მდგომარეობები, რომელიც იწვევს შეტევებს შეიძლება პირობითად დაიყოს ოთხ ჯგუფად:
1. ‘გულის წასვლის’ (სინკოპალური) ეპიზოდები. ეს მდგომარეობა მომენტალურად არ ვითარდება. პაციენტი გონების დაკარგვამდე განიცდის მხედველობისა და სმენის თანდათანობითი დაქვეითებას, მხედველობის დაბინდვას და გონების დაკარგვის განცდას. ამ დროს მას სახე გაფითრებული აქვს, იგი ოფლიანიბს, შეიძლება გულისრევა და ‘მჩატე თავის’ შეგრძნება განიცადოს. მდგომარეობა გვირგვინდება გონების დაკარგვით, მაგრამ შეიძლება ზემომოყვანილი სიმპტომები უკუიქცეს, რასაც დაჯდომა და დაწოლა უწყობს ხელს.
2. ეპილეფსიური შეტევები (გულყრები), რომელიც თავის ტვინის დაავადების – ეპილეფსიის გამოვლენაა. ისინი მრავალფეროვანია, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ფორმაა – კრუნჩხვითი, გონების დაკარგვით, რომლის დროს პაციენტს აღენიშნება სხეულისა და კიდურების დაჭიმულობა და/ან კრთომა. ეპიზოდი პაციენტს როგორც წესი დავიწყებული აქვს, შეიძლება ახსოვდეს შეტევის შემდგომი სისუსტე, კუნთოვანი ტკივილი, მოულოდნელად მიღებული ტრავმა, მაგალითად მოკვნეტილი ენა და ა.შ. შეტევას შეიძლება უსწრებდეს წინათგრძნობა, თუმცა ეს სავალდებულო არაა. სხვა სახეობის გულყრა არის ხანმოკლე შეტევა მზერის გაშტერებით და მარტივი მოძრაბებით (ავტომატიზმებით), როგორიცაა ტუყების წმაწუნი, ხამხამი, თითების უაზრო მოძრაობები (ტანისამოსთან შეხება, ფოლაქების გახსნა). ეპილეფსიური შეტევები შეიძლება მიმდინარეობდეს ასევე შეცვლილი ცნობიერებით ან საერთოდ ნათელ ცნობიერებაზეც.
3. ფსიქოგენური
არაეპილეფსიური შეტევები – ეს განსხვავებული მდგომარეობათა მთელი ჯგუფია, როდესაც პაციენტის შეტევები მიემსგავსება გულყრას, მაგრამ არ არის გამოწვეული ეპილეფსიით. ასეთი მდგომარეობების საფუძველია ფსიქოლოგიური აშლილობა (მწვავე დისტრესი, პოსტსტრესული მდგომარეობა, ნევროტული–სომატოფორმული აშლილობა და ა.შ.). ამ შეტევებისათვის დამახასიათებელია მსგავსება ეპილეფსიურ კრუნჩხვით გულრასთან, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს საწინააღმდეგო – ე.წ. ძალგამოცლილი შეტევები, რომლის დროს პაციენტი იკეცება, კარგავს კონტაქტს გარე სამყაროსთან, აღენიშნება მთლიანი სხეულის მოტორული მოშვებულობა და უმოძრაობა.
4. ორგანული არაეპილეფსიური შეტევები. ეს გულყრების მაგვარი მდგომარეობებია, რომელიც გამოწვევულია რომელიმე სომატური (თერაპიული) დაავადებით. მაგალითად გამოდგება გლუკოზის უეცარი დაქვეითება სისხლში (ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა), რომელიც შეიძლება სეტვიტ გამოვლინდეს. შეტევა შეიძლება გამოვლინდეს კანკალით, ცხელებით, გაღიზიანება, თავბრუ, ოფლიანობა, დაბუჟება ტუჩების ირგვლივ, თავის ტკივილი, კოორდინაციის დარღვევა, კრუნჩხვები და გონების დაკარგვაც.
შეტევით მიმდინარე დაავადებების სწორი დიაგნოსტიკა (იმ სამედიცინო დარღვევის გამოვლენა, რომელმაც შეტევის აღმოცენება გამოიწვია) პირველ რიგში საჭიროებს მზაობას ერთობლივ თანამშრომლობაზე როგორც პაციენტის ასევე ექიმის მხრიდან. შემთხვევათა დიდ ნაწილში სარწმუნო კლინიკო–ლაბორატორიული მონაცემები რომელიმე ზემოთმოყვანილი შეტევების გამომწვევი დაავადების სასარგებლოდ მოიპოვება პაციენტსა და ექიმს შორის თერაპიული თანამშრომლობის არც თუ დიდი დროის შემდეგ. მაგრამ შემთხვევათა არანაკლებ 20%–სა შეტევით მიმდინარე დაავადებების სწორი დიაგნოსტიკა (იმ სამედიცინო დარღვევის გამოვლენა, რომელმაც შეტევის აღმოცენება გამოიწვია) შესაძლოა რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდეს. ასეთ ვითარებაში პაციენტმა და ექიმმა მოთმინება, ნდობა და ენერგია არ უნდა დაიშურონ, რომ საწადელს მიაღწიონ, რაც მოიცავს მრავლობით ვიზიტებს სამედიცინო დაწესებულებაში და შესაძლოა განმეორებით და დამატებით კვლევებს. მაგრამ ამის მიუხედავად პრაქტიკა უჩვენებს, რომ პაციენტთა მცირე კოჰორტაში ეს პროცესი წლებს იკავებს.
No comments:
Post a Comment