Sunday, September 3, 2023
სტუმრად საკუთარ ქალაქში
დილაობით, რეგულარულად დავდივარ ვაკის პარკში. ამ ტრადიციას უკვე ხანგრძლივი ასაკი გააჩნია. მახარებს სხვადასხვა ჯიშის ხეთა - მუხების, ჭადრების ხეივნები, ნაძვების ნაირსახეობა, მოვლილი და ლამაზი სკვერები. ვაკის პარკი, ჩემი კი არა, მთელი ქალაქის სიამაყეა! ორიოდე წლის წინ, დაიწყეს პარკის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია. შარშან, განახლების პირველი ეტაპი დასრულდა. რომ არა მარიტას ტრაგედია, ყველანი ძალზეგახარებული ვიყავით ახალი ნარგავების, განახლებული სანიაღვრე და განათების სისტემის ხილვით. ამასთან ერთად გაფართოვდა სპორტული სივრცე და დაიდგა ღია ცის ქვეშ ფინური სპორტული ტრენაჟორები. ახლა აქეთ ტერიტორიაზე გადმოვინაცვლეთ სპორტული ვარჯიშებით დაინტერესებულმა, რეგულარულმა ვიზიტორებმა. ეს უბნის ტრადიციული წრეა, რომელთა წარმომადგენლები, ჩემსავით დადიოდნენ პარკში სავარჯიშოდ.
ბოლო დეკადების დროს თბილისში, მით უფრო პარკში, რუსულ ენაზე საუბარს იშვიათად თუ გავიგონებდით. თურქულ, ინგლისურს და აქა-იქ გერმანულ ენაზე მოკრძალებულ საუბრებს, კი. ძალზე მოულოდნელად, შარშან შემოდგომიდან, არა მარტო პარკში, არამედ მთელს ვაკის რეგიონში (თითქმის მთელ ქალაქში), დრმად დავიწყებულმა რუსულმა ენამ აქტიურად დაიწყო წარმოჩენა. სტუმრად ჩამოსულები გვეგონენ და როგორ გამიკვირდა და გაგვიკვირდა ყველას, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს, “სტუმრები“ რეგულარულად, ჯგუფურად შემოვიდნენ ვაკის პარკში, დაეუფლნენ ყველასათვის განკუთვნილ ტრენაჟორებს და დაიწყეს ვარჯიში. თავდაპირველად, ჩვენ რომ გვეგონა რუსული რეჟიმით შევიწროებულები და გამორიდებულები იყვნენ, ნელნელა გაირკვა, რომ საქმე ასე სულაც არ არის. სევდა, დეპრესია ან ტრაგიზმის ამსახველი სხვა განცდა, არც ერთ მათგანს არ ახასიათებდა. არ ვლინდებოდა ის გრძნობები, რაც მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო ძმათამკვლელი ომით შეწუხებულებში, შეძრწუნებულებში, იძულებით გადაადგილებულებში. პირიქით, მათი სილაღე და გარემოთი ტკბობა თავისუფალ სამოსშიც გამოიხატა, სადაც თბილისისთვის მეტად მიუღებელ სიშიშვლის დონესაც კი ბედავდნენ.
ისინი მკვეთრად სეპარატისტულად იქცევოდნენ, ეხმაურებოდნენ მხოლოდ თავისიანებს, ხოლო ადგილობრივებისთვის თავაზიანი სალამიც კი არ ემეტებოდათ! უცნაური სანახავი გახდა ვაკის პარკი - უბნის ტრადიციული მაცხოვრებლები და უცხო ენაზე მოსაუბრენი გამოკვეთილად ერთმანეთისაგან განცალკევებულები აღმოჩნდნენ. ისინი, ანუ რუსულენოვანნი, სტუმრებს კი არა, მასპინძლებს უფრო ჰგავდნენ, ვიღაც დაუპატიჟებელი უცხოელებით თავგაბეზრებულ მასპინძლებს! ამ სეპარატისტულ ნაკადში მალევე ლიდერებიც გამოიკვეთნენ, რომლებიც სპროტული მასწავლებლის როლში მოგვევლინენ.
აგვისტოს ტრაგიკული დღეების დროს, როდესაც აწმყო (შოვის საშინელი ტრაგედია) და წარსული (ქართულ-რუსული ომის მემკვიდრეობა) მძიმე ტვირთად დაგვაწვა გულზე და თავზე, პარკში დილის ვიზიტი უკვე ერთ-ერთი თუ არა, ერთადერთი განტვირთვის საშუალება გახდა. უკანასკნელი ვიზიტის დროს სპორტულ მოედანზე დამხვდა უცხოტომეულების განსაკუთრებულად დიდი ჯგუფი, რომელსაც გულმოდგინედ ამეცადინებდა ახალგაზრდა ქალი. მისთვის მე მანამდეც მომიკრავს თვალი პარკში - უკვე ნახევარ წელზე მეტია იგი სხვადასხვა რუსულენოვან ჯფუფს ხელმძღვანელობდა ფიზკულტურის დროს. ამ ჯერზე, რუსულ საუბარს, უკვე სპეციალური აპარატურით ხმამაღლად აჟღერებული მუსიკალური კაკაფონია დაერთო, რომელიც, როგორც ჩანს, მათ სპორტულ მეცადინეობაში ხელს უწყობდა. არ დაგიმალავთ, რომ ასეთი სპორტულ სივრცეში ვარჯიშისას ჩვენ არასოდეს ვხმაურობდით, მით უფრო, არ ვაწუხებდით ერთმანეთს საკუთარი მუსიკალური გემოვნებით. როდესაც ტრენაჟორზე გადავედი, რომელიც უშუალოდ ამ რუსულ ჯგუფთან სიახლოვეს იყო, მომიწია ამ ახალგაზრდა ქალისათვის ქართულად მომეთხოვა, რომ მუსიკა გამოერთო. მან რუსულად უმალ მიპასუხა, რომ არაფერი ესმის. ახლა იგივე გავუმეორე ინგლისურად. დავიბენი, როდესაც პასუხად - რატომ? - მივიღე. მომიწია ახსნა-განმარტებები. ამანაც არ იმუშავა და რუსებმა განაგძეს ვარჯიში ხმაურიანი, არცთუ სასიამოვნო მუსიკის თანდართვით.
ამ ფაქტით დაღონებულმა, დავასრულე ვარჯიში და უკან, სახლისკენ გამოვეშურე. განა უხეშობა და სიტლანქე აქამდე არ მინახავს? მაგრამ მიკვირს, რატომ ეუფლება პარკს ჩამოსულთა რუსულენოვანი ჯგუფი და აბორიგენები დატუქსულებივით, ერთ კუთხეში დგანან და დუმილით ელოდებიან თავიანთ რიგს ტრენაჟორებზე. ამ ტლანქ მასას, პარკში მოსვენებისა და ვარჯიშების წესებზე, მხოლოდ ერთმა ადგილობრივმა, რატომ უნდა ესაუბროს? რატომ აღმოვჩნდით მოულოდნელად, განსაკუთრებით თამამ რუსულ გარემოში, სადაც ადგილობრივები სტუმრად ვგრძნობთ თავს? იქნებ ყოველივე ეს სიზმარია და მე სხვა მატარებელში ვარ, რომელმაც მოულოდნელად რუსულ ქალაქში ჩამიყვანა? და მაშინ შენ, მკითხველო, იქნებ დამეხმარო - შემანჯღრიო და გამაღვიძო?
11-12 აგვისტო 2023 წელი
დავით გიგინეიშვილი
გამოქვეყნებულია გაზეთ 'საქართველოს რესპუბლიკა' 2023, №95:3, 17 აგვისტო
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment