Tuesday, February 19, 2013

დონიცეტის 'ფავორიტი ქალი' პარიზის სცენაზე / 'La Favorite' Donizetti at the Théâtre des Champs-Elysées, Paris



მეორე წარმოდგენა, რომელსაც პარიზში ყოფნის მომდევნო საღამოს დავესწარი, იყო დონიცეტის ‘ფავორიტი ქალი/La Favorite. ოპერამ, რომელიც დონიცეტიმ საგანგებოდ პარიზისთვის დაწერა, დიდი ტრიუმფით ჩაიარა 1840 წლის დეკემბერში. თავდაპირველად დონიცეტის სხვა სიუჟეტი და ოპერის სხვა სახელწოდება ჰქონდა შერჩეული პარიზის სცენისათვის, მაგრამ მთავარ როლში იმ დროისათვის ცნობილი პრიმადონა მეცო–სოპრანოს როზინა შტოლცის შეთავაზებამ კომპოზიტორის გეგმები შეცვალა და საბოლოოდ ოპერამ სახელწოდებით ‘ფავორიტი ქალი’ იხილა სცენა. XIX საუკუნის მიწურულს ოპერა პარიზში ხუთასზე მეტჯერ შესრულდა. ამჟამად ოპერა თავისი იტალიური ვერსიით (რომელიც ჩახლართული სიუჟეტური ხაზით საგრძნობლად განსხვავდება უფრო გამართული ფრანგული ვარიანტისაგან) არის ცნობილი და იშვიათად იდგმება, მაგრამ მუდამ იწვევს ინტერესს, რადგან მიეკუთვნება კომპოზიტორის შედევრების სიას.

 პარიზის სცენაზე ნახვამდე და მოსმენამდე ოპერა ჩანაწერებში მქონდა მოსმენილი, როგორც იტალიური ვერსიები, ასევე ერთი ფრანგული ვერსიაც - ვესელინა კაზაროვასა და რამონ ვარგასის შესრულებით. მინდა ავღნიშნო, რომ

ფერნანდოს არია ოპერის მეოთხე აქტიდან ‘Spirto gentil‘ წარმოადგენს ყველა ცნობილი ტენორის რეპერტუარის აუცილებელ ნაწილს.

შვიდ თებერვალს ამ ოპერის ფრანგულენოვანი ვერსიის პრემიერა იყო დაგეგმილი თეატრში ‘ელისეის მინდვრებზე’. მას ფრანგული საზოგადოება მოუთმენლად ელოდა. არ დავმალავ, რომ გამოცხადებულ შემსრულებელთა სიაში მეტად უცნობი გვარები შევნიშნე, მაგრამ ეს ოპერა იმდენად გამორჩეული იყო ჩემთვის, რომ მისი, თან სრული ფრანგულენოვანი ვერსიის მოსმენისაგან უარს ვერ ვიტყოდი. ამ სპექტაკლისათვის საგულდაგულოდ ორი ბუკლეტი იყო მომზადებული: ერთი  ოპერაზე და შემსრულებლებზე ინფორმაციით და სრული ფრანგული ლიბრეტოთი. მეორე კი შედგებოდა მხოლოდ შავ–თეთრი ფოტოებისაგან, სადაც აღბეჭდილი იყო ოპერის რეპეტიციების სცენები და მომზადების პროცესი. იმ დღეს ოპერის ფოიეში განსაკუთრებული მოძრაობა იგრძნობოდა, პრეს–ცენტრის თანამშრომლებიც იყვნენ, რომლებიც გამომეცნობილენ და პირადად მთხოვეს რეცენზია აუცილებლად მიმეწოდებინა მათთვის. 


ოპერის სიუჟეტი XIX საუკუნის რომანტიკული დრამის შესატყვისია: მოქმედება კასტილიაში მიმდინარეობს, ეკლესიის ახალგაზრდა ორჩილი ფერნანდი უარს ამბობს აღიკვეცოს ბერად, რადგან უყვარს უცნობი ქალბატონი. ეს უკანასკნელი საპასუხოდ ასევე აღივსება გრძნობებით მის მიმართ, მაგრამ რადგან იგი კასტილიის მეფის ალფონს XI–ს ფავორიტი ქალია, ვერ ამჟღავნებს თავის სიყვარულს. ფერნანდს უცნობი მანდილოსნის პროტეჟირების შედეგად მიანიჭებენ ოფიცრის ჩინს და იგი სიმამაცით თავს გამოიჩენს სამხედრო მანევრებში.

  პარალელურად სამეფო კარზე დაძაბულობაა – პაპი აპირებს გაკიცხოს მეფის არალეგალური სიყვარული, ამიტომ თავისი წარგზავნილის (ბალთაზარი) მეშვეობით ცდილობს შეაწყვეტინოს ალფონსს დანაშაულებრივი კავშირი. მეფე უარზეა.

ბრძოლებიდან დაბრუნებულ ფერნანდს მეფე ჰპირდება ნებისმიერ ჯილდოს, და შეყვარებული, რომელმაც არ იცის ლეონორას ნამდვილი სახე მეფის კარზე, თავგანწირვით ითხოვს მის ხელს. მეფეს ეძლევა საშუალება გაანელოს პაპთან შექმნილი დაძაბულობა და  თანხმდება ამ ქორწინებაზე. მიდის მზადება ჯვრისწერისათვის, ფერნანდი შეხვდება ბალთაზარს, რომელიც მეფის პასუხის მოლოდინში დარჩა სამეფო კარზე. სამეფო კარი ჭორებითა და ქილიკით არის დაკავებული, ფერნანდი მხოლოდ ბოლო მომენტში გაიგებს საშინელ სიმართლეს,  განრისხებული იცილებს კარის მიერ ბოძებულ ტიტულის ნიშნებს და ბალთაზართან ერთად უბრუნდება მონასტერს. ბოლო აქტში, რომელიც წარმოადგენს ბელ–კანტოს სტილის საოპერო შედევრს, მოქმედება მონასტერში გადადის. ფერნანდი ემზადება აღკვეცისათვის, მაგრამ ამ დროს,  ჯერ კიდევ გრძნობებით შეპყრობილი, ახალგაზრდა ბერის ტანისამოსში გადაცმული ლეონორა, მოახერხებს შეხვდეს ფერნანდს და თხოვს მას პატიებას. ფერნანდს უჩნდება იმედის ნაპერწკალი, რომ მათი მომავალი შესაძლებელია, მაგრამ ამაოდ. დასუსტებული ლეონორა დალევს სულს ფერნანდის ხელებში. ფერნანდი საბოლოოდ იკეტება მონასტერში.


სპექტაკლში შემდეგი მომღერლები იყვნენ დაკავებულნი: ელის ქუთი (ლეონორა), მარკ ლაო (ფერნანდი), ლუდოვიკ ტეზიე (მეფე ალფონსი), კარლო კოლომბარა (ბალთაზარი) და ჟუდით გოთიე (ინესი). ბარიტონი ტეზიესა და ბანი კოლომბარას გარდა  სხვა გვარები ჩემთვის უცნობი იყო. საფრანგეთის ნაციონალურ ორკესტრსა და საფრანგეთის რადიოს გუნდს ხელმძღვანელობდა ცნობილი იტალიელი დირიჟორი პაოლო არივაბენი. სპექტაკლი დაგვიანებით დაიწყო. საორკესტრო სათავსოდან ორკესტრი ისმოდა ყრუდ და ძალზე დახშულად. ტემპი, რომელიც დირიჟორმა წარმოადგინა, არ იყო სწრაფი, რაც პირველ რიგში ასახავდა მის კონცეფციას რომანტიკული დრამის მიმართ და მეორე მხრივ, მომღერლების ვოკალური ხარვეზების დაფარვას უწყობდა ხელს. ფრანგულენოვანი ოპერის ამგვარი შესრულება,  ჩემი აზრით,  გამართლებულიც იყო. დასაწყისიდანვე გამოჩნდა ფერნანდი და ბალთაზარი. აუდიტორია მათ შედარებით გულცივად შეხვდა და ეს იმაზეც მეტყველებდა, რომ მომღერლები ჯერ „გახურებულნი“ არ იყვნენ. ტენორ მარკ ლაოს არ ჰქონდა ცუდი ტემბრი, რომელიც თანაბარი იყო მთელ რეგისტრში, თუმცა აშკარად არაიტალიური ელფერი დაჰკრავდა, და ეს ფრანგულ ოპერას მეტად შეეფერებოდა. მისი საშუალო სიძლიერისა და მოყრუებულ ხმას მაინც აკლდა კანტილენა და ის რომანტიკული გამოხატვა, რაც დონიცეტის ოპერაში აუცილებელია (მაგალითად, არიაში ‘Qui, ta voix m'inspire’). კოლომბარა ‘საშტატო’ ბანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც არც თუ ურიგოდ მოერგო როლს. ინესის ულამაზესი სცენა პირველ აქტში (Silence! Silence!) სრულიად ჩავარდა. ჟუდით გოთიეს ხმა და ტექნიკა შორს იყო ბელ–კანტოს სტილისაგან,  ამავე დროს,  ოპერისათვის შეუსაბამო და აბსურდული ცეკვები (დამდგმელი – სოფი ტელიე) გულცივად მიიღო მაყურებელმა. ლეონორას პირველმა გამოსვლამ (დუეტი ფერნანდთან) არც ისე გამამხნევა, მაგრამ ელის ქუთის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მესამე აქტიდან (მისი პერსონაჟის ცენტრალური არია ‘O mon Fernand!’) ის გაცილებით უკეთესი იყო, როლს შესძინა დიდი არტისტიზმი და დრამატულობა (არა მხოლოდ თამაშში, არამედ ტემბრალურ გამოსახვაში) და  მისმა ინტერპრეტაციამ, მსმენელებთან ერთად, მეც საბოლოოდ მომხიბლა. ეს ის იშვიათი შესრულება იყო, როდესაც მომღერალი სრულიად გარდაისახა მის პერსონაჟში. მას ღრმა მეცო–სოპრანოს (კაზაროვას მსგავსი) ტემბრი ჰქონდა, საჭიროებისას ექსპრესიას მატებდა, რითაც მისი ხმა მტკიცე და ჟღერადი ხდებოდა. 
ელის ქუთი და ლუდოვიკ ტეზიე

თავიდანვე კარგად ჟღერდა ლუდოვიკ ტეზიეს დიდი და ლამაზი ბარიტონალური ხმა. საოპერო სცენაზე მამაკაცის ხმა, ასეთი სიდიდის, მე ჯერ არ მომისმენია. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მისი ხმის სიძლიერეს საზღვარი არ გააჩნდა. მაშინვე გავავლე პარალელი ეტორე ბასტიანინის ხავერდოვან ხმასთან და მეფე ალფონსის შთამბეჭდავ ინტერპრეტაციასთან (სტუდია Decca, 1955 წელი).  მეორე აქტში (არია ‘Léonor, viens, j'abandonne’) იგი აშკარად ბაძავდა სახელგანთქმულ იტალიელ ბარიტონს. რატომღაც არიის მეორე, სწრაფი ნაწილი (კაბალეტა ‘Léonor, mon amor brave’) მან იმღერა მხოლოდ ერთხელ და არ გაიმეორა. მას წკრიალა და მკვრივი ტემბრი ჰქონდა. აქვე უნდა ითქვას, რომ შემდგომმა აქტებმა უკვე ნათლად უჩვენა მისი დაშორება ბასტიანინის ინტერპრეტაციასთან: ტეზიეს აკლდა ზუსტად ის დიდებულება და არისტოკრატიზმი, რაც დიდ იტალიელ ბარიტონს ახასიათებდა. თუმცა მისეული ინტერპრეტაცია და ვოკალური ნიჭი ამით არ დაკნინებულა და მესამე აქტი, თავისი დრამატული დაძაბულობით კარგი გამოვიდა. აღსანიშნავია ტრიო (Fernand! Devant lui paraître infäme! / Pour tant d’amour) და გრანდიოზული ფინალი. 
მარკ ლაო და ელის ქუთი ოპერის ფინალში

რაც შეეხება დადგმას, კოსტიუმები იყო ეპოქის შესაბამისად, თუმცა დეკორაციები მწირე და უფრო თანამედროვედ გამოიყურებოდა. საბალეტო სცენები  დადგმული იყო ოპერისა და ეპოქის სრულიად შეუსაბამოდ, რამაც სპექტაკლის დასრულებისას მაყურებლის ნაწილის უმადურება გამოიწვია. თავად მომღერლები მსმენელმა კარგად მიიღო და ოვაციების ხანგრძლივობა და ინტენსიობა დაემთხვა ჩემს შეფასებასაც. ზოგადად სპექტაკლი უდავოდ შედგა და ვფიქრობ ფრანგულმა მაყურებელმა, რომელიც ელის ახალ საოპერო დადგმებს, არ უნდა გამოტოვოს აღნიშნული წარმოდგენა.  

 შეფასება: ვოკალი–3.8, არტისტიზმი–4.2, ორკესტრი–3.8, დადგმა–3.5

დავით გიგინეიშვილი  
18.02.2013

დაბეჭდილია გაზეთში 'გალაქტიონი' 10(7256):8; 17/03/2013 

La Favorite
Gaetano Donizetti

Opéra en quatre actes (1840, version française)

Alice Coote: Leonor de Guzmán
Marc Laho: Fernand
Ludovic Tézier: Alphonse XI
Carlo Colombara: Baltasar
Judith Gauthier: Inés
Orchestre National de France
Choeur de Radio France
Paolo Arrivabeni, Conductor

Théâtre des Champs-Elysées Feb 07, 2013

  

No comments:

Post a Comment