დასავლურ საოპერო სცენებზე, როგორც ვერდის
მოყვარული, მისი ოპერების სპექტაკლებს
უფრო უნდა ვეწაფებოდე ვიდრე სხვას. მაგრამ ოქროს ხანის (მე–XX
საუკუნის დასაწყისიდან 70–ან წლებამდე) შემდეგ ვერდის ხმების ‘განლევამ’ ჩემი
ინტერესიც შეანელა ცოცხალი შესრულებების მიმართ. ამიტომაც ბაროკო, მოცარტის ან როსინის მუსიკის ნიმუშების თეატრალური
წარმოდგენები უფრო მეტად იწვევდა ჩემს
ინტერესს.
შარშან, ბავარიის ნაციონალურ ოპერაში, ვერდის
‘ბედის ძალა /La Forza del Destino’ დაიდგა, სადაც ალვაროს პარტია იონას კაუფმანმა
(Jonas Kaufmann) იმღერა. სპექტაკლი ტელევიზიით ტრანსლირდებოდა. ჩანაწერმა იმდენად დამაინტერესა, რომ გადავწყვიტე ცოცხლად
მომესმინა ეს სპექტაკლი, რომელშიც დაკავებული იყო საოპერო სცენის ამომავალი
ვარსკვლავი იონას კაუფმანი. 2014 წლის მიუნხენის ზაფხულის საოპერო ფესტივალში ამ
სპექტაკლის ჩართვამ ხელი შეუწყო ჩემს სურვილს და დროულად მიღებული აკრედიტაციის
შემდეგ ფესტივალის სამ სპექტაკლზე მოვიპოვე ბილეთი, მათ შორის ‘ბედის ძალაზეც’.
მოულოდნელობას ადგილი არ ჰქონია და ბრწყინვალე შემადგენლობა, რომელიც ჩანაწერში
ვიხილე, 25 ივლისს უცვლელად წარსდგა მსმენელის წინაშე. ლეონორას პარტიას ასრულემდა
ანია ჰარტეროსი (Anja Harteros), დონ ალვაროს – უკვე ხსენებული ი.კაუფმანი, დონ კარლოსის
პარტიას – ლუდოვიკ ტეზიე (Ludovic Tezier) და მამა გუარდიანოს – ვიტალი კოვალიოვი.
ბავარიის ნაციონალურ თეატრში ყველაზე ტრადიციული
პუბლიკა დადის. სმოკინგისა და საღამოებისათვის განკუთვნილი სამოსის გარეშე იქ ძალზედ უხერხულია გამოჩენა. ეს
სნობისტური პუბლიკა, შესვენებისას, თევზეულს და ხიზილალას მიირთმევს შამპანიურთან ერთად,
თეატრის კიბეებზე ჩამომჯდარი, სადაც ზაფხულის ნიავი აგრილებს მსმენელებს და მზე
მალავს თავის სხივებს მიუნხენის ძველთაძველ ნაგებობებში.
სპექტაკლის
სიუჟეტი აღებულია ანხელ დე საავედრას დრამიდან ‘დონ ალვარო’. ლიბრეტო ეკუთვნის
ფრანჩესკო მარია პიავეს, გადაკეთდა ანტონიო გისლანცონის მიერ 1869 წელს და სწორედ
ეს ვერსია შესრულდა ამ საღამოს. არ იქნება
გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ამ ოპერაში ვერდი დიდ ადგილს უთმობს რელიგიურ თემას.
ამ სევდიან დრამაში ნაჩვენებია ლეონორაში შეყვარებულ ალვაროს ბედუკუღმართობა, ალვაროსი,
რომელსაც ბედი შემთხვევით აქცევს ლეონორას
მამის მკვლელად და ამის შემდეგ, ომში გადახვეწილს ახვედრებს ლეონორას ძმას – დონ
კარლოსს, რომელთან დაძმობილდება, თუმცა მისი საიდუმლოს გამხელისას დუელი
გარდაუვალი ხდება და ამჯერად დონ კარლოსი სულს
დალევს მის ხელებში, რითაც
საბოლოოდ იკარგება ლეონორასთან ურთიერთობის აღდგენის იმედი. გმირების ესოდენ დიდ
განსაცდელს და ტვირთს მხოლოდ ეკლესია თანაუგრძნობს და ინაწილებს. სამწუხაროდ, უკვე
დაგვიანებით.
ორკესტრს აშერ ფიში (Asher Fisch) ედგა სათავეში და
რაოდენ განცვიფრებული დავრჩი, როდესაც ოპერის უვერტიურა, რომელიც დამოუკიდებლად
მუსიკალურ შედევრს წარმოადგენს, მან უკიდურესი სიზუსტითა და დიდი მაესტროს ნაცადი
ხელით შეასრულა. მისმა მანერამ ჯუზეპე
სინოპოლის შესრულება მომაგონა. დასაწყისი
დამაინტრიგებელი და გამაოგნებელიც კი აღმოჩნდა წინა საღამოს ფიასკოს
შემდეგ. ამ ჯერზე ორკესტრი ისე უბადლო პროფესიონალიზმით ასრულებდა ვერდის, რომ გეგონებოდათ
მხოლოდ ვერდის მუსიკისთვის იყო შექმნილი
და აწყობილი ორკესტრი.
უვერტიურის შემდეგ იწყება ლეონორას სცენა და
რომანსი (Me pellegrina ed orfana), რაც გრძელდება ულამაზესი ლირიული დუეტით
ალვაროსთან (Ah per sempre, o mio bell’angiol) და მთავრდება ლეონორას მამის,
მარკიზ დე კალატრავას დაღუპვის სცენით.
მომღერლებმა თავიდანვე აჩვენეს მაღალი კლასი,
არც ერთი ჩავარდნა, ზერელე ან ნახევარი ძალით ნამღერი ნოტი. პირველმა აქტმა
იმდენად გამიტაცა, რომ ყურადღება არ მიმიქცევია თანამედროვე დიზაინისა და
ინსცენირებისთვის. ეს იყო ალვაროს
არაბუნებრივად გრძელი თმები მოდური ვარცხნილობით, ტყავის ქურთუკებიანი მსახიობები და ფართე კოსტიუმებში გამოწყობილი დაქირავებული
მცველები რევოლვერებით ხელში. გამოგიტყდებით, ვერდის ‘ბედის ძალა’ ჩემი საყვარელი
ოპერაა, საკმარისი რაოდენობით მაქვს მოსმენილი და ნანახი ჩანაწერებში (ხმოვანი
და ვიდეო), ასევე სცენაზე - ვენის სახელმწიფო საოპერო თეატრში. ამჟამინდელმა სპექტაკლმა მოლოდინს გადააჭარბა – ყველანაირი ‘გახურებისა’
და შეჩვევის გარეშე მომღერლები ასრულენდნენ მთელი ხმითა და უდიდესი ექსპრესიით.
ჰარტეროსის დიდი ხმა, შეიძლება ითქვას, არა მხოლოდ ავსებდა ბავარიის ოპერის
უზარმაზარ დარბაზს, არამედ დრო და დრო იგი ‘ზანზარებდა’ ხმის სიძლიერით. კაუფმანი კი
ამ ფონზეც ეფექტურად გამოჩნდა – მისი
დრამატული, ჰეროიკული (ოდნავ ბარიტონული ელფერის) ხმა იდეალურად მოერგო ალვაროს როლს. მსმენელ-მაყურებელთან ერთად
სულგანაბული ვუსმენდი ნამდვილ ვერდის ხმებს და დრამის შემდგომი განვითარების
მოლოდინში ვიყავი – წინ ხომ ალვაროსა და
დონ კარლოსის სამი უბრწყინვალესი და რთული დუეტი გველოდა, ვშიშობდი შემსრულებლები ხომ არ დაიცლებოდნენ მანამდე?
მეორე აქტის სცენებში გამოჩნდება დონ კარლოსიც – ლ.ტეზიე,
იგი საუკეთესო ფორმაში იყო. სცენები პრეციოზილასთან და სხვა მცირე პერსონაჟებთან,
ისევე როგორც მამა მელიტონესა და გუარდიანოსთან, იძლევა ბრწინვალე საშუალებას ერთი
მხრივ დაასვენო ძირითადი პერსონაჟები, მეორე მხრივ - გაშალო სიუჟეტური ხაზები და სხვა თემები შემოიტანო
და მართლაც, ასეთი სიუჟეტური ხაზები ოპერაში უხვადაა. მაყურებლის წინაშე მაესტროს
დიდი ტალანტიც კარგად წარმოჩინდა არა მხოლოდ უკვდავი მუსიკალური ტილოს შექმნაში,
არამედ დრამატურგიულად ღრმა ფილოსოფიური საკითხების დასმაში და დისკუსიაში.
ინსცენირების ხელმძღვანელმა – მარტინ კუსეიმ თავისებურად გადაწყვიტა ეს ამოცანა –
თანამედროვე ეპოქაში გადაიტანა მოქმედება. ომის სცენებმა, რომელიც ნაჩვენები იყო დაბომბვის შედეგად სახურავმოცლილ
სახლში, სადაც გმირები ზემოდან ჩანან (სინამდვილეში კი უხერხულად, ჰიროზინტალურად
იმყოფებოდნენ სცენის მიმართ) თავისებური, თუმცა არაშთამბეჭდავი, ნალექი დატოვა.
პრეციოზილას – გამომწვევ თანამედროვე თავისუფალ ქალს – ასეთ ჭრილში, დიდი
ვოკალიზმი არ სჭირდებოდა და ბულგარელი ნადია კრასტევა ბუნებრივად ასახიერებდა ამ
როლს. მამა მელიტონე (რენატო ჯიროლამი)
მაქსიმალურად დააპირისპირეს მასას, რითაც ხაზი გაესვა ამჟამინდელი ქრისტიანული
მორალის გაფერმკრთალებას მასებში. დიდი და ერთადერთი შესვენების შემდეგ მესამე და
მეოთხე აქტები შესრულდა. არიაში (La vita e inferno) კაუფმანმა ბოლო ნოტი პიანოზე
აიღო და ეფექტურად გადააბა ფორტისიმოზე. ტეზიე და კაუფმანი, ორივენი,
დუეტებში დამაჯერებლები იყვნენ. დაეჭვებული
დონ კარლოსის არია (Urna fatale del mio destino) შთამბეჭდავი ექსპრესიით შესრულდა
– ტეზიეს მაღლები იყო უბადლო და წკრიალა, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვა, მომღერალი
დაიცალა და შემდგომი კაბალეტა (Egli e salvo! oh gioia…) ჩავარდა, თანაც შემოკლებული
ვარიანტით შესრულდა. ამ მომენტის გარდა ტეზიეს და სხვა ძირითადი პერსონაჟის
მხრიდან არანაირი ხარვეზი არ შეიმჩნეოდა.
აღსანიშნავია, რომ იმ საღამოს სპექტაკლი
იწერებოდა რვა HD (მაღალი ხარისხის) კამერით – ოთხი მათგანი პირდაპირ ჩემი რიგის
(მეთექვსმეტე) უკან იყო განთავსებული, ამ რიგის ზუსტად შუა ადგილი აკუსტიკურად
იდეალური აღმოჩნდა (წინა საღამოს მოცარტის ოპერას აკუსტიკურად უფრო ხარვეზიან
მეთოთხმეტე რიგის მარჯვენა მხრიდან ვუსმენდი). შესაძლოა მომღერლებისა და ორკესტრის
ასეთი თავგადადებულობა იმითაც აიხსნებოდა, რომ ეს კონკრეტული სპექტაკლი იწერებოდა,
სავარაუდოდ შემდგომი დვდ/ბლურეი–ზე რეალიზაციის მიზნით.
ძირითად, სამეულს კარგად აუბეს მხარი ბანებმა – მამაო
გუარდიანო და ძმა მელიტონე თავისი მყარი ხმებით კარგად ისმოდა დარბაზში. ვიტალი კოვალიოვი,
ჟღერადი და ლამაზი ხმის პატრონი, რომელიც ასევე მარკიზ დე კალატრავას როლს
ასრულებდა – ამ პარტიაში ნამდვილად მოგეწონებოდათ. საერთოდ, ამ მომღერლის გამოსვლები არასოდეს არ
იყო შეუმჩნეველი და უხასიათო. ზოგადად მელიტონეს ინტერპრეტაცია არ მოიცავდა
ტრადიციულ იუმორსა და სირბილეს – სავარაუდოდ რეჟისორული თვალთახედვით არც ერთი
პერსონაჟი არ იყო ზედმეტად მგრძნობიარე და მელანქოლური. მკვეთრი, მეტყველი
სახეები და განსხვავებული ხასიათებისა და ბედისწერის შეჯახება – ეს მკაფიოდ და
პირდაპირ ჩანდა, თუნდაც ხმების გარკვეული სიხისტისა და სიმძლავრის მეშვეობით. სცენებში,
რომელიც ეკლესიაში ვითარდება, ვერდიმ გამოიყენა ორღანი და მუსიკას მესის ელფერი
მისცა. ბავარიის ოპერის ორკესტრი და გუნდი შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ესეც საერთო
რეჟისორულ ჭრილში, რასაც მგრძნობიარე, სუფთა და ზანზარა ჰარტეროსის ხმა ემატებოდა
(Madre pietosa vergine... Il santo nome di Dio / ფინალური Pace, pace mio Dio).
შესრულება ძალიან მომეწონა – მეტიც, ჩემი შეფასებით
ვიტყოდი, რომ აი, როგორ უნდა იმღერო ვერდი! მიმაჩნია, რომ ვერდის მოყვარულთათვის ეს აუცილებლად
სანახავი ‘must’ სპექტაკლია და ვფიქრობ, რომ ეს სპექტაკლი,
2013–2014 წლის სეზონის ევროპის საოპერო სცენებზე ერთ–ერთი საუკეთესო სპექტაკლია. შესაბამისად
ეგზალტირებული მაყურებელი მადლიერი იყო მომღერლებისა და დირიჟორისადმი, რომელთაც ოცი
წუთის მანძილზე მხურვალე ოვაციებით არ უშვებდა სცენიდან.
დავით გიგინეიშვილი
გამოქვეყნებულია გაზეთში 'ლიტერატურული საქართველო' 2014; 33(3719):13.
შეფასება: ვოკალი–5.0, არტისტიზმი–4.0, ორკესტრი–4.2, დადგმა–3.5
Giuseppe Verdi
LA FORZA DEL DESTINO
LA FORZA DEL DESTINO
25 July 2014 - Nationaltheater (Bavarian State Opera), Munich
Casts
Il Marchese di Calatrava / Padre Guardiano: Vitalij Kowaljow
Donna Leonora: Anja Harteros
Don Carlo di Vargas: Ludovic Tézier
Don Alvaro: Jonas Kaufmann
Preziosilla: Nadia Krasteva
Fra Melitone: Renato Girolami
Curra: Heike Grötzinger
Un alcade: Christian Rieger
Mastro Trabuco: Francesco Petrozzi
Bayerisches Staatsorchester
The Chorus of Bayerische Staatsoper
Conductor Asher Fisch
Stage Director Martin Kušej
Costumes Heidi Hackl
Il Marchese di Calatrava / Padre Guardiano: Vitalij Kowaljow
Donna Leonora: Anja Harteros
Don Carlo di Vargas: Ludovic Tézier
Don Alvaro: Jonas Kaufmann
Preziosilla: Nadia Krasteva
Fra Melitone: Renato Girolami
Curra: Heike Grötzinger
Un alcade: Christian Rieger
Mastro Trabuco: Francesco Petrozzi
Bayerisches Staatsorchester
The Chorus of Bayerische Staatsoper
Conductor Asher Fisch
Stage Director Martin Kušej
Costumes Heidi Hackl