1786 წელია, მოცარტი წერს ოპერას
- ‘ფიგაროს ქორწინება/Le
Nozze di Figaro’, რომელიც ისტორიულ ჭრილში მნიშვნელოვან მომენტებს
აირეკლავს.
მაგრამ, უკვე ათწლეულია, რაც პარიზის სცენაზე გლუკი მოღვაწეობს და მან ამ ხნის განმავლობაში წარუდგინა მსმენელს საუკეთესო რეფორმატორული ოპერები ‘იფიგენია ავლიდში
(1774)’, ‘არმიდა (1777)’ და ‘იფიგენია
ტავრიდში (1779)’.
პარიზის თეატრალურ სცენაზე კი 1784 წლის აპრილს ტრიუმფალურად იდგმება აქამდე მხოლოდ
არისტოკრატიულ სალონში შესრულებული ბომარშეს ‘შეშლილი დღე ანუ ფიგაროს ქორწინება’,
რომელიც მისი აქამდე ცნობილ პიესა ‘ სევილიელ დალაქთან’ ერთად ტრილოგიის ნაწილს წარმოადგენს. მოცარტი, რომელიც ამ დროისათვის თავის შემოქმედებით
ზენიტში იყო, 14 ოპერის ავტორია, თუმცა მაშინდელი ტრადიციების მიხედვით, ეს ოპერები
სიუჟეტურად მითოლოგიურ ქარგაზე იყო დაწერილი (თუ არ ჩავთვლით ‘მოტაცებას სერალიდან’).
მოცარტის გენიალობას გვერდი არ აუვლია ისტორიული
ცვლილებებისადმი და მისმა ნიჭმა უმალვე უპასუხა საზოგადოებაში უკვე ალმოდებულ რევოლუციურ
განწყობებს. ბომარშეს პიესის საფუძველზე იგი წერს ოპერას ‘მოცარტის ქორწინება’ (ლიბრეტისტი
ლორენცო და პონტე), რომელიც, საშინელი ცენზორული წინააღმდეგობის მიუხედავად, ჯერ იდგმება
ვენის სამეფო თეატრში და მერე პრაღაში. ამას მოჰყვა უდიდესი ტრიუმფი, რომელმაც გაღატაკებულ
და ვალებში მყოფ მოცარტს ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება მისცა.
ისტორიასთან ეს პარალელები გამიჩნდა მე ამ ოპერის ევროპის საოპერო სცენაზე
მეორედ ნახვისას. არც არის გასაკვირი – ვოკალურმა ტკბობამ, ორკესტრისა და საოპერო
‘ვარსკვლავების’ შეფასებამ და ამჟამად, უკვე საკმაოდ მოშინაურებულს ბავარიის ნაციონალურ
ოპერაში, თავად ოპერის „ანატომიის“ (ასე რომ ვთქვათ!) ცოდნამ მე მეტი სიღრმეები დამანახა. ამას ხელი შეუწყო
იმ ფაქტმა, რომ ორივე სპექტაკლი ამავე სცენიდან მოვისმინე და ორივეჯერ სპექტაკლი იყო
დადგმული ერთიდაიგივე რეჟისორის მიერ იდენტური დეკორაციებით (დიტერ დიორნის
რეჟისურა და იურგენ როზის კოსტიუმები). განსხვავება იყო დრო - შვიდი წელი, ის შუალედი,
რომელიც ამ თეატრში ჩემს უკანასკნელ ვიზიტებს აშორებდა.
სპექტაკლი მინიმალური ტექნიკური
საშუალებებით და ასკეტური დიზაინით გამოირჩეოდა. ყველაფერი ერთ სივრცეში ვითარდება
– ერთი შეჭრილი რომბისებრი ოთახი და რამოდენიმე კარები, რაც რეჟისორს მოძრაობისა და
გმირების გამოჩენის საშუალებას აძლევდა. დადგმა ტრადიციული, ეპოქის შესატყვისი იყო,
დეკორაციები ძუნწი – ამით მსმენელი სრულ ფოკუსირებას ახდენდა პერსონაჟების ქმედებებზე
და ჟესტებზე. დადგმას იუმორი არ აკლდა, რაც პირველ რიგში, არა მხოლოდ რეჟისორული გადაწყვეტის,
არამედ შემსრულებელთა მსახიობური ნიჭის შედეგი იყო.
ამგვარი აქცენტების ფონზე უფრო რელიეფური გახდა ის მუსიკალური გადატრიალება,
რაც მოცარტმა დიდ ფრანგულ რევოლუციას წინ წარუმძღვარა. აბსოლუტურად უდავოა მუსიკის
გენიალობა და პიონერულობა – რა ანსამბლები, როგორი ინსტრუმენტალობა! რასაც შედეგად
მორალისტური მუსიკალური კომედია მოჰყვა! მაგრამ ასევე ხაზგასასმელია მოცარტის
თეატრალური ნიჭი და მოქალაქეობრივი პოზიცია. იმ დროისათვის, როდესაც სრულიად დამოკიდებული
არისტოკრატიული საზოგადოების ნება–განწყობაზე, ის მკაცრად შებოჭილი იყო თავისი საშუალო
სოციალური ფენის ფარგლებში, შემოქმედისაგან ამხელა თავისუფლება დიდ გამბედაობას ნიშნავდა,
რადგან მუსიკის მიღმა, მან ბომარშესთან ერთად, იმ დროინდელი მმართველი არისტოკრატია
გამოწვევის წინაშე დააყენა.
ამ საღამოს, 2014 წლის ივლისის მიწურულს, სპექტაკლში საუკეთესო ვოკალური
ძალები გამოიყენეს: ფიგარო – ერვინ შროტი (Erwin Schrott), სიუზანა – ჰანა–ელიზაბეთ
მიულერი (Hanna-Elisabeth Müller), გრაფი – ჯერალდ ფინლი (Gerald Finley), გრაფის მეუღლე
– ვერონიკა ჟანი (Veronique Gens) და ქერუბინო – ქეით ლინდსი (Kate Lindsey), სადირიჟორო
პულტთან იყო დან ეტინგერი (Dan Ettinger).
ვოკალური შემადგენლობით მოხიბლული დავრჩი: შროტისა და ფინლის დუეტი იყო
იდეალურად დაბალანსებული (ტემბრალურად და ხმის სიძლიერით) და სწორად შერჩეული (ვიზუალური
ნიშნებით და არტისტიზმით). იმიტომაც არ გამიკვირდა, თუ რატომ მოუტანა ამ დუეტმა ამავე ოპერაში ასეთი დიდი წარმატება
სპექტაკლს ლონდონის სამეფო თეატრში 2006 წელს ანტონიო პაპანოს დირიჟორობით. ჩემთვის
უცნობი იყო სიუზანას და ქერუბინოს შემსრულებლები – ამ ახალგაზრდა და ვიზუალურად მათი
როლების სრულიად შესატყვისმა მომღერლებმა თავი კარგად გაართვეს ვოკალურ სირთულეებს.
კერძოდ, სიუზანა და ფიგარო იმდენად ბუნებრივად შევიდნენ როლში, რომ მაყურებელი ვერც
შეიტანდა რაიმე ეჭვს, თუ მის წინაშე ნამდვილად გრაფის მსახური ახალგაზრდა წყვილი არ
იდგა, რომელიც ოჯახის შექმნაზე ფიქრობს და იღვწის მთელი სპექტაკლის განმავლობაში.
![]() |
ფიგარო და სიუზანა |
დიდი ინტერესით ველოდი სახელგანთქმულ ვერონიკა ჟენსის
გამოჩენას (აქამდე ის სცენაზე ერთხელ მომისმენია და უფრო მრავალრიცხოვანი ჩანაწერებიდან
ვიცნობდი), მაგრამ მომღერალმა თავისი პირველი არია ‘Porgi, Amor’ მეტად უფერულად შეასრულა
და შესაბამისად მცირე აპლოდისმენტები დაიმსახურა. მომდევნო სცენებში მომღერალი უკვე
კარგ ფორმაში მოგვევლინა და მეორე არია ‘Dove sono’ სრული ვოკალური ბრწყინვალებით შეასრულა.
ზოგადად თავისი ფიზიკური ნიშნებით: თხელი, მაღალი, არისტოკრატიული ჟანი იდეალურად
შეესატყვისებოდა გრაფის მეუღლის როლს, მაგრამ მოცარტისეულმა სევდიანობამ თუ სიუჟეტურმა
შებოჭილობამ იგი უფრო ‘სტატისტად’ აქცია ცოცხალი, ახალგაზრდა და უკომპლექსო სიუზანასა
და ქერუბინოს ხელში. ეს ნიუანსი უფრო გამოიკვეთა ჟანის ვოკალური ’სიცივით’. დანარჩენი
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლებში მომეწონა:
ბარტოლო – უმბერტო ქიუმო, ბაზილიო – ულრიხ რესი, დონ კურციო – კევინ კონერსი და მებაღე
ანტონიო – პეტერ ლობერტი, ისინი თავისი პარტიების სრულიად შესაფერისი იყვნენ. რაც ეხება მარცელინას
(ჰეიკე გროტცინგერი), უცნაურ გმირს, რომელიც ჯერ ლამობს გახდეს ფიგაროს მეუღლე და მერე გაირკვევა, რომ მისი ნამდვილი დედა ყოფილა
– ვოკალურად თავისი უსიმპათიო და ტონის მეოთხედზე დაბლა დაყენებული ხმის გამო დანარჩენი მომღერლების თანაბრად ვერ ჩავთვალე, მაგრამ, ჩემი მხრივ, ყველაზე დიდი კრიტიკა დირიჟორმა დაიმსახურა.
უვერტიურის პირველი 20 ტაქტიც კი არ იყო შესრულებული, რომ ორკესტრის ცალკეული წევრები
ასინქრონიზმში გადავარდნენ და ამგვარი ხარვეზები შემდგომშიც გამოვლინდა ვოკალურ ნომრებში.
თუმცა ეს არ იყო უჩვეულო – ბერლინის ოპერაში 2010 წლის ოქტომბეში მოსმენილი ‘დონ ჯოვანის’
შემდეგ დიდად არაფერი გამაკვირვებდა (იხილე ჟურნალი ‘მუსიკა’ 2010; №3: 56–60), მაგრამ
ბავარიის საოპერო სცენაზე რეკორდული რაოდენობის
სპექტაკლები მაქვს მოსმენილი და ეს კოლექტივი ამ ხარვეზით არასოდეს შემიმჩნევია, რამაც ძალზედ დამწყვიტა გული.
ასევე დამწყვიტა გული იმ ტრადიციულმა შემოკლებამ, რომელიც განხორციელდა
შესრულებისას: მეოთხე აქტში მარცელინასი და ბაზილიოს არიების ხარჯზე.
![]() |
ჯ.ფინლი, ჰ–ე.მიულერი, ე.შროტი, კ.ლინდსი, უ.ჩიუმო, გროტცინგერი |
თუმცა, მოცარტის მუსიკალურმა და თეატრალურმა გენიამ სრულიად გამიტაცა და
ეს წვრილმანები გადამავიწყა, რადგან ჩემი ფიქრები დაბალანსებული ვოკალური შესრულებიდან
ასოციაციურად გადავიდა თეატრალურ და სოციალურ აქცენტებზე, რითაც, საბედნიეროდ, მოცარტის ოპერა ‘ფიგაროს ქორწინება’
უხვად არის გაჯერებული. ამიტომაც საღამომ დიდი და ღრმა შთაბეჭდილება დატოვა და დამტვირთა ბევრი ახალი და მოულოდნელი ფიქრებითა და განცდებით.
შეფასება: ვოკალი–4.0, არტისტიზმი–4.0, ორკესტრი–3.2, დადგმა–4.0
დავით გიგინეიშვილი
გამოქვეყნებულია გაზეთში 'ლიტერატურული საქართველო' 2014 N30 (3716):7.
Munich Opera Festival 2014
Mozart - Le nozze di Figaro
24 July 2014 - Nationaltheater (Bavarian State Opera), Munich
Count Almaviva – Gerald Finley
The Countess – Véronique Gens
Cherubino – Kate Lindsey
Figaro – Erwin Schrott
Susanna – Hanna-Elisabeth Müller
Bartolo – Umberto Chiummo
Marcellina – Heike Grötzinger
Basilio – Ulrich Reß
Don Curzio – Kevin Conners
Antonio – Peter Lobert
Barbarina – Elsa Benoit
Two Girls – Josephine Renelt, Rachael Wilson
Stage director: Dieter Dorn
Set and Costumes Jürgen Rose
Chorus of the Bavarian State Opera
Chorus master: Stellario Fagone
Bavarian State Orchestra
Conductor: Dan Ettinger
No comments:
Post a Comment