ჩემთვის უკვე გაშინაურებულ თეატრში ‘ელისეის მინდვრებზე’ 8 თებერვალს ჯოის
დიდონატოს კონცერტი ‘დედოფლების
დრამა/Drama Queens’ უნდა გაემართა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი
მეცო–სოპრანოს დიდონატოს თაყვანისმცემელი გახლავართ და დროულათ ვავსებ ჩემს
დისკოთეკას მისი უახლესი ჩანაწერებით, ბოლო, კარგად შეფასებული სოლო დისკი ფირმა Virgin
Classics–ზე ამავე სახელწოდებით მე შეძენილი და შესაბამისად მოსმენილი არ მქონდა. ასე
რომ, პროგრამა ჩემთვის უცნობი იყო.
საღამო უჩვეულო ხუთწუთიანი დაგვიანებით დაიწყო. ძველებური საკრავების
ორკესტრი ‘Il Complesso Barocco’ დასაწყისიდან მხოლოდ ხუთ ინსტრუმენტს მოიცავდა,
საიდანაც ძირითადად ორი ვიოლინო უწევდა მომღერალს აკომპანიმენტს მუსიკალური ხაზის
გადმოსაცემად. მე–XVII საუკუნის იტალიელი კომპოზიტორის ანტონიო ჩესტის ოპერა
‘ორონტეა’–დან ნაწყვეტი მადრიგალის სტილში იყო. ეს მეტად უჩვეულო რეპერტუარია
დიდონატოსათვის, რომელიც ისედაც დიდ საშემსრულებლო დიაპაზონს წვდებოდა – ბაროკოდან
ბელ–კანტომდე. ამ გვიანი რენესანსულ ნაწარმოებს, ოსტატურად შესრულებულს, მოჰყვა დომენიკო სკარლატის ინსტრუმენტალური ნაწარმოები.
ორკესტრი მალე თხუთმეტ წევრამე შეივსო, სადაც ჭარბობდა სიმებიანი (შვიდი ვიოლინო
ორკესტრის ხელმძღვანელის, რუსი დმიტრი
სინკოვსკის ჩათვლით). შემდეგ დიდონატო ისევ პოსტ–რენესანსს დაუბრუნდა – მონტევერდის უკვდავ ‘პოპეას კორონაცია’–ს. მისი ლამაზი და მკვრივი ხმა თავისუფლად ავსებდა
თეატრს, ვიბრატოები (ჩემს მიერ მოსმენილ მის უკანასკნელ სკექტაკლში ‘ლა სკალაში’
უხვად გამოჭერილი) კარგად კონტროლირებული ჰქონდა. ისედაც კარგი აღნაგობისა, იერისა
და ღია კანის ფერის დიდონატო მკაფიო წითელ ულამაზეს კაბაში იყო. როგორც პრესა
იუწყებოდა კაბა სპეციალურად ცნობილი დიზაინერის ვივიენ უესტვუდის შეკერილი იყო. ეფექტს
უფრო აძლიერებდა ოსტატურად გამოყენებული თეატრის განათება, რომელიც ხაზს უსვამდა
თეთრი კანისა და მკვეთრი წითელის კონტრასტს. რა სათქმელია და ამ დიზაინის ხაზით,
ორკესტრის მამაკაც წევრებს წინდებიც მკვეთრი წითელი ფერის ჰქონდათ. აშკარა იყო,
რომ დიდონატომ გამოიყენა მარია კალასის მიერ სცენაზე შემოტანილი საოპერო როლის დრამატული
გარდასახვა და ჟესტიკულაციებშიც კი შეეცადა კალასის კოპირებას. ბაროკოს რეპერტუარი
დაიწყო ჯემინიანო ჯაკომელის ოპერით ‘მეროპე’, რომლის არიას ნელი, კასტრატების
ეპოქისათვის ტიპიური ლეგატო მანერის კრეშენდოებით დატვირთული სევდიანი მელოდია ახასიათებდა. უკვე აქ დიდონატომ აჩვენა,
რომ ბრწყინვალე ფორმაშია და მისთვის ნებისმიერი სირთულის ძველებური მუსიკის გადმოცემა არ წარმოადგენს
სიძნელეს. არიას ისევ საორკესტრო ნაწარმოები მოჰყვა, რომლის დროს მომღერალი კულისებში
გავიდა. დმიტრი სინკოვსკიმ წარმოადგინა ანტონიო
ვივალდის ურთულესი სავიოლინო კონცერტი
‘Per Pisendel’ RV 242. ამ ნაწილში არაჩვეულებრივს არაფერს ველოდი – თავად ორკესტრი ნაკლებად
შეკრული და მეტად ემოციური მეჩვენა ჰენდელის ‘რადამისტო’–ში მოსმენილ The English
Concert-თან შედარებით. თან, რატომღაც სინკოვსკის ვიოლინო ყრუდ და არც ისე დიდი
ინტენსიობით ისმოდა. მაგრამ ყველაფერი შეტრიალდა, როგორც კი მან კონცერტის
შესრულება დაიწყო – ეს იყო უბადლო ტექნიკის, სისწრაფის და ნამდვილად „ეშმაკისეული“ ენერგიის სრული
ფეიერვერკი. სულშეკრული ვუსმენდი და მეშინოდა სოლისტს რაიმე არ შეშლოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვივალდის სავიოლინო კონცერტი უამრავი რაოდენობით მაქვს მოსმენილი
და ისეთი ვირტუოზების შესრულებით, როგორებიც არიან ჯულიანო კარმინიოლა და ფაბიო ბიონდი,
მე დმიტრის მანერა მეტად ექსპრესიული და ძალზე თანამედროვე მომეჩვენა. გარკვეული ხარვეზები შეიმჩნეოდა, თუმცა
ყველაფერი გადაწონა შესრულების იმ თავგანწირულმა მანერამ, რომლითაც შემსრულებელმა მოქარგა
ვივალდის არნახულად სევდიანი და გულისამაჩუყებელი მელოდია. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა,
რომ თითქოპს სინკოვსკის სავიოლინო სკოლის ყველა რთული პასაჟი ამ ნაწარმოებით
უნდოდა გადმოეცა, და ეს მას კარგად გამოუვიდა. აპლოდისმენტები არ აკლდა, მე შეშფოთებით
გავიფიქრე – ამით დიდონატო არ დაჩრდილოს-მეთქი. მაგრამ ეს ჩემი შიში უსაფუძვლო
აღმოჩნდა, როდესაც მომღერალი სცენას დაუბრუნდა და ჯუზეპე მარია ორლანდინის ‘ბერენიჩე’–დან არია შეასრულა, სადაც
ტექნიკა, სისწრაფე და დედოფლის რისხვა ერთად უნდა გადმოეცა. ამას დიდონატომ ჩვეული,
საუკეთესო მანერით გაუმკლავდა. დიდი ძალა აქვს ხმას ! – სრულად მოჯადოებული ვივალდის
სავიოლინო შედევრით, მე მაინც ხმას მივეცი უპირატესობა, თუნდაც იმიტომაც, რომ ამ
არიაში ვიოლინოებს დიდი დატვირთვა ჰქონდათ. Da capo არიის მესამე ნაწილში დიდონატომ
სინკოვსკის პარალელურად ორნამენტებით დატვირთა ხმა და მისთვის უფრო ეფექტურ ზედა
ტესიტურაში გადავიდა და მასშივე დაამთავრა, რასაც არნახული ოვაციები მოჰყვა.
შესვენებისას პარიზელები მათთვის ტრადიციულ ვაფლის შოკოლადებს, ვაფლის
ტორტის ნაჭრებს, იქვე დამზადებულ ძეხვიან ბუტერბროდებს და შამპანურს მიირთმევდენ. საუკეთესო მუსიკით
აღსავსე და აღტაცებულ მსმენელს არც კი ახსოვდა, რომ წინ მეორე ნაწილის მოსმენა
ელოდა.
მეორე ნაწილი ორი კლეოპატრათი უნდა დაწყებულიყო – იოჰან ადოლფ ჰასესი და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის. დიდონატომ თავის
კაბას დამატებითი დეტალები შესძინა (ულამაზესი ქვედაწელი კარკასზე) და აღფრთოვანებულ
მსმენელთა აპლოდისმენტები დაიმსახურა. პირველი ნაწარმოების ტემპი იყო მეტად სწრაფი
– ამას ფორტისიმოებით კარგად გადმოსცემდა ექსპრესიული სინკოვსკი. დიდონატოს მყარი
და ძლიერი ხმა ისე უმკლავდებოდა რითმს, როგორც საფლაგმანო გემი შტორმში ტალღებს.
დედოფალი ვნებებითა და რისხვით იყო მოცული. ეს იყო მუსიკის შეუჩერებელი კასკადი – ვოკალი
და სიმებიანი – ეს ერთიანი აღელვებული ზღვა იყო. ერთი–ორი თეატრალური ჟესტი,
მიმართვა ორკესტრისადმი და დიდონატომ კიდევ ერთხელ დაიპყრო მაყურებლის გული. ჰენდელის
‘იულიუს კეისრის’ მონაკვეთი
საპირისპიროდ ნელი ტრაგიკული მელოდია იყო (Piangero la sorte mia), რომლის შუა
ნაწილს მომღერალი ემოციური ექსპრესიით არღვევდა. ეს ოპერის მესამე აქტის მშვენიერი
არია გადმოსცემს კლეოპატრას დიდ დარდს და ტრაგედიას, როდესაც იგი გაიგებს კეისრის
დაღუპვას და მას ბუნდოვანი მომავლის შიში შეიპყრობს.
გმირების ემოციების გამოსახატავად ჰენდელი სარგებლობს ისეთი მუსიკალური
პალიტრით, რომ ჩემთვის იგი ბაროკო ოპერის უდავო ლიდერია. ორკესტრულ შესვენებაში
დიდონატომ კიდევ ერთხელ ოდნავ შეცვალა ტანისამოსის დეტალები. ჯოვანი პორტას არია ‘იფიგენია
ავლიდიდან’ აგრძელებდა ჰენდელის მინორულ ნელ და ნარნარ ხაზს, რომელიც მეორე
ნაწილში მხოლოდ ვიოლინოს სოლოთი და ვოკალური ორნამენტებით შეივსო. ამის შემდეგ, გლუკის საორკესტრო ინტერმეცოს ისევ
უკვდავი ჰენდელი მოჰყვა – როსანას არია ‘Brilla nell’alma’ ოპერა ‘ალესანდრო’–დან, რომელიც იმ დროისათვის
უდიდესი საოპერო დივასთვის, ფაუსტინა ბორდონისათვის იყო დაწერილი. ეს
სადღესასწაულო არიაა, რომელიც შემკულია აურაცხელი ფიორიტურებით (დივას
დასაკმაყოფილებლად), რასაც დიდონატო უშიშრად შეეჭიდა.
კონცერტი დამთავრდა, მაყურებელი აღფრთოვანებას არ მალავდა და უკვე
პარიზელ დივას არ უშვებდა. დიდონატომ არც თუ ისე ცუდი ფრანგულით და ასევე
დივასეული კოკეტობით მოიბოდიშა ენის არასრულფასოვანი ცოდნა და მოკლედ ისაუბრა
წარმოდგენილ კონცერტზე. შემდეგ იკითხა, რომელი მელოდიის საფასურად გაუშვებდა მას მაყურებელი ტყვეობიდან
და უკვე თაიგულით დამშვენებულმა შესთავაზა მსმენელს რაინჰარდ კაიზერის ოპერა ‘ფრედეგუნდა’–დან
საოცრად ლამაზი არია ‘Lascia mi paingere’. ვოკალური ხაზი ვითომ და ზანტად და
აუღელვებლად ხატავდა ერთობ მარტივ, მაგრამ აღტაცების გამომწვევ მელოდიას, რაშიდაც
მას სიმებიანი მოეხმარა და ტონი მისცა. სინკოვსკი და დიდონატო საუკეთესო დუეტში
იყვნენ. პუბლიკის ოვაციებს შემდეგ ისევ ბისზე მოჰყვა ორლანდინის ‘ბერენიჩე’–დან სწრაფი მეორე რეპრიზა. აპლოდისმენტები არ
ჩერდებოდა – დიდონატო ოდნავ დაბნეული ჩანდა (ან თამაშობდა?), შემდეგ მსმენელებს
თავაზიანად შეგვეკითხა– რომელი, ჩქარი თუ
ნელი ნაწილის მოსმენა გვინდოდა. აზრი გაიყო, მე პირადად ორივეს ვისურვებდი და ჩემი
სავარძლიდან იოლად მივაძახე მომღერალს ინგლისურად. მან ჯერ ისევ ჰენდელის ‘ალესანდრო’–დან მეორე რეპრიზა
გაიმეორა. ბოლოში კი იძულებული იყო კაიზერის ნელი ‘‘Lascia mi paingere’ ემღერა.
მომეჩვენა, რომ დაღლილი სინკოვსკი უკვე სავიოლინო ორნამენტებში ჩაიხლართა. ამ საღამოდან სრულად აღტაცებული დავბრუნდი –
ვიცოდი, რომ ეს საუკეთესო საღამო იყო იმ სამი სპექტაკლიდან, რასაც მე პარიზის თეატრში
‘ელისეის მინდვრებზე’ დავესწარი. ამ კონცერტის
წინასიტყვაობაში, საკუთარ
ვებ–საიტზე, ტყუილა არ აღნიშნა ჯოის დიდონოტომ, რომ ამგვარი მუსიკა წარმოადგენს
მომღერლისათვის და მასთან ასოცირებულ მსმენელისათვის ფსიქოთერაპიის საუკეთესო
ფორმას. ბაროკოს ეპოქის დრამატული დედოფლები
ბოდიშს არაფრისათვის იხდიან, არაფერს მალავენ (თუკი ეს, რასაკვირველია, მათ
მიზანს არ ემსახურება), იშიშვლებენ თავს და დიდებული, ბრძანებლური ვოკალური
მუსიკის მეშვეობით გვაძლევენ ჩვენ საშუალებას გავაკეთოთ იგივე. როგორ ფიქრობთ, ვის
ჭირდება ამის შემდეგ თერაპია?’
მაგრამ, დაბრუნებისას მე გადავხედე პრესას და სხვა მასალას ინტერნეტ–ქსელში,
გავეცანი მრავალ არალეგალურ ჩანაწერებს მისი იმავე რეპერტუარის კონცერტებისა,
რომელიც აქამდე შეასრულა და ცოტათი შემინელდა აღფრთოვანება. აღმოჩნდა, რომ ეს
ფართომასშტაბიანი აქცია გახლავთ – დიდი ტურნე, სადაც პროგრამა პრაქტიკულად
მსგავსია, უმნიშვნელო ცვლილებებით, რომელიც ევროპაში, კერძოდ ბადენ–ბადენში დაიწყო
გასული წლის სამ ნოემბერს. შემდეგ იგი ბრემენში, ბერლინში, ჰანოვერში და ვენაში
გამოვიდა, სანამ ამერიკაში გაემგზავრებოდა ამ კონცერტით. წელს კი ლონდონიდან
ჩამოვიდა, სადაც იდენტური პროგრამა 6 თებერვალს ლონდონის ‘ბარბიკანის ცენტრში’
შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ბისზე ნამღერი არიები ტყუპებივით ემთხვევა. ამას
თანამედროვე შოუ–ბიზნესის ტირაჟირების ელფერი დაჰკრავს, სადაც შემსრულებელს
თავისუფალი ინტერპრეტაციის ნაკლები საშუალება ეძლევა.
შეფასება: ვოკალის–4.8, არტისტიზმის–4.8, ორკესტრის–4.8
დავით გიგინეიშვილი
(18.02.2013)
გამოქვეყნებულია გაზეთში 'გალაქტიონი' 2013; 11(7363):9
'Drama Queens'
Joyce DiDonato (mezzo-soprano)
Il Complesso Barocco; Dimitry Sinkovsky (first violin & director)
Antonio Cesti - Intorno all’idol mio (Orontea);
Domenico Scarlatti - Sinfonia (Tolomeo);
Claudio Monteverdi - Disprezzata regina (L’Incoronazione di Poppea);
Geminiano Giacomelli - Sposo, son disprezzata (Merope);
Antonio Vivaldi - Concerto for violin and strings, RV 242 ‘Per Pisendel’;
Giuseppe Maria Orlandini - Da torbida procella (Berenice)
Johann Adolf Hasse - Morete col fiero aspetto (Antonio e Cleopatra);
George Frideric Handel - Piangero (Giulio Cesare);
George Frideric Handel - Passacaglia (Radamisto);
Giovanni Porta - Madre diletta, abbracciami (Ifigenia in Aulide);
Christoph Willibald von Gluck - Ballet Music (Armide);
George Frideric Handel - Brilla nell’alma (Alessandro)
Encores:
Reinhard Keiser - Lasica mi piangere (Fredegunda);
Orlandini - Da torbida procella (Berenice);
Handel - Brilla nell’alma (Alessandro) da capo part;
Keiser - Lasica mi piangere (Fredegunda)
8 February 2013
Théâtre des Champs-Elysées, Paris
გამოქვეყნებულია გაზეთში 'გალაქტიონი' 2013; 11(7363):9
'Drama Queens'
Joyce DiDonato (mezzo-soprano)
Il Complesso Barocco; Dimitry Sinkovsky (first violin & director)
Antonio Cesti - Intorno all’idol mio (Orontea);
Domenico Scarlatti - Sinfonia (Tolomeo);
Claudio Monteverdi - Disprezzata regina (L’Incoronazione di Poppea);
Geminiano Giacomelli - Sposo, son disprezzata (Merope);
Antonio Vivaldi - Concerto for violin and strings, RV 242 ‘Per Pisendel’;
Giuseppe Maria Orlandini - Da torbida procella (Berenice)
Johann Adolf Hasse - Morete col fiero aspetto (Antonio e Cleopatra);
George Frideric Handel - Piangero (Giulio Cesare);
George Frideric Handel - Passacaglia (Radamisto);
Giovanni Porta - Madre diletta, abbracciami (Ifigenia in Aulide);
Christoph Willibald von Gluck - Ballet Music (Armide);
George Frideric Handel - Brilla nell’alma (Alessandro)
Encores:
Reinhard Keiser - Lasica mi piangere (Fredegunda);
Orlandini - Da torbida procella (Berenice);
Handel - Brilla nell’alma (Alessandro) da capo part;
Keiser - Lasica mi piangere (Fredegunda)
8 February 2013
Théâtre des Champs-Elysées, Paris