დღეს რომის მუსიკალური ცხოვრება, საოპერო თეატრის გარდა, კონცენტრირებულია
ქალაქის ჩრდილოეთ უბანში, მუსიკალურ პარკთან, სადაც გახსნილია დიდი
საკონცერტო დარბაზი. ამ დარბაზს აუდიტორია ეწოდება (Auditorium
Parco della Musica). იგი 2002 წლის მიწურულს გაიხსნა და მასში სამი
დახურული და ერთი ღია დარბაზი შედის, რომლებიც არქიტექტურულად განცალკევებულ ოვალურ შენობებს
წარმოადგენენ, მათ საშუალო ზომის ეზო კრავს, ეს ეზო, იმავდროულად, ღია ამფითეატრიც
არის. დახურული დარბაზები ერთმანეთისაგან განსხვავდება მსმენელთა მოცულობით, მათ
შორის უდიდესი დარბაზია ‘სანტა ჩეჩილიას’ დარბაზი, რომელიც 2800 მსმენელს იტევს.
ეს დარბაზი უმეტესად კლასიკური მუსიკის კონცერტებისთვის არის განკუთვნილი. უკანასკნელ წლებში იგი ‘აკადემია სანტა ჩეჩილიას’
ორკესტრის მუდმივმოქმედ დარბაზის როლს ასრულებს.
აქვეა მუსიკალური მაღაზია და
კაფეც. მაღაზიაში კლასიკური და ჯაზური მუსიკის ჩანაწერების ფართო არჩევანია,
როგორც კომპაქტ დისკებზე, ასევე დვდ–ზე. ‘სანტა ჩეჩილიას’ ჰოლი შიგნიდან ფართო
თანამედროვე დარბაზს წარმოადგენს და დახუნძლულია ‘ტერასებიანი’ იარუსებით, რომელიც აკუსტიკური
მოსაზრებით ამერიკიდან ჩამოტანილი ალუბლის ხის დიდი პანელებით არის მოპირკეთებული.
ამის გამო დარბაზს დაუვიწყარი და შთამბეჭდავი იერი აქვს.
აკუსტიკა ნამდვილად უჩვეულო და ორიგინალური იყო დარბაზში, – კონცერტი
სრულდებოდა ყოველგვარი მიკროფონებისა და გამაძლიერებლების გარეშე, ხმა თავისუფლად ვრცელდებოდა დიდ სივრცეში და არ
აწვებოდა მსმენელის ყურს, მაგრამ ჩემი გემოვნებისათვის ორკესტრის ხმა იყო ოდნავ დახშული,
რის გამოც ცალკეული ინსტრუმენტი კარგად გამოყოფილი არ იყო, ამიტომაც მუსიკალურ
პანორამას აკლდა გამჭვირვალობა.
ბევრს არ ვილაპარაკებ მუსიკალურ ‘აკადემია სანტა ჩეჩილია’–ზე/Accademia Nazionale di Santa Cecilia, რომელიც
უძველესია იტალიაში (დაარსებული პაპის მიერ რენესანსის ეპოქაში) და ატარებს
კლასიკური მუსიკისა და კერძოდ მე–XIX საუკუნის
საოპერო მუსიკის საუკეთესო ტრადიციებს. მუდმივმოქმედი ორკესტრი და გუნდი იქმნება
მე– XX საუკუნიდან და აკადემიასთან ასოცირებულია იტალიური საოპერო მუსიკის საუკეთესო
ვოკალისტები.
რომის კლასიკური მუსიკის საკონცერტო ცხოვრების გამოცოცხლებაში არა
მხოლოდ ამ ულამაზესი ინტერიერის მქონე აუდიტორიამ (არქიტექტორი რენცო პიანო),
არამედ სახელგანთქმულმა დირიჟორმა ანტონიო პაპანომ ითამაშა, რომელმაც ჩაუდგა რა ამ
ორკესტრს სათავეში 2005 წელს, შთამბეჭდავი საოპერო საკონცერტო შესრულება წარადგინა
ამ სცენაზე, რომელთა ნაწილი კიდევაც არის ჩაწერილი კომპანია EMI Records-ის მიერ კომპაქტ–დისკებზე.
წლევანდელ სეზონში პაპანოს დირიჟორობით უკვე შესრულდა ბახის სახელგანთქმული
ორატორია ‘მათეს ვნებანი’ და ივნისში დაგეგმილია ვერდის ‘ბალ–მასკარადის’
წარმოდგენა.
რომში ვიზიტად ყოფნისას მომეცა საშუალება 27 მაისს დავსწრებოდი მოცარტის
მუსიკისადმი მიძღვნილ კონცერტს (“Tutto Mozart”), რომელშიც ‘აკადემია სანტა ჩეჩილიას’
ორკესტრს უხელმძღვანელებდა ბაროკო მუსიკის ცნობილი ინტერპრეტატორი და მევიოლინე – ფაბიო ბიონდი. მისი შესრულებით ვივალდის,
პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვანი ჩანაწერი მაქვს ჩემს მუსიკალურ ბიბლიოთეკაში –
რადგან მეც, სხვა წამყვან ევროპის კრიტიკოსების მსგავსად, იგი მისივე დაარსებული
ძველებური ინსტრუმენტების ორკესტრთან ერთად (Europa Galante) სახელგანთქმული
იტალიელი კომპოზიტორის საუკეთესო ინტერპრეტატორად მიმაჩნია.
მოულოდნელი და საინტერესო იყო ბიონდის თანამშრომლობა თანამედროვე
ორკესტრთან – ‘აკადემია სანტა ჩეჩილია’
და კერძოდ მოცარტის მუსიკის შესრულება. პროგრამა შედგენილი იყო იმდაგვარად, რომ
იწყებოდა მოცარტის ნაკლებად ცნობილი სიმფონიით და მთავრდებოდა შთამბეჭდავი
‘კორონაციული’ მესით.
სიმფონია ლა–მაჟორი K.134 მოცარტმა ზალცბურგში 1772 წელს შექმნა
იტალიაში მეორე და მესამე მოგზაურობის შუალედში. ამ ნაწარმოებში იგრძნობა იტალიელი
კონპოზიტორებისა და იოზეფ ჰაიდნის გავლენა, რომლებიც სიმფონიურ ჟანრში იმ
დროისათვის მნიშვნელოვნად დომინირებდნენ. ჰაიდნისეული გავლენა ვლინდება სიმფონიის
ულამაზეს – მესამე ნაწილში, სადაც ჟღერს მენუეტი და ტრიო, რომელშიც ოთხ სიმებიანს
და ფლეიტას გაბედული ინტერპრეტაციის საშუალება ეძლევა. მელოდია აქ დომინირებს,
მაგრამ მას კეკლუცობის საშუალებაც ეძლევა. სიმფონიაში ბიონდი მოგვევლინა როგორც
დირიჟორი და პირველი ვიოლინო. ორკესტრი მოცულობით უჩვეულოდ (მოცარტის ახალგაზრდული
ნაწარმოებისათვის) დიდი იყო – ოცდაათ მუსიკოსზე მეტს ითვლიდა. შესრულება უფრო
ტრადიციულ ‘გერმანულ’ მანერაში მომეჩვენა – ტემპი ენერგიული, თუმცა არაგადამეტებულად
სწრაფი. გარდა ზემოთ მოხსენიებული მესამე ნაწილისა, ბოლო ნაწილი – ალეგრო –
რომელიც მოცარტისეულ აბობოქრებულ ვნებებს ასახავდა, მუსიკალურადაც იზიდავდა მსმენელს. იგი ორკესტრის
მიერ შეთანხმებულად და დღევანდელი ეპოქისათვის დამახასიათებელ სწრაფ ტემპში
შესრულდა. სიმფონიის ფინალურმა ნაწილებმა ‘სანტა ჩეჩილიას’ ორკესტრის პროფესიონალიზმს
და ინდივიდუალურ შემსრულებლების მაღალ დონეს გაუსვა ხაზი.
მოცარტის ბოლო სი–ბემოლის საფორტეპიანო კონცერტი K.595 ზოგადად
მიჩნეულია 1791 წლის შემოქმედებით ნაყოფად, თუმცა არის თვალსაზრისი, რომ კონცერტი
გაცილებით ადრე იყო შექმნილი. ეს პოპულარული ნაწარმოები მუდმივად არის პიანისტების
რეპერტუარში და ის მრავალ ჩანაწერშია ასახული. ჩემთვის პიანისტის სახელი – ბენედეტო ლუპო არაფერს ნიშნავდა, თუმცა, 1989
წელს, ვან კლიბერნის კონკურსზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, მისთვის
ჩრდილოეთ ამერიკის საკონცერტო დარბაზების კარები გაიხსნა. იგი ფართოდ აწარმოებს
გასტროლებს როგორც იტალიაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე აშშ–ში და
კანადაში, სადაც რომანტიკულ და თანამედროვე მუსიკის ნიმუშებს (საფორტეპიანო
კონცერტებს) ასრულებს. მოცარტის საფორტეპიანო კონცერტის შესრულებისას ორკესტრს
დაემატა ორი ჰობოი და აქ ფ.ბიონდი ნამდვილ დირიჟორად წარსდგა. პირველ ნაწილში
პიანისტი იმდენად შერწყმული იყო ორკესტრთან, რომ ვერც კი გამოყოფდი მას, მხოლოდ
კადენციებში გამოიჩინა სითამამე, როცა უსწრაფესი
ტემპი აირჩია. მეორე, სევდიან ნაწილში პიანისტმა ლიდერობა აიღო – მისი ტონი მყარი
და არც ზედმეტად აჩქარებული იყო. ცენტრალური მუსიკალური ხაზის რეპრიზა მეტად ყურადღებიანად
და ნაზად შესრულდა. ძალზე დაბალანსებულად იყო გამოყოფილი სასულე ინსტრუმენტები.
მაგრამ ჭეშმარიტი მოცარტისეული მგზნებარება და მხიარულება სრულად გამოჩნდა მესამე
ნაწილში (ალეგრო), სადაც პიანისტმა თავისი ვირტუოზობა და უბადლო ტექნიკა უჩვენა
მსმენელს. ამ უაღრესად ჩქარ ტემპში იგი აქცენტებს აკეთებდა, როდესაც კადენციებში ნოტებს შორის შეუმჩნეველ პაუზებს ქმნიდა. მას აჰყვა სასულეები – ორკესტრი ბიონდის
ხელში დიადი და ამაღლებული გახდა და აჩვენა საუკეთესო ბაროკო ინსტრუმენტების
ორკესტრის მსგავსი ინტერპრეტაცია და მუსიკალობა. შესრულება იმდენად შთამბეჭდავი
აღმოჩნდა, რომ დარბაზი არ უშვებდა პიანისტს – ოვაციები არ წყდებოდა. ბისზე კი პიანისტმა
საუკეთესოდ შეასრულა ბრამსის მოკლე,
მაგრამ ძალზე ეფექტური ინტერმეცო. მუსიკამ უმალვე
გამოიწვია ჩემში ვისკონტის ფილმთან ‘სიკვდილი ვენეციაში’ ასოციაცია და
თომას მანთან მიმიყვანა... ეტყობოდა, რომ
ლუპოს ეს ნაწყვეტი დამუშავებული ჰქონდა,
რომელსაც, როგორც ჩანს, მომგებიანად
იყენებდა კონცერტებში მსმენელის საამებლად.
კონცერტის მეორე ნაწილში შესრულდა მოცარტის პატარა დო–მაჟორული მესა –
‘კორონაციული’ K.317, შექმნილი 1779 წელს.
მოცარტის საგუნდო ნაწარმოებებიდან იგი ყველაზე პოპულარულ რიცხვს
მიეკუთვნება, მის უკანასკნელ ნაწილს (Agnus Dei) სახელგანთქმული სოპრანოები ცალკეც კი ასრულებენ,
რადგან იქ ქალის ხმისათვის უმშვენიერესი სოლო პარტია არის ჩართული.
ვერ დავმალავ ჩემს აღფრთოვანებას
‘სანტა ჩეჩილიის აკადემიის’ გუნდის მიმართ. გუნდი იყო მრავალრიცხოვანი, მოიცავდა ოთხმოცამდე
მომღერალს, რომლებიც სიმეტრიულად ორ ჯგუფად განლაგდნენ ორკესტრის უკან. ბიონდის
სტილი მესის შესრულებისას იყო განსხვავებული, ვიდრე საორკესტრო ნაწარმოებებში.
ამჯერად იგი ჯ. ე. გარდინერისა და ნ. არნონკურის მანერაში ასრულებდა – სწრაფად, არ
ერიდებოდა ფორტისიმოებს, იყენებდა ღრმა პიანოებსა და კრეშჩენდოებს – მანევრირებისას
იყო მოქნილი. ორკესტრი და გუნდი კარგად ავსებდა დიდ დარბაზს – ამ ჯერზე აკუსტიკამ
გაამართლა და მოცარტის შთამბეჭდავი ნაწარმოების მრავალ წახნაგს გაესვა ხაზი.
ორკესტრისა და გუნდის გარდაქმნა ბიონდის ხელში, რომელიც ოდნავ კლასიკურიდან და
მოდუნებულიდან იქცა ცეცხლოვან
პამფლეტისტად და ფილოსოფოსად, იყო ძალზე მოულოდნელი – ამიტომაც მსმენელებთან ერთად
მეც სულგანაბული ვუსმენდი მესას და ველოდი ბოლო – ლირიულ ნაწილს. მაგრამ ამ
უკანასკნელმა გული დამწყვიტა, რადგან შესრულების მანერა არ შეიცვალა – დირიჟორი
ისევ დემონი და დესპოტი იყო, სოპრანოს პატარა და არავირტუოზული ხმა (მონიკა პიჩინინი) ვერაფერს წვდებოდა. აქაც
ბიონდი დომინირებდა და სოლო ვოკალი მიჩქმალულად და შეუმჩნევლად შესრულდა.
მსმენელმაც ენთუზიაზმის გარეშე მიიღო ეს მესა, ოვაციები მალევე ჩაქრა. მიუხედავად ამისა, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი
იყო ‘Accademia di Santa Cecilia’ ორკესტრისა და გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი,
ასევე ფაბიო ბიონდის მოსმენა მისთვის უჩვეულო რეპერტუარში.
დავით გიგინეიშვილი
09.05.2013
დაბეჭდილია გაზეთში 'გალაქტიონი' 2013; 20:10
<TUTTO MOZART>
Accademia Nazionale di Santa Cecilia
Auditorium Parco della Musica di Roma
Sala Santa Cecilia
27 April, 2013
Orchestra e Coro dell'Accademia Nazionale di Santa Cecilia
Fabio Biondi direttore
Benedetto Lupo pianoforte
Mozart Sinfonia n. 21 K 134
Mozart Concerto per pianoforte n. 27 K 595
Mozart Messa dell'Incoronazione K 317
Monica Piccinini, soprano - Tiziana Pizzi, contralto
David Ferri Dura, tenore - Andrea D'Amelio, basso
დაბეჭდილია გაზეთში 'გალაქტიონი' 2013; 20:10
<TUTTO MOZART>
Accademia Nazionale di Santa Cecilia
Auditorium Parco della Musica di Roma
Sala Santa Cecilia
27 April, 2013
Orchestra e Coro dell'Accademia Nazionale di Santa Cecilia
Fabio Biondi direttore
Benedetto Lupo pianoforte
Mozart Sinfonia n. 21 K 134
Mozart Concerto per pianoforte n. 27 K 595
Mozart Messa dell'Incoronazione K 317
Monica Piccinini, soprano - Tiziana Pizzi, contralto
David Ferri Dura, tenore - Andrea D'Amelio, basso