Sunday, September 3, 2023

სტუმრად საკუთარ ქალაქში

დილაობით, რეგულარულად დავდივარ ვაკის პარკში. ამ ტრადიციას უკვე ხანგრძლივი ასაკი გააჩნია. მახარებს სხვადასხვა ჯიშის ხეთა - მუხების, ჭადრების ხეივნები, ნაძვების ნაირსახეობა, მოვლილი და ლამაზი სკვერები. ვაკის პარკი, ჩემი კი არა, მთელი ქალაქის სიამაყეა! ორიოდე წლის წინ, დაიწყეს პარკის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია. შარშან, განახლების პირველი ეტაპი დასრულდა. რომ არა მარიტას ტრაგედია, ყველანი ძალზეგახარებული ვიყავით ახალი ნარგავების, განახლებული სანიაღვრე და განათების სისტემის ხილვით. ამასთან ერთად გაფართოვდა სპორტული სივრცე და დაიდგა ღია ცის ქვეშ ფინური სპორტული ტრენაჟორები. ახლა აქეთ ტერიტორიაზე გადმოვინაცვლეთ სპორტული ვარჯიშებით დაინტერესებულმა, რეგულარულმა ვიზიტორებმა. ეს უბნის ტრადიციული წრეა, რომელთა წარმომადგენლები, ჩემსავით დადიოდნენ პარკში სავარჯიშოდ. ბოლო დეკადების დროს თბილისში, მით უფრო პარკში, რუსულ ენაზე საუბარს იშვიათად თუ გავიგონებდით. თურქულ, ინგლისურს და აქა-იქ გერმანულ ენაზე მოკრძალებულ საუბრებს, კი. ძალზე მოულოდნელად, შარშან შემოდგომიდან, არა მარტო პარკში, არამედ მთელს ვაკის რეგიონში (თითქმის მთელ ქალაქში), დრმად დავიწყებულმა რუსულმა ენამ აქტიურად დაიწყო წარმოჩენა. სტუმრად ჩამოსულები გვეგონენ და როგორ გამიკვირდა და გაგვიკვირდა ყველას, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს, “სტუმრები“ რეგულარულად, ჯგუფურად შემოვიდნენ ვაკის პარკში, დაეუფლნენ ყველასათვის განკუთვნილ ტრენაჟორებს და დაიწყეს ვარჯიში. თავდაპირველად, ჩვენ რომ გვეგონა რუსული რეჟიმით შევიწროებულები და გამორიდებულები იყვნენ, ნელნელა გაირკვა, რომ საქმე ასე სულაც არ არის. სევდა, დეპრესია ან ტრაგიზმის ამსახველი სხვა განცდა, არც ერთ მათგანს არ ახასიათებდა. არ ვლინდებოდა ის გრძნობები, რაც მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო ძმათამკვლელი ომით შეწუხებულებში, შეძრწუნებულებში, იძულებით გადაადგილებულებში. პირიქით, მათი სილაღე და გარემოთი ტკბობა თავისუფალ სამოსშიც გამოიხატა, სადაც თბილისისთვის მეტად მიუღებელ სიშიშვლის დონესაც კი ბედავდნენ. ისინი მკვეთრად სეპარატისტულად იქცევოდნენ, ეხმაურებოდნენ მხოლოდ თავისიანებს, ხოლო ადგილობრივებისთვის თავაზიანი სალამიც კი არ ემეტებოდათ! უცნაური სანახავი გახდა ვაკის პარკი - უბნის ტრადიციული მაცხოვრებლები და უცხო ენაზე მოსაუბრენი გამოკვეთილად ერთმანეთისაგან განცალკევებულები აღმოჩნდნენ. ისინი, ანუ რუსულენოვანნი, სტუმრებს კი არა, მასპინძლებს უფრო ჰგავდნენ, ვიღაც დაუპატიჟებელი უცხოელებით თავგაბეზრებულ მასპინძლებს! ამ სეპარატისტულ ნაკადში მალევე ლიდერებიც გამოიკვეთნენ, რომლებიც სპროტული მასწავლებლის როლში მოგვევლინენ. აგვისტოს ტრაგიკული დღეების დროს, როდესაც აწმყო (შოვის საშინელი ტრაგედია) და წარსული (ქართულ-რუსული ომის მემკვიდრეობა) მძიმე ტვირთად დაგვაწვა გულზე და თავზე, პარკში დილის ვიზიტი უკვე ერთ-ერთი თუ არა, ერთადერთი განტვირთვის საშუალება გახდა. უკანასკნელი ვიზიტის დროს სპორტულ მოედანზე დამხვდა უცხოტომეულების განსაკუთრებულად დიდი ჯგუფი, რომელსაც გულმოდგინედ ამეცადინებდა ახალგაზრდა ქალი. მისთვის მე მანამდეც მომიკრავს თვალი პარკში - უკვე ნახევარ წელზე მეტია იგი სხვადასხვა რუსულენოვან ჯფუფს ხელმძღვანელობდა ფიზკულტურის დროს. ამ ჯერზე, რუსულ საუბარს, უკვე სპეციალური აპარატურით ხმამაღლად აჟღერებული მუსიკალური კაკაფონია დაერთო, რომელიც, როგორც ჩანს, მათ სპორტულ მეცადინეობაში ხელს უწყობდა. არ დაგიმალავთ, რომ ასეთი სპორტულ სივრცეში ვარჯიშისას ჩვენ არასოდეს ვხმაურობდით, მით უფრო, არ ვაწუხებდით ერთმანეთს საკუთარი მუსიკალური გემოვნებით. როდესაც ტრენაჟორზე გადავედი, რომელიც უშუალოდ ამ რუსულ ჯგუფთან სიახლოვეს იყო, მომიწია ამ ახალგაზრდა ქალისათვის ქართულად მომეთხოვა, რომ მუსიკა გამოერთო. მან რუსულად უმალ მიპასუხა, რომ არაფერი ესმის. ახლა იგივე გავუმეორე ინგლისურად. დავიბენი, როდესაც პასუხად - რატომ? - მივიღე. მომიწია ახსნა-განმარტებები. ამანაც არ იმუშავა და რუსებმა განაგძეს ვარჯიში ხმაურიანი, არცთუ სასიამოვნო მუსიკის თანდართვით.
ამ ფაქტით დაღონებულმა, დავასრულე ვარჯიში და უკან, სახლისკენ გამოვეშურე. განა უხეშობა და სიტლანქე აქამდე არ მინახავს? მაგრამ მიკვირს, რატომ ეუფლება პარკს ჩამოსულთა რუსულენოვანი ჯგუფი და აბორიგენები დატუქსულებივით, ერთ კუთხეში დგანან და დუმილით ელოდებიან თავიანთ რიგს ტრენაჟორებზე. ამ ტლანქ მასას, პარკში მოსვენებისა და ვარჯიშების წესებზე, მხოლოდ ერთმა ადგილობრივმა, რატომ უნდა ესაუბროს? რატომ აღმოვჩნდით მოულოდნელად, განსაკუთრებით თამამ რუსულ გარემოში, სადაც ადგილობრივები სტუმრად ვგრძნობთ თავს? იქნებ ყოველივე ეს სიზმარია და მე სხვა მატარებელში ვარ, რომელმაც მოულოდნელად რუსულ ქალაქში ჩამიყვანა? და მაშინ შენ, მკითხველო, იქნებ დამეხმარო - შემანჯღრიო და გამაღვიძო?

11-12 აგვისტო 2023 წელი

დავით გიგინეიშვილი

გამოქვეყნებულია გაზეთ 'საქართველოს რესპუბლიკა' 2023, №95:3, 17 აგვისტო

Thursday, September 16, 2021

ქართველი შემსრულებელი დონიცეტის დავიწყებული ოპერის ჩანაწერში

მუსიკას კაცობრიობის ხელოვნების ისტორიაში უდიდესი ადგილი უჭირავს. ვინ მოთვლის იმ კომპოპზიტორებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ დარგში და მთელი თავისი შემოქმედება მიუძღვნეს ადამიანის მრავალფეროვანი გრძნობების ულამაზესი ჰანგებით ჰარმონიულად გადმოცემას, რაც განსაკუთრებით იგრძნობა კლასიკური მუსიკის უკვდავი დარგში- საოპერო ხელოვნებაში. მინდა მკითხველთან ერთად ვისაუბრო მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის ცნობილ კომპოზიტორ გაეტანო დონიცეტის ოპერა ‘პარია / Il Paria’ -ზე, რომელიც დაწერილია 1829 წელს ნეაპოლის თეატრ ‘სან კარლო’-სათვის. აქამდე დონიცეტის 11 ოპერა ჰქონდა დაწერილი ნეაპოლის სხვადასხვა თეატრებისთვის. ეს დონიცეტის შემოქმედების ადრეული პერიოდია, ერთი წლის შემდეგ მილანში დაიდგმება კომპოზიტორისთვის საერთაშორისო წარმატებების მომტანი ოპერა - ‘ანა ბოლეინი’, მოგვიანებით კი იგი წერს იმ ოპერებს, რომელიც ჩვენი მსმენელისათვის საკმაოდ ცნობილია (სიყვარულის ნექტარი, ლუჩია ლამერმურელი და ა.შ.). ოპერამ, რომლის პირველ წარმოდგენას ესწრებოდა სამეფო ოჯახი, არ დაიმსახურა დიდი მოწონება. მაგრამ, სამართლიანობა ითხოვს ავღნიშნოთ, რომ - მიუხედავად არცთუ ურიგო მუსიკისა და საუკეთესო შემსრულებლებისა, გარკვეული ფაქტორების თანხვედრამ ხელი არ შეუწყო ოპერის დიდ წარმატებას (მაღალი ფასები ბილეთებზე, ცუდი ამინდი, არაშესატყვისი გამოხმაურება პრესაში და ა.შ.). დონიცეტი ამას განიცდიდა, მაგრამ იმდენად მაღლა აფასებდა მუსიკალურ მასალას, რომ მოგვიანებით ‘პარიას’ მელოდიები მან გამოიყენა შემდგომ ოპერებში (ანა ბოლეინი, ტორკვატო ტასო, ფრანჩესკა დი ფუა). ოპერის უცნაურმა სიუჟეტმა (მოქმედება ვითარდება XVI საუკუნის ინდოეთში) და მოქმედების ფართომასშტაბიანმა ატმოსფერომ ხელი შეუწყო კომპოზიტორს გაემდიდრებინა ორკესტრული პალიტრა და შეეტანა მასში უჩვეულო კონტრაპუნქტული ელემენტები. ლიბრეტო, რომელიც ეყრდნობა კაზიმირ დელავინეს დრამას ‘Le Paria’ 1821, დაწერა დომენიკო ჯილარდონიმ. ოპერის სამი ძირითადი ვოკალური პარტია შეასრულეს იმ დროის უდიდესმა მომღერლებმა: ნეალას, მზის კულტის ქურუმის პარტია - სოპრანო ადელაიდა ტოზიმ, მასში შეყვარებული მხედარმთავარი იდამორეს - ტენორმა ჯოვანი ბატისტა რუბინიმ, იდამორეს მამის, ზარეტეს - ბანმა ლუიჯი ლაბლაშმა. დონიცეტიმ ფართო შესაძლებლობები მისცა რუბინის ფენომენალურ ხმას - იდამორეს პირველი აქტის არია და კაბალეტა დახუძნულია ზედა რეგისტრის პასაჟებით, მეტიც - ისინი ჩვეულებრივი გამის ფორმას არ ატარებს - იწყება ქვედა დიაპაზონიდან, უმალვე აღწევს დო დიეზს და მერე უჩვეულოდ ჩამოედინება ქვემოთ. ასეთი ვოკალური სირთულეების გადალახვა შეეძლო მხოლოდ განსაკუთრებულ ხმას - რაც რუბინის გააჩნდა. ოპერის სიუჟეტი შემდეგია: ბრახმის ტაძარში მზის ამოსვლას ეთაყვანებიან. ტაძრის მზის ქურუმი, ნეალა ყვება შიშის მომგვრელ სიზმარს - რომ ტაძარი შეირყა და იგი აღმოჩნდა გარშემორტყმული, მოწინააღმდეგე კასტის წევრი პარიიის (‘Ah, che un raggio’) რაზმით. ტაძარში მყოფი მრევლი ელოდება მთავარი ქურუმი აკებარესგან ამ სიზმრის ახსნას. აკებარეს მზაკვრული გეგმა მოსდის თავში: იგი აცხადებს რომ ღმერთები ითხოვენ მსხვერპლს უკანასკნელ ბრძოლებში მოპოვებული გამარჯვებების საფასურად და იქვე თავის ქალიშვილ ნეალას ხელს სთავაზობს არმიის მეთაურს იდამორეს, რომელთანაც მას დაპირისპირება აქვს. მიუხედავად საყოველთაო სიხარულისა, ნეალას, რომელიც შეყვარებულია იდამორეში, არ მოსწონს მამის წინადადება, რადგან იცის მამისა და იდამორეს დაპირისპირება (‘Ah, che un raggio’). ტაძარში შემოსული და მომლოცველი მოხუცი ნეალას ყურადღებას მიიპყრობს - ეს იდამორეს მამა, ზარეტეა, რომელიც ბრაქმების მოწინააღმდეგე კასტას ეკუთვნის (‘Tergi, o Dio di pietà’). მას შვილთან შეხვედრა აქვს განზრახული (‘Ah no, che il core’). იდამორე უახლოვდება ტაძარს. იგი იპოვის ნეალას საიდუმლო წერილს, სადაც ნეალა მამის გადაწყვეტილებას უმხელს და მის მიმართ სიყვარულს ადასტურებს (‘Lontano, io più l’amai’). იდამორე მზად არის გაანთავისუფლოს ნეალა (‘Fin dove sorgono’). ამ დროს მოდის მამა, კიცხავს შვილს, ადანაშაულებს მტრის მხარეზე გადასვლაში, რომ გამარჯვება მოაქვს მათთვის (‘D’un Akebar la figlia?’) და მოთხოვს მათთან კავშირის გაწყვეტას. იდამორე მამის ნებას დაჰყვება და დაპირდება გაქცევას მასთან ერთად (‘Lascerò colei che adoro?’). აკებარე გააცნობს იდამორეს თავის გეგმებს ნეალას მიმართ. იგი გაორებულია და როდესაც შეხვდება ნეალას გაუმხელს, რომ არის მათი მოწინააღმდეგე კასტის - პარია ზარეტეს ვაჟი. მაგრამ ისინი ხომ, სიყვარულის პატივსაცემად, რელიგიურ დაპირისპირებაზე მაღლა უნდა დადგნენ. ზარეტე მთის გამოქვაბულში კედლის ნახატებს ათვალიერებს, სადაც გამოსახულია აკაბერეს ხელმძღვანელობით უცხოტომელების დასჯა, რომელსაც სასწაულად გადაურჩა ზარეტე ('Qui pel glio una madre gridava'). აქ მას ესმის ნეალასა და იდამორეს ქორწინების საზეიმო მზადების ხმა და იგი რწმუნდება, რომ შვილმა უღალატა.
სცენაზე გამოჩნდება ბრაქმის ტაძარი, იქ საზეიმო მზადებაა, მაგრამ იდამორე უხასიათოდაა - იგი მამას ვერ შეხვდა, იწყება საქორწილო ცერემონია. ამ დროს უეცრად შემოჰყავთ შეპყრობილი ზარეტე, იგი კიცხავს რელიგიურ შუღლს, მაგრამ აკებარე ისარგებლებს ვითარებით და მის დასჯას მოითხოვს. იდამორე გადაეფარება ზარეტეს და გაამხელს, რომ იგი მისი შვილია. აკებარე უკვე ორივეს სიკვდილს ითხოვს. განწირული ნეალა მზად არის გაჰყვეს მეუღლეს ამ მძიმე გზაზე. მაგრამ აკებარე უმოწყალოა - რელიგიური შუღლით შეპყრობილი, იგი ტკბება თავისი ძალაუფლებით. იტალიური საოპერო მუსიკის შესრულების დიდი ტრადიციებით გამოირჩევა ქართული ვოკალური სკოლა, მაგრამ იგი არცთუ ისე ფართოდ არის წარმოდგენილი დასავლური ხმის ჩამწერი სტუდიების მიერ განხორციელებულ ჩანაწერებში. მხოლოდ უკანასკნელმა დეკადებმა მოგვცა ამის საშუალება და აქ კიდევაც გაბრწყინდნენ ისეთი მომღერლები, როგორიცაა პაატა ბურჭულაძე, ლადო ათანელი, ნინო მაჩაიძე, ანიტა რაჭველიშვილი და სხვა. ახლახან ამ სიას კიდევ ერთი ქართველი - ბარიტონი მიშა ქირია დაემატა. განსაკუთრებული ის არის, რომ ამ ჯერზე იგი დონიცეტის დავიწყებული ოპერის პირველ ჩანაწერში მთავარი პარტიის შემსრულებელად დაპატიჟეს. აქ ინიციატორად ლონდონური კომპანია Opera Rara გამოვიდა. ეს უნიკალური საოპერო კომპანიაა, რომლის მიზანია დავიწყებული საოპერო მუსიკის ნიმუშების აღორძინება დღევანდელი მსმენელის წინაშე. კომპანია პირველ რიგში ახერხებს ამ ნაწარმოებების პარტიტურების მოძიებას და გასწორებას, შემდეგ დასის შეკრებას და საკონცერტო შესრულების მოწყობას ლონდონში, პარალელურად ხორციელდება ოპერის ჩანაწერი. თავისი დებიუტიდან, 1970 წელს დღემდე, კომპანიამ უკვე 60 ოპერა ჩაწერა, იქედან პაჩინის, მეიერბერის, დონიცეტის, როსინის, მერკადანტეს, ბელინის, ოფენბახის და სხვების. 2019 წლის ივნისის დასაწყისში სირ მარკ ელდერის (Sir Mark Elder), მაშინდელი სამხატვრო დირექტორის ხელმძღვანელობით და დირიჟორობით განხორციელდა დონიცეტის ოპერის ‘პარიას’ ჩანაწერი (ამ ნაბიჯისკენ მას, ნაწარმოების „აღმომჩენმა“, მისმა მეგობარმა მუსიკოლოგმა, სამეფო კოლეჯის პროფესორმა - როჯერ პარკერმა უბიძგა). ორი დღის შემდეგ, 8 ივნისს, დასმა უკვე საკონცერტო შესრულება განახორციელა ლონდონის ბარბიკან ჰოლში. ნეალას პარტია შეასრულა რუსმა სოპრანომ -ალბინა შაგიმურატოვამ (Albina Shagimuradova), იდამორეს - ამერიკელმა ტენორმა რენე ბარბერამ (Rene Barbera) და ზარეტეს - ჩვენმა თანამემამულემ, მიშა ქირიამ. ბარბერასთვის და ქირიასთვის ეს იყო დებიუტი Opera Rara-სთან ურთიერთობაში. ჩანაწერი გამოვიდა კარგი - ფართო დიაპაზონიანი, ბალანსირებული, ორკესტრის კარგი ჟღერადობით და საკმარისი სირბილით. დირიჟორი მარკ ელდერის ხელწერა არ იყო ჩემთვის ახალი - ამ ჩანაწერშიც იგი, ტრადიციულად, დეტალებისადმი ყურადღებიანი იყო და ოდნავ სწრაფი ტემპებით მიყავდა ორკესტრი. უდავოა, რომ ჩანაწერის გმირი - ამჟამად პოპულარული რენე ბარბერა აღმოჩნდა. მან ჩინებულად გაუმკლავდა პარტიის სირთულეებს. პირველი აქტის არია და კაბალეტა ‘Fin dove sorgono’, რომელშიც გამოირჩევა ჩელოს ხაზი, დახუნძლულია მაღალი ნოტებით - სი, დო და დო-დიეზი. ეს უკანასკნელი კაბალეტაში რამოდენიმეჯერ მეორდება უცნაური პასაჟებით. ალბინა შაგიმურატოვა ტექნიკურად არ მოისუსტებდა, მაგრამ, რატომღაც, როლთან სრულად შერწყმული არ მომეჩვენა. რაც ეხება ქირიას - მას პირველ აქტში ორი სოლო სცენა აქვს, საიდანაც გამოვყოფდი სწრაფ კაბალეტას ‘Ah, che un raggio’, სადაც მაღალ ფა დიეზს და სოლს მომღერალი კარგად გაუმკლავდა. თუმცა ქირიას ხმას, რომელიც შეესატყვისება მის ჰაბიტუსს, ტემბრალურად ტრადიციულ ბელ-კანტოს ან სამხრეთოვანი ხავერდოვნება აკლია, მაგრამ ჩანაწერში იგი კარგ პარტნიორობას უწევს კოლეგებს, კერძოდ, საინტერესოა დიდ დუეტში ბარბერასთან, პირველი აქტის ბოლოს (‘D’un Akebar la figlia?’). აღვნიშნავდი, რომ ოპერაში ბევრი სასიამოვნო მელოდიურობით აღსავსე არია და დუეტია, ამიტომაც იტალიური ოპერის მოყვარულთ ერთი დაუვიწყარი შეხვედრა ელოდება დონიცეტის უცნობ ოპერასთან.

დავით გიგინეიშვილი

წერილი დაიბეჭდა ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2021 4(85): 60-62.

Sunday, January 17, 2021

ფილმი რომელიც დღევანდელობას ეხმაურება

 

ამ რამოდენიმე დღის წინ მომიწია ამერიკელი რეჟიორის, მერვინ ლე როის (Mervin LeRoy) ფილმის ‘ისინი არ დაივიწყებენ / They Won't Forget’ (1937) ნახვა. კინოს მოყვარულს არ უნდა გაუკვირდეს, რომ ამჟამინდელი ჰოლივუდის უმეტეს წილად უსახო და უფრო მეტად ეფექტებზე დაფუძნებული ფილმების ფონზე კინომოყვარული წარსულს რომ დაუბრუნდეს... იმ დროინდელს, როდესაც კინოფილმი სოციალური დისკუსიისა და მსჯელობის ხერხად ითვლებოდა, როდესაც კინორეჟისორები არ ერიდებოდნენ დიდ ეკრანზე საკუთარი ფიქრებისა და განცდების გადმოცემას.

ფილმის სცენარი, დაწერილი რობერტ როსენისა და ეიბენ კანდელის მიერ, ეფუძნება უორდ გრინის რომანს ‘სიკვდილი ღრმა სამხრეთში’, რაც თავად 1913 წელს რეალურ სასამართლო პროცესის შემდეგ ნიუ-იორკელი ლეო ფრანკის ლინჩით გასამართლებას ეყრდნობა, რომელიც დამნაშავედ ცნეს ატლანტაში გოგონას - მერი ფაგანის მკვლელობაში.

ფილმში კი სიუჟეტური ხაზი გვიყვება სამხრეთის შტატში ჩრდილოეთიდან ჩამოსული მასწავლებლის,  რობერტ ჰეილის ტრაგიკულ ბედს, რომელიც მოულოდნელად, კონფიდერატთა ხსოვნის დღეს, სკოლაში ტრაგიკულად დაღუპული მოსწავლის, მერი კლეის (მსახიობი ლანა ტერნერის სადებიუტო როლი) მკვლელობაში მთავარი დამნაშავე აღმოჩნდება. ყველაფერი უცნაურად დატრიალდება რობერტ ჰეილის (მსახიობი ედვარდ ნორისი) ირგვლივ. იგი იმ დროს იმყოფებოდა სკოლაში, როდესაც მერი მოკლეს. 

სკოლის პედაგოგი რობერტ ჰეილი (მსახიობი ედვარდ ნორისი) და მისი მოსწავლე მერი კლეი (ლანა ტერნერი)


სკოლის დირექტორს ახალგაზრდა ჩრდილოეთელი გულზე არ ეხატებოდა მისი ფართო სოცმხედველობის გამო, ოლქის პროკურორი - ენდი გრიფინი (რომელსაც ბრწყინვალედ ასრულებს კლოდ რეინსი) ზუსტად ამ შემთხვევას გამოიყენებს საკუთარი პოლიტიკური კარიერის წარმართვისათვის, ადგილობრივი ჟურნალისტი უილიამ ბროკი (მსახიობი ეილინ ჯოსლინი) კი გაზეთის რეპუტაციის ასამაღლებლად შეუერთდება გრიფინის გეგმებს და ქმნის საზოგადოების უარყოფითი განწყობილებას ახალგაზრდა მასწავლებლის წინააღმდეგ.



ოლქის პროკურორი ენდი გრიფინი (მსახიობი კლოდ რეინსი)


როგორც ფილმიდან ვიგებთ, მკვლელობის საქმეს მხოლოდ სამი ეჭვმიტანილი ჰყავს - სკოლის შავკანიანი დარაჯი ტამპ რედვაინი, სკოლის მასწავლებელი რობერტ ჰეილი და მერი კლეის თაყვანისცემელი ახალგაზრდა, ჯოე ტორნერი, რომელიც მასთან შესახვედრად სკოლაში მიდის. მაგრამ  ამ ადამიანების  წინააღმდეგ გამოძიებას არანაირი დასაბუთებული მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა სამხრეთული შტატის ამ პატარა  ქალაქის მცხოვრებთ სხვა მოსაზრებები აქვთ: რობერ ჰეილი ხომ აუტანელი იანკია, რომელმაც არ იცის სამხრეთული ტრადიციები და შესაბამისად არ ცემს პატივს მათ. არც ის სიამოვნებთ, რომ მერი კლეის (როგორც სხვა მრავალ გოგონა მოსწავლეს) მოსწონდა თავისი პედაგოგი, რამაც რობერტ ჰეილს ბევრი მოშურნეც გაუჩინა. რატომ აპირებდა იგი ქალაქიდან წასვლას (გაქცევას) ჩიკაგოში სხვა სამსახურის საძებნელად? და ბოლოს, რაც მთავარია მის მოსასხამზე ხომ აღმოჩნდა გაუგებარი ლაქა, რომელიც სისხლს აგავს. განა ეს საკმარისი არაა, რომ  ადამიანი შერაცხყო მკვლევლად და მთელი საზოგადოება მის წინააღმდეგ განაწყო? ყოველივე ამას კარგად იყენებს  ოლქის პროკურორი, რომელსაც განტევების ვაცი სჭირდება ეფექტური სასამართლო განაჩენისა და საზოგადოების სიმპატიების მოსაპოვებლად. მხოლოდ ასე უსამართლო სამართლით და ბრალდებულის უფლებების უგულებელყოფით  ‘გამარჯვებული’ შეძლებს იგი სენატორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წაყენებას.

ოლქსი პროკურორი გრიფინი კითხავს სკოლის დირექტორს სასამართლო პროცესზე


მერვინ ლე როი დეტალურად აჩვენებს როგორ ფორმირდება მცდარი და მტრული საზოგადოებრივი აზრი რობერტ ჰეილის მიმართ. პარალელურად  ხდება შავკანიანი დარაჯის დაშინება, რათა მან ‘მეტი’ თქვას ჰეილის საწინააღმდეგოდ, ასევე აქეზებენ ჯოე ტორნერს, რათა მასში მასწავლებლის წინააღმდეგ მეტოქეობის გრძნობა და აგრესია  განვითარდეს. მოკლული გოგონას ძმებიც, ბნელ ინსტიქტებსა და იმ კუთხეში დამკვიდრებულ კლიშეებს აყოლილნი, მზად არიან შური იძიონ, აქეზებენ ადგილობრივებს ‘ჩამოსული’ და ‘უცხო’ ჰეილის წინააღმდეგ. საქმე თავისი მასშტაბებით ქალაქის საზღვრებს სცდება. და ჰეილის დასახმარებლად ჯერ დეტექტივი პინდარი და მერე ცნობილი ადვოკატი გლისონი  ჩამოდიან.  მაგრამ ამ ანტი-ჰეილის საზოგადოებრივი კომპანიით ‘ზომბირებული’ მსაჯულთა ჯგუფი, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, ვერ გამოვა პროვინციული და ვიწრო აზროვნების ჩარჩოებიდან და ბრალდებულს სიკვდილს მიუსჯიან! ჰეილის დედა და მისი მეუღლე სიბილი ამ მოვლენის მხოლოდ ტრაგიკული მოწმეები ხდებიან. არც უზენაესი სასამრთლო გადახედავს ამ საქმეს და მხოლოდ შტატის გუბერნატორს, მაუნტფორდს ეყოფა გამბედაობა და იგი უმაღლეს სასჯელს სამუდამო პატიმრობით შუეცვლის ბრალდებულს, რასაც კიდევაც გუბერნატორის კარიერა შეეწირება. მაგრამ გაავებული ბრბო (მერის კლეის ძმების ხელმძღვანელობით) გააჩერებს მატარებელს, რომლითაც ჰეილი მიჰყავთ სამუდამო პატიმრისათვის განკუთვნილ რეგიონში და ლინჩის კანონით გაასამართლებენ მას. ძალზე სიმბოლურია ფილმის უკანასკნელი კადრები: ჰეილის მეუღლე, სიბილი (მსახიობი გლორია დიქსონი) მიდის პროკურორ გრიფინთან (იქვე  ჟურნალისტი უილიამ ბროკიც იმყოფება), რათა უკან დაუბრუნოს თავის მშობლიურ კუთხეში გასამგზავრებელი თანხის ქვითარი ( ვითომ მოლწყალება) და გამწარებული ქალი თან მიახლის, რომ რეალური მკვლელები სწორედ ისინი არიან და მათ სინდისზეა უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი, რომ ხელის მოთბობისა და საკუთარი კეთილდრეობისთვის მათ გამოიწვიეს სენსაცია და გაწირეს ადამიანი!

ნიშანდობლივია, რომ მერვინ ლე როის ეს შთამბეჭდავი დრამა, სადაც სააშკარაოზე გამოტანილია საზოგადოების მანიპულაციის მექანიზმი ბოროტების დასათესად, ჩვენშიდაც „კარგად“ მუშაობს. 

 საზოგადოებრივი აზრის ფორმირება იოლად შეიძლება მაშინაც კი, როდესაც სარწმუნო ფაქტები ამ აზრის ჩამოყალიბებისათვის არ არსებობს. სიკეთისა და სიყვარულის გაღვივება მეტად ძნელია, იოლია ადამიანებში შური, სიძულვილი და დაუნდობლობა გამოიწვიო, იმის მიმართაც კი ვისაც თავისი ცხოვრების მიზნად მხოლოდ სიკეთე და ქველმოქმედება დაუსახავს და ქვეყნისთვის დიდი სარგებლობაც მოუტანია. სამწუხაროდ , წარმატებული, მდიდარი, მოწესრიგებული და შესაძლოა ჭკვიანი, ადამიანის ატანა თურმე საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის არ არის ადვილი...

 მერვინ ლე როის ამ დრამატულმა ფილმმა კიდევ ერთხელ დამანახა და დამარწმუნა, რომ  „ხალხის  მსახურის“ კარიერით შენიღბული პოლიტიკოსის ხელში იოლად მართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრი (ბრბო რომ ამას საკუთარ აზრად ასაღებს!), რამდენად დიდი ბოროტებაა...

 

დავით გიგინეიშვილი

სტატია დაიბეჭდა ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2021 2(83): 57-58.

Saturday, February 8, 2020

საღამო ციურიცის ოპერის თეატრში / La Cenerentola at the Zurich Opera


საუბარი მინდა დავიწყო იმით, რომ XXI საუკუნეში ციურიხის ოპერა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო  საოპერო კომპანიად იქცა, წელიწადში 250 წარმოდგენა იდგმება და მათში მონაწილეობენ საოპერო სცენის გამოჩენილი ვარსკვლავები. სპექტაკლები იწერება ვიდეოზე და ვრცელდება დვდ და ბლუ-რეი დისკებზე. ციურიხის ოპერა ციურიხის ტბასთან, მშვენიერ მოედანზე Sechseläutenplatz-ზე არის განლაგებული. ოპერის შენობა არის მონუმენტალური - ნეოკლასიკურ სტილში, თეთრი და ნაცრისფერი ქვისგან აგებული და შემკული ცნობილი კომპოზიტორთა  ვაგნერის, ვებერის და მოცარტის ბიუსტებით. მაგრამ, გარეთა პომპეზური ზომების მიუხედავად,  თეატრის დარბაზი პატარაა, სულ 1100 მსმენელზეა გათვლილი და მოიცავს მხოლოდ 3 იარუსს. მესამე იარუსი ფართეა და  სპექტაკლზე დამსწრეთა საკმაო რაოდენობას აკმაყოფილებს. ამ მხრივ ლონდონისკოვენტ-გარდენს’ წააგავს. შიდა დიზაინი არის თვალწარმტაცი, ნეოროკოკოს სტილში. ოპერის შენობა აგებულია 1891 წელს, მისი ინტერიერი და ექსტერიერი 1984 წელს განაახლეს და ძველთან შედარებით, დღეს ის  თანამედროვე სახით წარმოგვიდგება.  
მე, ისე როგორც ალბათ ოპერის ყველა დიდ  ქომაგს, კარგა ხანია ნატვრად  მქონდა ციურიხის ოპერაში მოხვედრა. ქალაქში რამდენჯერმე ნამყოფი ვარ სამეცნიერო მივლინებებით - მაგრამ ხან წარმოდგენის შემსრულებლები არ იყვნენ ჩემთვის მომხიბვლელები, ხან თავადაც წარმოდგენა, ხან რა და ხან რა. გასათვალისწინებელია ასევე ძალზედ მაღალი ფასები ბილეთებზე.
2020 წლის 12 იანვარს ოპერაში როსინისკონკია/La Cenerentolaსრულდებოდა. და შემადგენლობაშიც ნამდვილი ვარსკვლავები იყვნენ: ანჯელინა - ჩეჩილია ბარტოლი, დონ რამირო - ხავიერ კამარენა, დანდინი - ოლივერ ვიდმერი და დონ მანიფიკო - ალესანდრო კორბელი. ამ უკანასკნელისათვის  საოპერო  კარიერა თითქმის დასასრულს უახლოვდება, მაგრამ რა გასაკვირიც არ  უნდა იყოს -  ციურიხის ოპერაში გამოსვლა მისი დებიუტი იყო.
ოპერის თეატრში აკრედიტაცია არ  გამჭირვებია, ციურიხის ოპერის პრესასთან ურთიერთობის კეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო.
გამოგიტყდებით - როსინის ეს ოპერა მრავალჯერ მქონდა მოსმენილი, როგორც აუდიო  და  ვიდეო ჩანაწერებით, ასევე მსოფლიო  თეატრების დიდი სცენებიდანაც. ამიტომ, გარდა ვოკალური შეჯიბრებისა,  დიდს არაფერს ველოდი. მაგრამ სპექტაკლმა სასიამოვნოდ გამაკვირვა.
ატმოსფერო  თეატრში იყო  ინტიმური, რასაც პატარა სივრცე და ჩემი ადგილი (პარტერის 11 რიგი) ქმნიდა. ორკესტრი ისმოდა კარგად და სრულ  დეტალებში, თუმცა ამას ვერ ვიტყოდი ხმებზე. თუკი მომღერალი ნახევარ  ხმაზე ან პიანოზე მღეროდა - მისი ხმა კარგად  არ  ისმოდა. ასე გამოჩნდა სამივე ქალის პერსონაჟი: ანჯელინა (ჩეჩილია ბარტოლი/Cecilia Bartoli), ტისბე (ლილიანა ნიკიტეანუ/Liliana Nikiteanu)  და კლორინდა (მარტინა იანკოვა/Martina Jankova) ოპერის დასაწყისში.  ოპერის სიუჟეტის მიხედვით, შემდგომ დონ მანიფიკო  გამოდის სცენაზე და თავის ქალიშვილებს მოუთხრობს უცნაური სიზმრის შესახებ (‘Miei rampolli femminini’).  
ციურიხის ოპერის საშტატო ორკესტრის როლში ხშირად  მონაწილწეობს ძველებური ინსტრუმენტების ორკესტრი ‘La Scintilla’, რაც ამ საღამოსაც ასე იყო, (ხელმძღვანელობდა იტალიელი დირიჟორი - ჯანლუკა კაპუანო/Gianluca Capuano). უკვე ვოკალურ ზენიტს გადასული ალესანდრო  კორბელი (Alessandro Corbelli), დონ მანიფიკოს როლს არტისტულობის მხრივ კარგად ასრულებდა. მის არიაში ყურადღება მიიპყრო ჩასაბერი ინსტრუმენტების აქცენტებმა,  რადგან აუთენტური ინსტრუმენტები თანამედროვე ინსტრუმენტებისაგან  განსხვავებით სხვანაირად ჟღერენ. როდესაც სცენაზე დონ რამირო გამოჩნდა, ჩემთვის დარბაზიგანათდა’ (სცენა და დუეტი ანჯელინასთან ‘Un soave nоn so che’). კამარენა (Javier Camarena) იმ საღამოს ბრწინვალე ფორმაში იყო - არ ზოგავდა ხმას, ნოტებს წელავდა, არ  ერიდებოდა მაღალდო’-ებს და ზემოთაც კი  ავიდა! მაშინ გახდა ნათელი, რომ დარბაზს აკუსტიკის შესავსებად - ახალგაზრდა და ვოკალურად  ჩინებულ ფორმაში მყოფი მომღერალი ესაჭიროებოდა.
დეკორაციები არ  იყო  გადატვირთული, კოსტიუმები - XIX საუკუნის ეპოქის შესაფერი გახლდათ.  მაგრამ სწორედ აქ,  მოულოდნელად,  გაბედულმა და ამავე დროს   კომიკურმა დეტალმა  (კერძოდ, ალიდოროს თეთრი ფრაკი და ანგელოზის ფრთები, დები - ტისბეს და კლორინდას ბრჭყვიალა და ვერცხლისფერი ქერცლით დაფარული კაბა), ფერადოვნება შესძინა სპექტაკლს.  დანდინის როლში ოლივერ  ვიდმერი (Oliver Widmer) გამოდიოდა. ვიდმერი ჩინებულად თამაშობდა, მით  უფრო,  რომ რეჟისორის ჩანაფიქრით  იგი კომიზმის ცენტრში იყო  ამ სპექტაკლში - მაგრამ აღვნიშნავ რომ თავისი იერით,  გარეგნობით, სილაღით (როდესაც სმოკინგი და სხვა აქსესუარები ეცვა), ვიდმერის გმირი არისტოკრატს უფრო  წააგავდა ვიდრე მსახურს. მაგრამ კომიზმი მაინც იყო - სუფლიორი უწმენდს მას შავ  ლაკირებულ ფეხსაცმელს, დანდინი სულ ცდილობს მსახურად გადაცმულ დონ რამიროს გაწვალებას - ან შარფი ან პალტო უვარდება ან  ხელთათმანი, ერთი სიტყვით ის აქსესუარები, რაც მარჯვე მსახურს უნდა მიეტანა მისთვის. პრინცის როლში გადაცმული დანდინი თავს უფლებას აძლევს, რომ  ქალიშვილების სილამაზის შესაფასებლად მათი სხეულის ინტიმური ადგილებს თითებით შეხებოდა, დებიც ერთმანეთს ტოლს არ  უდებდნენ - ერთმანეთს ეპაექრებოდნენ და ცრუ პრინცს გადაჭარბებულ არშიყობაში  ნებას რთავდნენ


საერთოდ, მოქმედება ისე მიმდინარეობდა ოპერაში, რომ ტექსტი საერთოდ  საჭიროც არ იყო - ჟესტები, მოძრაობა და დინამიკა ყოველივეს გამოხატავდა. ამას თან ერთვოდა  ბარტოლის ემოციურობა, ვოკალური სისწრაფე და მისი ხმის ტრადიციული მოქნილობა. თუმცა მის ხმას  ეტყობოდა ცვლილებები - უხეში ქვედა ნოტები და უკვე მოყრუებული შუა და ზედა რეგისტრი. მიუხედავად ამისა,  ემოციურად და ტექნიკურად - ეს ძველი ბარტოლი იყო. ალიდოროს (ფილოსოფოსისა და ანჯელინას კეთილმსურველი ჯადოქარი) როლში გამოდიოდა მაღალი და ტანადი რუსი ბანი სტანისლავ ვორობიოვი - რომლის  ხმამ სასიამოვნოდ  გამაოცა და გადამიყვანა წარსული საუკუნის დასაწყისშიმან კარგ ტემპში შეასრულა თავისი დიდი არია პირველი აქტის ბოლოს, მაგრამ პარტიის ტრადიციული ბელ-კანტოს სირთულეები მაინც გაუჭირდა (‘La del ciel nell’arcano profondo’).  მეორე აქტის ცნობილ, დაძაბულ  დუეტში, სადაც დანდინი დონ მანიფიკოს საიდუმლოებას უმხელს (რომ იგი პრინცი კი არა, არამედ მისი მოსამსახურეა) შეიტანეს კომიკური პანტომიმა: დანდინი ოთახში შემოფრენილ ბუზს ებრძვის, ქარიშხალი სრული ტექნიკური ინოვაციებით  იყო  დადგმული - ნამდვილი წვიმით, ქარისა და ჭექა-ქუხილის კარგი იმიტაციით, რასაც ცეცხლის გაჩენა მოჰყვა და ბოლოს ქარიშხალი ჩიტების გალობით დასრულდა. შემდგომ ცნობილ სექსტეტში (‘Siete voi? - Questo è un nodo’) დონ რამირო  თოკით აბამს ყველა მონაწილეს  ერთმანეთთან. მთელი ოპერის მანძილზე დანდინი ავლენს ღორმუცელობას ტკბილეულის მიმართ. არც ფინალურ  გუნდში ანჯელინას  რონდოს წინ  არ ღალატობს იგი ტრადიციას და საქორწილო მაგიდიდან ჩუმად „დაითრევს“ ტორტის დიდ ნაჭერს.  სპექტაკლი გამოვიდა ცოცხალი, ეფექტური, იუმორითა და ფერებით სავსე. ვოკალური გუნდის ცენტრში აღმოჩნდა ხავიერ კამარენა და ჩეჩილია ბარტოლი. აღვნიშნავ, რომ კამარენამ მეორე აქტის ურთულეს ტენორის არიაში (‘E allor se non ti spiaccio’) არ  დაიშურა ძალები, რათა პუბლიკისთვის სიამოვნება მიენიჭებინა: რამოდენიმე მაღალ დო- ერთი რეც მიაყოლა. რასაც ვერ  ვიტყოდი ჩეჩილია ბარტოლიზე, კამერულ პროგრამაში, სავარაუდოდ,  მისი სისუსტეები ნაკლებად  გამოჩნდებოდა. დიახ, სამწუხაროდ,  ეს უკვე ის ბარტოლი არაა, რაც ჩვენ, მუსიკის ქომაგებს, გვახსოვს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ყოველივე  ამის მიუხედავად, ჩემს ციურიხის მოგზაურობაში  სპექტაკლი  დასამახსოვრებელი და ძალზედ სასიამოვნო მოვლენად დარჩება.

დავით გიგინეიშვილი

Rossini – La Cenerentola


Angelina – Cecilia Bartoli
Don Ramiro – Javier Camarena
Dandini – Oliver Widmer
Don Magnifico – Alessandro Corbelli
Tisbe – Liliana Nikiteanu
Clorinda – Martina Janková
Alidoro – Stanislav Vorobyov

Chor der Oper Zürich, Orchestra La Scintilla / Gianluca Capuano.
Stage director – Cesare Lievi.

Opernhaus Zürich, Zurich, Switzerland.  Sunday, January 12th, 2020.

წერილი გამოქვეყნებულია ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთელა' 2020; 2(79):51-52.