Saturday, April 28, 2018

ამ შვენიერ ქალაქში მუსიკალური ცხოვრებაც ჩქეფს

კატალონიის მშვენიერი ქალაქის ბარსელონას ხსენებაზე საფეხბურთო კლუბი ‘ბარელონა’ და მისი ერთ –ერთი ძლიერი ფეხბურთელი ლეო მესი წარმოგიდგება. მაგრამ მოდით ქალაქს სხვა – მოგზაურის თვალით გადავხედოთ. იქ ჩასული ადამიანი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ მოექცევა ქალაქის არქიტექტურული იერით და ეს შეეხება ნებისმიერ ტურისტს – როგორც ხელოვნებისაკენ მიდრეკილს ასევე იმასაც, რომელიც აქამდე არქიტექტურაზე საერთოდ არ დაფიქრებულა. ათმა წელმა, რაც ჩემს წინა ვიზიტს ამ ქალაქში აშორებს, როგორც ვხედავ, სხვა ელფერი შესძინა ქალაქს, კერძო მფლობელის ხელში არსებულმა არქიტექტურულმა ნიმუშებმა, რომლებიც ამჟამად ფართო მნახველისთვის იყო გახსნილი და წარმოდგენილი, მეტი მნახველი მოიზიდა და ქალაქი  სიცოცხლითა და ხალისით აავსო. არასეზონური აპრილის პირველ ნახევარში ბარსელონას თვალსაჩინო თანამედროვე ტაძარში – „საგრადა ფამილიასთან“ (წმინდა ოჯახი) იმდენმა ტურისტმა მოიყარა თავი, რომ ტაძრის სამხრეთ კარებთან გასაჩერებელი ადგილიც კი არ იყო და, როგორც ქართული პრესის წარმომადგენელს, მომიწია ამით აპელირება, ურიგოდ რომ მოვხვედრილიყავი ტაძრის შიდა ტერიტორიაზე. 

ბოლო ათმა წელმა ანტონი გაუდის (1852–1926)  მონუმენტალურ შედევრს ბევრი რამ შემატა – აშენდა გარე გუმბათები და ნაგებობები, მოპირკეთდა შიდა სივრცე  (ეგრეთ წოდებული ნეკნებიანი კამარები),  აიგო კათედრა და 2010 წლის ნოემბერს ტაძარი აკურთხა რომის პაპმა - ბენედიქტ XVI. კერძო შეწირულობებით და ტურისტების მიერ გადახდილი შემოსავლებით დღემდე გრძელდება მშენებლობა. მისი დასრულება იგეგმება 2026 წელს, როდესაც ტაძრის შემოქმედის გარდაცვალებიდან 100 წლისთავი შესრულდება. ძალზე მომხიბლა  შენობის შიდა ინტერიერმა (წინა ვიზიტისას საერთოდ დაუხვეწელი იყო), შეუძლებელია მნახველზე არ იმოქმედოს ორღანის ხმამ, ფიქრებთან არ განამარტოვოს და  სიამე არ მოჰგვაროს.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე კატალონიაში გამობრწყინდნენ დიდი არქიტექტორები: ანტონიო გაუდი, ლუის დომენეკ ი მონტანერი და მისი მოსწავლე ჯოზეფ პუჩ ი კადაფალკი,  რომელთა შემოქმედებამ მოდერნიზმის სახელით ზოგადსაკაცობრიო კულტურულ მემკვიდრეობაში თავისი თვალსაჩინო ადგილი დაიმკვიდრა (ასევე აღიარა იუნესკომ). მათი არქიტექტურული ნიმუშები კერძო სახლებისა და სხვა კომპლექსების სახით გახსნილია ტურისტებისათვის. ბარსელონას ტურიზმის სააგენტო (Barcelona Turisme), რომელსაც კარგი საინფორმაციო გვერდი აქვს (www.visitbarcelona.com), სთავაზობს დამსვენებლებს და ტურისტებს ყველანაირ შეღავათებს, ვისაც, ცხადია, გაუჩნდება სურვილი დაათვალიეროს მუზეუმები თუ სასახლეები, ბაღები ან სახლები და ეზიაროს ევროპული კულტურის ამ საუკეთესო შედევრებს. ზემოთ ჩამოთვლილ სიას დაემატა რამოდენიმე ახალი ნიმუში, რომელიც აქამდე დახურული იყო ფართო მნახველთათვის. კერძოდ, სან პაუს ჰოსპიტალური კომპლექსი (Sant Pau Recinte Modernista), დაპროექტებული და აშენებული ლუის დომენეკ ი მონტანერის მიერ. ამ ჰოსპიტალში ვიზიტმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. თუ ბარსელონას ეწვევი ამ კომპლექსის დათვალიერებაც უნდა მოახერხო – ის „წმინდა ოჯახის“ ტაძრის სიახლოვეს (ჩრდილოეთისაკენ) არის განლაგებული და ეს ორი შედევრი ერთმანეთს უყურებს.



 საინტერესოა ის, რომ ბარსელონას  დღევანდელი ცენტრი XIX საუკუნის პირველ ნახევარში არ შედიოდა ქალაქის ფარგლებში. უკანასკნელი საუკუნენახევარში ქალაქი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და შთანთქა მრავალი პატარა დასახლებული პუნქტი (რომელთა ისტორიაც შერჩა ქალაქს რაიონების დასახლების სახით). ამიტომაც დღევანდელი ბარსელონა არის მეტად ახალგაზრდა ქალაქი, რომლის გულს ამჟამად წარმოადგენს გრასიას ბულვარი, რამბლა და პროსპექტი დიაგონალი. ქალაქის დაგეგმარება მოხდა ლანდშაფტის გათვალისწინებით, პრაქტიციზმიდან გამომდინარე. ის, ვინც ამ ქალაქს სტუმრად (ტურისტად) ეწვევა, არ შეიძლება არ მოიხიბლოს 4–5 სართულიანი შენობებით, ფართე გამზირებით და გზაჯვარედინების თავისებურებებით, სადაც თითოეულ შენობის კუთხე არის დამრეცი (ჩაჭრილი პირი), რაც არაჩვეულებრივ სივრცეს ქმნის. ამ პატარა მოედნებზე მწვანე ნარგავებსა და კატალონურ მზეს მშვიდი განწყობა შემოაქვს ადამიანში. კაპიტალისა და ბურჟუაზიული იდეების დომინირების მიუხედავად ქალაქის მშენებლები (არქიტექტორები და შემკვეთები) არ აცდნენ ქალაქისთვის ოპტიმალურ ნაგებობებს, ამიტომაც თქვენ ვერ შეხვდებით მაღალ და აყლაყუდა, ერთმანეთზე მიჯრილ შენობებს, ვერც ჩვენი თბილის-ქალაქისთვის დამახასიათებელ მიტაცებულ სკვერებსა და ტროტუარებს ნახავთ! ბარსელონას შემხედვარე უდავოდ განიმსჭვალები სინანულით, რა ხდება ჩვენში, ნუთუ დავკარგეთ სილამაზისა და მშვენიერების შეგრძნება? რატომ ვამახინჯებთ ქალაქს? დაგეუფლება აზრი, რომ ჩვენში ვანდალიზმმა და უსიყვარულობამ დაისაკუთრა ადგილი და სიმახინჯეში შეჯიბრების გზაზე გამოუსწორებელ ზარალს ვაყენეთ არა მხოლოდ ქალაქის ელფერს და პროფილს, არამედ ჩვენ სულს და სხეულს,  სამწუხაროდ!
მინდა აღვნიშნო, რომ გარდა გალერეებისა (პიკასოს მუზეუმი და ა.შ.) და საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეებისა, ბარსელონა ის ქალაქია სადაც მუსიკალური ცხოვრება ჩქეფს. ოპერა (Gran Teatre del Liceu, www.liceubarcelona.cat), საკონცერტო დარბაზები (თვალწარმტაცი კატალონიური მუსიკის სასახლე Palau de la Musica Catalana (www.palaumusica.cat/en), სხვათა შორის იმავე არქიტექტორის, დომენეკ ი მონტანერის მორიგი, დაუვიწყარი შედევრი), თანამედროვე ‘აუდიტორიები’ (Auditori di Barcelona)  და კათოლიკური ბაზილიკები  კლასიკური მუსიკის მოყვარულებს სთავაზობენ ნამდვილ ნეტარებას. ამ ქალაქში თქვენ შეხვდებით პლანეტის ნებისმიერი კუთხიდან მოწვეულ მაღალი რანგის მუსიკოსებს და დატკბებით მათი შესრულებით. ესენია: ი.ფაუსტი, ფ.ჰერევეგე, ა.–ს. მუტერი, ჯ.ე. გარდინერი, ჟ.–კ. სპინოზი, ზ. მეტა, რ. ლუპუ, უ. კრისტი და ა.შ.
ქალაქის მუსიკის სასახლე ეს არის კატალონიური არქიტექტურული მოდერნიზმის საუკეთესო ნიმუში, დახუნძლული ულამაზესი ორნამენტებით. ეს ორნამენტები ტრადიციულად მოიცავენ კატოლონიური და არაბული სტილის სინთეზს– მოჭიქული ფერად–ფერადი მეტლახის ნაჭრებით (მოზაიკით). რამდენადაც დარბაზი ჩაფიქრებული იყო კატალონიური საგუნდო მუსიკის საზოგადოება ‘კატალონიური ორფეოსი’–ს შტაბ–ბინად, შენობის ფასადზეც ამ საზოგადოების წევრებია გამოსახული. ვესტიბული და კიბეები საგულდაგულოდ არის მოჩუქურთმებული, სადაც ყვავილების მოტივი დომინირებს. მაგრამ ნამდვილი მარგალიტია აუდიტორია – მას გვერდითა კედლებიდან და ჭერიდან  ბუნებრივად მომდინარე განათება აშუქებს. მეორე იარუსის გარეთა ვიტრაჟები ამოყვანილია ფერადი მინით, ასევე ჭაღის დაუვიწყარ იმიტაციას ქმნის ვიტრაჟებიანი ჭერი, რომელზეც ასევე ნახავთ კატალონიური საგუნდო საზოგადოების წევრ ქალთა სილუეტებს. ამას კიდევ ამდიდრებს კუთხეებში ფრთიანი ცხენებისა და სვეტების თავზე, ნახევარწრიან სცენის კედელზე გამოყვანილი შუასაუკუნოვანი მუსიკოსების სკულპტურები, რომლებიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებენ. 

ამ სასახლეში, 13 მარტს, საფორტეპიანო მუსიკის საღამოს ვეწვიე. ვიზიტი წინასწარ შეთანხმებული მქონდა სასახლის პრეს–ცენტრთან, რომელმაც საუკეთესო ადგილები არ დაიშურა ქართველი ჟურნალისტებისთვის. იმ საღამოს ახალგაზრდა თაობის პოლონელი პიანისტი რაფალ ბლეხაჩი (Rafał Blechacz) გამოდიოდა. ამ 32 წლის პიანისტმა უკვე დიდი აღიარება მოიპოვა და ცნობილმა გერმანულმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ ‘Deutsche Grammophon’ მისი ბევრი ჩანაწერი გამოუშვა (ბახი, შოპენი, ჰაიდნი, მოცარტი და ბეთჰოვენი), რომლებმაც საუკეთესო შეფასება და ჯილდოები დაიმსახურა. პიანისტის კარიერაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა 2005 წელი, როდესაც ფ.შოპენის სახელობის მე–15 საერთაშირისო კონკურსზე, ვარშავაში მან დაიმსახურა, როგორც მთავარი ასევე რამოდენიმე დამატებითი პრიზი. ამ საღამოს ბლეხაჩი მოცარტის ცნობილ ლა–მინორულ (KV310), ბეთჰოვენის ლა–მაჟორულ (op.101), შუმანის სოლ მინორულ (op.22) სონატებს ასრულებდა. პიანისტმა დამაჯერებელი, ვირტუოზული შესრულების მანერა უჩვენა, მაგრამ ამ შესრულებას, მიუხედავად უნაკლო ტექნიკისა, რაღაც სული აკლდა. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ბლეხაჩი ტკბებოდა თავისი ფენომენალური ვირტუოზობით და ეს იყო და ეს. რაიმე პერსონალური განცდა და ინტერპრეტაცია არ ეტყობოდა. მაგრამ, როდესაც ჯერი დადგა შოპენზე, პიანისტი გარდაიქმნა – მის შესრულებაში სირბილე, სინაზე, სევდა და რომანტიზმი ერთად გამოსჭვიოდა. ბლეხაჩი ნამდვილად საინტერესო იყო მაზურკებში (op.24) და თავი სრული დიაპაზონით წარმოაჩინა ჰეროიკულ პოლონეზში (op.53).

რა თქმა უნდა, ასეთი კომპოზიტორების საფორტეპიანო მუსიკის მოსმენა ცალკე სიამოვნებაა, თუმცა იმ საღამოს ხიბლი შოპენის შესრულებაში უფრო იყო.
სანაპიროზე (რამბლას ქუჩა) აღმართულ ქრისტოფორე კოლუმბის მონუმენტის შემდეგ ფეხით თუ გაისეირნებთ, სულ რამოდენიმე კვარტალში აღმოაჩენთ კუთხის შენობას გრძელი აივნით და სამი დიდი თაღოვანი  და ნაწილობრივ მოხატულ მინიანი ფანჯრებით. სახურავზე პატარა მანსარდის მაგვარ თაღში საათს დაინახავთ. ეს სახელგანთქმული საოპერო თეატრ ‘ლისეუს’ ფასადია, რომელიც შენარჩუნდა ადრეულ 1847 წლიდან. თეატრის დასახელება მოდის სიტყვა ლიცეუმიდან, რადგან  პირველ გახსნამდე მის ადგილას თავდაპირველად მუსიკალური ლიცეუმის თეატრი იმყოფებოდა. თეატრი იმით იყო გამორჩეული, რომ აიგო მოქალაქეთა კერძო შემოწირულობებით. იმ დროისათვის ეს იყო ერთ–ერთი დიდი საოპერო თეატრი ევროპაში. მასში იდგმებოდა უპირატესად იტალიური ოპერა (დონიცეტი, ვერდი, მერკადანტე, როსინი). ‘ლისეუს’ თეატრს არ აკლდა დიდი სახელები, მაგრამ ნამდვილი ვარსკვლავთცვენა მოუწია XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც უდიდესი საოპერო ვარსკვლავები გამოდიოდნენ ამ სცენაზე და თეატრმა დაიმსახურა ხმელთაშუა ზღვის საუკეთესო თეატრის რეპუტაცია. თეატრი იყო დაზიანებული 1894 წელს (ანარქისტის ბომბის აფეთქებით), ძალიან დიდი ზიანი კი მას მიადგა 1994 წელს, ხანძრისაგან. მომდევნო წლებში დაიწყო თეატრის რეკონსტრუქცია და განახლება. იგი ხელმეორედ გაიხსნა 1999 წელს. ამჟამად მას ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი, ხუთიარუსიანი დარბაზი აქვს, 2292 მაყურებლის ადგილით. თეატრში არის ისეთი ადგილებიც, საიდანაც სცენა თუნდაც მცირედით ან საერთოდ არა ჩანს! შთამბეჭდავია ჰოლი და ცენტრალური კიბეები, არის თანამედროვე ლიფტები და ამფითეატრის სკამებს ახლავს ინდივიდუალური ელექტრონული ეკრანი, რომელიც ლიბრეტოს სამ ენაზე უჩვენებს. ორიგინალურია ჭერი და დახურული, ოვალური ფორმის განათება. 

მარტის თვეში ძირითად რეპერტუარში იყო ჯორდანოს ‘ანდრე შენიე’ და მხოლოდ ერთი წარმოდგენა ჰენდელის ‘არიოდანტე’–სი, რომელიც გასტროლებზე მყოფ უილიამ კრისტის და მის დასს უნდა წარმოედგინა. ამ სპექტაკლზე შევაჩერე ყურადღება. ოპერა საკონცერტო შესრულებით იდგმებოდა – ჩამოდიოდნენ არა მხოლოდ მომღერლები, არამედ ძველებური მუსიკის ორკესტრი ‘Les Arts Florissants’, რომლის უცვლელი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი უილიამ კრისტია. ‘არიოდანტე’ ჰენდელის საუკეთესო საოპერო ნიმუშებს მიეკუთვნება. დადგმული 1735 წელს სამეფო თეატრ ‘კოვენტ გარდენში’ ჰენდელის ამ მუსიკალურმა დრამამ 11 წარმოდგენას გაუძლო და წარმატებული წინააღმდეგობა გაუწია მის უშუალო მეტოქეს – ‘აზნაურთა ოპერას’, რომელსაც უელსის პრინცი მფარველობდა. სიუჟეტს გადავყავართ შუასაუკუნოვან შოტლანდიაში, სადაც დედოფალ ჯინევრასა და არიოდანტეს დიდი განსაცდელიანი სიყვარული არის მოთხრობილი, მათ სიყვარულს წინ აღუდგება ალბანეთის ჰერცოგი - პოლინესო, რომელიც მასზე შეყვარებულ დალინდას ბრმა იარაღად იყენებს. სიუჟეტში ჩართულია ასევე არიოდანტეს ძმა - ლურკანიო, იგი იოლად გაება პოლინესოს მიერ დაგებულ მახეში. შეყვარებული წყვილის მფარველი შოტლანდიის მეფეა. არიოდანტეს პარტია დაიწერა ცნობილი კასტრატისათვის ჯოვანი კარესტინისათვის, რამაც დიდად შეუწყო ხელი შესრულების წარმატებას. ოპერის თავიდან აღმოჩენა წინა საუკუნის მეორე ნახევარში განაპირობა ცენტრალურ პარტიაში ცნობილი მეცოსოპრანოების დაკავებამ. ამჯერადაც არიოდანტეს როლში ამერიკელი კეიტ ლინდსეი (Kate Lindsey) გამოდიოდა. იგი 2007 წლიდან ‘მეტროპოლიტენ ოპერაში’ დებიუტის შემდეგ უკვე 2012 წლიდან ჩნდება ევროპულ სცენაზე – ჯერ მეორეხარისხოვან პარტიებში მოცარტისა და როსინის ოპერებში, შემდეგ კი უკვე ცენტრალურ პარტიებში. ჯინევრას როლში გამოდიოდა ევროპის დიდი საოპერო თეატრების დამლაშქვრელი, ებრაელი სოპრანო - ჩენ რეისი (Chen Reiss), რომელმაც ევროპის პრაქტიკულად  ყველა დიდი საოპერო სცენა მოიარა. ლურკანიოს პარტიაში ცნობილი გერმანელი ტენორი რაინერ ტროსტი (Rainer Trost) იყო, დალინდას როლში – ებრაელი ჰილა ფაჰიმა (Hila Fahima) და პოლინესოს როლში – ფრანგი კონტრატენორი კრისტოფ დიუმო (Christophe Dumaux), მეფის როლში – ვილჰელმ შვინგჰამერი (Wilhelm Schwinghammer). ოპერა პრაქტიკულად სრულყოფილად შესრულდა – მცირე კუპიურა შეეხო ორ არიას – მეორე აქტში დალინდას (Se tanto piace al cor) და მესამე აქტის დასაწყისში არიოდანტეს (Cieca notte). საკონცერტო შესრულების მიუხედავად მომღერლები არტისტულად გადმოსცემდნენ გმირების აზრებს, განცდებს და ქცევებს. აღსანიშნავი იყო ჯინევრას შემსრულებელი – ჩენ რეისი, ეფექტურ მწვანე და შემდგომ თეთრ კაბაში და ასევე ფრანგი კრისტოფ დიუმო პოლინესოს პარტიაში. ვოკალურადაც ზუსტად ეს ორი შემსრულებელი მომეწონა – ჩენ რეისი დამაჯერებლად და ვოკალური ხარვეზების გარეშე წარსდგა სცენაზე – მისი ხმა კარგად ისმოდა, თუმცა დიდი სიძლიერით არ გამოირჩეოდა. კრისტოფ დიუმო ნამდვილად საუკეთესო ფორმაში იყო – ტემპი, ტექნიკა და ხმის სიძლიერე არ აკლდა (გამოვყოფდი პირველი აქტის არიას Spero per voi, si, si  და მესამე აქტის Dover giustizia amor). გერმანელ ბანს ვილჰელმ შვინგჰამერს დიდი და მყარი ბანი ჰქონდა, ზუსტად რაც ჰენდელის მუსიკას სჭირდება, ამიტომაც ისიც კარგად მიესადაგა როლს (სახასიათო არია Voli colla sua tromba). ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია არიოდანტეს პარტიის შემსრულებელმა – კეიტ ლინდსეიმ. მას რამოდენიმე ცნობილი არია აქვს ოპერაში – კეიტის პატარა და შედარებით  კამერული ხმა სწრაფ ფიორიტურას საერთოდ ვერ უმკლავდებოდა, მხოლოდ ერთ არიაში აღმოჩნდა მომგებიანი – სახელგანთქმულ Scherza infida in grembo al drudo-ში. ეს დრამატული და განცდებით სავსე არია წარმოადგენს ოპერის ნამდვილ ხერხემალს. ამიტომაც უილიამ კრისტიმ ზუსტად ამ არიის შემდეგ გადაწყვიტა ერთადერთი შესვენების მოწყობა, მუხედავად იმისა, რომ არია მეორე აქტის შუაშია. ამით ლინდსეიმ დაიმსახურა მხურვალე აპლოდისმენტები და ჩემი სიმპატიაც. მაგრამ სხვა სცენებში და სწრაფ არიაში (Dopo notte, atra e funesta) ვერაფრით გამოიჩინა თავი. ამიტომ პაუზა არა მხოლოდ დრამატურგიული ხაზის გამოკვეთას, არამედ მთავარი პარტიის შემსრულებლის ვოკალური სისუსტეების დაჩრდილვასაც ემსახურებოდა. 

კრისტის ინტერპრეტაცია იყო თავისუფალი - რიგ ადგილებში ობლიგატური ინსტრუმენტები იყო მკაფიოდ გამოყოფილი, მათი შესრულების მანერაც იყო არატრადიციული (ჰობოის წყვეტილი ხაზი არიაში სახელგანთქმულ Scherza infida in grembo-ში). ასევე აღსანიშნავია პირველი ვიოლინოს (ჰიროცუგუ კუროსაკი – Hirotsugu Kurosaki) ხაზი მესამე აქტის სცენებში, კერძოდ ჯინევრას არიაში (Si morro) და ლურკანიოსა და დალინდას დუეტში (Dite spera, e son contento). ორკესტრში ინსტრუმენტების ბალანსი იყო დაცული, თეორბა და კლავესინი კარგად ისმოდა, ვიოლინოები არ დომინირებდა, მაგრამ პირველი ვიოლინოს სოლო ხაზი  გამოიყოფოდა თავისი პროფესიონალური შესრულებით. ჰენდელის ოპერა ‘არიოდანტე’ ბაროკო მუსიკის საუკეთესო ნიმუშია, სავსე, ლამაზი მელოდიებითა და დრამატურგიული მუსიკალური ხაზით - მაგრამ ჰენდელის გენიის გარდა მას კარგი ვოკალური ხმები და დახვეწილი ტექნიკა სჭირდება.   


დავით გიგინეიშვილი

დაბეჭდილია ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2018, #2 (71):64-67.

Palau de la Musica Catalana, Barcelona
13 March, 2018

Rafal Blechacz, piano

PROGRAM: 
W. A. Mozart: Rondo in A minor, KV 511
W. A. Mozart: Sonata  no. 8 in A minor, KV 310
L. van Beethoven: Sonata no. 28 in A major, op. 101
R. Schumann: Sonata no. 2 in G minor, op. 22
F. Chopin: Mazurkas op. 24

F. Chopin: Polonaise in A-flat Major, op. 53 Núm. 6, "Heroic"

-----------------------------
Georg Friedrich Handel
Ariodante (Concert Version)

Gran teatre del Liceu, Barcelona (Spain)    14th March, 2018

Opera in three acts. Libretto by Antonio Salvi. 

King of Scotland    Wilhelm Schwinghammer
Ginevra         Chen Reiss
Ariodante Kate Lindsey
Lurcanio Rainer Trost
Dalinda         Hila Fahima
Polinesso Christophe Dumaux
Odoardo Anthony Gregory

Les Arts Florissants

Conductor  William Christie