Thursday, September 16, 2021

ქართველი შემსრულებელი დონიცეტის დავიწყებული ოპერის ჩანაწერში

მუსიკას კაცობრიობის ხელოვნების ისტორიაში უდიდესი ადგილი უჭირავს. ვინ მოთვლის იმ კომპოპზიტორებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ დარგში და მთელი თავისი შემოქმედება მიუძღვნეს ადამიანის მრავალფეროვანი გრძნობების ულამაზესი ჰანგებით ჰარმონიულად გადმოცემას, რაც განსაკუთრებით იგრძნობა კლასიკური მუსიკის უკვდავი დარგში- საოპერო ხელოვნებაში. მინდა მკითხველთან ერთად ვისაუბრო მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის ცნობილ კომპოზიტორ გაეტანო დონიცეტის ოპერა ‘პარია / Il Paria’ -ზე, რომელიც დაწერილია 1829 წელს ნეაპოლის თეატრ ‘სან კარლო’-სათვის. აქამდე დონიცეტის 11 ოპერა ჰქონდა დაწერილი ნეაპოლის სხვადასხვა თეატრებისთვის. ეს დონიცეტის შემოქმედების ადრეული პერიოდია, ერთი წლის შემდეგ მილანში დაიდგმება კომპოზიტორისთვის საერთაშორისო წარმატებების მომტანი ოპერა - ‘ანა ბოლეინი’, მოგვიანებით კი იგი წერს იმ ოპერებს, რომელიც ჩვენი მსმენელისათვის საკმაოდ ცნობილია (სიყვარულის ნექტარი, ლუჩია ლამერმურელი და ა.შ.). ოპერამ, რომლის პირველ წარმოდგენას ესწრებოდა სამეფო ოჯახი, არ დაიმსახურა დიდი მოწონება. მაგრამ, სამართლიანობა ითხოვს ავღნიშნოთ, რომ - მიუხედავად არცთუ ურიგო მუსიკისა და საუკეთესო შემსრულებლებისა, გარკვეული ფაქტორების თანხვედრამ ხელი არ შეუწყო ოპერის დიდ წარმატებას (მაღალი ფასები ბილეთებზე, ცუდი ამინდი, არაშესატყვისი გამოხმაურება პრესაში და ა.შ.). დონიცეტი ამას განიცდიდა, მაგრამ იმდენად მაღლა აფასებდა მუსიკალურ მასალას, რომ მოგვიანებით ‘პარიას’ მელოდიები მან გამოიყენა შემდგომ ოპერებში (ანა ბოლეინი, ტორკვატო ტასო, ფრანჩესკა დი ფუა). ოპერის უცნაურმა სიუჟეტმა (მოქმედება ვითარდება XVI საუკუნის ინდოეთში) და მოქმედების ფართომასშტაბიანმა ატმოსფერომ ხელი შეუწყო კომპოზიტორს გაემდიდრებინა ორკესტრული პალიტრა და შეეტანა მასში უჩვეულო კონტრაპუნქტული ელემენტები. ლიბრეტო, რომელიც ეყრდნობა კაზიმირ დელავინეს დრამას ‘Le Paria’ 1821, დაწერა დომენიკო ჯილარდონიმ. ოპერის სამი ძირითადი ვოკალური პარტია შეასრულეს იმ დროის უდიდესმა მომღერლებმა: ნეალას, მზის კულტის ქურუმის პარტია - სოპრანო ადელაიდა ტოზიმ, მასში შეყვარებული მხედარმთავარი იდამორეს - ტენორმა ჯოვანი ბატისტა რუბინიმ, იდამორეს მამის, ზარეტეს - ბანმა ლუიჯი ლაბლაშმა. დონიცეტიმ ფართო შესაძლებლობები მისცა რუბინის ფენომენალურ ხმას - იდამორეს პირველი აქტის არია და კაბალეტა დახუძნულია ზედა რეგისტრის პასაჟებით, მეტიც - ისინი ჩვეულებრივი გამის ფორმას არ ატარებს - იწყება ქვედა დიაპაზონიდან, უმალვე აღწევს დო დიეზს და მერე უჩვეულოდ ჩამოედინება ქვემოთ. ასეთი ვოკალური სირთულეების გადალახვა შეეძლო მხოლოდ განსაკუთრებულ ხმას - რაც რუბინის გააჩნდა. ოპერის სიუჟეტი შემდეგია: ბრახმის ტაძარში მზის ამოსვლას ეთაყვანებიან. ტაძრის მზის ქურუმი, ნეალა ყვება შიშის მომგვრელ სიზმარს - რომ ტაძარი შეირყა და იგი აღმოჩნდა გარშემორტყმული, მოწინააღმდეგე კასტის წევრი პარიიის (‘Ah, che un raggio’) რაზმით. ტაძარში მყოფი მრევლი ელოდება მთავარი ქურუმი აკებარესგან ამ სიზმრის ახსნას. აკებარეს მზაკვრული გეგმა მოსდის თავში: იგი აცხადებს რომ ღმერთები ითხოვენ მსხვერპლს უკანასკნელ ბრძოლებში მოპოვებული გამარჯვებების საფასურად და იქვე თავის ქალიშვილ ნეალას ხელს სთავაზობს არმიის მეთაურს იდამორეს, რომელთანაც მას დაპირისპირება აქვს. მიუხედავად საყოველთაო სიხარულისა, ნეალას, რომელიც შეყვარებულია იდამორეში, არ მოსწონს მამის წინადადება, რადგან იცის მამისა და იდამორეს დაპირისპირება (‘Ah, che un raggio’). ტაძარში შემოსული და მომლოცველი მოხუცი ნეალას ყურადღებას მიიპყრობს - ეს იდამორეს მამა, ზარეტეა, რომელიც ბრაქმების მოწინააღმდეგე კასტას ეკუთვნის (‘Tergi, o Dio di pietà’). მას შვილთან შეხვედრა აქვს განზრახული (‘Ah no, che il core’). იდამორე უახლოვდება ტაძარს. იგი იპოვის ნეალას საიდუმლო წერილს, სადაც ნეალა მამის გადაწყვეტილებას უმხელს და მის მიმართ სიყვარულს ადასტურებს (‘Lontano, io più l’amai’). იდამორე მზად არის გაანთავისუფლოს ნეალა (‘Fin dove sorgono’). ამ დროს მოდის მამა, კიცხავს შვილს, ადანაშაულებს მტრის მხარეზე გადასვლაში, რომ გამარჯვება მოაქვს მათთვის (‘D’un Akebar la figlia?’) და მოთხოვს მათთან კავშირის გაწყვეტას. იდამორე მამის ნებას დაჰყვება და დაპირდება გაქცევას მასთან ერთად (‘Lascerò colei che adoro?’). აკებარე გააცნობს იდამორეს თავის გეგმებს ნეალას მიმართ. იგი გაორებულია და როდესაც შეხვდება ნეალას გაუმხელს, რომ არის მათი მოწინააღმდეგე კასტის - პარია ზარეტეს ვაჟი. მაგრამ ისინი ხომ, სიყვარულის პატივსაცემად, რელიგიურ დაპირისპირებაზე მაღლა უნდა დადგნენ. ზარეტე მთის გამოქვაბულში კედლის ნახატებს ათვალიერებს, სადაც გამოსახულია აკაბერეს ხელმძღვანელობით უცხოტომელების დასჯა, რომელსაც სასწაულად გადაურჩა ზარეტე ('Qui pel glio una madre gridava'). აქ მას ესმის ნეალასა და იდამორეს ქორწინების საზეიმო მზადების ხმა და იგი რწმუნდება, რომ შვილმა უღალატა.
სცენაზე გამოჩნდება ბრაქმის ტაძარი, იქ საზეიმო მზადებაა, მაგრამ იდამორე უხასიათოდაა - იგი მამას ვერ შეხვდა, იწყება საქორწილო ცერემონია. ამ დროს უეცრად შემოჰყავთ შეპყრობილი ზარეტე, იგი კიცხავს რელიგიურ შუღლს, მაგრამ აკებარე ისარგებლებს ვითარებით და მის დასჯას მოითხოვს. იდამორე გადაეფარება ზარეტეს და გაამხელს, რომ იგი მისი შვილია. აკებარე უკვე ორივეს სიკვდილს ითხოვს. განწირული ნეალა მზად არის გაჰყვეს მეუღლეს ამ მძიმე გზაზე. მაგრამ აკებარე უმოწყალოა - რელიგიური შუღლით შეპყრობილი, იგი ტკბება თავისი ძალაუფლებით. იტალიური საოპერო მუსიკის შესრულების დიდი ტრადიციებით გამოირჩევა ქართული ვოკალური სკოლა, მაგრამ იგი არცთუ ისე ფართოდ არის წარმოდგენილი დასავლური ხმის ჩამწერი სტუდიების მიერ განხორციელებულ ჩანაწერებში. მხოლოდ უკანასკნელმა დეკადებმა მოგვცა ამის საშუალება და აქ კიდევაც გაბრწყინდნენ ისეთი მომღერლები, როგორიცაა პაატა ბურჭულაძე, ლადო ათანელი, ნინო მაჩაიძე, ანიტა რაჭველიშვილი და სხვა. ახლახან ამ სიას კიდევ ერთი ქართველი - ბარიტონი მიშა ქირია დაემატა. განსაკუთრებული ის არის, რომ ამ ჯერზე იგი დონიცეტის დავიწყებული ოპერის პირველ ჩანაწერში მთავარი პარტიის შემსრულებელად დაპატიჟეს. აქ ინიციატორად ლონდონური კომპანია Opera Rara გამოვიდა. ეს უნიკალური საოპერო კომპანიაა, რომლის მიზანია დავიწყებული საოპერო მუსიკის ნიმუშების აღორძინება დღევანდელი მსმენელის წინაშე. კომპანია პირველ რიგში ახერხებს ამ ნაწარმოებების პარტიტურების მოძიებას და გასწორებას, შემდეგ დასის შეკრებას და საკონცერტო შესრულების მოწყობას ლონდონში, პარალელურად ხორციელდება ოპერის ჩანაწერი. თავისი დებიუტიდან, 1970 წელს დღემდე, კომპანიამ უკვე 60 ოპერა ჩაწერა, იქედან პაჩინის, მეიერბერის, დონიცეტის, როსინის, მერკადანტეს, ბელინის, ოფენბახის და სხვების. 2019 წლის ივნისის დასაწყისში სირ მარკ ელდერის (Sir Mark Elder), მაშინდელი სამხატვრო დირექტორის ხელმძღვანელობით და დირიჟორობით განხორციელდა დონიცეტის ოპერის ‘პარიას’ ჩანაწერი (ამ ნაბიჯისკენ მას, ნაწარმოების „აღმომჩენმა“, მისმა მეგობარმა მუსიკოლოგმა, სამეფო კოლეჯის პროფესორმა - როჯერ პარკერმა უბიძგა). ორი დღის შემდეგ, 8 ივნისს, დასმა უკვე საკონცერტო შესრულება განახორციელა ლონდონის ბარბიკან ჰოლში. ნეალას პარტია შეასრულა რუსმა სოპრანომ -ალბინა შაგიმურატოვამ (Albina Shagimuradova), იდამორეს - ამერიკელმა ტენორმა რენე ბარბერამ (Rene Barbera) და ზარეტეს - ჩვენმა თანამემამულემ, მიშა ქირიამ. ბარბერასთვის და ქირიასთვის ეს იყო დებიუტი Opera Rara-სთან ურთიერთობაში. ჩანაწერი გამოვიდა კარგი - ფართო დიაპაზონიანი, ბალანსირებული, ორკესტრის კარგი ჟღერადობით და საკმარისი სირბილით. დირიჟორი მარკ ელდერის ხელწერა არ იყო ჩემთვის ახალი - ამ ჩანაწერშიც იგი, ტრადიციულად, დეტალებისადმი ყურადღებიანი იყო და ოდნავ სწრაფი ტემპებით მიყავდა ორკესტრი. უდავოა, რომ ჩანაწერის გმირი - ამჟამად პოპულარული რენე ბარბერა აღმოჩნდა. მან ჩინებულად გაუმკლავდა პარტიის სირთულეებს. პირველი აქტის არია და კაბალეტა ‘Fin dove sorgono’, რომელშიც გამოირჩევა ჩელოს ხაზი, დახუნძლულია მაღალი ნოტებით - სი, დო და დო-დიეზი. ეს უკანასკნელი კაბალეტაში რამოდენიმეჯერ მეორდება უცნაური პასაჟებით. ალბინა შაგიმურატოვა ტექნიკურად არ მოისუსტებდა, მაგრამ, რატომღაც, როლთან სრულად შერწყმული არ მომეჩვენა. რაც ეხება ქირიას - მას პირველ აქტში ორი სოლო სცენა აქვს, საიდანაც გამოვყოფდი სწრაფ კაბალეტას ‘Ah, che un raggio’, სადაც მაღალ ფა დიეზს და სოლს მომღერალი კარგად გაუმკლავდა. თუმცა ქირიას ხმას, რომელიც შეესატყვისება მის ჰაბიტუსს, ტემბრალურად ტრადიციულ ბელ-კანტოს ან სამხრეთოვანი ხავერდოვნება აკლია, მაგრამ ჩანაწერში იგი კარგ პარტნიორობას უწევს კოლეგებს, კერძოდ, საინტერესოა დიდ დუეტში ბარბერასთან, პირველი აქტის ბოლოს (‘D’un Akebar la figlia?’). აღვნიშნავდი, რომ ოპერაში ბევრი სასიამოვნო მელოდიურობით აღსავსე არია და დუეტია, ამიტომაც იტალიური ოპერის მოყვარულთ ერთი დაუვიწყარი შეხვედრა ელოდება დონიცეტის უცნობ ოპერასთან.

დავით გიგინეიშვილი

წერილი დაიბეჭდა ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2021 4(85): 60-62.

Sunday, January 17, 2021

ფილმი რომელიც დღევანდელობას ეხმაურება

 

ამ რამოდენიმე დღის წინ მომიწია ამერიკელი რეჟიორის, მერვინ ლე როის (Mervin LeRoy) ფილმის ‘ისინი არ დაივიწყებენ / They Won't Forget’ (1937) ნახვა. კინოს მოყვარულს არ უნდა გაუკვირდეს, რომ ამჟამინდელი ჰოლივუდის უმეტეს წილად უსახო და უფრო მეტად ეფექტებზე დაფუძნებული ფილმების ფონზე კინომოყვარული წარსულს რომ დაუბრუნდეს... იმ დროინდელს, როდესაც კინოფილმი სოციალური დისკუსიისა და მსჯელობის ხერხად ითვლებოდა, როდესაც კინორეჟისორები არ ერიდებოდნენ დიდ ეკრანზე საკუთარი ფიქრებისა და განცდების გადმოცემას.

ფილმის სცენარი, დაწერილი რობერტ როსენისა და ეიბენ კანდელის მიერ, ეფუძნება უორდ გრინის რომანს ‘სიკვდილი ღრმა სამხრეთში’, რაც თავად 1913 წელს რეალურ სასამართლო პროცესის შემდეგ ნიუ-იორკელი ლეო ფრანკის ლინჩით გასამართლებას ეყრდნობა, რომელიც დამნაშავედ ცნეს ატლანტაში გოგონას - მერი ფაგანის მკვლელობაში.

ფილმში კი სიუჟეტური ხაზი გვიყვება სამხრეთის შტატში ჩრდილოეთიდან ჩამოსული მასწავლებლის,  რობერტ ჰეილის ტრაგიკულ ბედს, რომელიც მოულოდნელად, კონფიდერატთა ხსოვნის დღეს, სკოლაში ტრაგიკულად დაღუპული მოსწავლის, მერი კლეის (მსახიობი ლანა ტერნერის სადებიუტო როლი) მკვლელობაში მთავარი დამნაშავე აღმოჩნდება. ყველაფერი უცნაურად დატრიალდება რობერტ ჰეილის (მსახიობი ედვარდ ნორისი) ირგვლივ. იგი იმ დროს იმყოფებოდა სკოლაში, როდესაც მერი მოკლეს. 

სკოლის პედაგოგი რობერტ ჰეილი (მსახიობი ედვარდ ნორისი) და მისი მოსწავლე მერი კლეი (ლანა ტერნერი)


სკოლის დირექტორს ახალგაზრდა ჩრდილოეთელი გულზე არ ეხატებოდა მისი ფართო სოცმხედველობის გამო, ოლქის პროკურორი - ენდი გრიფინი (რომელსაც ბრწყინვალედ ასრულებს კლოდ რეინსი) ზუსტად ამ შემთხვევას გამოიყენებს საკუთარი პოლიტიკური კარიერის წარმართვისათვის, ადგილობრივი ჟურნალისტი უილიამ ბროკი (მსახიობი ეილინ ჯოსლინი) კი გაზეთის რეპუტაციის ასამაღლებლად შეუერთდება გრიფინის გეგმებს და ქმნის საზოგადოების უარყოფითი განწყობილებას ახალგაზრდა მასწავლებლის წინააღმდეგ.



ოლქის პროკურორი ენდი გრიფინი (მსახიობი კლოდ რეინსი)


როგორც ფილმიდან ვიგებთ, მკვლელობის საქმეს მხოლოდ სამი ეჭვმიტანილი ჰყავს - სკოლის შავკანიანი დარაჯი ტამპ რედვაინი, სკოლის მასწავლებელი რობერტ ჰეილი და მერი კლეის თაყვანისცემელი ახალგაზრდა, ჯოე ტორნერი, რომელიც მასთან შესახვედრად სკოლაში მიდის. მაგრამ  ამ ადამიანების  წინააღმდეგ გამოძიებას არანაირი დასაბუთებული მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა სამხრეთული შტატის ამ პატარა  ქალაქის მცხოვრებთ სხვა მოსაზრებები აქვთ: რობერ ჰეილი ხომ აუტანელი იანკია, რომელმაც არ იცის სამხრეთული ტრადიციები და შესაბამისად არ ცემს პატივს მათ. არც ის სიამოვნებთ, რომ მერი კლეის (როგორც სხვა მრავალ გოგონა მოსწავლეს) მოსწონდა თავისი პედაგოგი, რამაც რობერტ ჰეილს ბევრი მოშურნეც გაუჩინა. რატომ აპირებდა იგი ქალაქიდან წასვლას (გაქცევას) ჩიკაგოში სხვა სამსახურის საძებნელად? და ბოლოს, რაც მთავარია მის მოსასხამზე ხომ აღმოჩნდა გაუგებარი ლაქა, რომელიც სისხლს აგავს. განა ეს საკმარისი არაა, რომ  ადამიანი შერაცხყო მკვლევლად და მთელი საზოგადოება მის წინააღმდეგ განაწყო? ყოველივე ამას კარგად იყენებს  ოლქის პროკურორი, რომელსაც განტევების ვაცი სჭირდება ეფექტური სასამართლო განაჩენისა და საზოგადოების სიმპატიების მოსაპოვებლად. მხოლოდ ასე უსამართლო სამართლით და ბრალდებულის უფლებების უგულებელყოფით  ‘გამარჯვებული’ შეძლებს იგი სენატორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წაყენებას.

ოლქსი პროკურორი გრიფინი კითხავს სკოლის დირექტორს სასამართლო პროცესზე


მერვინ ლე როი დეტალურად აჩვენებს როგორ ფორმირდება მცდარი და მტრული საზოგადოებრივი აზრი რობერტ ჰეილის მიმართ. პარალელურად  ხდება შავკანიანი დარაჯის დაშინება, რათა მან ‘მეტი’ თქვას ჰეილის საწინააღმდეგოდ, ასევე აქეზებენ ჯოე ტორნერს, რათა მასში მასწავლებლის წინააღმდეგ მეტოქეობის გრძნობა და აგრესია  განვითარდეს. მოკლული გოგონას ძმებიც, ბნელ ინსტიქტებსა და იმ კუთხეში დამკვიდრებულ კლიშეებს აყოლილნი, მზად არიან შური იძიონ, აქეზებენ ადგილობრივებს ‘ჩამოსული’ და ‘უცხო’ ჰეილის წინააღმდეგ. საქმე თავისი მასშტაბებით ქალაქის საზღვრებს სცდება. და ჰეილის დასახმარებლად ჯერ დეტექტივი პინდარი და მერე ცნობილი ადვოკატი გლისონი  ჩამოდიან.  მაგრამ ამ ანტი-ჰეილის საზოგადოებრივი კომპანიით ‘ზომბირებული’ მსაჯულთა ჯგუფი, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, ვერ გამოვა პროვინციული და ვიწრო აზროვნების ჩარჩოებიდან და ბრალდებულს სიკვდილს მიუსჯიან! ჰეილის დედა და მისი მეუღლე სიბილი ამ მოვლენის მხოლოდ ტრაგიკული მოწმეები ხდებიან. არც უზენაესი სასამრთლო გადახედავს ამ საქმეს და მხოლოდ შტატის გუბერნატორს, მაუნტფორდს ეყოფა გამბედაობა და იგი უმაღლეს სასჯელს სამუდამო პატიმრობით შუეცვლის ბრალდებულს, რასაც კიდევაც გუბერნატორის კარიერა შეეწირება. მაგრამ გაავებული ბრბო (მერის კლეის ძმების ხელმძღვანელობით) გააჩერებს მატარებელს, რომლითაც ჰეილი მიჰყავთ სამუდამო პატიმრისათვის განკუთვნილ რეგიონში და ლინჩის კანონით გაასამართლებენ მას. ძალზე სიმბოლურია ფილმის უკანასკნელი კადრები: ჰეილის მეუღლე, სიბილი (მსახიობი გლორია დიქსონი) მიდის პროკურორ გრიფინთან (იქვე  ჟურნალისტი უილიამ ბროკიც იმყოფება), რათა უკან დაუბრუნოს თავის მშობლიურ კუთხეში გასამგზავრებელი თანხის ქვითარი ( ვითომ მოლწყალება) და გამწარებული ქალი თან მიახლის, რომ რეალური მკვლელები სწორედ ისინი არიან და მათ სინდისზეა უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი, რომ ხელის მოთბობისა და საკუთარი კეთილდრეობისთვის მათ გამოიწვიეს სენსაცია და გაწირეს ადამიანი!

ნიშანდობლივია, რომ მერვინ ლე როის ეს შთამბეჭდავი დრამა, სადაც სააშკარაოზე გამოტანილია საზოგადოების მანიპულაციის მექანიზმი ბოროტების დასათესად, ჩვენშიდაც „კარგად“ მუშაობს. 

 საზოგადოებრივი აზრის ფორმირება იოლად შეიძლება მაშინაც კი, როდესაც სარწმუნო ფაქტები ამ აზრის ჩამოყალიბებისათვის არ არსებობს. სიკეთისა და სიყვარულის გაღვივება მეტად ძნელია, იოლია ადამიანებში შური, სიძულვილი და დაუნდობლობა გამოიწვიო, იმის მიმართაც კი ვისაც თავისი ცხოვრების მიზნად მხოლოდ სიკეთე და ქველმოქმედება დაუსახავს და ქვეყნისთვის დიდი სარგებლობაც მოუტანია. სამწუხაროდ , წარმატებული, მდიდარი, მოწესრიგებული და შესაძლოა ჭკვიანი, ადამიანის ატანა თურმე საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის არ არის ადვილი...

 მერვინ ლე როის ამ დრამატულმა ფილმმა კიდევ ერთხელ დამანახა და დამარწმუნა, რომ  „ხალხის  მსახურის“ კარიერით შენიღბული პოლიტიკოსის ხელში იოლად მართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრი (ბრბო რომ ამას საკუთარ აზრად ასაღებს!), რამდენად დიდი ბოროტებაა...

 

დავით გიგინეიშვილი

სტატია დაიბეჭდა ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2021 2(83): 57-58.