Vivaldi "Ottone in Villa' Drama per Musica, RV729
Premiered on 17 May 1713 at the Teatro delle Garzerie in Vicenza.
Ottone - Maximilliano Danta (countertenor)
Cleonilla - Paole Valentina Molinari (soprano)
Caio - Tamar Tsirekidze (soprano)
Tullia - Fabiana Visentin (soprano)
Decio - Matteo Straffi (tenor)
Georgian Sinfonietta
Stage Director - Ilaria Sainato
Rustaveli Theater Small Stage
Tbilisi, Georgia, 03 March, 2026
Wednesday, March 11, 2026
თბილისში პირველად შედგა ვივალდის ოპერის დადგმა
1713 წლის 17 მაისი, ვივალდის საოპერო კარიერის ოფიციალურ დასაწყის თარიღად მიიჩნევა. ეს ის დროა, როდესავ მისი პირველი ოპერის ‘ოტონე ვილაზე/Ottone in Villa’ პრემიერა შედგა. კომპოზიტორი ამ დროს 35 წლის იყო. მისი დროის საოპერო კომპოზიტორებთან შედარებით იგი საკმაოდ ხანდაზმულად ითვლებოდა. ვენეციაში წარმატებული თეატრალური კარიერის მიღწევას ბევრი წინაპირობა ახლდა, ამის უზრუნველყოფას ვივალდის მხრიდან მოთმინება, მიზანდასახულობა და შრომა სჭირდებოდა. მიღებული საეკლესიო განათლება იძლევოდა მნიშვნელოვან სოციალურ სტატუსს. ამას ემატებოდა ‘ვიოლინოს მაესტრო’-ს პოსტი ოსპედალე დელა პიეტას (Ospedale della Pietà, პრესტიჟული გოგონების ბავშვთა სახლი ვენეციაში) ორკესტრში. იმავდროულად, უკვე გამოცემული იყო პირველი ტომი მისი ინსტრუმენტალური მუსიკის, რაც მისი, როგორც კომპოზიტორის, ცნობადობას განაპირობებდა საზოგადოებაში. ამ თვალსაზრისით, ვივალდისთვის დრო სწორად იყო შერჩეული თეატრალურ სცენაზე მყარი ადგილის მოსაპოვებლად. ოპერა ‘ოტონე ვილაზე’ წარმატებით მიიღო პუბლიკამ, როგორც ჩანს, ვივალდიც კმაყოფილი იყო, რადგან შემდგომ ერთი არიის მელოდია რამოდენიმეჯერ აქვს გამოყენებული. დადგმაში არ არის არანაირი სპეცეფექტი და განსაკუთრებული დეკორაციები. ოპერაში ხუთი პერსონაჟია (იქედან ერთი კასტრატი) და პატარა სიმებიანი ორკესტრი სულ ორი ჰობოითა და ორი ფლეიტით კონტინუოსთან ერთად. ტექსტი დაწერა გამოცდილმა ლიბრეტისტმა დომენიკო ლალიმ, რომელმაც კარლო პალავიჩინოს 1680 წლის ოპერისთვის ფრანჩესკო მარია პიჩოლის ლიბრეტოს ადაპტირება და შემოკლება მოახდინა. ამით მან შექმნა პასტორალური და გმირული ჟანრების ნაზავი. დასავლეთელი მუსიკისმცოდნეების მიერ სიუჟეტი შეფასებულია როგორც „მსუბუქი, ამორალური გართობა, რომელშიც მოარშიყე კლეონილას მუდმივად უპირატესობა აქვს, ხოლო გულუბრყვილო იმპერატორი ოტონე (რომელიც სულაც არ არის გმირული ფიგურა) ვერც ერთხელ ვერ ხედავს, როგორ ატყუებენ“.
როგორც წყაროები მოუთითებენ, ვივალდის უზარმაზარი ინსტრუმენტალური და საეკლესიო მუსიკასთან ერთად, არანაკლებ 45 ოპერა ჰქონდა შექმნილი. მაგრამ (ბახისა და ჰენდელისგან განსხვავებით), რადგან მისი ნაწარმოებების ხელნაწერები ფართოდ არ ვრცელდებოდა, არ ჰყავდა მოსწავლეთა ჯგუფი, რომელიც პოპულარიზაციას გაუწევდა მის მუსიკას, შესაბამისად, ვივალდის გარდაცვალების შემდეგ მისი მუსიკა დავიწყებას მიეცა.
ვივალდის საოპერო შემოქმედების აღმოჩენა მე-XX საუკუნის ოციანი წლების მიწურულს მოხდა, როდესაც პარტიტურები აღმოაჩინეს იტალიის პიემონტის რეგიონის ერთ-ერთ სამონასტრო ბიბლიოთეკაში. მანუსკრიპტები კერძო პირების კოლექციებიდან იყო და ამდენად ფართო აუდიტორიისთვის სრულიად უცნობი. მისი კამერული მუსიკის შესრულება დაიწყო მოგვიანებით, 50-ან წლებში, და მის პოპულარიზაციაში ანსამბლმა ‘I Musici’ დიდი როლი ითამაშა. მიუხედავად ამისა, დიდი საერთაშორისო რეზონანსი ვივალდის საოპერო შემოქმედებამ, მხოლოდ საუკუნის მიწურულს მოიპოვა, როდესაც აშშ-ში დადგეს მისი ოპერა ‘ორლანდო ფურიოზო,’ მთავარ როლში სახელგანთქმული მეცოსოპრანო მერლინ ჰორნის მონაწილეობით. სპექტაკლი ვიდეოზე ჩაწერეს და შემდგომ კი იტალიაშიც, უკვე სტუდიაში (დირიჟორი კლაუდიო შიმონე, ფირმა ერატო). უკვე XXI საუკუნეში, ბაროკო მუსიკის მიმართ საზოგადოების არნახული ინტერესისა და ოპერების ახალი პარტიტურების აღმოჩენის შემდეგ, დაიწყო მისი ოპერების, როგორც სცენაზე დადგმა, ასევე სტუდიაში ჩაწერა. ამ უკანასკნელის ყველაზე დიდი ინიციატორი არის ხმისჩამწერი სტუდიის ‘ნაივე/Naive’ ვივალდის შემოქმედებისადმი მიძღვნილი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მისი შემონახული მემკვიდრეობის სრულად ჩაწერას.
‘ოტონე ვილაზე’-ს სიუჟეტი შედარებით პირდაპირია: რომის იმპერატორი ოტონე და კაიო სილიო ორივე შეყვარებულია მშვენიერ კლეონილაზე. ეს უკანასკნელი კაიოსთან და ოსტილიოსთან ფლირტის ფონზე ღრმად შეიყვარებს ოსტილიოს. მაგრამ ამბავი კიდევ რთულდება იმით, რომ ოსტილიო თავად გადაცმული ქალიშვილი ტულიაა, რომელმაც კაიოსადმი სიყვარულის დასაფარად გადაწყვიტა მამკაცის ტანისამოსით წარმოჩენა. მეხუთე პერსონაჟი დეჩოა, იმპერატორის მრჩეველი, რომელიც მთელ დროს ოტონესთვის სასარგებლო რჩევების მიცემაში ხარჯავს, თუმცა ის ამ რჩევებს უგულებელყოფს. გაუგებრობებისა და დავების სერიის შემდეგ, ტულია თავს ავლენს, ოტონე მონანიებულ კაიოს ტულიაზე ქორწინებას უბრძანებს და ორპირ კლეონილას, როგორც ჩანს, ოტონეს შეცდენა უწევს.
ნაწარმოები იმ ეპოქის საოპერო ჩარჩოებს შეესაბამება: ყველა მოქმედება დროის მოკლე მონაკვეთში ვითარდება, მოვლენები სწრაფად იცვლება, მაგრამ ემოციები ტრადიციულად მხოლოდ რეჩიტატივებში (ბასო კონტინუოს თანხლებით: ჩემბალო ან ორღანი და ვიოლონჩელო) არის გამოხატული. არიები da capo-ს ფორმაშია და ასახავს პერსონაჟის განწყობებსა და განზრახვებს. ისინი გადანაწილებულია ხუთ პერსონაჟზე (არანაკლებ ოთხი არიისა ყოველ პერსონაჟზე), და მხოლოდ ფინალში არის მოკლე ანსამბლი. ერთი ეპიზოდი მეორე აქტიდან (სცენა 3) განსაკუთრებით მხატვრული და ოსტატურად ორკესტრირებულია: ექოს სიმღერა (L’ombre, l’aure, e ancora il rio), რომელშიც კაიოს რეჩიტატივისა და არიის ბოლო სიტყვები შეცვლილი მნიშვნელობით მეორდება ტულიას მიერ, რომელიც იმალება და ამით აფორიაქებას იწვევს ისედაც დაბნეულ კაიოში. მთელი ვოკალური მასალა ოპერაში კარგად არის დაწერილი, ყველგან იგრძნობა ვივალდის დიდი მელოდიური ნიჭი.
თბილისში, ოპერის პრემიერა შედგა 2026 წლის 3 მარტს, რუსთაველის თეატრის ულამაზეს მცირე დარბაზში. დარბაზი მხოლოდ 242 მსმენელს იტევდა. დამდგმელებმა ორიგინალურად გააფართოვეს სცენისა და პირველი რიგის მანძილი, რათა იქ ორკესტრი მოთავსებულიყო (დარბაზი არ არის გათვლილი საოპერო დადგმებზე). ჩვენი ბაროკო ორკესტრი ‘საქართველოს სინფონიეტა’ გაძლიერებული იყო იტალიიდან ჩამოსული ინსტრუმენტალისტებით: ერთი - თეორბის შემსრულებლით, ერთი - ჩელისტით, ორი - ფლეიტისტი/ჰობოისტით, ერთი - ფაგოტისტით და ერთი- კლავესინისტით, რომელსაც ასევე მიყავდა რეჩიტატივები. ამ ცვლილებამ ოდნავ გააუმჯობესა ორკესტრის ჟღერადობა, რადგან დარბაზი ვერ დაიკვეხნის კარგი აკუსტიკით. ჩემს გასაკვირად, კლავესინი ისმოდა კარგად და ეტყობოდა გაბრიელე ლევის გამოცდილი ხელი. სცენოგრაფიას და დეკორაციებს, მაყურებლის სასიამოვნოდ, ანტიკურ დროში გადავყავდით. დამდგმელმა რეჟისორმა (ილარია საინატომ) ორიგინალურად გადაწყვიტა ზოგიერთი სცენა: სცენის შუაში გაჭიმულ ფარდის უკან დრო და დრო გმირების სილუეტები-ჩრდილები ჩანდა. ეს ეფექტურად გამოიყენეს ზემოთნახსენები კაიოს ექოს რეჩიტატივსა და არიაში.
ასევე მესამე აქტის ოტონეს რეჩიტატივი და არია შესრულდა დარბაზში, სცენაზე ასასვლელ კიბეებთან ახლოს.
ვოკალისტები, ერთი მეორეს არ აღემატებოდნენ, რაც მსმენელს საშულებას აძლევდა მუსიკაზე და მოქმედებაზე კონცენტრაცია გაეკეთებინა. სოლისტები, ყველანი სტუმრად ჩამოსული იტალიელები იყვნენ, გარდა კაიოს შემსრულებელ ახალგაზრდა თამარ ცირეკიძისა. ამ უკანაკნელის დრამატული მუქი სოპრანო კარგად კონტრასტირდებოდა დანარჩენი იტალიელი სოპრანოებისაგან (პაოლა ვალენტინა მოლინარი - კლეონილა და ფაბიანა ვიზენტინი - ტულია).
ოტონე შეასრულა იტალიელმა კონტრატენორმა - მაქსიმილიანო დანტამ, რომელმაც ხმის ფლობის კარგი ტექნიკა და სუნთქვა აჩვენა, თუმცა ტემბრი რიგ მომენტებში გაცვეთილი იყო. დეჩოს პარტია კი ერგო იტალიელ ტენორს, მატეო სტრაფის, რომლის ტემბრში და ტექნიკაში დიდ წუნს ვერ აღმოაჩენდით. აღსანიშნავია, რომ თამარ ცირეკიძე ორგანულად შეერწყო იტალიელ ვოკალისტებს. მან მშვენივრად შეასრულა ცნობილი ვნებიანი ჩქარი არია პირველ აქტში ‘Gelosia’ (სცენა 11), თუმცა განსხვავებული ფიორეტურებით. მაგრამ მისი მეორე აქტის არიის მიწურულს (‘La sembro appunto’ სცენა 11) ვერ დაიცვა ზედა ნოტის ტონალური სისუფთავე. აღსანიშნავია ამ არიის ორკესტრის მიერ აკომპანიმენტი - ორი ფლეიტისტი წამომდგარი ასრულებდა თავის პარტიას და სახელგანთქმული სერჯო აცოლინი (ფაგოტი) დირიჟორის როლში უძღვებოდა ამ ეპიზოდს. იყო პრემიერის ღელვაც, რაც ორკესტრის მწყობრი შესრულების ხარვეზებშიც ჩანდა, მაგრამ საბოლოოდ, ძალიან კარგი სპექტაკლი გამოვიდა. საშუალო რითმი ჯეროვნად იყო დაცული, კუპიურები არ იყო, ამიტომაც შესრულებამ სრულად დაიკავა ორსაათნახევარი. აღსანიშნავია, რომ თბილისის და მთლიანად საქართველოს მუსიკალურ ცხოვრებაში გრანდიოზული მოვლენა მოხდა - პირველად შესრულდა ბაროკო ოპერა სცენაზე და ისიც ავთენტურ ინსტრუმენტებზე. დარბაზმა კარგად მიიღო პრემიერა, ოვაციები არ წყდებოდა. საქართველოს მუსიკალურ ცხოვრებაში უდავოდ საჭიროა მსგავსი მუსიკალური დადგმები, რაც ალამაზებს ქალაქს, ალამაზებს მუსიკალურ საზოგადოებას და რაც მთავარია, ახარებს მსმენელს. დავამატებ, რომე ეს იყო, შარშან შემოდგომაზე, წარმატებით ჩატარებული თბილისის ბაროკო ფესტივალის მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო ბონუსი. ეს საჩუქარი გახდა შესაძლებელი საქართველოში იტალიის საელჩოს დიდი მონდომებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისი მერიისა და პირველი არხის მხარდაჭერით.
დავით გიგინეიშვილი
Subscribe to:
Comments (Atom)



