარდინი კონტესას არიის (Porgi amor qualche ristoro) დროს ჩამოვიდა დარბაზში და პირველ რიგში მჯდომ დარბაისელ ქალბატონს  მოეალერსა. ბისზე შესრულდა არანჟირება მოცარტის ოპერა ‘დონ ჯოვანიდან’ (დონ ჯოვანისა და ცერლინას ცნობილი დუეტი), სადაც შემსრულებლები არა მხოლოდ უკრავდნენ, არამედ თამაშობდნენ ამ დუეტს. მუსიკოსების ამ სილაღემ დარბაზი გაართო და განაწყო შესრულებული მუსიკის მიმართ, რასაც დიდი ოვაციები მოჰყვა.

აქ არ შემიძლია არ ვახსენო რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის აკუსტიკა. იგი არ არის სრულყოფილი  - ახდენს მკაფიო (უარყოფით) გავლენას როგორც ბგერის სიხშირეებზე (მაღლებზე), ასევე ინსტრუმენტთა ბალანსზე. მრავალი ექსპერიმენტის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ საუკეთესო ჟღერადება არის დარბაზის შუა რიგების შუა ადგილზე. მაგრამ ამის მიუხედავად ოქტეტში ვალტორნები (ჰორნი) ჩავარდნილი ჟღერდა და ტონი ცურავდა, რაც აიძულებდა მუსიკოსებს ხშირად ეცვალათ ძველებური ვალტორნების ნაწილები. მოგვიანებით ჩემი შთაბეჭდილება გადავამოწმე ჩანაწერით (Zefiro – Beethoven Harmoniemusik, DeutscheHM/Sony), სადაც ბალანსი იდეალურია და ვალტორნების ტონალობა არ ცურავს. აღსანიშნავია, რომ ოქტეტში წყვილ-წყვლიად იყო წარმოდგენილი ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი და ვალტორნა-ჰორნი.
ფესტივალმა  კულმინაციას 25 ნოემბერს მიაღწია. ქართული ორკესტრი (რომელშიც შარშანდელიდან ცვლილება მოხდა სოლისტების ბუნებრივი დინების გამო), ‘საქართველოს სიმფონიეტა’, როგორც აქამდე არასოდეს ახლა ჟღერდა - შეკრული, მოქნილი, სწრაფი და თავდაჯერებული. პირველ ნაწილში შესრულდა ჰაიდნის ორი სიმფონია, რომელშიც ექვსი ჩასაბერი ინსტრუმენტი დაემატა ანსამბლ Zefiro-საგან:  ორი ჰობოი, ფაგოტი და ორი ვალტორნა. განსაკუთრებულად გამოვყოფდი ფა-მინორულ სიმფონიას #49, რომელიც ჰაიდნის ცნობილ ‘შტორმისა და შეტევის‘ სიმფონიათა ციკლს მიეკუთვნება. სიმფონიის ზოგადი მოწყენილი ტონი ირღვევა მესამე ნაწილში, სადაც მოკლე ტრიო დაწერილია ფა-მაჟორში. რადგან სიმფონიას ჰქვია ‘ვნება/La passione’, ვარაუდობენ რომ იგი არა საერო, არამედ საეკლესიო შესრულებისათვის იყო განკუთვნილი და კერძოდ, დიდი პარასკევისათვის, რითაც არის განპირობებული მუსიკის მკაცრი, მძიმე და ტრაგიკული ფონი.
მოცარტის რექვიემის (Requiem რე მინორი, K626) ავთენტური შესრულება წარმოადგენს ყველა ჭეშმარიტი მუსიკის მოყვარულის ნატვრას. ამ შესრულებისათვის სპეციალური მზადება უკვე შარშან ზაფხულში დაიწყო, რადგან პარტიტურის თანახმად სიმებიანების გარდა, შესრულებას უნდა ახლდეს 2 ბასეტ ჰორნი, 2 ფაგოტი,  2 საყვირი (ტრომპეტი), 3 ტრომბონი, დაფდაფი და ორღანი პოზიტივი. ახლახანს შეძენილმა ორღან პოზიტივმა დროულად მოუსწრო შესრულებას, დანარჩენი ინსტრუმენტები კი ანსამბლ ‘Zefiro’-ს სპეციალურად მოწვეული შემსრულებლებით შეივსო, მკითხველისათვის ნათელია რამდენი ჯაფა გაწიეს ორგანიზატორებმა ამ ერთადერთი შესრულების განხორციელებისათვის. დარბაზის სრულად იყო შევსებული, მეტიც, გვერდითა გასასვლელებში მსმენელები ფეხზეც კი იდგნენ. დაპატიჟებული მუსიკის მოყვარულთა თუ სპეციალისტებისათვის ორი დამატებითი რიგის მოწყობაც დასჭირდათ. ჩვენ ორკესტრთან ერთად შესრულებაში მონაწილეობდა თბილისის გუნდი ‘ბაროკო’ (ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი) და ჩვენი ოთხი ვოკალისტი: მარია კუბლაშვილი (სოპრანო), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო), გიორგი დავითაძე (ტენორი) და გივი გიგინეიშვილი (ბანი). ორკესტრი გიორგი კერელიშვილის (პირველი ვიოლინო) ხელმძღვანელობით ისევე შთამბეჭდავი, შეკრული და ვერცხლისწყალივით მოქნილი იყო, რაშიც ლომის წილი, ცხადია პირველ რიგში გიორგის და შემდგომ ყველა სხვა შემსრულებელს ეკუთვნოდა. გუნდი ძალიან მოსაწონი იყო, რადგან ნაწარმოების მასშტაბურობა, მისი სიღრმეები და უნიკალური მუსიკალობა არ დაიჩრდილა. იმ საღამოს მისულ მსმენელს რეკვიემის უკვდავების უეჭველი განცდა დარჩებოდა. სოლისტების კვარტეტი ასევე კარგი იყო - გამოვყოფდი სოპრანოს, რომლის ლამაზი კამერული ხმა კარგად მიესადაგა რექვიემს და მტკიცე ჟღერად ბანს.

რაც შეეხება გუნდს - იგი ორ ნაწილად გაიყო - ვაჟები მარჯვნივ განლაგდნენ და ქალები მარცხნივ. მაგრამ რაოდენობრივად ქალები ჭარბობდნენ და ეს სიმღერაში  ზოგჯერ ბალანსს არღვევდა. პასაჟებში კი, სადაც გუნდის სოპრანოები იყოფოდა რამდენიმე ნაწილად, ერთი-ორჯერ შესრულება არ იყო მკაფიო და ზუსტი. ზოგადად გუნდის ხმა ძლიერდებოდა დარბაზის აკუსტიკის გამო და შესრულება კამერულობას კარგავდა. თუმცა ეს მცირე ხარვეზებია და პრემიერა შედგა და კიდევ დიდხანს იქნება მუსიკის მოყვარულთა სჯა-ბაასის საგანი.
2 დეკემბერს უკვე სამეფო უბნის თეატრში შედგა ფესტივალის დახურვა - ‘საქართველოს სიმფონიეტა,  გიორგი ალექსიძის სახელობის ‘თბილისის თანამედროვე ბალეტის’ (ხელმძღვანელი - მარიამ ალექსიძე) და კონტრეტენორი მიხეილ აბრამიშვილის- ‘ფოლიას’ სხვადასხვა ვარიანტები, ანტონიო ვივალდის საეკლესიო მუსიკა აჟღერდა ამ საღამოს თეატრში. მუსიკისა და თანამედროვე პლასტიკის სინთეზი ნამდვილად იყო ნოვატორული და საინტერესო, თუმცა ამ ეტაპზე- მეტად ექსპერიმენტული. ჩვენმა ოკრესტრმა დამატებითი ფერი შეიძინა - სიმებიანებმა მეტი სიფაქიზე და ზედა სიხშირეები, კლავესინი და თეორბა გამოიკვეთა და ხორცი შეისხა, კონტრატენორი მკაფიო და დაბალანსებული იყო - რასაც დარბაზის უკეთესმა აკუსტიკამაც შეუწყო ხელი. 



თბილისის ბაროკოს ფესტივალი დასრულდა, მას ასევე არ აკლდა ლექციები და სპექტაკლების წინ უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული წინასიტყვაობები. დარწმუნებული ვარ მსმენელმა სიამოვნება მიიღო და ამდენი პრემიერით განებივრებული მოუთმენლად ელის უკვე ახალ მომავალ ფესტივალს.   

დავით გიგინეიშვილი

გამოქვეყნებულია გაზეთში 'საქართველოს რესპუბლიკა' 12 დეკემბერი 2018 #251 (8652):7.

ბრემენის 29 მუსიკის ფესტივალი / 29th Music festival Bremen


ეს ფესტივალი ტრადიციულად ამა წლის აგვისტო-სექტემბერში გაიმართა. მშვენიერი იყო ამ დროის ბრემენი. შემოდგომის დასაწყისის ფერმკრთალი მზე კიდევ უფრო წარმოაჩენდა იმ წესრიგს, სისუფთავეს, სიმყუდროვეს, არქიტექტურულ სილამაზესა და დიდებულებას, რაც, ზოგადად, ევროპის ქალაქებს  ახასიათებთ...
 ფესტივალის გახსნა 25 აგვისტოს პომპეზურად ჩატარდა - ღონისძიებები ცხრა სხვადასხვა  დარბაზში ერთ დღეს, მაგრამ სამ განსხვავებულ დროს ტარდებოდა (19:30; 21 და 22:30-ზე). მსმენელს ერთი ბილეთით შეეძლო 45 წუთიან კონცერტს რამდენჯერმე (სამ განსხვავებულ ადგილას) დასწრებოდა. კონცერტების უმეტესობა ერთიდაიგივე შემსრულებლების მიერ მეორდებოდა, მაგრამ იყო ისეთი ანსამბლი, რომელიც სამ განსხვავებულ კონცერტს სთავაზობდა მსმენელს  (კერძოდ, თეოდორ კურენზისი ორკესტრით ‘მუზიკა ეტერნა’ ასრულებდა ბეთხოვენის 5, 6 და 7 სიმფონიას). დამსწრე საზოგადოებას ყველა სახის მუსიკა ელოდებოდა, რაც  ფესტივალის ფარგლებში სრულდება - სიმფონიურიდან დაწყებული, კამერულითა და ჯაზით დამთავრებული. კულტურული მემკვიდრეობის ფარგლებში 29 აგვისატოდან 2 სექტემბრამდე ჩატარდა ასევე საორღანო მუსიკის ფესტივალი, მიძღვნილი ორღანის დიდი გერმანელი ოსტატის - არპ შნიტგერისადმი. ეს იყო ექვსი დამოუკიდებელი კონცერტი ექვს განსხვავებულ ორღანზე, მათ შორის ოთხი მათგანი შექმნილი იყო თვით  შნიტგერის მიერ.  საინტერესო იყო აგრეთვე ფესტივალის პროგრამაში შეტანილი ახალი რუბრიკა: კონცერტი - სურპრიზი, სადაც მუსიკოსებს შეეძლოთ შემოეთავაზებინათ  მოულოდნელი და იმპროვიზაციული მანერა: ევროპული მუსიკალური ტრადიციების გადაჯაჭვა სხვა კონტინენტის ტრადიციებთან. მაგრამ, თავისთავად ცხადია, ტრადიცია არ დაირღვა და ფესტივალზე იყო წარმოდგენილი საოპერო, ორატორიალური და სიმფონიური, კამერული და ინსტრუმენტალური მუსიკა. ვიზიტის ხანმოკლეობიდან გამომდინარე  ოთხ ღონისძიებას დავესწარი, რომელზედაც დეტალურად მოგახსენებთ: პირველ სექტემბერს ფესტივალის აფიშით გამოცხადებული იყო ოფენბახის (Jacques Offenbach, 1819-1880) ოპერა ‘ჰოფმანის ზღაპრები/Les Contes d’Hoffmann’, რომელსაც ფრანგული დასი ასრულებდა ცნობილი დირიჟორის, მარკ მინკოვსკის (Marc Minkowski) ხელმძღვანელობით. მინკოვსკი თავის ორკესტრით (ლუვრის მუსიკოსები - Les Musiciens du Louvre) ჩამოვიდა. მას ასევე მოჰყვა ვენის ფილარმონიული გუნდი და ვოკალისტები, რომელთაგან ვარსკვლავი იყო სოპრანო -  ჯესიკა პრატი (Jessica Pratt). ოპერაში, ამ მომღერალმა, სამივე წამყვანი პარტია (ოლიმპია, ანტონია და ჯულიეტა) შეასრულა. სიუჟეტზე მკითხველის ყურადღებას არ შევაჩერებ, რადგანაც ოპერა ტელევიზიიდან მოსმენილი აქვს ჩვენს მაყურებელს. იგი წარმოადგენს როგორც ე.ტ.ა.ჰოფმანის, ასევე ლიბრეტისტის ფანტაზიის ნაზავს, ეს ფანტაზია, უფრო მეტად, იკვებება ჰოფმანის რეალური სასიყვარულო ისტორიებით. ოპერა წარმოგვიდგინეს მაიკლ კეიესა და ჯან-კრისტოფ კეკის რედაქციით (რადგან კომპოზიტორმა  სიცოცხლეში ვერ დაასრულა ოპერა), რაც ამჟამად ყველაზე პოპულარული რედაქციაა,  მოიცავს 5 აქტს, მასში შედის ბარკაროლა, ჰოფმანის კუპლეტები და ჯულიეტას არია მეოთხე აქტიდან და მეხუთე აქტის ჰოფმანის და მუზის კუპლეტები. რაც შეეხება შესრულებას, ჯესიკა პრატი აღემატებოდა ყველა სხვა შემსრულებლებს - მისი ტემბრი, ხმის სიძლიერე და ტექნიკა იყო შთამბეჭდავი. გარკვეული ხმის სილაღის დეფიციტი რულადებში მან ოსტატურად დაფარა განსხვავებული ორნამენტაციით (პირველ რიგში ოლიმპიას არიის მეორე ნაწილში). სხვა მხრივ, იგი ძალზე კარგი იყო. გამოვყოფდი, ასევე, კანადელ ბარიტონ რობერტ გლიდოუს (Robert Gleadow) - ლინდორფის, კოპელიუსისა და დაპერტუტოს შემსრულებელს. ეს მაღალი მომღერალი (წვერ-ულვაშებითა და გრძელი თმებით), ცდილობდა გარეგნული  გამოსახულებითა და ჟესტებით სახასიათო პალიტრა შეექმნა თავისი გმირისთვის. პირველ აქტში, ლინდორფის არიის შემდეგ, იგი დარბაზშიც კი ჩამოვიდა და მეოთხე რიგში,  გაოცებულ მსმენელის გვერდზე დაჯდა. შესრულება იყო საკონცერტო, რადგან ბრემენის ცნობილი დარბაზი - ‘ზარები’ არ იძლევა ოპერის სრულყოფილად დადგმის საშუალებას, მომღერლები პარტიტურით ხელში და ჩვეულებრივი საღამო კოსტიუმებში გამოწყობილნი იყვნენ. გამონაკლისი იყო ჯესიკა პრატი, რომელიც ზოგიერთ აქტში იცვლიდა კაბას (ან სცენის ბოლოს პორტიკზე ჩანდა ვუალით) და ტენორი კრისტოფ მორტანი (Christophe Mortagne), რომელიც სპალანცანისა და ნატანაელის პარტიაში გამოდიოდა. ეს უკანასკნელი სცენაზე  ჯადოსნური საკარნავალო მოსასხამითა  და აჩეჩილი თმებით  გამოვიდა. სახასიათო იყო ასევე სხვა მეორეხარისხოვანი პარტიის შემსრულებელი, ტენორი მათიას ვიდალი (Mathias Vidal) - პატარა სიმაღლისა, სათვალეებით, დასის წევრებთან მუდამ „მოკინკლავე“ (განსაკუთრებით, ორკესტრის ახალგაზრდა მევიოლინე ქალბატონზე იყო „გადაკიდებული“), ის იყო საკმაოდ კომიკური და არტისტული, კერძოდ, მესამე აქტის ფრანცის კუპლეტებში. კარგად შეასრულა როლი ასევე მეცოსოპრანო ოდე ექსტრემომ (Aude Extrémo). იგი ჰოფმანის ერთგული მეგობრის ნიკლაუსისა და მუზის როლში გამოდიოდა. ცხადია, მკითხველს დაებადება კითხვა - როგორი იყო ჰოფმანის პარტიის შემსრულებელი - ამერიკელი ტენორი ლეონარდო კაპალბო (Leonardo Capalbo) - არც ისე ეფექტური, როგორც მოსალოდნელი იყო - მან ოპერა ფრანგული სასიმღერო მანერით შეასრულა. მაგრამ, მეოთხე აქტიდან ხმის ფორსირება მოუწია - არც ამ მანერაში იყო მოსაწონი. სამაგიეროდ, ეს ხარვეზები გადაიფარა მინკოვსკის საუკეთესო დირიჟორობით და ანსამბლებში ვოკალისტების შეთახმებული შესრულებით. მინკოვსკის ინტერპრეტაცია დრამატული და სიღრმისეული იყო, ორკესტრი და გუნდი უნაკლოდ ასრულებდნენ დირიჟორის ჩანაფიქრს. აღსანიშნავია, პირველი ვიოლინო (ტიბო ნოალი - Thibault Noally) ჰოფმანის არიის მეორე აქტში და განსაკუთრებით, ნიკლაუსის რომანსის მესამე აქტში. მსმენელი მხურვალედ შეხვდა ამ საღამოს; მინკოვსკი სპექტაკლის დასასრულს მოლბა, მანამ კი აქტიური ხელმძღვანელი იყო და მკაცრიც კი, ერთხელაც  უკმაყოფილება ვერ დამალა დასის სიზანტით, რადგან იგი წინააღმდეგობაში მოდიოდა მის სწრაფ და მოქნილ ტემპებთან.
შემდგომი საღამო, რომელიც უკვე პატარა ქალაქ ბრემერჰაფენში 3 სექტემბერს გაიმართა - კამერული მუსიკის კონცერტი იყო, რომელშიც თანამედროვეობის ორი სახელმოხვეჭილი შემსრულებელი გამოვიდა - მევიოლინე რენო კაპუსონი (Renaud Capuçon) და პიანისტი დავით ფრე (David Fray). კონცერტი ჩატარდა ბრემერჰაფენის ინდუსტრიისა და კომერციის სახლის კამერულ დარბაზში. დარბაზი პატარა - სულ 12-რიგიანი იყო და იტევდა საშუალოდ 190 მსმენელს. ამის მიუხედავად, დარბაზის აკუსტიკა არ იყო იდეალური. ვიოლინოს გამოკვეთილი ხმა  ფორტეპიანოსთან ბალანსს არ არღვევდა და  კლავიშებიან ინსტრუმენტს არ ახშობდა. ორივე ინსტრუმენტალისტი ჩინებულ ფორმაში იყო. ბეთხოვენის ცნობილი ‘საგაზაფხულო/Frühlingssonate’ სონატას  (#5, ოპუსი 24) - გამოზომილი, დინამიური დასაწყისის შემდეგ მოჰყვა ელეგიური ადაჯიო, რომელიც შეიცვალა მხიარული სკერცოთი და ოპტიმისტური რონდოთი. მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა სახეზე იყო და ჩანდა, რომ მათ ეს ნაწარმოები დამუშავებული ჰქონდათ. შუბერტის სონატის ‘დუო/Duo’ ლა-მაჟორი, D574 პირველმა ნაწილმა ამ დუეტისათვის გარკვეული სიძნელეები შექმნა - ამ ნაწილის რთულ გადასვლებში წყობა ოდნავ დაიშალა, მაგრამ უკვე სკერცოში და შემდგომ, ანდანტინო და ალეგრო ვივაჩეში შემსრულებლებმა გამოავლინეს უბადლო ექსპრესია, რაც ფინალში ფორტისიმოში გადაიზარდა. შესვენების შემდეგ შესრულდა ბეთხოვენის სონატა #7 ოპუსი 30/2. ამ სონატაში ინსტრუმენტალისტებმა ისევ მაღალი ჰარმონიზაცია გამოავლინეს - ამ მუსიკალურ ნაწარმოებში პიციკატოც კი მევიოლინემ ექსპრესიით შეასრულა. შთამბეჭდავი იყო საფინალო სკერცო - ჩქარ და საცეკვაო რიტმში გახვეული  ბგერები თითქოსდა დახტოდნენ. ზოგადად, აღნიშნულ დუეტს, უფრო ექსპრესიული, ფორტისიმოსაკენ მიდრეკილება ახასიათებდა, რაც, სავარაუდოდ,  ამ ეპოქის ნიშანია. ბისზე შესრულდა ბახის სონატის ფრანგმენტი. აქ კი, პირველად, ორკესტრანტებმა თავიანთ შესრულებაში ლირიზმი, სევდა და ფიქრი შეიტანეს.
ოთხ სექტემბერს ისევ ბრემენის ‘ზარებში’, რაც ფესტივალის ძირითად დარბაზს წარმოადგენს, პარიზული დასი როსინის ‘სევილიელ დალაქს/Il Barbiere di Siviglia’ ასრულებდა. ოპერას უძღვებოდა ახალგაზრდა ფრანგი ვარსკვლავი - დირიჟორი ჟერემი რორე (Jérémie Rhorer) თავის ორკესტრთან ერთად ‘Le Cercle de l’Harmonie’. მომღერლები ჩემთვის უცნობი იყო, გარდა ალმავივას შემსრულებლის - ტენორი მიკელე ანჯელინისა (Michele Angelini), რომელიც ზუსტად ამ როლში მქონდა მოსმენილი ტელეტრანსლაციით და რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ამჟამადაც ოპერის საკონცერტო შესრულებას სთავაზობდნენ მაყურებელს. დირიჟორის ხელი და ორკესტრის გამოცდილება უკვე უვერტიურიდან გახდა ნათელი, რომელიც ნიუანსებით და აუჩქარებლად შესრულდა. ფიორელოსთან სცენის შემდეგ, გამოჩენისთანავე  ანჯელინიმ გამოავლინა არატრადიციული ორნამენტების და მაღალი ნოტების გამოყენების ტენდენცია. მას თბილი, ნამდვილად სამხრეთული და არცთუ პატარა ხმა ჰქონდა, გრაფის კანცონაში (Se il mio nome) აქცენტები და ტემპი შეცვალა, რითაც მელოდიურ ხაზს ესპანური საცეკვავო რიტმი შესძინა. ფიგაროს შემსრულებელი - ფრანგი გიომ ანდრიო (Guillaume Andrieux) იყო მოქნილი, სხარტი - მაგრამ ტემბრალურად მისი ხმა არ გიზიდავდა, მაღლები რბილი და შეუმჩნეველი ჰქონდა. იგი იგებდა ანსამბლებში, მაგრამ სადაც ვოკალი იყო გამოსაჩენი - უფერული რჩებოდა.  როზინას როლში გამოდიოდა რუსი მეცოსოპრანო ანა გორიაჩოვა (Anna Goryachova). მის ხმას უფრო კონტრალტოს დავარქმევდი. კარგი ტექნიკა, მყარი მაღლები ახასიათებდა. პირველ აქტში მომღერალი სრული ხმით მღეროდა - იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ხმით უნდოდა აევსო  დარბაზი და მოეხიბლა მსმენელი. ეს როზინას პარტიისათვის და როსინის მუსიკისათვის შეუფერებელი იყო. მეორე და მესამე აქტში მომღერალმა შეამცირა ‘ვერისტული’ სიმღერა და მიუახლოვდა თავის პარტიას. ბარტოლოს როლში გამოვიდა უნგრელი ბანი - პეტერ კალმანი (Peter Kálmán), რომელიც საღამოზე ვოკალურადაც და არტისტულად ბრწყინავდა. ‘სევილიელი დალაქი’ საკონცერტო შესრულებაშიც იძლევა ფართო საშუალებას გამოავლინო მოქმედება და კომიზმი - ამ სპექტაკლს ეს არ აკლდა. გონივრულად გამოიყენეს სცენის ბუნებრივი გალერეა, განსაკუთრებით, პირველ აქტში. ბაზილიოს როლში უკვე ჩვენთვის ნაცნობი კანადელი ბას-ბარიტონი რობერტ გლიდოუ გამოდიოდა. მისგან მეტს ველოდი - მაგრამ პარტიისათვის საჭირო სიძლიერე და სიმტკიცე მის ხმას აკლდა - ამიტომაც ბაზილიოს სახე გაფერმკრთალდა და იგი ცენტრალური პერსონიდან მეორეხარისხოვანად იქცა. ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად ძნელი პარტიაა ბაზილიოს როლი ამ ოპერაში. ოპერა შესრულდა სრული ვერსიით, სადაც გახსნილი იყო კუპიურები ანსამბლებში, იყო ბერტას არია და რაც მთავარია საფინალო დიდი და რთული ალმავივას სცენა და არია გუნდთან (Cessa di piu resistere). ანსამბლი - ვოკალისტები და ორკესტრი შეკრული და ერთმანეთთან შეთანხმებულნი ჩანდნენ, მხოლოდ ამოვარდნილი იყო რუსი მეცოსოპრანო. მაგრამ უდავო იყო ერთი რამ - ეს საღამო ტენორის - მიკელე ანჯელინის ბენეფისი იყო. მთელი პარტია მან ახალგაზრდული ენერგიით, დაუღლელად ჩაატარა - რა ტემპი, რა სიძლიერე, რა ლეგატო, სილაღე ზედა რეგისტრში, ტექნიკურად ფიორიტურებს  უნაკლოდ უმკლავდებოდა. თან პარტიაში დირიჟორის თანხმობით ბევრი ტექნიკური ცვლილება შეიტანა, რაც გხიბლავდა და გიზიდავდა. არა მგონია დღეს ვინმეს ასე თავისუფლად და ეფექტურად შეუძლია ეს რთული ბელ-კანტოს პარტია შეასრულოს. შესაძლოა ჩვენ საოპერო სცენის ახალი ვარსკვლავის დაბადების მომსწრენი ვართ. მსმენელმა გულთბილად მიიღო სპექტაკლი - ოვაციები არ წყდებოდა.
მეოთხე სპექტაკლი - იტალიური ბაროკო მუსიკა იტალიური დასის შესრულებით -გაიმართა 8 სექტემბერს პატარა ქალაქ ოლდენბურგის სახელმწიფო თეატრში.  ოლდენბურგის თეატრს, როგორც თეატრებს ზოგადად ახასიათებთ, გრძელი და დრამატული წარსული აქვს. პირველად 1833 წელს აშენდა ხის თეატრი და იგი დრამატული თეატრის ფუნქციას ასრულებდა, მოგვიანებით 1881 წელს მის წინ აშენდა რენესანსის სტილის ქვის შენობა. ათი წლის თავზე თეატრს ხანძარი გაუჩნდა. 1893 წელს განახლებული შენობა ისევ გაიხსნა, მასში შიდა დიზაინი შეცვალეს (ბაროკო სტილში) და ელექტროობა შეიყვანეს. 1921 წელს თეატრს, მასში განხორციელებულმა ცვლილებამ საოპერო მუსიკის შესრულების შესაძლებლობა მისცა.  ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება - სეზონის განმავლობაში თეატრში იდგმება დრამატული პიესები, ოპერეტა, ბალეტი და ოპერა. ბუნებრივია, თეატრს ჰყავს თავისი მუდმივმოქმედი ორკესტრი და გუნდი. ეს კოხტა, საშუალო ზომის სამიარუსიანი თეატრი გამოირჩევა მოხატული და მორთული ჭერით და ჭაღით. ჩანაწერებიდან  ჩემთვის უკვე ნაცნობ ანსამბლს ‘Concerto de’ Cavalieri’ მისი მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი მარჩელო დი ლიზა (Marcello di Lisa) უძღოდა. ამ საღამოსთვის ორკესტრი შედგებოდა  13 შემსრულებლისგან,, რომელთაგან 10 სიმებიანი ინსტრუმენტი იყო. პირველი ვიოლინო იმ საღამოს სახელგანთქმული ფედერიკო გულიელმო (Federico Guglielmo) გახლდათ. ეს მევიოლინე, ბაროკო მუსიკის ცნობილი ინტერპრეტატორი, თავად ხელმძღვანელობს ორკესტრს L’Arte dell’ Arco, რომელიც ტრადიციულად ვივალდის კამერულ და სხვა იტალიელი ბაროკო ეპოქის კომპოზიტორების მუსიკას ასრულებს. მომღერალი სამი იყო - სოპრანო ფრანჩესკა ასპრომონტე, მეცოსოპრანო ტერეზა იერვოლინო და ბანი - რენატო დოლჩინი. ნიკოლა პორპორას (Nicola Porpora, 1686-1768) ორნაწილიანი სერენადა-კანტატა ‘La lole’-ს წინ ორკესტრანტებმა ანჯელო რაგაცის სოლ მაჟორული სონატა შეასრულეს, რაც ერთგვარად ‘გახურების’ ტოლფასი იყო. პორპორას სერენადა იმ ეპოქის ტრადიციებისამებრ ხანგრძლივი ნაწარმოებია, რომელიც მრავალი ვოკალური ნომრისაგან შედგება - უპირატესად ერთი დუეტის, საფინალო ტრიოს, რეჩიტატივებისა და სოლო არიებისგან, დე ლიზას შესრულების მანერა მეტად კონსერვატული იყო, დღეს - იტალიური კამერული ორკესტრების იმპროვიზაციული ინტერპრეტაციის ფონზე სხვანაირად ამ შესრულების მანერას ვერ დაარქმევ. გამოვყოფდი ფედერიკო გულიელმოს, რომელსაც იმ საღამოს დიდი ჯაფა დაადგა. მისი ვიოლინოს ხმა არ გამოირჩეოდა არც სიმძლავრით და არც ექსპრესიით ორკესტრის ზოგადი ტონალობის ფონზე. მომღერლებმა კი მაღალი კლასი უჩვენეს - მეცო-კონტრალტო ტერეზა იერვოლინოს (Teresa Iervolino) გამოვყოფდი მისი ვოკალური ტემბრის სილამაზითა და ტექნიკით (არიები: Scuote qui l’aura; Scuote la chioma d’oro). ბანი რენატო დოლჩინი (Renato Dolcini), ასევე ლამაზი კამერული ხმის პატრონი, კარგად ფლობდა პარტიას. გამოვყოფდი მის რეჩიტატივსა და არიას მეორე ნაწილიდან (Ho gia la metre…Ombre oscure). არც სოპრანო ფრანჩესკა ასპრომონტე (Francesca Asmopronte) ოყო ურიგო - თუმცა მის წკრიალა ხმას მაღლებზე ოდნავ მყვირალა ელფერი დაჰყვებოდა. სხვა მხრივ, მასაც წუნს ვერ დადებდით (არია Usa tu l’armi). ერთი სიტყვით, იტალიელმა მომღერლებმა მაღალი კლასი უჩვენეს, მერამდენედ დაამტკიცეს, რომ ვოკალური მუსიკა მათი ხვედრია. რაც ეხება პორპორას უცნობ სერენადას - იგი არ გამოირჩეოდა რაიმე ორიგინალობით, მის მუსიკალურ ტექსტურაში იყო ტრადიციული ბაროკო მუსიკის ელემენტები და მელოდიური წყობა. უბრალოდ, ამის გახსენება იყო ფრიად სასიამოვნო. დარბაზში (ყოველ შემთხვევისას ჩემი რიგიდან) ხმები და კამერული ორკესტრი კარგად ისმოდა. მაყურებელმა თბილად მიიღო იტალიელი შემსრულებელი - ოვაციები არ წყდებოდა. დასმა ამის საპასუხოდ საფინალო ტრიო გაიმეორა. ასე დასრულდა ეს კამერული საღამო და ჩემი მონაწილეობა ბრემენის ფესტივალში. მაგრამ ფესტივალი გაგრძელდა - წინ სხვა სპექტაკლები და დიდი სახელები იყო - ფაბიო ბიონდი, რენე იაკობსი (ჰენდელის ულამაზესი ორატორიის რეპერტუარით), თუმცა რას გააწყობ, გეზი, უკან, თბილისისაკენ აღებული მქონდა. ბოლოში მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ბრემენის ფესტივალის პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი - ბატონი კერსტინ პრასლერი, რომლის ყურადღებისა და კეთილგანწყობის შედეგად მომეცა საშუალება უკვე მეორედ დავსწრებოდი გერმანიის ამ სახელგანთქმულ ფესტივალს. ყველა გაგზავნილი მოთხოვნა ბატონი პრასლერის მიერ იყო დაკმაყოფილებული, რაც ფესტივალის მომწყობი გერმანული მხარის გულისხმიერებასა და ყურადღებაზე მიუთითებს. 

ავით გიგინეიშვილი

დაბეჭდილია ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2018 N3 (72): 44-48.

Friday, June 22, 2018

კიდევ ერთი სასიხარულო მოვლენა თბილისის ოპერის თეატრში / 'Simon Boccanegra' at the Tbilisi State Opera

 ოპერის მოყვარულ თბილისელთათვის საინტერესოა და სასიამოვნო ის, რომ ჩვენი ქალაქი არამც თუ რჩება საოპერო მუსიკის ქალაქად, არამედ ამ ტრადიციებით კიდევ უფრო ძლიერდება  და მდიდრდება. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი  ოპერის თეატრში დაიდგა  ვერდის ოპერა – ‘სიმონ ბოკანეგრა/Simon Boccanegra'.
  გავიხსენოთ ცოტა რამ ამ ოპერის შესახებ: ოპერა არ  განეკუთვნება კომპოზიტორის სახელგანთქმულ ოპერათა სიას და   არც ისე პოპულარულია მუსიკის მოყვარულთა წრეშიც. 1857 წელს, პირველად დადგმული ოპერით თავად ვერდი იმდენად უკმაყოფილო დარჩა,  რომ ფიქრობდა მის გადაკეთებას, რაც მხოლოდ 1881 წელს მოახერხა უკვე თანამშრომლობაში მყოფ არიგო ბოიტოსთან ერთად. მეორე რედაქციით ოპერა შეიკრა, დაიხვეწა დრამატურგიული და მუსიკალური ნაწილი. მაგრამ, ამის მიუხედავად, იგი კარგი ხანია არ ჩნდებოდა საოპერო თეატრების აფიშებზე. მე-XX საუკუნის 50-60 წლებში ცნობილმა იტალიელმა ბარიტონებმა (ტიტო გობი, პაოლო სილვერი) სიმონ ბოკანეგრას პარტიაში სცადეს თავიანთი ძალები. უკვე 1976 წელს, ლა სკალაში დაიდგა ამ ოპერის ტრიუმფალური წარმოდგენა კლაუდიო აბადოსა და ჯიორჯიო სტრელერის ხელმძღვანელობით. მალევე განხორციელდა აუდიო ჩანაწერიც. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ამ ოპერას მეტი ყურადღება მიეპყრო და ეპოქის გამოჩენილმა ბარიტონებმა  სიმონ ბოკანეგრას პარტია ჩასვეს თავიანთ რეპერტუარში. მათ შორისაა შერილ მილნსი, ლეო ნუჩი, რენატო ბრუზონი, თომას ჰემპსონი, ვლადიმირ ჩერნოვი და სხვები. 2009 წელს ამ პარტიაში უკვე ლეგენდარული ტენორი - პლასიდო დომინგო გამოვიდა.  სპექტაკლმა მსოფლიო მოიარა და რამოდენიმე დვდ-ჩანაწერიც გაკეთდა! გასაგებია, რომ ეპოქაში, სადაც ხმები გაფერმკრთალდა და დრამატურგია (დადგმა) გაძლიერდა - ასეთმა მონუმენტალურმა მუსიკალურმა ტილომ, როგორიცაა ‘სიმონ ბოკანეგრა’ მეტი ყურადღება მიიპყრო.
  მეტად სასიხარულოა, რომ ამ ოპერის  დაგეგმილი პრემიერა ამა წლის 10 ივნისს შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. ამ მოვლენისათვის საუკეთესო ვოკალური ძალები იყო მობილიზებული: გიორგი გაგნიძე – სიმონ ბოკანეგრას, თამარ ივერი – ამელია გრიმალდის და ოთარ ჟორჟიკია – გაბრიელ ადორნოს პარტიაში. ოპერის მუსიკალური დირექტორის, დანიელ ორენის ნაცვლად, ორკესტრს ხელმძვანელობდა ზაზა აზმაიფარაშვილი. დადგმა განხორციელდა გენუის ‘კარლო ფელიჩეს’ თეატრის პროდუქციის საფუძველზე. დამდგმელმა რეჟისორმა ალფონსო სინიორინიმ უცვლელი დატოვა დრო (მე–XIV საუკუნე) და ადგილი (გენუა). კოსტიუმები იყო ეპოქის შესატყვისი, რეჟისორული ჩანაფიქრით ზღვა (რაც ვერდის პარტიტურას დაუვიწყარი და გამორჩეული მუსიკალური ხაზით მიჰყვება), პრაქტიკულად, ყველა სცენაში ჩანს, დეკორაციები იყო მინიმალური, რამაც სახელგანთქმული ‘საბჭოს დარბაზი’–ს სცენა ოდნავ გააფერმკრთალა. სხვა მხრივ, უდავოა, რომ ლიბრეტოშო ასახულმა მოქმედების ისტორიულმა გაცოცხლებამ ოპერის დადგმას სწორი გამოსახვა მისცა, რამაც მუსიკის აღქმას ხელი შეუწყო. ვოკალურად წარმოდგენა ჩინებული იყო. 

  გაგნიძემ პარტია დინჯად, ხმის კარგი კონტროლითა და ვოკალურად გამართულად წაიყვანა. უდავოდ ჩანდა მისი გამოცდილება (აქამდე ეს პარტია დასავლეთის წამყვან საოპერო თეატრებში შეასრულა), მაგრამ მისი არაიტალიური ტემბრი და სიმშრალე ზედა რეგისტრში, რომელიც ჩემს მოწონებას არ იმსახურებდა, ამ ეფექტს ოდნავ ანელებდა.

თამარ ივერი (თ.ჯავახიშვილი) ამელიას პირველ არიაში (Come in quest'ora bruna) იყო ძალზე უფერული, საბედნიეროდ, შემდგომ სცენებში მისმა ხმამ სიმყარე და სიზუსტე დაიბრუნა. არც თამარ ივერის აკლდა გამოცდილება - ლეო ნუჩისთან ამ ოპერაში მისი პარტნიორობა პარმის თეატრ ‘რეჯიო’–ში 2010 წელს ჩაწერილია ვიდეოზე და გამოშვებული ვერდის საიუბილეო წელს დვდ-ზე. 


ოთარ ჟორჟიკიას თბილი, ჟღერადი ხმა კარგად ავსებდა თეატრს. მისი ემოციური ინტერპრეტაცია მეტად ეფექტური გამოდგა ანსამბლებში, რასაც ვერ ვიტყოდი მეორე აქტში, გაბრიელეს ცნობილ არიაში (Cielo pietosa rendila). დანარჩენმა შემსრულებლებმა - რამაზ ჩიკვილაძემ (იაკოპო ფიესკო) და გიორგი მჭედლიშვილმა (პაოლო ალბიანი) ღირსეულად გაუწიეს პარტნიორობა ჩვენს ცნობილ მომღერლებს. მათ არც გუნდი და ორკესტრი არ ჩამორჩა, თუმცა ვერდისეული ლირიული გააზრება მაინცდამაინც არ იგრძნობოდა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა წლის მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას უმასპინძლა. ვიმედოვნოთ, რომ მომავალში ასეთი საღამოები თბილისელებს და ქალაქის სტუმრებს არ დაგვაკლდება.

დავით გიგინეიშვილი

გამოქვეუნებულია გაზეთ 'საქართველოს რესპუბლიკა' 2018; 128(8529):7.

Saturday, April 28, 2018

ამ შვენიერ ქალაქში მუსიკალური ცხოვრებაც ჩქეფს

კატალონიის მშვენიერი ქალაქის ბარსელონას ხსენებაზე საფეხბურთო კლუბი ‘ბარელონა’ და მისი ერთ –ერთი ძლიერი ფეხბურთელი ლეო მესი წარმოგიდგება. მაგრამ მოდით ქალაქს სხვა – მოგზაურის თვალით გადავხედოთ. იქ ჩასული ადამიანი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ მოექცევა ქალაქის არქიტექტურული იერით და ეს შეეხება ნებისმიერ ტურისტს – როგორც ხელოვნებისაკენ მიდრეკილს ასევე იმასაც, რომელიც აქამდე არქიტექტურაზე საერთოდ არ დაფიქრებულა. ათმა წელმა, რაც ჩემს წინა ვიზიტს ამ ქალაქში აშორებს, როგორც ვხედავ, სხვა ელფერი შესძინა ქალაქს, კერძო მფლობელის ხელში არსებულმა არქიტექტურულმა ნიმუშებმა, რომლებიც ამჟამად ფართო მნახველისთვის იყო გახსნილი და წარმოდგენილი, მეტი მნახველი მოიზიდა და ქალაქი  სიცოცხლითა და ხალისით აავსო. არასეზონური აპრილის პირველ ნახევარში ბარსელონას თვალსაჩინო თანამედროვე ტაძარში – „საგრადა ფამილიასთან“ (წმინდა ოჯახი) იმდენმა ტურისტმა მოიყარა თავი, რომ ტაძრის სამხრეთ კარებთან გასაჩერებელი ადგილიც კი არ იყო და, როგორც ქართული პრესის წარმომადგენელს, მომიწია ამით აპელირება, ურიგოდ რომ მოვხვედრილიყავი ტაძრის შიდა ტერიტორიაზე. 

ბოლო ათმა წელმა ანტონი გაუდის (1852–1926)  მონუმენტალურ შედევრს ბევრი რამ შემატა – აშენდა გარე გუმბათები და ნაგებობები, მოპირკეთდა შიდა სივრცე  (ეგრეთ წოდებული ნეკნებიანი კამარები),  აიგო კათედრა და 2010 წლის ნოემბერს ტაძარი აკურთხა რომის პაპმა - ბენედიქტ XVI. კერძო შეწირულობებით და ტურისტების მიერ გადახდილი შემოსავლებით დღემდე გრძელდება მშენებლობა. მისი დასრულება იგეგმება 2026 წელს, როდესაც ტაძრის შემოქმედის გარდაცვალებიდან 100 წლისთავი შესრულდება. ძალზე მომხიბლა  შენობის შიდა ინტერიერმა (წინა ვიზიტისას საერთოდ დაუხვეწელი იყო), შეუძლებელია მნახველზე არ იმოქმედოს ორღანის ხმამ, ფიქრებთან არ განამარტოვოს და  სიამე არ მოჰგვაროს.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე კატალონიაში გამობრწყინდნენ დიდი არქიტექტორები: ანტონიო გაუდი, ლუის დომენეკ ი მონტანერი და მისი მოსწავლე ჯოზეფ პუჩ ი კადაფალკი,  რომელთა შემოქმედებამ მოდერნიზმის სახელით ზოგადსაკაცობრიო კულტურულ მემკვიდრეობაში თავისი თვალსაჩინო ადგილი დაიმკვიდრა (ასევე აღიარა იუნესკომ). მათი არქიტექტურული ნიმუშები კერძო სახლებისა და სხვა კომპლექსების სახით გახსნილია ტურისტებისათვის. ბარსელონას ტურიზმის სააგენტო (Barcelona Turisme), რომელსაც კარგი საინფორმაციო გვერდი აქვს (www.visitbarcelona.com), სთავაზობს დამსვენებლებს და ტურისტებს ყველანაირ შეღავათებს, ვისაც, ცხადია, გაუჩნდება სურვილი დაათვალიეროს მუზეუმები თუ სასახლეები, ბაღები ან სახლები და ეზიაროს ევროპული კულტურის ამ საუკეთესო შედევრებს. ზემოთ ჩამოთვლილ სიას დაემატა რამოდენიმე ახალი ნიმუში, რომელიც აქამდე დახურული იყო ფართო მნახველთათვის. კერძოდ, სან პაუს ჰოსპიტალური კომპლექსი (Sant Pau Recinte Modernista), დაპროექტებული და აშენებული ლუის დომენეკ ი მონტანერის მიერ. ამ ჰოსპიტალში ვიზიტმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. თუ ბარსელონას ეწვევი ამ კომპლექსის დათვალიერებაც უნდა მოახერხო – ის „წმინდა ოჯახის“ ტაძრის სიახლოვეს (ჩრდილოეთისაკენ) არის განლაგებული და ეს ორი შედევრი ერთმანეთს უყურებს.



 საინტერესოა ის, რომ ბარსელონას  დღევანდელი ცენტრი XIX საუკუნის პირველ ნახევარში არ შედიოდა ქალაქის ფარგლებში. უკანასკნელი საუკუნენახევარში ქალაქი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და შთანთქა მრავალი პატარა დასახლებული პუნქტი (რომელთა ისტორიაც შერჩა ქალაქს რაიონების დასახლების სახით). ამიტომაც დღევანდელი ბარსელონა არის მეტად ახალგაზრდა ქალაქი, რომლის გულს ამჟამად წარმოადგენს გრასიას ბულვარი, რამბლა და პროსპექტი დიაგონალი. ქალაქის დაგეგმარება მოხდა ლანდშაფტის გათვალისწინებით, პრაქტიციზმიდან გამომდინარე. ის, ვინც ამ ქალაქს სტუმრად (ტურისტად) ეწვევა, არ შეიძლება არ მოიხიბლოს 4–5 სართულიანი შენობებით, ფართე გამზირებით და გზაჯვარედინების თავისებურებებით, სადაც თითოეულ შენობის კუთხე არის დამრეცი (ჩაჭრილი პირი), რაც არაჩვეულებრივ სივრცეს ქმნის. ამ პატარა მოედნებზე მწვანე ნარგავებსა და კატალონურ მზეს მშვიდი განწყობა შემოაქვს ადამიანში. კაპიტალისა და ბურჟუაზიული იდეების დომინირების მიუხედავად ქალაქის მშენებლები (არქიტექტორები და შემკვეთები) არ აცდნენ ქალაქისთვის ოპტიმალურ ნაგებობებს, ამიტომაც თქვენ ვერ შეხვდებით მაღალ და აყლაყუდა, ერთმანეთზე მიჯრილ შენობებს, ვერც ჩვენი თბილის-ქალაქისთვის დამახასიათებელ მიტაცებულ სკვერებსა და ტროტუარებს ნახავთ! ბარსელონას შემხედვარე უდავოდ განიმსჭვალები სინანულით, რა ხდება ჩვენში, ნუთუ დავკარგეთ სილამაზისა და მშვენიერების შეგრძნება? რატომ ვამახინჯებთ ქალაქს? დაგეუფლება აზრი, რომ ჩვენში ვანდალიზმმა და უსიყვარულობამ დაისაკუთრა ადგილი და სიმახინჯეში შეჯიბრების გზაზე გამოუსწორებელ ზარალს ვაყენეთ არა მხოლოდ ქალაქის ელფერს და პროფილს, არამედ ჩვენ სულს და სხეულს,  სამწუხაროდ!
მინდა აღვნიშნო, რომ გარდა გალერეებისა (პიკასოს მუზეუმი და ა.შ.) და საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეებისა, ბარსელონა ის ქალაქია სადაც მუსიკალური ცხოვრება ჩქეფს. ოპერა (Gran Teatre del Liceu, www.liceubarcelona.cat), საკონცერტო დარბაზები (თვალწარმტაცი კატალონიური მუსიკის სასახლე Palau de la Musica Catalana (www.palaumusica.cat/en), სხვათა შორის იმავე არქიტექტორის, დომენეკ ი მონტანერის მორიგი, დაუვიწყარი შედევრი), თანამედროვე ‘აუდიტორიები’ (Auditori di Barcelona)  და კათოლიკური ბაზილიკები  კლასიკური მუსიკის მოყვარულებს სთავაზობენ ნამდვილ ნეტარებას. ამ ქალაქში თქვენ შეხვდებით პლანეტის ნებისმიერი კუთხიდან მოწვეულ მაღალი რანგის მუსიკოსებს და დატკბებით მათი შესრულებით. ესენია: ი.ფაუსტი, ფ.ჰერევეგე, ა.–ს. მუტერი, ჯ.ე. გარდინერი, ჟ.–კ. სპინოზი, ზ. მეტა, რ. ლუპუ, უ. კრისტი და ა.შ.
ქალაქის მუსიკის სასახლე ეს არის კატალონიური არქიტექტურული მოდერნიზმის საუკეთესო ნიმუში, დახუნძლული ულამაზესი ორნამენტებით. ეს ორნამენტები ტრადიციულად მოიცავენ კატოლონიური და არაბული სტილის სინთეზს– მოჭიქული ფერად–ფერადი მეტლახის ნაჭრებით (მოზაიკით). რამდენადაც დარბაზი ჩაფიქრებული იყო კატალონიური საგუნდო მუსიკის საზოგადოება ‘კატალონიური ორფეოსი’–ს შტაბ–ბინად, შენობის ფასადზეც ამ საზოგადოების წევრებია გამოსახული. ვესტიბული და კიბეები საგულდაგულოდ არის მოჩუქურთმებული, სადაც ყვავილების მოტივი დომინირებს. მაგრამ ნამდვილი მარგალიტია აუდიტორია – მას გვერდითა კედლებიდან და ჭერიდან  ბუნებრივად მომდინარე განათება აშუქებს. მეორე იარუსის გარეთა ვიტრაჟები ამოყვანილია ფერადი მინით, ასევე ჭაღის დაუვიწყარ იმიტაციას ქმნის ვიტრაჟებიანი ჭერი, რომელზეც ასევე ნახავთ კატალონიური საგუნდო საზოგადოების წევრ ქალთა სილუეტებს. ამას კიდევ ამდიდრებს კუთხეებში ფრთიანი ცხენებისა და სვეტების თავზე, ნახევარწრიან სცენის კედელზე გამოყვანილი შუასაუკუნოვანი მუსიკოსების სკულპტურები, რომლებიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებენ. 

ამ სასახლეში, 13 მარტს, საფორტეპიანო მუსიკის საღამოს ვეწვიე. ვიზიტი წინასწარ შეთანხმებული მქონდა სასახლის პრეს–ცენტრთან, რომელმაც საუკეთესო ადგილები არ დაიშურა ქართველი ჟურნალისტებისთვის. იმ საღამოს ახალგაზრდა თაობის პოლონელი პიანისტი რაფალ ბლეხაჩი (Rafał Blechacz) გამოდიოდა. ამ 32 წლის პიანისტმა უკვე დიდი აღიარება მოიპოვა და ცნობილმა გერმანულმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ ‘Deutsche Grammophon’ მისი ბევრი ჩანაწერი გამოუშვა (ბახი, შოპენი, ჰაიდნი, მოცარტი და ბეთჰოვენი), რომლებმაც საუკეთესო შეფასება და ჯილდოები დაიმსახურა. პიანისტის კარიერაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა 2005 წელი, როდესაც ფ.შოპენის სახელობის მე–15 საერთაშირისო კონკურსზე, ვარშავაში მან დაიმსახურა, როგორც მთავარი ასევე რამოდენიმე დამატებითი პრიზი. ამ საღამოს ბლეხაჩი მოცარტის ცნობილ ლა–მინორულ (KV310), ბეთჰოვენის ლა–მაჟორულ (op.101), შუმანის სოლ მინორულ (op.22) სონატებს ასრულებდა. პიანისტმა დამაჯერებელი, ვირტუოზული შესრულების მანერა უჩვენა, მაგრამ ამ შესრულებას, მიუხედავად უნაკლო ტექნიკისა, რაღაც სული აკლდა. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ბლეხაჩი ტკბებოდა თავისი ფენომენალური ვირტუოზობით და ეს იყო და ეს. რაიმე პერსონალური განცდა და ინტერპრეტაცია არ ეტყობოდა. მაგრამ, როდესაც ჯერი დადგა შოპენზე, პიანისტი გარდაიქმნა – მის შესრულებაში სირბილე, სინაზე, სევდა და რომანტიზმი ერთად გამოსჭვიოდა. ბლეხაჩი ნამდვილად საინტერესო იყო მაზურკებში (op.24) და თავი სრული დიაპაზონით წარმოაჩინა ჰეროიკულ პოლონეზში (op.53).

რა თქმა უნდა, ასეთი კომპოზიტორების საფორტეპიანო მუსიკის მოსმენა ცალკე სიამოვნებაა, თუმცა იმ საღამოს ხიბლი შოპენის შესრულებაში უფრო იყო.
სანაპიროზე (რამბლას ქუჩა) აღმართულ ქრისტოფორე კოლუმბის მონუმენტის შემდეგ ფეხით თუ გაისეირნებთ, სულ რამოდენიმე კვარტალში აღმოაჩენთ კუთხის შენობას გრძელი აივნით და სამი დიდი თაღოვანი  და ნაწილობრივ მოხატულ მინიანი ფანჯრებით. სახურავზე პატარა მანსარდის მაგვარ თაღში საათს დაინახავთ. ეს სახელგანთქმული საოპერო თეატრ ‘ლისეუს’ ფასადია, რომელიც შენარჩუნდა ადრეულ 1847 წლიდან. თეატრის დასახელება მოდის სიტყვა ლიცეუმიდან, რადგან  პირველ გახსნამდე მის ადგილას თავდაპირველად მუსიკალური ლიცეუმის თეატრი იმყოფებოდა. თეატრი იმით იყო გამორჩეული, რომ აიგო მოქალაქეთა კერძო შემოწირულობებით. იმ დროისათვის ეს იყო ერთ–ერთი დიდი საოპერო თეატრი ევროპაში. მასში იდგმებოდა უპირატესად იტალიური ოპერა (დონიცეტი, ვერდი, მერკადანტე, როსინი). ‘ლისეუს’ თეატრს არ აკლდა დიდი სახელები, მაგრამ ნამდვილი ვარსკვლავთცვენა მოუწია XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც უდიდესი საოპერო ვარსკვლავები გამოდიოდნენ ამ სცენაზე და თეატრმა დაიმსახურა ხმელთაშუა ზღვის საუკეთესო თეატრის რეპუტაცია. თეატრი იყო დაზიანებული 1894 წელს (ანარქისტის ბომბის აფეთქებით), ძალიან დიდი ზიანი კი მას მიადგა 1994 წელს, ხანძრისაგან. მომდევნო წლებში დაიწყო თეატრის რეკონსტრუქცია და განახლება. იგი ხელმეორედ გაიხსნა 1999 წელს. ამჟამად მას ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი, ხუთიარუსიანი დარბაზი აქვს, 2292 მაყურებლის ადგილით. თეატრში არის ისეთი ადგილებიც, საიდანაც სცენა თუნდაც მცირედით ან საერთოდ არა ჩანს! შთამბეჭდავია ჰოლი და ცენტრალური კიბეები, არის თანამედროვე ლიფტები და ამფითეატრის სკამებს ახლავს ინდივიდუალური ელექტრონული ეკრანი, რომელიც ლიბრეტოს სამ ენაზე უჩვენებს. ორიგინალურია ჭერი და დახურული, ოვალური ფორმის განათება. 

მარტის თვეში ძირითად რეპერტუარში იყო ჯორდანოს ‘ანდრე შენიე’ და მხოლოდ ერთი წარმოდგენა ჰენდელის ‘არიოდანტე’–სი, რომელიც გასტროლებზე მყოფ უილიამ კრისტის და მის დასს უნდა წარმოედგინა. ამ სპექტაკლზე შევაჩერე ყურადღება. ოპერა საკონცერტო შესრულებით იდგმებოდა – ჩამოდიოდნენ არა მხოლოდ მომღერლები, არამედ ძველებური მუსიკის ორკესტრი ‘Les Arts Florissants’, რომლის უცვლელი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი უილიამ კრისტია. ‘არიოდანტე’ ჰენდელის საუკეთესო საოპერო ნიმუშებს მიეკუთვნება. დადგმული 1735 წელს სამეფო თეატრ ‘კოვენტ გარდენში’ ჰენდელის ამ მუსიკალურმა დრამამ 11 წარმოდგენას გაუძლო და წარმატებული წინააღმდეგობა გაუწია მის უშუალო მეტოქეს – ‘აზნაურთა ოპერას’, რომელსაც უელსის პრინცი მფარველობდა. სიუჟეტს გადავყავართ შუასაუკუნოვან შოტლანდიაში, სადაც დედოფალ ჯინევრასა და არიოდანტეს დიდი განსაცდელიანი სიყვარული არის მოთხრობილი, მათ სიყვარულს წინ აღუდგება ალბანეთის ჰერცოგი - პოლინესო, რომელიც მასზე შეყვარებულ დალინდას ბრმა იარაღად იყენებს. სიუჟეტში ჩართულია ასევე არიოდანტეს ძმა - ლურკანიო, იგი იოლად გაება პოლინესოს მიერ დაგებულ მახეში. შეყვარებული წყვილის მფარველი შოტლანდიის მეფეა. არიოდანტეს პარტია დაიწერა ცნობილი კასტრატისათვის ჯოვანი კარესტინისათვის, რამაც დიდად შეუწყო ხელი შესრულების წარმატებას. ოპერის თავიდან აღმოჩენა წინა საუკუნის მეორე ნახევარში განაპირობა ცენტრალურ პარტიაში ცნობილი მეცოსოპრანოების დაკავებამ. ამჯერადაც არიოდანტეს როლში ამერიკელი კეიტ ლინდსეი (Kate Lindsey) გამოდიოდა. იგი 2007 წლიდან ‘მეტროპოლიტენ ოპერაში’ დებიუტის შემდეგ უკვე 2012 წლიდან ჩნდება ევროპულ სცენაზე – ჯერ მეორეხარისხოვან პარტიებში მოცარტისა და როსინის ოპერებში, შემდეგ კი უკვე ცენტრალურ პარტიებში. ჯინევრას როლში გამოდიოდა ევროპის დიდი საოპერო თეატრების დამლაშქვრელი, ებრაელი სოპრანო - ჩენ რეისი (Chen Reiss), რომელმაც ევროპის პრაქტიკულად  ყველა დიდი საოპერო სცენა მოიარა. ლურკანიოს პარტიაში ცნობილი გერმანელი ტენორი რაინერ ტროსტი (Rainer Trost) იყო, დალინდას როლში – ებრაელი ჰილა ფაჰიმა (Hila Fahima) და პოლინესოს როლში – ფრანგი კონტრატენორი კრისტოფ დიუმო (Christophe Dumaux), მეფის როლში – ვილჰელმ შვინგჰამერი (Wilhelm Schwinghammer). ოპერა პრაქტიკულად სრულყოფილად შესრულდა – მცირე კუპიურა შეეხო ორ არიას – მეორე აქტში დალინდას (Se tanto piace al cor) და მესამე აქტის დასაწყისში არიოდანტეს (Cieca notte). საკონცერტო შესრულების მიუხედავად მომღერლები არტისტულად გადმოსცემდნენ გმირების აზრებს, განცდებს და ქცევებს. აღსანიშნავი იყო ჯინევრას შემსრულებელი – ჩენ რეისი, ეფექტურ მწვანე და შემდგომ თეთრ კაბაში და ასევე ფრანგი კრისტოფ დიუმო პოლინესოს პარტიაში. ვოკალურადაც ზუსტად ეს ორი შემსრულებელი მომეწონა – ჩენ რეისი დამაჯერებლად და ვოკალური ხარვეზების გარეშე წარსდგა სცენაზე – მისი ხმა კარგად ისმოდა, თუმცა დიდი სიძლიერით არ გამოირჩეოდა. კრისტოფ დიუმო ნამდვილად საუკეთესო ფორმაში იყო – ტემპი, ტექნიკა და ხმის სიძლიერე არ აკლდა (გამოვყოფდი პირველი აქტის არიას Spero per voi, si, si  და მესამე აქტის Dover giustizia amor). გერმანელ ბანს ვილჰელმ შვინგჰამერს დიდი და მყარი ბანი ჰქონდა, ზუსტად რაც ჰენდელის მუსიკას სჭირდება, ამიტომაც ისიც კარგად მიესადაგა როლს (სახასიათო არია Voli colla sua tromba). ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია არიოდანტეს პარტიის შემსრულებელმა – კეიტ ლინდსეიმ. მას რამოდენიმე ცნობილი არია აქვს ოპერაში – კეიტის პატარა და შედარებით  კამერული ხმა სწრაფ ფიორიტურას საერთოდ ვერ უმკლავდებოდა, მხოლოდ ერთ არიაში აღმოჩნდა მომგებიანი – სახელგანთქმულ Scherza infida in grembo al drudo-ში. ეს დრამატული და განცდებით სავსე არია წარმოადგენს ოპერის ნამდვილ ხერხემალს. ამიტომაც უილიამ კრისტიმ ზუსტად ამ არიის შემდეგ გადაწყვიტა ერთადერთი შესვენების მოწყობა, მუხედავად იმისა, რომ არია მეორე აქტის შუაშია. ამით ლინდსეიმ დაიმსახურა მხურვალე აპლოდისმენტები და ჩემი სიმპატიაც. მაგრამ სხვა სცენებში და სწრაფ არიაში (Dopo notte, atra e funesta) ვერაფრით გამოიჩინა თავი. ამიტომ პაუზა არა მხოლოდ დრამატურგიული ხაზის გამოკვეთას, არამედ მთავარი პარტიის შემსრულებლის ვოკალური სისუსტეების დაჩრდილვასაც ემსახურებოდა. 

კრისტის ინტერპრეტაცია იყო თავისუფალი - რიგ ადგილებში ობლიგატური ინსტრუმენტები იყო მკაფიოდ გამოყოფილი, მათი შესრულების მანერაც იყო არატრადიციული (ჰობოის წყვეტილი ხაზი არიაში სახელგანთქმულ Scherza infida in grembo-ში). ასევე აღსანიშნავია პირველი ვიოლინოს (ჰიროცუგუ კუროსაკი – Hirotsugu Kurosaki) ხაზი მესამე აქტის სცენებში, კერძოდ ჯინევრას არიაში (Si morro) და ლურკანიოსა და დალინდას დუეტში (Dite spera, e son contento). ორკესტრში ინსტრუმენტების ბალანსი იყო დაცული, თეორბა და კლავესინი კარგად ისმოდა, ვიოლინოები არ დომინირებდა, მაგრამ პირველი ვიოლინოს სოლო ხაზი  გამოიყოფოდა თავისი პროფესიონალური შესრულებით. ჰენდელის ოპერა ‘არიოდანტე’ ბაროკო მუსიკის საუკეთესო ნიმუშია, სავსე, ლამაზი მელოდიებითა და დრამატურგიული მუსიკალური ხაზით - მაგრამ ჰენდელის გენიის გარდა მას კარგი ვოკალური ხმები და დახვეწილი ტექნიკა სჭირდება.   


დავით გიგინეიშვილი

დაბეჭდილია ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2018, #2 (71):64-67.

Palau de la Musica Catalana, Barcelona
13 March, 2018

Rafal Blechacz, piano

PROGRAM: 
W. A. Mozart: Rondo in A minor, KV 511
W. A. Mozart: Sonata  no. 8 in A minor, KV 310
L. van Beethoven: Sonata no. 28 in A major, op. 101
R. Schumann: Sonata no. 2 in G minor, op. 22
F. Chopin: Mazurkas op. 24

F. Chopin: Polonaise in A-flat Major, op. 53 Núm. 6, "Heroic"

-----------------------------
Georg Friedrich Handel
Ariodante (Concert Version)

Gran teatre del Liceu, Barcelona (Spain)    14th March, 2018

Opera in three acts. Libretto by Antonio Salvi. 

King of Scotland    Wilhelm Schwinghammer
Ginevra         Chen Reiss
Ariodante Kate Lindsey
Lurcanio Rainer Trost
Dalinda         Hila Fahima
Polinesso Christophe Dumaux
Odoardo Anthony Gregory

Les Arts Florissants

Conductor  William Christie