Wednesday, May 31, 2017

‘სიყვარულის ნექტარი’ ფერნანდო ბოტეროს დადგმით თბილისის ოპერაში / 'L'Elisir d'Amore' at the Tbilisi State Opera

მაისის მიწურულს თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრმა ‘სიყვარულის ნექტარის’ ერთი სპექტაკლის დადგმა შემოგვთავაზა. მაინტრიგებელი იყო, როგორც დამდგმელი რეჟისორის სახელი – ფერნანდო ბოტერო (Fernando Botero), ასევე შემსრულებელთა დასი – ცენტრალურ პარტიებში უცხოელი მომღერლები იყვნენ გამოცხადებულნი. გარდა ფართოდ აღიარებული იტალიელი ბას–ბარიტონი მიკელე პერტუსისა სხვა მომღერლების გვარები მაინცდამაინც არაფრის მთქმელი იყო. ჩემმა ინტუიციამ, ამგვარი სპექტაკლების დასწრებისაგან თავის არიდებისა, არ იმუშავა – ‘აიდასა’ და ‘კარმენის’ იმედისმომცემი წინა წარმოდგენების გამო ამ სპექტაკლზეც კარგი განწყობით მივედი. თავდაპირველად, კვირის დასაწყისშივე, ელექტრონულად მივმართე პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს აკრედიტაციისთვის, მაგრამ მისგან პასუხი ვერ  მივიღე, აქამდე ჩვენს შორის დამყარებული მიმოწერა  ჩვეული  ნორმა მეგონა და მეწყინა უპასუხოდ რომ დავრჩი, მაგრამ რატომ ? განა ნაცნობი არ არის ამ მხრივ  ის უდარდელობა თუ  არ ვიცი რა დავარქვა,  რაც აქამდეც  სუფევდა ოპერაში? მიუხედავად გამოცდილებისა, მართალი გითხრათ, ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ოფიციალურმა პირმა ასე ‘არარაობაში’ გადაუშვას აკრედიტაციის მოთხოვნა. ამას პრესის სამსახურის ‘აიდასთან’ განცდილი უხერხულობის შემდეგ მართლაც არ ველოდი.  შოკი როგორც იქნა  გადავლახე, გავეშურე სალაროებში და შევიძინე ბილეთი, რომლის ფასი დღევანდელი დღისათვის არავითარ დემოკრატიულობაზე არ მიუთითებდა. ნეტავ მაცოდინა ბილეთების ფასის დადგენისას რას ეყრდნობა საოპერო თეატრი – მხოლოდ მდიდარი მეცენატების პარტერში და ლოჟებში განთავსებას, მაშინ, როდესაც არანაირი საშეღავათო სისტემა არ არსებობს თუნდაც მოსახლეობის რაიმე კატეგორიზაციის საფუძვლზე?
ზედა იარუსის პირველი რიგიდან ჩვენი კოპწია, მყუდრო და ლამაზი თეატრის სასახელოდ  უნდა ითქვას, რომ სცენაც კარგად მოჩანდა და ხმაც კარგად აღწევდა – ორკესტრი კი ისევ ყრუდ და მათ შორის ჩასაბერი ინსტრუმენტები მეტისმეტად მკრთალად ისმოდა.
დადგმა ნამდვილად თვალწარმტაცი გამოდგა – უხვი დეკორაციებითა და პერსონაჟებით და ოდნავ გადატვირთული დეტალებით. მაყურებელს მე–XIX საუკუნის ტრადიციული ევროპული საცირკო (Circo Atayde) წარმოდგენის ატმოსფერო შეუქმნეს. იქ ჟონგლიორები, აქ ერთბორბლიანი ველოსიპედზე მჯდომი აკრობატი, იქეთ კი  ჯამბაზები გრძელ ჯოხებზე ამხედრებულნი. ბუფონადა და იუმორი სპექტაკლს არ აკლდა – ცირკს სცენაზევე  ჰყავდა მაყურებელი – ქალაქის მაცხოვრებლები და კათოლიკური ეპისკოპოსიც კი!
ლამაზი გუნდის შემდეგ ოპერა ნემორინოს არიით იწყება – არგენტინელ ტენორს პაბლო კარამანს (Pablo Karaman) არც ლამაზი, არც ძლიერი ხმა ჰქონდა. ზედა რეგისტრშიც კი  დახშულად ისმოდა. არც ადინას შემსრულებლის – ესპანელი მომღერლის მარიოლა კანტარეროს (Mariola Cantarero) ხმა მოგხიბლავდათ – სუბრეტკების როლისათვის უფრო შესაფერი  ზედა რეგისტრში მისი ხმა უსიამოვნოდ ჟღერდა.
 ბელკორეს გამოჩენა იყო კომიკური – საბრალოს ჯერ ადინა უარყოფს, რომლის მიმართ ლომების მომთვინიერებლის კოსტიუმში გამოწყობილი ყოყლოჩინა ბელკორე სიყვარულის გრძნობით არის გამსჭვალული, არც ასისტენტები დაინდობენ, რადგან ‘გალანტური’ არიის დროს მათი მოუქნელობის გამო მას ფეხებზე 100კგ გირა დაეცემა.
თავის კოლეგებზე უფრო პოპულარული, იტალიელი ბარიტონი მარიო კასი (Mario Cassi) წელს ვენისა  და დრეზდენის საოპერო სცენებზე მოცარტის ოპერებში ცენტრალურ პარტიას ასრულებდა, ბელკორეს პარტიაში აქამდე ევროპის საუკეთესო სცენები მოიარა. ამის მიუხედავად ფიორიტურებში ხმა მძიმედ ემორჩილებოდა, რის გამოც სიმღერის ტემპს აგდებდა. ყველაზე ეფექტური ექიმი დულკამარა აღმოჩნდა – მიკელე პერტუსი (Michele Pertusi) ჩინებულ ფორმაში იყო – ხმა თავისუფლად მოედინებოდა და სრულად ავსებდა ოპერას, არც ერთი ბგერა და პასაჟი არ ჩავარდნილა, ზედებიც თავისუფალი ჰქონდა. რაღაც მომენტში პირველი აქტის არიაში Udite, udite, o rustici დარბაზში შუქი ჩაქრა და მოხერხებული დულკამარა აქაც არ დაიბნა – წამოიყვირა ქართულად ‘შუქიო’ და შუქიც აინთო!  
ძალზე დასანანი ის იყო, რომ ოპერა წარსული საუკუნის 60–იანი წლებისთვის დამახასიათებელი დიდი კუპიურებით სრულდებოდა. მეორე აქტი კი რატომღაც სწრაფად დასრულდა – პაბლო კარამანიმ ნემორინოს რომანსში Una furtiva lagrima ხმას ოდნავ მოუმატა, ადინა კი ფინალურ დუეტში იმდენად გააქტიურდა, რომ უცნაური მაღლებით აპლოდისმენტებიც კი მოსტაცა მსმენელს. მაგრამ ეს იყო და ეს. ჩვენი გუნდი ვოკალურად  ორკესტრს რამდენჯერმე საგრძნობლად ჩამორჩა. ჯანეტას როლში კი თამთა კორძაია დიდად არ ჩამოუვარდებოდა მარიოლა კანტარეროს.

სამწუხაროდ, დადგმამ საერთო შთაბეჭდილებით დონიცეტის ულამაზესი მუსიკის სასარგებლოდ არ იმუშავა, სცენოგრაფიამ და კოსტიუმებმა გადასძლიეს მუსიკალური ფონი და ბოლო ათწლეულში, პირველად ჩემს მეხსიერებაში, მეტად გულგატეხილი დავრჩი – მუსიკის სიდიადე საგრძნობლად დაიჩრდილა. და ამ უსიამოვნო შედეგში მუსიკოსებს და მომღერლებსაც არცთუ მცირე როლი მიუძღოდათ...

ვოკალი – 2.5
ორკესტრი–3
დადგმა–3.5

დავით გიგინეიშვილი

გამოქვეყნებულია გაზეთ ' საქართველოს რესპუბლიკა' 2017: 110(8247):9.

State Opera of Georgia, Tbilisi
May 28th, 2017
Gaetano Donizetti
L'elisir d'amore
Comic opera in two acts

Mariola Cantarero (Adina)
Pablo Karaman (Nemorino)
Mario Cassi (Belcore)
Michele Pertusi (Dulcamara)
Tamta Kordzaia (Giannetta)

conducted by  Walter Attanasi

Director and Scenographer - Fernando Botero

No comments:

Post a Comment