რამდენიმე წელია, რაც პარიზის პატარა საოპერო თეატრის ‘ელისეის
მინდვრებზე’ (Théâtre des Champs Elysées) რეპერტუარს ვადევნებ თვალს, რადგან იგი
ასახავდა ბაროკო მუსიკის ფართო არჩევანს. ამიტომაც, როგორც კი მომეცა ამის
საშუალება, არ დავიშურე ენერგია და მონდომება, რომ დავსწრებოდი ამ თეატრში
დადგმებს. ხანგრძლივი მიმოწერის შედეგად მივიღე
აკრედიტაცია სამ სპექტაკლზე – ორი მათგანი თავად თეატრის პრეს–ოფისის მიერ და
უკანასკნელი – ჯოის დიდონატოს კონცერტზე უკვე სხვა ორგანიზაციის – ‘ლე გრან ვუა’
(საუკეთესო ხმები), რომელიც ქირაობს განსხვავებულ აუდიტორიას და იქ წარმოადგენს
ცნობილ საოპერო ვარსკვლავების კონცერტებს საფრანგეთის მსმენელისათვის.
აღსანიშნავია, რომ ‘ელისეის მინდვრების’ თეატრის, რომელსაც წელს ასი წელი
შეუსრულდა, რეპერტუარში შედის როგორც სრულფასოვანი საოპერო დადგმები, ასევე
ბაროკო–ოპერები საკონცერტო შესრულებით. წელს ჰენდელის ოპერების გარდა საკონცერტო
შესრულებით დადგმული იქნება როსინის, ვერდის, ბერლიოზისა და ფორეს ოპერები. გარდა
ოპერებისა, თეატრი მუდმივად უთმობს სცენას ბალეტს, სიმფონიური და კამერული მუსიკის
კონცერტებს – როგორც წესი აღიარებული საერთაშორისო მუსიკოსების შესრულებით.
1913 წელს გაბრიელ ასტრუკის მიერ დაარსებული თეატრის ამოცანა იყო
დაებალანსებინა პომპეზური და საკმაოდ კონსერვატული პარიზის ‘დიდი ოპერის’ სცენა.
ახალმა თეატრმა უმასპინძლა ბევრ იმ ეპოქის კომპოზიტორს – კერძოდ სერგეი
რახმანინოვს, იგორ სტრავინსკის და გაბრიელ ფორეს, იდგმებოდა საბალეტო
წარმოდგენები, რომელსაც ხშირად რუსული დასები ასრულებდნენ. თეატრის ფოიეში დღემდე
გამოკრულია აფიშები, რომელიც ასახავს კლასიკური მუსიკის ცოცხალი ლეგენდების
გამოსვლებს თეატრის სცენაზე. თეატრი იმყოფება ქალაქის ცენტრის დასავლეთ ნაწილში,
უფრო ახლოს სენის სანაპიროსთან ვიდრე ელისეის მინდვრებთან. თეატრის გვერდზე, ჩრდილოეთისაკენ,
განთავსებულია ფეშენებელური დიზაინერების სალონები და სასტუმროები.
სამხრეთ–დასავლეთით კი პირდაპირ ჩანს სანაპირო და მეორე ნაპირზე ამაყად აღმართული
ეიფელის კოშკი. თეატრის დარბაზი პატარა და სამ იარუსიანია, მაგრამ იარუსები ფართოა
და ნაწილობრივ გადატიხრულია ლოჟებად. ყოველ ლოჟაში 5–6 პიროვნება ეტევა.
პარიზში ცივი და წვიმიანი ამინდი დამხვდა. იმავე დღეს
დილით ჩასულს, უძინარს სათანადოდ დასვენების საშუალება არ მომეცა, რადგან
ჩასვლისთანავე გავეშურე ქალაქში. ჩემთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო, რომ პრეს–ოფისმა
შესაშური მასპინძლობით საუკეთესო ადგილი
დამიჯავშნა პარტერში და არ დაივიწყა ბუკლეტის მოწოდებაც. პირველ საღამოს (6
თებერვალს) ჰენდელის ‘რადამისტო/Radamisto’
უნდა მომესმინა საკონცერტო ვარიანტში – ინგლისური დასისა და ორკესტრის შესრულებით,
რომელიც ერთი დღით იყო ჩამოსული პარიზში. ოპერა „რადამისტო“, რომელიც 1720 წლის
აპრილში დაიდგა, ჰენდელის შემოქმედების პირველ ნახევარში არის შექმნილი, მაგრამ
ისეთი აღიარებული შედევრების შემდეგ, როგორიცაა ‘აგრიპინა’ და ‘რინალდო’. ამიტომაც
ჰენდელის გენიალობის ხელი ამ ნაწარმოებსაც ეტყობა. იმავე წლის მიწურულს იმ დროისათვის
საუკეთესო ვოკალისტებზე (კასტრატი სენესინო, სოპრანო მარგერიტა დურასტანტი და ბანი
ჯუზეპე მარია ბოსკი) მორგების მიზნით ჰენდელმა ოპერა რადიკალურად შეცვალა,
რადამისტოს პარტიის რეგისტრი დაბალ კონტრალტოზე და ზენობიას – სოპრანოზე
გადაიყვანა და ერთ–ერთი პერსონაჟის ფრარტის სამივე არია ამოიღო. ეს უკანასკნელი
ვერსია ამჟამად უნდა შესრულებულიყო ინგლისური დასის მიერ, თუმცა გრამჩანაწერში მე
მხოლოდ პირვანდელი ვარიანტი მქონდა მოსმენილი. ინგლისური ძველებური ინსტრუმენტების
ორკესტრს ‘The English Concert’, რომელსაც
ჰარი ბიკეტი ხელმძღვანელობდა, შემდეგი
სოლისტები ახლდნენ: ცენტრალურ პარტიაში ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა
კონტრატენორი დევიდ დენიელსი (რადამისტო) და მეცო–სოპრანო პატრიცია ბარდონი
(ზენობია). ასევე სპექტაკლში შემდეგი
მომღერლები იყვნენ დაკავებულნი: ბანი ლუკა პიზარონი (ტირიდატი), სოპრანოები ელიზაბეტ
უოტსი (ტიგრანი) და ბრენდა რეი (პოლისენა).
ოპერის სიუჟეტი ჩახლართულია: ტირიდატი თავისი მრავალრიცხოვანი ჯარით ალყაში მოაქცევს ქალაქს, საიდანაც მას ზენობიასი, რადამისტოს ცოლის გატაცება სურს. ამით სარგებლობს ტიგრანი, ტირიდატის მოკავშირე და ცდილობს თვალი აუხილოს ტირიდატის მეუღლეს, პოლისენას მეფის ღალატზე. ტიგრანს ამით პოლისენასადმი თავისი სიყვარულის გამოხატვაც სურს. რადამისტო და ზენობია ახერხებენ გაიპარონ ტირიდატის ჯარის მიერ დაპყრობილ ქალაქიდან.
მაგრამ გზით დაქანცული და შიშით შეპყრობილი ზენობია თვითმკვლელობის მიზნით გადახტება მდინარეში, რადამისტოს კი ატყვევებენ ტიგრანის მეომრები. შემთხვევით, ტირიდატის ერთგული მხედართმთავარი ზენობიას გადაარჩენს. ტიგრანი დაეხმარება რადამისტოს და წარუდგენს მას ტირიდატს, როგორც რადამისტოს მოახლეს, რომელიც დაადასტურებს თავისი პატრონის სიკვდილს. ამ ნაბიჯით ზენობია და გადაცმული რადამისტო ისევ შეხვდებიან ერთმანეთს. მაგრამ მოგვიანებით რადამისტოს პიროვნება მაინც გამოაშკარავდება. პოლისენა ემუდარება ტირიდატს არ დასაჯოს სიკვდილით მისი ძმა, რადამისტო. მეფე არ იღებს ამ თხოვნას და გაბრაზებული პოლისენა ტოვებს სამეფო კარს. ტირიდატი მზად არის სიცოცხლე შეუნარჩუნოს რადამისტოს, თუკი ზენობია გახდება მისი მეუღლე. ქორწინების დაწყებამდე ხალხი, რომელსაც პოლისენა ხელმძღვანელობს, აჯანყდება და რადამისტო და ზენობია სთხოვენ მეფეს შეწყალებას, მაგრამ იგი უდრეკია, სანამ ტიგრანი ჯართან ერთად არ მიემხრობა აჯანყებულებს. ფინალში ტირიდატი აღიარებს თავის შეცდომებს და ყველაფერი სიხარულითა და ზეიმით მთავრდება.
აქამდე ჰენდელის ოპერები არასოდეს მომისმენია არასცენიურ ვერსიაში, ამიტომაც ოდნავ ნაკლები ენთუზიაზმით ველოდი ამ დადგმას დანარჩენი საღამოებისგან განსხვავებით. მაგრამ ამან არ შეცვალა ზოგადი, ძალზე დადებითი შთაბეჭდილება – სადებიუტო სიმფონია არაფრით არ გამოირჩეოდა, მაგრამ პოლისენასა და ტიგრანის სცენა და არიები როგორც ჰენდელის გენიალურ ნიჭზე, ასევე შემსრულებლების მაღალ დონეზე მეტყველებდნენ. ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო ორკესტრი – დაარსებული 1972 წელს ცნობილი დირიჟორის ტრევორ პინოკის მიერ, ის მალევე გახდა ერთ–ერთი წამყვანი ანსამბლი ბაროკო მუსიკის რეპერტუარში, თუმცა იშვიათად მონაწილეობდა ოპერის შესრულებაში. ამჟამად მისი ხელმძღვანელი არის ჰარი ბიკეტი, რომელიც ამ წელს ჰენდელის ‘რადამისტო’თი (როგორც ეს ამ ორკესტრის ოფიციალური საიტი იტყობინება) აპირებს როგორც ევროპული, ასევე ამერიკის სცენის დალაშქვრას. ბიკეტის ინტერპრეტაცია იყო სოლიდური, აუღელვებელი, ყველაზე ახლოს ჰენდელის სტილთან იმათგან, რაც ცოცხალი შესრულებით მომისმენია და თან იგი სიმებიანი საკრავების საშუალებით აქცენტებს არ ერიდებოდა. პირველი ვიოლინო, ახალგაზრდა ქალი პრაქტიკულად დაუღალავად ასრულებდა დირიჟორის მითითებებს. საბოლოოდ ორკესტრმა ძალზე მომხიბლა, რითიც გაამყარა ჩემში ის დიდი შთაბეჭდილება, რომელიც მრავალი ჩანაწერის მოსმენით მქონდა შექმნილი. ჩემთვის ნაკლებად ცნობილი მომღერლების ფონზე, რომლებიც მაღალ ოსტატურ დონეზე ასრულებდნენ, მე უფრო მეტს მოველოდი ვარსკვლავებისაგან, მაგრამ დევიდ დენიელსი ოდნავ გადაღლილი და ფიორიტურებში მოუქნელი გამოჩნდა (მისი პიანო იოლად იხშობოდა ორკესტრით). მისი ხმის სიძლიერე არ აღემატებოდა აქამდე მოსმენილ მრავალ კონტრატენორის ხმას. პატრისია ბარდონის ტემბრი კი მეტად კონტრალტოს რეგისტრში იყო. მისი არცთუ პატარა ხმა სწრაფ და ტექნიკურად რთულ არიაში მძიმე აღმოჩნდა. მეორე აქტის ცნობილ ცენტრალურ და სევდიან არიებს (Ombra cara di mia sposa; Gia
che morir non posso) ‘ვარსკვლავებმა’ უფრო პასუხისმგებლობით მიუდგნენ და გამოკვეთილმა არტისტულობამ მათი ვოკალური ‘ხარვეზები’ გადაფარა. ამით დაბალანსდა მთავარი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების შესრულების დონე და სპექტაკლი მეტად შეკრული გამოჩნდა. ლუკა პიზარონიმ უნაკლოდ შეასრულა თავისი პარტია – ჟღერადი ბანი აქცენტებითა და უბადლო ფრაზირებით გამოირჩეოდა. იგი ორგანულად შეეწყო მისი პერსონაჟის ხასიათს, თუ ამას დავუმატებთ მის მოქნილ ტექნიკას და კარგ ვოკალურ ფორმაში ყოფნას, თქვენ იოლად წარმოიდგენთ, რა ეფექტურად წარმოადგენდა იგი ბრავურულ არიებს, კერძოდ ‘Alzo al volo di mia fama’–ს. ჩემთვის აღმოჩენა იყო ელიზაბეტ უოტსი – წითელ კამზოლში გამოწყობილი (კონტრასტულად სხვა პერსონაჟებისაგან) იგი იოლად და მსუბუქად უმკლავდებოდა ფიორიტურებს და ზედა რეგისტრის ნოტებს (არია ‘La sorte, il
ciel, amor’), ამას თან აყოლებდა ალერსიან და ოპტიმისტურ გამოხედვას და მაყურებელს უყალიბდებოდა ერთგული, გახსნილი და იმავდროულად შეყვარებული რაინდის პორტრეტი. ოდნავ კომიკური იყო სცენა ტანდაბალი ტიგრანისა და მისი სიყვარულის ობიექტის, მაღალი დედოფლის პოლისენასი (დეკოლტეთი), რომელიც ტაქტიანად იცილებდა მასზე შეყვარებული მხედართმთავრის იერიშებს.
საბოლოოდ, იმის თქმა მსურს, რომ საკონცერტო შესრულებამ ჩემთვის მოულოდნელად დიდი არტისტიზმისა და თამაშის საშუალება დაუტოვა მომღერლებს, რომლებმაც კარგად გამოიყენეს ეს შესაძლებლობა სპექტაკლის წარმატებისათვის.
რ.რაისი, ლ.პიზარონი. დ.დენიელსი, ჰ.ბიკეტი, პ.ბარდონი, ბ.რეი და ე.უოტსი სპექტაკლის დასასრულს |
შეფასება: ვოკალი–4.2, არტისტიზმი–4.5, ორკესტრი–4.8
დავით გიგინეიშვილი
15.02.2013
დაბეჭდილია ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2013 №2(51):56-58.
Handel - Radamisto, HWV 12a (1720)
An Opera in Three Acts
David Daniels - Radamisto
Patricia Bardon - Zenobia
Luca Pisaroni - Tiridate
Brenda Rae - Polissena
Elizabeth Watts - Tigrane
Robert Rice - Farasmane
The English Concert, Harry Bicket
დავით გიგინეიშვილი
15.02.2013
დაბეჭდილია ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2013 №2(51):56-58.
Handel - Radamisto, HWV 12a (1720)
An Opera in Three Acts
David Daniels - Radamisto
Patricia Bardon - Zenobia
Luca Pisaroni - Tiridate
Brenda Rae - Polissena
Elizabeth Watts - Tigrane
Robert Rice - Farasmane
The English Concert, Harry Bicket
(concert performance - Théâtre des Champs Elysées 06/02/2013)
No comments:
Post a Comment