Sunday, January 17, 2021

ფილმი რომელიც დღევანდელობას ეხმაურება

 

ამ რამოდენიმე დღის წინ მომიწია ამერიკელი რეჟიორის, მერვინ ლე როის (Mervin LeRoy) ფილმის ‘ისინი არ დაივიწყებენ / They Won't Forget’ (1937) ნახვა. კინოს მოყვარულს არ უნდა გაუკვირდეს, რომ ამჟამინდელი ჰოლივუდის უმეტეს წილად უსახო და უფრო მეტად ეფექტებზე დაფუძნებული ფილმების ფონზე კინომოყვარული წარსულს რომ დაუბრუნდეს... იმ დროინდელს, როდესაც კინოფილმი სოციალური დისკუსიისა და მსჯელობის ხერხად ითვლებოდა, როდესაც კინორეჟისორები არ ერიდებოდნენ დიდ ეკრანზე საკუთარი ფიქრებისა და განცდების გადმოცემას.

ფილმის სცენარი, დაწერილი რობერტ როსენისა და ეიბენ კანდელის მიერ, ეფუძნება უორდ გრინის რომანს ‘სიკვდილი ღრმა სამხრეთში’, რაც თავად 1913 წელს რეალურ სასამართლო პროცესის შემდეგ ნიუ-იორკელი ლეო ფრანკის ლინჩით გასამართლებას ეყრდნობა, რომელიც დამნაშავედ ცნეს ატლანტაში გოგონას - მერი ფაგანის მკვლელობაში.

ფილმში კი სიუჟეტური ხაზი გვიყვება სამხრეთის შტატში ჩრდილოეთიდან ჩამოსული მასწავლებლის,  რობერტ ჰეილის ტრაგიკულ ბედს, რომელიც მოულოდნელად, კონფიდერატთა ხსოვნის დღეს, სკოლაში ტრაგიკულად დაღუპული მოსწავლის, მერი კლეის (მსახიობი ლანა ტერნერის სადებიუტო როლი) მკვლელობაში მთავარი დამნაშავე აღმოჩნდება. ყველაფერი უცნაურად დატრიალდება რობერტ ჰეილის (მსახიობი ედვარდ ნორისი) ირგვლივ. იგი იმ დროს იმყოფებოდა სკოლაში, როდესაც მერი მოკლეს. 

სკოლის პედაგოგი რობერტ ჰეილი (მსახიობი ედვარდ ნორისი) და მისი მოსწავლე მერი კლეი (ლანა ტერნერი)


სკოლის დირექტორს ახალგაზრდა ჩრდილოეთელი გულზე არ ეხატებოდა მისი ფართო სოცმხედველობის გამო, ოლქის პროკურორი - ენდი გრიფინი (რომელსაც ბრწყინვალედ ასრულებს კლოდ რეინსი) ზუსტად ამ შემთხვევას გამოიყენებს საკუთარი პოლიტიკური კარიერის წარმართვისათვის, ადგილობრივი ჟურნალისტი უილიამ ბროკი (მსახიობი ეილინ ჯოსლინი) კი გაზეთის რეპუტაციის ასამაღლებლად შეუერთდება გრიფინის გეგმებს და ქმნის საზოგადოების უარყოფითი განწყობილებას ახალგაზრდა მასწავლებლის წინააღმდეგ.



ოლქის პროკურორი ენდი გრიფინი (მსახიობი კლოდ რეინსი)


როგორც ფილმიდან ვიგებთ, მკვლელობის საქმეს მხოლოდ სამი ეჭვმიტანილი ჰყავს - სკოლის შავკანიანი დარაჯი ტამპ რედვაინი, სკოლის მასწავლებელი რობერტ ჰეილი და მერი კლეის თაყვანისცემელი ახალგაზრდა, ჯოე ტორნერი, რომელიც მასთან შესახვედრად სკოლაში მიდის. მაგრამ  ამ ადამიანების  წინააღმდეგ გამოძიებას არანაირი დასაბუთებული მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა სამხრეთული შტატის ამ პატარა  ქალაქის მცხოვრებთ სხვა მოსაზრებები აქვთ: რობერ ჰეილი ხომ აუტანელი იანკია, რომელმაც არ იცის სამხრეთული ტრადიციები და შესაბამისად არ ცემს პატივს მათ. არც ის სიამოვნებთ, რომ მერი კლეის (როგორც სხვა მრავალ გოგონა მოსწავლეს) მოსწონდა თავისი პედაგოგი, რამაც რობერტ ჰეილს ბევრი მოშურნეც გაუჩინა. რატომ აპირებდა იგი ქალაქიდან წასვლას (გაქცევას) ჩიკაგოში სხვა სამსახურის საძებნელად? და ბოლოს, რაც მთავარია მის მოსასხამზე ხომ აღმოჩნდა გაუგებარი ლაქა, რომელიც სისხლს აგავს. განა ეს საკმარისი არაა, რომ  ადამიანი შერაცხყო მკვლევლად და მთელი საზოგადოება მის წინააღმდეგ განაწყო? ყოველივე ამას კარგად იყენებს  ოლქის პროკურორი, რომელსაც განტევების ვაცი სჭირდება ეფექტური სასამართლო განაჩენისა და საზოგადოების სიმპატიების მოსაპოვებლად. მხოლოდ ასე უსამართლო სამართლით და ბრალდებულის უფლებების უგულებელყოფით  ‘გამარჯვებული’ შეძლებს იგი სენატორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წაყენებას.

ოლქსი პროკურორი გრიფინი კითხავს სკოლის დირექტორს სასამართლო პროცესზე


მერვინ ლე როი დეტალურად აჩვენებს როგორ ფორმირდება მცდარი და მტრული საზოგადოებრივი აზრი რობერტ ჰეილის მიმართ. პარალელურად  ხდება შავკანიანი დარაჯის დაშინება, რათა მან ‘მეტი’ თქვას ჰეილის საწინააღმდეგოდ, ასევე აქეზებენ ჯოე ტორნერს, რათა მასში მასწავლებლის წინააღმდეგ მეტოქეობის გრძნობა და აგრესია  განვითარდეს. მოკლული გოგონას ძმებიც, ბნელ ინსტიქტებსა და იმ კუთხეში დამკვიდრებულ კლიშეებს აყოლილნი, მზად არიან შური იძიონ, აქეზებენ ადგილობრივებს ‘ჩამოსული’ და ‘უცხო’ ჰეილის წინააღმდეგ. საქმე თავისი მასშტაბებით ქალაქის საზღვრებს სცდება. და ჰეილის დასახმარებლად ჯერ დეტექტივი პინდარი და მერე ცნობილი ადვოკატი გლისონი  ჩამოდიან.  მაგრამ ამ ანტი-ჰეილის საზოგადოებრივი კომპანიით ‘ზომბირებული’ მსაჯულთა ჯგუფი, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, ვერ გამოვა პროვინციული და ვიწრო აზროვნების ჩარჩოებიდან და ბრალდებულს სიკვდილს მიუსჯიან! ჰეილის დედა და მისი მეუღლე სიბილი ამ მოვლენის მხოლოდ ტრაგიკული მოწმეები ხდებიან. არც უზენაესი სასამრთლო გადახედავს ამ საქმეს და მხოლოდ შტატის გუბერნატორს, მაუნტფორდს ეყოფა გამბედაობა და იგი უმაღლეს სასჯელს სამუდამო პატიმრობით შუეცვლის ბრალდებულს, რასაც კიდევაც გუბერნატორის კარიერა შეეწირება. მაგრამ გაავებული ბრბო (მერის კლეის ძმების ხელმძღვანელობით) გააჩერებს მატარებელს, რომლითაც ჰეილი მიჰყავთ სამუდამო პატიმრისათვის განკუთვნილ რეგიონში და ლინჩის კანონით გაასამართლებენ მას. ძალზე სიმბოლურია ფილმის უკანასკნელი კადრები: ჰეილის მეუღლე, სიბილი (მსახიობი გლორია დიქსონი) მიდის პროკურორ გრიფინთან (იქვე  ჟურნალისტი უილიამ ბროკიც იმყოფება), რათა უკან დაუბრუნოს თავის მშობლიურ კუთხეში გასამგზავრებელი თანხის ქვითარი ( ვითომ მოლწყალება) და გამწარებული ქალი თან მიახლის, რომ რეალური მკვლელები სწორედ ისინი არიან და მათ სინდისზეა უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი, რომ ხელის მოთბობისა და საკუთარი კეთილდრეობისთვის მათ გამოიწვიეს სენსაცია და გაწირეს ადამიანი!

ნიშანდობლივია, რომ მერვინ ლე როის ეს შთამბეჭდავი დრამა, სადაც სააშკარაოზე გამოტანილია საზოგადოების მანიპულაციის მექანიზმი ბოროტების დასათესად, ჩვენშიდაც „კარგად“ მუშაობს. 

 საზოგადოებრივი აზრის ფორმირება იოლად შეიძლება მაშინაც კი, როდესაც სარწმუნო ფაქტები ამ აზრის ჩამოყალიბებისათვის არ არსებობს. სიკეთისა და სიყვარულის გაღვივება მეტად ძნელია, იოლია ადამიანებში შური, სიძულვილი და დაუნდობლობა გამოიწვიო, იმის მიმართაც კი ვისაც თავისი ცხოვრების მიზნად მხოლოდ სიკეთე და ქველმოქმედება დაუსახავს და ქვეყნისთვის დიდი სარგებლობაც მოუტანია. სამწუხაროდ , წარმატებული, მდიდარი, მოწესრიგებული და შესაძლოა ჭკვიანი, ადამიანის ატანა თურმე საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის არ არის ადვილი...

 მერვინ ლე როის ამ დრამატულმა ფილმმა კიდევ ერთხელ დამანახა და დამარწმუნა, რომ  „ხალხის  მსახურის“ კარიერით შენიღბული პოლიტიკოსის ხელში იოლად მართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრი (ბრბო რომ ამას საკუთარ აზრად ასაღებს!), რამდენად დიდი ბოროტებაა...

 

დავით გიგინეიშვილი

სტატია დაიბეჭდა ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2021 2(83): 57-58.

No comments:

Post a Comment