Monday, December 18, 2017

თბილისი ბაროკო ფესტივალი 2017 დასრულდა / Tbilisi Baroque Festival 2017

2017 წლის შემოდგომაზე თბილისმა მესამედ უმასპინძლა ბაროკო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს. როგორც წინა წლებში ასევე ახლაც პროგრამა მოიცავდა როგორც სპექტაკლებს (7 წარმოდგენა), ასევე ლექციებს (4 ლექცია). ტრადიციულად შესრულდა როგორც საგუნდო ნაწარმოებები, ასევე სოლო კონცერტები და საორკესტრო ნაწარმოებები (სოლო ინსტრუმენტის თანხლებით და თანხლების გარეშე). მაგრამ იყო სიახლეც -  თბილისს ევროპიდან პირველად ეწვია  ძველებური მუსიკის ორკესტრი – ეს იყო სახელგანთქმული ‘ბერლინის ძველებური მუსიკის აკადემია’ (Akademie fur Alte Musik Berlin) ბერნჰარდ ფორკის (Bernhard Forck) ხელმძღვანელობით (იხილეთ წერილი წინა ნომერში).  ყველა სხვა სპექტაკლზე გამოდიოდა ‘საქართველოს სინფონიეტა’, რომელიც მასპინძლის როლში იყო.
მოულოდნელი სიახლე აღმოჩნდა ჯოვანი ბატისტა პერგოლეზის ‘სტაბატ მატერთან’ ერთად იმავე საღამოზე ქართული საგალობლების შესრულება ანსამბლ ‘ანჩისხატის’ გუნდის მიერ. დასავლეთიდან ჩამოსული ჩვენო ორი მომღერლის (სალომე ჯიქია, სოპრანო და ქეთევან ქემოკლიძე, მეცოსოპრანო) თანხლებით აჟღერებული უკვდავი ‘სტაბატ მატერი’ შთამეჭდავი იყო. რომ არა ტენდენცია საოპერო მუსიკისათვის დამახასიათებელი შესრულების მანერის გამოყენებისა, სხვა წუნს ამ შესრულებას ვერ მოუნახავდა გამოცდილი მსმენელიც. იტალიური საეკლესიო ბაროკო მუსიკის სინთეზი ქართულ საეკლესიო მუსიკასთან მეტად სინერგიული გამოდგა. მსმენელი დატკბა, როგორც ქართული გალობის, ასევე ევროპული საეკლესიო მუსიკის ჰანგებით. 

გერმანელმა დირიჟორმა -  კორნელია ფონ კერსენბროკმა (Cornelia von Kerssenbrock) საგუნდო მუსიკის მრავალფეროვანი პროგრამა შემოგვთავაზა – წარმოდგენილი იყო ბახის, ჰენდელის, ვივალდისა და პიორსელის მუსიკა. მისი მანერის შესაბამისად,  შესრულება იყო მონუმენტალური – დიდი (ორი სხვადასხვა) გუნდის მონაწილეობით და უჩვეულო ფორტისიმოებით, რაც ბეთხოვენის ‘საზეიმო მესისათვისაც“ კი იქნებოდა შესაფერი. აქ,  სასიამოვნოდ გამოჩნდა  ჩვენი სოპრანო ანა ცარციძე – ლამაზი, კამერული ხმით, მან  ჰენდელის ულამაზესი და ვირტუოზული მოტეტი ‘Laudate pueri’ HWV237 იმღერა. მოქნილი ტექნიკის მიუხედავად მომღერალს იმ საღამოს თითქოს  სუნთქვის პრობლემები აწუხებდა (ავადმყოფობის გამო?), რაც უკვე ნაკლებად გამოვლინდა ზელენკას მაგნიფიკატში და ვივალდის ფსალმუნში Domine ad adiuvandum RV593. ფესტივალს შარშანდელი მონაწილეები ევროპიდან წელსაც ეწვივნენ – კლავესინისტი ჟან რონდო, ჩელისტი დავიდე ამადიო და ფაგოტისტი სერჯიო აცოლინი. ჟან რონდო (Jean Rondeau) დომენიკო სკარლატის სონატებითა და იოჰან კრისტიან ბახის ფა–მინორული კლავესინის კონცერტით წარმოგვიდგა. რონდო იყო შთამბეჭდავი, რასაც ვერ ვიტყვი ჩვენს კლავესინზე ,  პირველი რიგიდან იგი კარგად ისმის, მაგრამ მისი ჟღერადობა მკვეთრად იჩრდილება მომდევნო რიგებში.  

ვივალდის საღამოზე  ჩელო კონცერტებთან (RV424, 412, 418) ერთად შესრულდა სავიოლინო კონცერტები ციკლიდან L’estro armonico (No.2,8 &10) ორი და ოთხი ვიოლინოსათვის. ამადიოს (Davide Amadio) ცეცხლოვან, სწრაფ და წყვეტილ შესრულებას, სადაც მუსიკალური ექსპრესია აჭარბებდა შესრულების სიზუსტეს, ჩვენმა ორკესტრმა საპირწონედ დაუდო ემოციური, მყარი და სწრაფი შესრულება. საინტერესო და მისასალმებელია, რომ ყოველ სავიოლინო კონცერტში სოლისტები იცვლებოდნენ – ჩვენმა ქალბატონებმა ჩინებულად დაძლიეს ვივალდის პასაჟები, ოდნავი ხარვეზებით არპეჯიოებში. ამიტომაც, იმ საღამოს, როგორც ვენეციელი ამადიოს, ასევე ჩვენი მევიოლინეების ბენეფისი იყო. ქართული ორკესტრის სასახელოდ ვიტყვი, რომ მათ შესძინეს შესრულებას ის ტემპერამენტი და გრძნობები, რაც ასე უხდება ვივალდის მუსიკას. 


სხვა კონცერტებიდან დისტანცირებული აღმოჩნდა საღამო,  რომელშიც რუსი მევიოლინე სერგეი მალოვი მონაწილეობდა. მან შეასრულა სოლოც, ასევე ორკესტრთან ერთადაც. ნაწარმოებებს ასრულებდა რიგრიგობით  როგორც ვიოლინოზე, ასევე ჩელო და სკალაზე – იშვიათ პატარა ჩელოზე, რომელიც შესრულებისას მკერდზე მაგრდება. მალოვმა ორკესტრთან ერთად იოჰან სებასტიანისა და კარლ ფილიპ ემანუელ ბახის გადაკეთებული ნაწარმოებები შეასრულა (ორიგინალში დაწერილი კლავიშებიანი ინსტრუმენტისათვის  ან ტრადიციული ჩელოსათვის). ვინც მალოვის საშემსრულებლო მანერას იცნობდა იმ საღამოს პროგრამით გაკვირვებული არ დარჩებოდა – ვირტუოზული, სწრაფი და მეტად თანამედროვე მანერა სავარაუდოდ ნაკლებად მოუხდებოდა ნაწარმოების ორიგინალურ ვერსიას. იგი ისე ჩქარობდა რომ პირველი კონცერტის დასაწყისში კიდევაც უსწრებდა ორკესტრს. ასეთმა შესრულებამ   უფრო მალოვი დაგვანახა და ჩრდილში დატოვა კომპოზიტორი.
ყველაზე უცხო და შესაბამისად საინტერესო მუსიკალური საღამო ფესტივალის დახურვისას უნდა ყოფილიყო. იოჰან ფრიდრიხ ფაში, იან დისმას ზელენკა და იოჰან გეორგ პისენდელი – ეს ის ბაროკო კომპოზიტორებია, რომლებიც პრაქტიკულად უცნობია ჩვენი მსმენელისთვის და მათი კონცერტები ვირტუოზულობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამ შესრულებისათვის ექვსი უცხოელი მუსიკოსი შეიკრიბა – სახელგანთქმული ფაგოტისტი - სერჯიო აცოლინი (Sergio Azzolini), ფაგოტისტი - აი იკედა, ჰობოისტები: ჯოვანი დე ანჯელი და პრიშკა კომპლოი, ჩელისტი -  დავიდე ამადიო და თეორბაზე – ეტიენ გალეტიე. ყველაფერი წარიმართებოდა ბრწყინვალედ რომ არა პირველი ჰობოისტის ‘უცნაური’ შესრულება – ნაზი ტონის ნაცვლად ჰობოი გამოსცემდა მყვირალა ტონს, შემსრულებლის ძალზე წყვეტილი მანერაც კი ვერ ფარავდა ტონალურ უზუსტობას (ინსტრუმენტის პრობელემა?). ამან ერთგვარი დისონანსი შექმნა სხვა შემსრულებლებთან და ზელენკას ულამაზესი კონცერტებით (ZWV 186 & 189) სრულყოფილი დატკბობის საშუალება არ მომცა. მიუხედავად ამისა, კონცერტი შედგა და  განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ XVIII საუკუნის დრეზდენის კარის მუსიკოსების საუკეთესო შედევრები პირველად აჟღერდა თბილისში!

აგრეთვე ცალკე უნდა აღინიშნოს ოთხი საჯარო ლექცია, რომელიც ბაროკო ეპოქას მიეძღვნა. თემატიკა გონივრულად გათვლილი და შერჩეული იყო –  საუბრები შეეხო  ბაროკო მუსიკისადმი ინეტერესის მძლავრ მომატებას უკანასკნელი დეკადების დროს, დრეზდენის კარის მუსიკოსებს და ვივალდის (რომელთა ნაწარმოებები შესრულდა ფესტივალის დროს), ასევე კარავაჯოს და მის მიმდევრებს. ლექციები კონსერვატორიაში გაიმართა, გულდასაწყვეტი მხოლოდ ის იყო, რომ მომხსენებლების ჩინებულ დონეს შესაბამისი მსმენელების არმია არ დაესწრო, მით უფრო, როცა აკლდნენ თავად კონსერვატორიის სტუდენტები.  
სიამოვნებას იწვევს ის ფაქტიც, რომ უკვე მეორე ფესტივალიდან დამკვიდრდა კარგი პრაქტიკა – ლექცია–გაცნობითი ნახევარსაათიანი საუბარი კონცერტის წინ, რაც  კონცერტზე მისულ მსმენელს უქმნიდა შესაბამის განწყობას, რათა სწორად აღექვათ შემდგომი მუსიკალური კონცერტი. ამ წამოწყებამ ჰპოვა მსმენელების ინტერესი, რასაც დამსწრეთა რაოდენობა ადასტურებდა. 
განსაკუთრებული მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ფესტივალის ძირითადი დამფუძნებლები – ჩვენი ორკესტრი -  ‘საქართველოს სინფონიეტა’ – რა სწორად და გემოვნებით იყო შედგენილი პროგრამა! როგორი ავტორიტეტები იყვნენ მოწვეულნი და რა უცხო მუსიკა აჟღერდა, რომელიც დარბაზის უმრავლესობას არასოდეს მოუსმენია.

ჩვენი ორკესტრი ჩინებულად გამოვიდა – უდავოა, მან მიიღო კარგი ‘საშტატო’ ორკესტრის სახე, რომელიც ერთნაირად უწევს კარგ პარტნიორობას სხვადასხვა მუსიკოსებს. მაგრამ, მინდა აღვნიშნო, რომ ორკესტრის შესრულების მანერა ჩემი თვალსაზრისით, მეტად თანამედროვეა,  ნაკლებად ექცევა  ყურადღება აკუსტიკას და სიფაქიზეს, არადა, ამის კარგი მაგალითი, ბერლინის ძველებური მუსიკის აკადემიის ორკესტრმა ზუსტად  გვიჩვენა.  

დავით გიგინეიშვილი

გამოქვეყნებულია გაზეთში 'საქართველოს რესპუბლიკა' 2017, 256(8393):9. (20 დეკემბერი)

Sunday, November 12, 2017

ბერლინის ძველებური მუსიკის აკადემია თბილისში – Akademie fur Alte Musik Berlin in Tbilisi

თბილისის მე–3 საერთაშორისო ბაროკო ფესტივალმა მსმენელებს არნახული საჩუქარი გაუკეთა – თბილისში ჩამოვიდა ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო ბაროკო ანსამბლი – ბერლინის ‘ძველებური მუსიკის აკადემია’ (Akademie für Alte Musik, Berlin). იგი დაარსდა 1982 წელს აღმოსავლეთ ბერლინში  ახალგაზრდა მუსიკოსების მიერ, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ ბაროკო ეპოქაში შექმნილ ინსტრუმენტებზე შეესრულებინათ იმავე ეპოქასთან  მაქსიმალურად მიახლოებული შესრულების მანერით. მეოცე საუკუნისთვის ეს იყო ძალზედ უცხო და საინტერესო.  შემსრულებელთა ეს კოლექტივი აქტიურად ჩაერთო აღმოსავლეთ გერმანიის რამოდენიმე ფესტივალში. გერმანიის გაერთიანების შემდეგ მათ გაცილებით დიდი გასაქანი მიეცათ. დაიწყო მათი ჩაწერა სახელგანთქმულ ხმისჩამწერი სტუდიების მიერ (კერძოდ 1994 წლიდან ფრანგული Harmonia Mundi), აგრეთვე საშუალება მიეცათ ეთანამშრომლათ  დასავლეთში მოღვაწე ძველებური მუსიკის აღიარებულ შემსრულებლებთან. ორკესტრს დიდი ბიძგი მისცა რენე იაკობსთან ურთიერთობამ, რომელმაც ორკესტრი სასულიერო (კანტატები, ორატორიები) და საოპერო მუსიკის შესასრულებლად გამოიყვანა.

 პირად მუსიკალურ ფონდში ამ ანსამბლის მრავალი ჩანაწერი მაქვს, მათი შესრულება სცენაზეც მომისმენია. ამდენად,  ორკესტრი ჩემთვის ნაცნობიც იყო და საყვარელიც. მაგრამ თბილისში მათ ჩამოსვლას სხვა ელფერი ეძლეოდა – აქამდე არც ამ და არც წინა საუკუნეში თბილისში არც ერთი ბაროკო ორკესტრი არ ყოფილა.
ამჟამად გერმანელები შედარებით მცირერიცხოვანი კოლექტივით ჩამოვიდნენ – სულ 14 წევრი, მათ შორის  ორკესტრის მუდმივი კონცერტმაისტერი გახლდათ მევიოლინე ბერნჰარდ ფორკი (Bernhard Forck).
7 მოემბრის პროგრამის პირველი განყოფილება მოიცავდა ტელემანის და ი.ს.ბახის კამერულ მუსიკას. ტელემანის ცნობილ სოლ მინორული სუიტის ‘La Musette’ TWV55:g1 შესრულებისას ორკესტრი შეივსო შვიდი ქართველი მუსიკოსით – სიმებიანი ინსტრუმენტები ‘საქართველოს სიმფონიეტიდან’.

 ტელემანის მოსმენა სცენიდან ყოველთვის იწვევს მხიარულებისა და ცეკვის სურვილს. სუიტა იყო ამის ნათელი მაგალითი, განსაკუთრებულად გამოვყოფდი ნაწილებს, რომელიც თავისი ცეცხლოვანი რითმით პირდაპირ მუხტავდა მსმენელს. ტელემანის მომდევნო, რადიკალურად განსხვავებულ ნაწარმოებს (ფა მინორული სონატა, რომელშიდაც მეტი ფიქრი და კამერულობა იყო), ეტყობოდა  იტალიური მუსიკალური სკოლის უდავო გავლენა. კლავესინის გადაადგილების შემდეგ, როდესაც იგი მოათავსეს ახლოს დარბაზისაკენ და ცენტრში, შესრულდა იოჰან სებასტიან ბახის მეხუთე ბრანდენბურგული კონცერტი BWV1050. იგი ცნობილია კლავესინის დომინანტით და სოლო კადენციით. მას შუა ნაწილებში ტრიო სონატის ფორმით პარტნიორობას უწევდა ვიოლინო და ფლეიტა. შესრულება იყო აკადემიური, დახვეწილი და ნიუანსებით სავსე. ჩვენი კლავესინი (ორკესტრს იგი დახვდა თბილისში) მოულოდნელად გაცოცხლდა და  რაფაელ ალპერმანის (Raphael Alpermann) ხელში ხმოვანებაც მოემატა. ერთ–ერთ, უცნაურად ზედა რეგისტრში კი წაიწრიპინა ინსტუმენტმა, რაც მის აუცილებელ აწყობას გვამცნობდა. ეს იყო და ეს. ბრანდენბურგული ეს კონცერტი არის ხალისიანი, სიცოცხლით სავსე, სწორედ ამ ტალღას აჰყვა დარბაზის სულ პაწია მსმენელი, ოთხი წლის გოგონა, რომელიც პირველი რიგის წინ მუსიკის ტაქტში ცეკვა–ცეკვით ერთობოდა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ გერმანელ მუსიკოსებს, რომლებიც ამით მეტად გახალისდნენ.    

მეორე ნაწილში შესრულდა კარლ ფილიპ ემანუელ ბახის რე–მინორული ფლეიტის ერთ–ერთი ცნობილი კონცერტი Wq22, ფლეიტისტი ქრისტოფ ჰუნტგებურთი (Christoph Huntgeburth) უწევდა პარტნიორობას გერმანულ ორკესტრს. ფლეიტის პარტია, განსაკუთრებით მესამე ნაწილში, არის რთული, ვირტუოზული და სოლისტი მას ნორმალურად გაუმკლავდა, თუმცა რაიმე დახვეწილი ტექნიკის ან საოცარი ტემპის მაგალითი არ უჩვენებია. 


ანტონიო ვივალდის ხელწერა დაუვიწყარი და განუმეორებელია – ასე იყო ახლაც, როდესაც ორკესტრმა მისი დო–მაჟორული კონცერტი RV114 შეასრულა. ამ კონცერტის მეორე ნაწილში ვიოლინო ავლენს ყველა სახის ტექნიკურ მაგალითს – გასაოცარი იყო ამის ნახვა ბერნჰარდ ფორკის ხელში. სუსტი, მაღალი, მოქნილი ფორკი პატარა ვიოლინოს ჯადოსნურად ფლობდა. მან არც  არტისტული მიხრა–მოხრით და არც დემონსტრაციული ფორტეებით დატვირთა შესრულება. მაგრამ არცთუ უემოციოდ, ძალზე აკადემიურად და დახვეწილად ფლობდა იგი ბაროკო ვიოლინოს.

ოთახის აკუსტიკას, რომელსაც წინა ფესტივალის დროს ვენდუროდი, ხელი არ შეუშლია სიმებიანების შესრულებისთვის, – ინსტრუმენტები ფაქიზად და დამოუკიდებლად ისმოდა, მათი ბალანსი იყო იდეალური და ჟღერადობა წამახვილებული ზედებით, რაც ასე ტიპურია ბაროკო ინსტუმენტებისათვის და დამახასიათებელია ამ ორკესტრის ჩანაწერებში. ამ ფაქტმა  გამაკვირვა და ბევრი სხვა ჩემში წარმოშობილი ის კითხვები გადაწყვიტა, რაც ჩვენი ორკესტრისა (საქართველოს სიმფონიეტასა) და აკუსტიკის მიმართ მქონდა აქამდე. მთავარი მაინც იყო  ფორკი,  – გერმანული  ორკესტრის სული, იგი ასახიერებდა ამ ორკესტრის საუკეთესო და უმაღლეს მიღწევებს, მისი დამაჯერებელი ხელმძღვანელობა ეჭვს არ იწვევდა  ორკესტრანტების პროფესიონალიზმში და სანდოობაში. კონცერტი დასრულდა ფრანჩესკო ჯემინიანის მე–12 კონჩერტო გროსოთი ‘La Follia’, რომელიც კორელის op.5 კონცერტების საფუძველზეა დაწერილი. უცნობილესმა ბაროკო მელოდიამ ჯემინიანის რედაქციით და  გერმანელების შთამბეჭდავი შესრულებით  აუდიტორიის არნახული გამოძახილი ჰპოვა, ამ კონცერტში წამყვან ვიოლინოს დროდადრო ჩელო და კლავესინი უბამდა მხარს, მერე ძირითადი მელოდიის ვარიაცია მეორდება უკვე ორი ვიოლინოს ექოსმაგვარ დუეტში, სადაც ექო სხვა სიმებიანით იცვლება. ეს მეტად ეფექტურად და აკუსტიკურად გათვლილ შესრულებაში გადაიზარდა – ექო სიმებიანები ფორკმა განათავსა სცენის საპირისპირო მხარისკენ და შუაში, მაშინ, როდესაც თავად მაყურებლისაგან მარცხენა მხარეს იდგა. 

დაუვიწყარი იყო, როგორც მთელი კონცერტის, ასევე ამ ბოლო ნაწარმოების შესრულება, სადაც ორკესტრს არ ჰქონია არც ტემპის ჩავარდნა, არც სინქრონულობისაგან აცდენა, და არც ინსტუმენტები არ გადადიოდნენ ერთიმეორეზე . ეს იმ პირობებში, როცა ორკესტრი 11 სიმებიანით, 2 ჩასაბერით და ერთი კლავესინით იყო წარმოდგენილი. მქუხარე აპლოდისმენტებში ორკესტრმა ორი მოკლე ნაწყვეტი შეასრულა ბისზე – ბახის მეორე სუიტის უკანასკნელი სწრაფი  ნაწილი ფლეიტის სოლოთი (Badinerie), ბოლოს კი ტელემანის სუიტის ფინალური ნაწილი ჩვენს ინსტრუმენტალისტებთან ერთად.
და ბოლოს, ქართველ მსმენელებს ვუსურვებდი მრავლად მოესმინოთ ჩვენში ასეთი წარმატებული კონცერტები.


დავით გიგინეიშვილი

გამოქვეყნებულია გაზეთში 'საქართველოს რესპუბლიკა' 14 ნოემბერი 2017#232(8369):7. 
'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2017; 4(69):56–58.
Tbilisi Baroque Festival 2017 - Rustaveli Theatre Small Stage
November 7th, 2017,  Tbilisi, Georgia

Programm:
Georg Philipp Telemann
1. Ouvertürensuite "La Musette" für Streicher und B.c. TWV 55:g1
 2. Sonata (Sextett) f-Moll TWV 44:32

3. Johann Sebastian Bach
Brandenburgisches Konzert Nr. 5 D-Dur BWV 1050

4. Carl Philipp Emanuel Bach
KonzertfürFlöte, StreicherundB.c. d-mollWq 22  

5. Antonio Vivaldi
Concerto per archi in C, RV 114

6. Francesco Geminiani
Concerto Grosso No. 12 in D Minore ‘La Follia’ (after Corelli)


Encore : J.S. Bach : Orchestersuite Nr. 2 h-Moll, Menuet&Badienerie

Akademie für Alte Musik Berlin
Bernhard Forck Violine 1
Emmanuelle Bernard Violine 1
Gudrun Engelhardt Violine 1
Edburg Forck Violine 1
Dörte Wetzel Violine 2
Julita Forck Violine 2
Tim Willis Violine 2
Sabine Fehlandt Viola
Stephan Sieben Viola
Antje Geusen Violoncello
Michael Neuhaus  Kontrabass
Raphael Alpermann Cembalo
Christoph Huntgeburth Flöte

Eckhard Lenzing Fagott

Wednesday, May 31, 2017

‘სიყვარულის ნექტარი’ ფერნანდო ბოტეროს დადგმით თბილისის ოპერაში / 'L'Elisir d'Amore' at the Tbilisi State Opera

მაისის მიწურულს თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრმა ‘სიყვარულის ნექტარის’ ერთი სპექტაკლის დადგმა შემოგვთავაზა. მაინტრიგებელი იყო, როგორც დამდგმელი რეჟისორის სახელი – ფერნანდო ბოტერო (Fernando Botero), ასევე შემსრულებელთა დასი – ცენტრალურ პარტიებში უცხოელი მომღერლები იყვნენ გამოცხადებულნი. გარდა ფართოდ აღიარებული იტალიელი ბას–ბარიტონი მიკელე პერტუსისა სხვა მომღერლების გვარები მაინცდამაინც არაფრის მთქმელი იყო. ჩემმა ინტუიციამ, ამგვარი სპექტაკლების დასწრებისაგან თავის არიდებისა, არ იმუშავა – ‘აიდასა’ და ‘კარმენის’ იმედისმომცემი წინა წარმოდგენების გამო ამ სპექტაკლზეც კარგი განწყობით მივედი. თავდაპირველად, კვირის დასაწყისშივე, ელექტრონულად მივმართე პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს აკრედიტაციისთვის, მაგრამ მისგან პასუხი ვერ  მივიღე, აქამდე ჩვენს შორის დამყარებული მიმოწერა  ჩვეული  ნორმა მეგონა და მეწყინა უპასუხოდ რომ დავრჩი, მაგრამ რატომ ? განა ნაცნობი არ არის ამ მხრივ  ის უდარდელობა თუ  არ ვიცი რა დავარქვა,  რაც აქამდეც  სუფევდა ოპერაში? მიუხედავად გამოცდილებისა, მართალი გითხრათ, ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ოფიციალურმა პირმა ასე ‘არარაობაში’ გადაუშვას აკრედიტაციის მოთხოვნა. ამას პრესის სამსახურის ‘აიდასთან’ განცდილი უხერხულობის შემდეგ მართლაც არ ველოდი.  შოკი როგორც იქნა  გადავლახე, გავეშურე სალაროებში და შევიძინე ბილეთი, რომლის ფასი დღევანდელი დღისათვის არავითარ დემოკრატიულობაზე არ მიუთითებდა. ნეტავ მაცოდინა ბილეთების ფასის დადგენისას რას ეყრდნობა საოპერო თეატრი – მხოლოდ მდიდარი მეცენატების პარტერში და ლოჟებში განთავსებას, მაშინ, როდესაც არანაირი საშეღავათო სისტემა არ არსებობს თუნდაც მოსახლეობის რაიმე კატეგორიზაციის საფუძვლზე?
ზედა იარუსის პირველი რიგიდან ჩვენი კოპწია, მყუდრო და ლამაზი თეატრის სასახელოდ  უნდა ითქვას, რომ სცენაც კარგად მოჩანდა და ხმაც კარგად აღწევდა – ორკესტრი კი ისევ ყრუდ და მათ შორის ჩასაბერი ინსტრუმენტები მეტისმეტად მკრთალად ისმოდა.
დადგმა ნამდვილად თვალწარმტაცი გამოდგა – უხვი დეკორაციებითა და პერსონაჟებით და ოდნავ გადატვირთული დეტალებით. მაყურებელს მე–XIX საუკუნის ტრადიციული ევროპული საცირკო (Circo Atayde) წარმოდგენის ატმოსფერო შეუქმნეს. იქ ჟონგლიორები, აქ ერთბორბლიანი ველოსიპედზე მჯდომი აკრობატი, იქეთ კი  ჯამბაზები გრძელ ჯოხებზე ამხედრებულნი. ბუფონადა და იუმორი სპექტაკლს არ აკლდა – ცირკს სცენაზევე  ჰყავდა მაყურებელი – ქალაქის მაცხოვრებლები და კათოლიკური ეპისკოპოსიც კი!
ლამაზი გუნდის შემდეგ ოპერა ნემორინოს არიით იწყება – არგენტინელ ტენორს პაბლო კარამანს (Pablo Karaman) არც ლამაზი, არც ძლიერი ხმა ჰქონდა. ზედა რეგისტრშიც კი  დახშულად ისმოდა. არც ადინას შემსრულებლის – ესპანელი მომღერლის მარიოლა კანტარეროს (Mariola Cantarero) ხმა მოგხიბლავდათ – სუბრეტკების როლისათვის უფრო შესაფერი  ზედა რეგისტრში მისი ხმა უსიამოვნოდ ჟღერდა.
 ბელკორეს გამოჩენა იყო კომიკური – საბრალოს ჯერ ადინა უარყოფს, რომლის მიმართ ლომების მომთვინიერებლის კოსტიუმში გამოწყობილი ყოყლოჩინა ბელკორე სიყვარულის გრძნობით არის გამსჭვალული, არც ასისტენტები დაინდობენ, რადგან ‘გალანტური’ არიის დროს მათი მოუქნელობის გამო მას ფეხებზე 100კგ გირა დაეცემა.
თავის კოლეგებზე უფრო პოპულარული, იტალიელი ბარიტონი მარიო კასი (Mario Cassi) წელს ვენისა  და დრეზდენის საოპერო სცენებზე მოცარტის ოპერებში ცენტრალურ პარტიას ასრულებდა, ბელკორეს პარტიაში აქამდე ევროპის საუკეთესო სცენები მოიარა. ამის მიუხედავად ფიორიტურებში ხმა მძიმედ ემორჩილებოდა, რის გამოც სიმღერის ტემპს აგდებდა. ყველაზე ეფექტური ექიმი დულკამარა აღმოჩნდა – მიკელე პერტუსი (Michele Pertusi) ჩინებულ ფორმაში იყო – ხმა თავისუფლად მოედინებოდა და სრულად ავსებდა ოპერას, არც ერთი ბგერა და პასაჟი არ ჩავარდნილა, ზედებიც თავისუფალი ჰქონდა. რაღაც მომენტში პირველი აქტის არიაში Udite, udite, o rustici დარბაზში შუქი ჩაქრა და მოხერხებული დულკამარა აქაც არ დაიბნა – წამოიყვირა ქართულად ‘შუქიო’ და შუქიც აინთო!  
ძალზე დასანანი ის იყო, რომ ოპერა წარსული საუკუნის 60–იანი წლებისთვის დამახასიათებელი დიდი კუპიურებით სრულდებოდა. მეორე აქტი კი რატომღაც სწრაფად დასრულდა – პაბლო კარამანიმ ნემორინოს რომანსში Una furtiva lagrima ხმას ოდნავ მოუმატა, ადინა კი ფინალურ დუეტში იმდენად გააქტიურდა, რომ უცნაური მაღლებით აპლოდისმენტებიც კი მოსტაცა მსმენელს. მაგრამ ეს იყო და ეს. ჩვენი გუნდი ვოკალურად  ორკესტრს რამდენჯერმე საგრძნობლად ჩამორჩა. ჯანეტას როლში კი თამთა კორძაია დიდად არ ჩამოუვარდებოდა მარიოლა კანტარეროს.

სამწუხაროდ, დადგმამ საერთო შთაბეჭდილებით დონიცეტის ულამაზესი მუსიკის სასარგებლოდ არ იმუშავა, სცენოგრაფიამ და კოსტიუმებმა გადასძლიეს მუსიკალური ფონი და ბოლო ათწლეულში, პირველად ჩემს მეხსიერებაში, მეტად გულგატეხილი დავრჩი – მუსიკის სიდიადე საგრძნობლად დაიჩრდილა. და ამ უსიამოვნო შედეგში მუსიკოსებს და მომღერლებსაც არცთუ მცირე როლი მიუძღოდათ...

ვოკალი – 2.5
ორკესტრი–3
დადგმა–3.5

დავით გიგინეიშვილი

გამოქვეყნებულია გაზეთ ' საქართველოს რესპუბლიკა' 2017: 110(8247):9.

State Opera of Georgia, Tbilisi
May 28th, 2017
Gaetano Donizetti
L'elisir d'amore
Comic opera in two acts

Mariola Cantarero (Adina)
Pablo Karaman (Nemorino)
Mario Cassi (Belcore)
Michele Pertusi (Dulcamara)
Tamta Kordzaia (Giannetta)

conducted by  Walter Attanasi

Director and Scenographer - Fernando Botero

Sunday, March 5, 2017

ვერდის 'აიდა'- ფრანკო ძეფირელის დადგმა თბილისის საოპერო სცენაზე / Zeffirelli production of Verdi 'Aida' at the Tbilisi State Opera

ინტერნეტში მორიგი ძიებისას წავაწყდი ინფორმაციას, რომ მარტიდან თბილისის საოპერო თეატრში  ვერდისაიდაფრანკო ძეფირელის რეჟისურით დაიდგმებოდა. პირველ სპექტაკლში კი უცხოეთში მოღვაწე ჩვენს  სოლისტებს (იანო ალიბეგაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, გიორგი ონიანი, გიორგი გაგნიძე) უნდა მიეღოთ მონაწილეობა. დაინტრიგებული ამ ფაქტით, რომ რამდენიმე ქართველი ვარსკვლავის ერთ ოპერაში მოსმენა შემეძლო, გავეშურე ოპერის სალაროებისკენ. იქ შევიტყვე, რომ ბილეთების შეძენა თურმე ინტერნეტით იყო შესაძლებელი (ticket.ge).  მაგრამ სამწუხაროდ, სალაროდან მტკიცე უარით გამომისტუმრეს, რადგან პირველი წარმოდგენის ყველა ბილეთი გაყიდული ყოფილა. ამ ფაქტმა ცოტა გამაკვირვა, მით უფრო რომ ბილეთების ფასი არცთუ ისე იაფი იყო.
მოგვიანებით შევეცადე როგორც მუსიკის კრიტიკოსს პრესაკრედიტაცია მომეპოვებინა, მაგრამ არც აქ გამიმართლა. ოპერის საზოგადოებრივ ურთიერთობის ხელმძღვანელს  გვიან დავუკავშირდი, გამოირკვა, რომ  პრესისათვის ადგილები არ ყოფილა გამოყოფილიმაგრამ მან ჩვენი თანამშრომლობის ნიშნად გენერალურ რეპეტიციაზე დასწრება შემომთავაზა. ორ და სამ მარტს იმართებოდა რეპეტიციები, მაგრამ  თურმე განსხვავებული დასით. ამის შესახებ მე არაფერი ვიცოდი და სამ მარტს  საღამოს გავეშურე ოპერაში დარწმუნებული, რომ  რეპეტიციის სამუშაო პროცესს მეც შევუერთდებოდი, რასაც თავისებური ხიბლი და საიდუმლოება ახლავს
მაგრამ უკვე ოპერის შენობასთან მიახლოვებულსკიბეებზევე ხალხმრავლობამ  და არაბუნებრივმა  ჩოჩქოლმა დამაეჭვა. უმეტესწილად ახალგაზრდების მისვლამოსვლა შეინიშნებოდა. ისეთი სიტუაცია იყო გეგონებოდათ ოპერაში ღია კარის დღე მოუწყვიათო... შესასვლელში არც მე გავუჩერებივარ ვინმეს და არც საშვი მოუთხოვიათ. ოპერის ფოიეში აურზაური იდგა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ  თავისუფალ დაშვებას ჰქონდა ადგილი. დაცვამ ჩემს შეკითხვას თავი აარიდა. მე კი  დარბაზში შესვლა მომერიდა, მით უფრო რომ ამფითეატრის კარებები დაკეტილი იყო (იგი უკვე გადავსებული ყოფილა!). ხალხი, რომელიც თავისი ჩაცმულობით ოპერაში დამსწრეთა შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, მატულობდა და მატულობდა, საბოლოოდ აღმოვაჩინე რომ იარუსებიც სრულად დაკავებული იყო. სავსებით დაბნეულს  პერსონალის ერთმა წევრმა მიშველა, ინიციატივა აიღო თავის თავზე და მარცხენა ლოჟაში შემიყვანა, სადაც მხოლოდ ერთი უკანა რიგის სკამიღა იყო თავისუფალი. ლოჟა პირდაპირ ორკესტრს უყურებდა და მისგან სცენის მარცხენა ნაწილი არ მოჩანდა, ამიტომაც სპექტაკლი მეტწილად ფეხზე გავატარე, მხოლოდ ასე შემეძლო სრულად მივყოლოდი სცენაზე გამართულ მოქმედებას.

სპექტაკლი დაგვიანებით დაიწყოორკესტრანტები ჩვეული სამუშაო ტანისამოსში იყვნენ, მაგრამ სცენაზე ყველაფერი ისე შესრულდა როგორც სრულყოფილ დადგმის დროსსრული დეკორაციებითა და კოსტიუმებით.
ოპერის პირველი სცენიდანვე, სადაც რადამესის რომანსია, ცხადი გახდა, რომ ამ საღამოს სცენაზე სხვა შემადგენლობა იქნებოდა ვიდრე მე ველოდი. რადამესის პარტიაში სამხრეთკორეელი ტენორი ჯეიმს ლი გამოვიდა, რომელმაც თავის კარიერა ბუქარესტის ოპერაში დაიწყო

მას თბილი და ჟღერადი ხმა ჰქონდა და არ ერიდებოდა ზედა რეგისტრს, რომელშიც თავს აბსოლუტურად თავისუფლად გრძნობდა. მხოლოდ ამ დიდებული ზედა ნოტების გამო ეპატიებოდა კანტილენასა და ლეგატოების სისუსტე.  ცხადი იყო, რომ მომღერალი თავს არ ზოგავდა და სრულად წარმოდგა მსმენელების წინაშე.

ძეფირელის რეჟისურა იყო ლიბრეტოში ასახული ეპოქის შესაბამისად, რაც ასე უხდება საოპერო დადგმას, არ იყო ზედმეტად პომპეზურიკარგად იყო  მისადაგებული ჩვენი თეატრის საშუალო ზომის სცენას, კოსტიუმები და გრიმი არ იყო გადატვირთული, მხოლოდ საბალეტო სცენაში მოცეკვავე მამაკაცები თვალში საცემად გასუქებულები ჩანდნენ. მონუმენტალური დეკორაციები (ეგვიპტური საკულტო ნაგებობანი) ბევრ სცენაში იყო წარმოდგენილი და უხმაუროდ იცვლებოდნენ

მეტად საინტერესოდ იყო გადაჭრილი მეორე აქტის მეორე სცენის ტრიუმფალური მარშირომელშიც სცენისკენ ზურგით მიბრუნებული ფარაონი და მისი ამალა, თავისი შეძახილებითა და ტრადიციული ჟესტებით ესალმებოდნენ გამარჯვებულ ეგვიპტის არმიას და მის მხედართმთავარს (სცენის სიფართოვის ილუზიის შექმნა). ორკესტრი ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით რეპეტიციის პირობაზე საკმაოდ კარგად უკრავდა, ძირითადი შენიშვნა ეხება ტრიუმფალური მარშის დროს საყვირებს, რომლებიც სპეციალურ ნიშაში იყვნენ  განლაგებულნი სცენის ქვეშ და უფერულად და დახშულად ისმოდა.

რაც ეხება ქალ სოლისტებსრადამესის რომანსის შემდეგ დუეტში (Quale insolita) და ტრიოში (Vieni, o diletta, appressati) აიდამ დაჩრდილა ამნერისი, რომელიც დასაწყისში არ შეიმჩნეოდა (პატარა ხმა და უღიმღამო სიმღერა), თუმცა მეორე მოქმედებიდან აშკარად მოუმატა  ხმას (დუეტი აიდასთან – Su! Del Nilo al sacro lido). აქ უკვე გამოჩნდა ხათუნა მიქაბერიძის გამართული მაღალპროფესიული ტექნიკა და სიმღერის კულტურა, მას ლამაზი და მყარი მაღლები ჰქონდა, თუმცა მისი ქვედა რეგისტრი სუსტად ისმოდა

ამის შემდეგ ამნერისის შემსრულებელმა უმატა და უმატა ხმის ჟღერადობას, რაც კიდევაც (და უჩვეულოდ რეპეტიციისათვის) დასრულდა მეოთხე აქტის პირველ სცენის შემდეგ (დუეტი რადამესთან Gia I Sacerdoti adunansi და მსაჯულთა სცენა Ahime!... morir mi sento) კულისებიდან გამოსვლით აპლოდისმენტების ფონზე.





აიდის შემსრულებელმა (ხათუნა ჭოხონელიძე) კი პირიქით, გამიცრუა იმედები – ლამაზი დრამატული სოპრანოს პატრონმა რატომღაც ჩათვალა, რომ ნახევარი ტონით დაბლა დაესრულებიდა თავისი ყოველი მუსიკალური ხაზი, როგორც ქვედა ასევე ზედა რეგისტრში, ამიტომაც იგი საერთო დასიდან ამოვარდნილი მომეჩვენა, რამაც ერთადერთი ჩრდილი დატოვა ამ დღის წარმოდგენისას.
მაგრამ სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა ამონასროს შემსრულებელი – ბარიტონი ნიკოლოზ ლაგვილავა. მისმა დიდმა სამხრეთულმა ხმამ უბადლო ფრაზირებითა და ჟღერადობით მოხიბლა მსმენელი. მისი აკადემიურ შესრულებას დავუმატოთ ამონასროს ცეცხლოვანი ტემპერამენტი და ადვილად მიხვდებით რა სიამოვნებას გვანიჭებდა მისი შესრულება. შემდეგ სცენებშიც ეს შთაბეჭდილება არ შენელდა.

ბანები, ფარაონი – გია ასათიანი და უმაღლესი ქურუმი რამფისი – რამაზ ჩიკვილაძე ასევე სრულიად შეესატყვისებოდნენ თავიანთ პარტიებს. ჩემს ლოჟაში აკუსტიკა იყო ცვალებადი: სავარძლიდან – მოგუდული, მაგრამ წამოდგომისას – ზედმეტად პლაკატური, აკლდა სინაზე და დახვეწილობა, ამიტომაც ჩასაბერი ინსტრუმენტები (ჰობოი და ფაგოტი), რომელსაც ვერდი ეფექტურად იყენებს პარტიტურაში, უჩვეულოდ ხმამაღლა ჟღერდნენ.
მეორე და მესამე მოქმედების შემდეგ ორი ნახევარსაათიანი პაუზა გაკეთდა. ვფიქრობ საკმარისი იქნებოდა ერთით შემოფარგვლა, რაც დასავლეთში მიღებული მანერაა. ამით არ ირღვევა დრამატურგიული ხაზი და ის შთაბეჭდილება, რითაც თეატრი და სცენა აჯადოებს მაყურებელს. 
საღამო შედგა, სპექტაკლი უდავოდ წარმატებული იყო – კარგ ტრადიციულ რეჟისურას არ ჩამოუვარდა შესრულება – ამიტომაც თბილისის საოპერო თეატრს ამ წარმოდგენით შეუძლია იამაყოს, რადგან იგი სრულიად შეესატყვისება საერთაშორისო სტანდარტებს (თუკი აღნიშნული მცირე ხარვეზებს მიექცევა ყურადღება!). ერთია, რაც ბოლოში მინდა შევნიშნო – მახარებდა და მაკვირვებდა ახალგაზრდების ასეთი მოულოდნელი სიმრავლე თეატრში – მართლაც კლასიკურ მუსიკას ამდენი მსმენელი დაუბრუნდა თუ 'უფასო, ჯიქური' შესვლით მათმა მოდას გაუსწორენ თვალი? ოპერის ადმინისტრაციას ვუსურვებ მომავალში პრესასთან და კრიტიკოსებთან აქტიურ თანამშრომლობას, რაც აქამდე აკლია საოპერო თეატრს.

დადგმა – 4.5
შესრულება–3.2
ორკესტრი–3.2

დავით გიგინეიშვილი

გამოქვეუნებულია გაზეთ 'საქართველოს რესპუბლიკა' 2017;50(8187):7.

საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი
03.03.2017, თბილისი
გენერალური რეპეტიცია

ჯუზეპე ვერი 'აიდა'

რეჟისორი – ფრანკო ძეფირელი

აიდა – ხათუნა ჭოხონელიძე
რადამესი – ჯეიმს ლი
ამნერისი – ხათუნა მიქაბერიძე
ამონასრო – ნიკოლოზ ლაგვილავა
რამგისი – რამაზ ჩიკვილაძე
ფარაონი – გია ასათიანი
საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი
დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი