თბილისის მე–3 საერთაშორისო ბაროკო
ფესტივალმა მსმენელებს არნახული საჩუქარი გაუკეთა – თბილისში ჩამოვიდა ევროპის
ერთ–ერთი საუკეთესო ბაროკო ანსამბლი – ბერლინის ‘ძველებური მუსიკის აკადემია’
(Akademie für Alte Musik, Berlin). იგი დაარსდა 1982
წელს აღმოსავლეთ ბერლინში ახალგაზრდა
მუსიკოსების მიერ, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ ბაროკო ეპოქაში შექმნილ ინსტრუმენტებზე
შეესრულებინათ იმავე ეპოქასთან
მაქსიმალურად მიახლოებული შესრულების მანერით. მეოცე საუკუნისთვის ეს იყო
ძალზედ უცხო და საინტერესო. შემსრულებელთა
ეს კოლექტივი აქტიურად ჩაერთო აღმოსავლეთ გერმანიის რამოდენიმე ფესტივალში.
გერმანიის გაერთიანების შემდეგ მათ გაცილებით დიდი გასაქანი მიეცათ. დაიწყო მათი
ჩაწერა სახელგანთქმულ ხმისჩამწერი სტუდიების მიერ (კერძოდ 1994 წლიდან ფრანგული Harmonia
Mundi), აგრეთვე საშუალება მიეცათ ეთანამშრომლათ დასავლეთში მოღვაწე ძველებური მუსიკის აღიარებულ
შემსრულებლებთან. ორკესტრს დიდი ბიძგი მისცა რენე იაკობსთან ურთიერთობამ, რომელმაც
ორკესტრი სასულიერო (კანტატები, ორატორიები) და საოპერო მუსიკის შესასრულებლად
გამოიყვანა.
ამჟამად გერმანელები შედარებით
მცირერიცხოვანი კოლექტივით ჩამოვიდნენ – სულ 14 წევრი, მათ შორის ორკესტრის მუდმივი კონცერტმაისტერი გახლდათ მევიოლინე
ბერნჰარდ ფორკი (Bernhard Forck).
7 მოემბრის პროგრამის პირველი განყოფილება
მოიცავდა ტელემანის და ი.ს.ბახის კამერულ მუსიკას. ტელემანის ცნობილ სოლ მინორული
სუიტის ‘La Musette’ TWV55:g1 შესრულებისას ორკესტრი შეივსო შვიდი ქართველი მუსიკოსით
– სიმებიანი ინსტრუმენტები ‘საქართველოს სიმფონიეტიდან’.
ტელემანის მოსმენა სცენიდან ყოველთვის იწვევს მხიარულებისა
და ცეკვის სურვილს. სუიტა იყო ამის ნათელი მაგალითი, განსაკუთრებულად გამოვყოფდი
ნაწილებს, რომელიც თავისი ცეცხლოვანი რითმით პირდაპირ მუხტავდა მსმენელს.
ტელემანის მომდევნო, რადიკალურად განსხვავებულ ნაწარმოებს (ფა მინორული სონატა,
რომელშიდაც მეტი ფიქრი და კამერულობა იყო), ეტყობოდა იტალიური მუსიკალური სკოლის უდავო გავლენა.
კლავესინის გადაადგილების შემდეგ, როდესაც იგი მოათავსეს ახლოს დარბაზისაკენ და
ცენტრში, შესრულდა იოჰან სებასტიან ბახის მეხუთე ბრანდენბურგული კონცერტი BWV1050.
იგი ცნობილია კლავესინის დომინანტით და სოლო კადენციით. მას შუა ნაწილებში ტრიო
სონატის ფორმით პარტნიორობას უწევდა ვიოლინო და ფლეიტა. შესრულება იყო აკადემიური,
დახვეწილი და ნიუანსებით სავსე. ჩვენი კლავესინი (ორკესტრს იგი დახვდა თბილისში)
მოულოდნელად გაცოცხლდა და რაფაელ
ალპერმანის (Raphael Alpermann) ხელში ხმოვანებაც მოემატა. ერთ–ერთ, უცნაურად ზედა
რეგისტრში კი წაიწრიპინა ინსტუმენტმა, რაც მის აუცილებელ აწყობას გვამცნობდა. ეს
იყო და ეს. ბრანდენბურგული ეს კონცერტი არის ხალისიანი, სიცოცხლით სავსე, სწორედ ამ
ტალღას აჰყვა დარბაზის სულ პაწია მსმენელი, ოთხი წლის გოგონა, რომელიც პირველი
რიგის წინ მუსიკის ტაქტში ცეკვა–ცეკვით ერთობოდა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ
გერმანელ მუსიკოსებს, რომლებიც ამით მეტად გახალისდნენ.
მეორე ნაწილში შესრულდა კარლ ფილიპ ემანუელ
ბახის რე–მინორული ფლეიტის ერთ–ერთი ცნობილი კონცერტი Wq22, ფლეიტისტი ქრისტოფ ჰუნტგებურთი
(Christoph Huntgeburth) უწევდა პარტნიორობას გერმანულ ორკესტრს. ფლეიტის პარტია,
განსაკუთრებით მესამე ნაწილში, არის რთული, ვირტუოზული და სოლისტი მას ნორმალურად გაუმკლავდა,
თუმცა რაიმე დახვეწილი ტექნიკის ან საოცარი ტემპის მაგალითი არ უჩვენებია.
ანტონიო
ვივალდის ხელწერა დაუვიწყარი და განუმეორებელია – ასე იყო ახლაც, როდესაც
ორკესტრმა მისი დო–მაჟორული კონცერტი RV114 შეასრულა. ამ კონცერტის მეორე ნაწილში
ვიოლინო ავლენს ყველა სახის ტექნიკურ მაგალითს – გასაოცარი იყო ამის ნახვა ბერნჰარდ
ფორკის ხელში. სუსტი, მაღალი, მოქნილი ფორკი პატარა ვიოლინოს ჯადოსნურად ფლობდა.
მან არც არტისტული მიხრა–მოხრით და არც
დემონსტრაციული ფორტეებით დატვირთა შესრულება. მაგრამ არცთუ უემოციოდ, ძალზე
აკადემიურად და დახვეწილად ფლობდა იგი ბაროკო ვიოლინოს.
ოთახის აკუსტიკას, რომელსაც წინა
ფესტივალის დროს ვენდუროდი, ხელი არ შეუშლია სიმებიანების შესრულებისთვის, –
ინსტრუმენტები ფაქიზად და დამოუკიდებლად ისმოდა, მათი ბალანსი იყო იდეალური და
ჟღერადობა წამახვილებული ზედებით, რაც ასე ტიპურია ბაროკო ინსტუმენტებისათვის და
დამახასიათებელია ამ ორკესტრის ჩანაწერებში. ამ ფაქტმა გამაკვირვა და ბევრი სხვა ჩემში წარმოშობილი ის
კითხვები გადაწყვიტა, რაც ჩვენი ორკესტრისა (საქართველოს სიმფონიეტასა) და
აკუსტიკის მიმართ მქონდა აქამდე. მთავარი მაინც იყო ფორკი, – გერმანული ორკესტრის სული, იგი ასახიერებდა ამ ორკესტრის
საუკეთესო და უმაღლეს მიღწევებს, მისი დამაჯერებელი ხელმძღვანელობა ეჭვს არ
იწვევდა ორკესტრანტების პროფესიონალიზმში
და სანდოობაში. კონცერტი დასრულდა ფრანჩესკო ჯემინიანის მე–12 კონჩერტო გროსოთი ‘La Follia’,
რომელიც კორელის op.5 კონცერტების საფუძველზეა დაწერილი. უცნობილესმა ბაროკო
მელოდიამ ჯემინიანის რედაქციით და გერმანელების
შთამბეჭდავი შესრულებით აუდიტორიის
არნახული გამოძახილი ჰპოვა, ამ კონცერტში წამყვან ვიოლინოს დროდადრო ჩელო და
კლავესინი უბამდა მხარს, მერე ძირითადი მელოდიის ვარიაცია მეორდება უკვე ორი
ვიოლინოს ექოსმაგვარ დუეტში, სადაც ექო სხვა სიმებიანით იცვლება. ეს მეტად
ეფექტურად და აკუსტიკურად გათვლილ შესრულებაში გადაიზარდა – ექო სიმებიანები
ფორკმა განათავსა სცენის საპირისპირო მხარისკენ და შუაში, მაშინ, როდესაც თავად
მაყურებლისაგან მარცხენა მხარეს იდგა.
დაუვიწყარი იყო, როგორც მთელი კონცერტის,
ასევე ამ ბოლო ნაწარმოების შესრულება, სადაც ორკესტრს არ ჰქონია არც ტემპის
ჩავარდნა, არც სინქრონულობისაგან აცდენა, და არც ინსტუმენტები არ გადადიოდნენ ერთიმეორეზე
. ეს იმ პირობებში, როცა ორკესტრი 11 სიმებიანით, 2 ჩასაბერით და ერთი კლავესინით
იყო წარმოდგენილი. მქუხარე აპლოდისმენტებში ორკესტრმა ორი მოკლე ნაწყვეტი შეასრულა
ბისზე – ბახის მეორე სუიტის უკანასკნელი სწრაფი ნაწილი ფლეიტის სოლოთი (Badinerie), ბოლოს კი ტელემანის სუიტის ფინალური ნაწილი ჩვენს ინსტრუმენტალისტებთან
ერთად.
და ბოლოს, ქართველ მსმენელებს ვუსურვებდი
მრავლად მოესმინოთ ჩვენში ასეთი წარმატებული კონცერტები.
დავით გიგინეიშვილი
გამოქვეყნებულია გაზეთში 'საქართველოს რესპუბლიკა' 14 ნოემბერი 2017#232(8369):7.
'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2017; 4(69):56–58.
Tbilisi Baroque Festival 2017 - Rustaveli Theatre Small Stage
November 7th, 2017, Tbilisi, Georgia
Programm:
Georg Philipp Telemann
1. Ouvertürensuite "La Musette" für Streicher und B.c. TWV 55:g1
2. Sonata (Sextett) f-Moll TWV 44:32
3. Johann Sebastian Bach
Brandenburgisches Konzert Nr. 5 D-Dur BWV 1050
4. Carl Philipp Emanuel Bach
KonzertfürFlöte, StreicherundB.c. d-mollWq 22
5. Antonio Vivaldi
Concerto per archi in C, RV 114
6. Francesco Geminiani
Concerto Grosso No. 12 in D Minore ‘La Follia’ (after Corelli)
Encore : J.S. Bach : Orchestersuite Nr. 2 h-Moll, Menuet&Badienerie
Akademie für Alte Musik Berlin
Bernhard Forck Violine 1
Emmanuelle Bernard Violine 1
Gudrun Engelhardt Violine 1
Edburg Forck Violine 1
Dörte Wetzel Violine 2
Julita Forck Violine 2
Tim Willis Violine 2
Sabine Fehlandt Viola
Stephan Sieben Viola
Antje Geusen Violoncello
Michael Neuhaus Kontrabass
Raphael Alpermann Cembalo
Christoph Huntgeburth Flöte
Eckhard Lenzing Fagott
გამოქვეყნებულია გაზეთში 'საქართველოს რესპუბლიკა' 14 ნოემბერი 2017#232(8369):7.
'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2017; 4(69):56–58.
Tbilisi Baroque Festival 2017 - Rustaveli Theatre Small Stage
November 7th, 2017, Tbilisi, Georgia
Programm:
Georg Philipp Telemann
1. Ouvertürensuite "La Musette" für Streicher und B.c. TWV 55:g1
2. Sonata (Sextett) f-Moll TWV 44:32
3. Johann Sebastian Bach
Brandenburgisches Konzert Nr. 5 D-Dur BWV 1050
4. Carl Philipp Emanuel Bach
KonzertfürFlöte, StreicherundB.c. d-mollWq 22
5. Antonio Vivaldi
Concerto per archi in C, RV 114
6. Francesco Geminiani
Concerto Grosso No. 12 in D Minore ‘La Follia’ (after Corelli)
Encore : J.S. Bach : Orchestersuite Nr. 2 h-Moll, Menuet&Badienerie
Akademie für Alte Musik Berlin
Bernhard Forck Violine 1
Emmanuelle Bernard Violine 1
Gudrun Engelhardt Violine 1
Edburg Forck Violine 1
Dörte Wetzel Violine 2
Julita Forck Violine 2
Tim Willis Violine 2
Sabine Fehlandt Viola
Stephan Sieben Viola
Antje Geusen Violoncello
Michael Neuhaus Kontrabass
Raphael Alpermann Cembalo
Christoph Huntgeburth Flöte
Eckhard Lenzing Fagott
No comments:
Post a Comment