Monday, December 18, 2017

თბილისი ბაროკო ფესტივალი 2017 დასრულდა / Tbilisi Baroque Festival 2017

2017 წლის შემოდგომაზე თბილისმა მესამედ უმასპინძლა ბაროკო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს. როგორც წინა წლებში ასევე ახლაც პროგრამა მოიცავდა როგორც სპექტაკლებს (7 წარმოდგენა), ასევე ლექციებს (4 ლექცია). ტრადიციულად შესრულდა როგორც საგუნდო ნაწარმოებები, ასევე სოლო კონცერტები და საორკესტრო ნაწარმოებები (სოლო ინსტრუმენტის თანხლებით და თანხლების გარეშე). მაგრამ იყო სიახლეც -  თბილისს ევროპიდან პირველად ეწვია  ძველებური მუსიკის ორკესტრი – ეს იყო სახელგანთქმული ‘ბერლინის ძველებური მუსიკის აკადემია’ (Akademie fur Alte Musik Berlin) ბერნჰარდ ფორკის (Bernhard Forck) ხელმძღვანელობით (იხილეთ წერილი წინა ნომერში).  ყველა სხვა სპექტაკლზე გამოდიოდა ‘საქართველოს სინფონიეტა’, რომელიც მასპინძლის როლში იყო.
მოულოდნელი სიახლე აღმოჩნდა ჯოვანი ბატისტა პერგოლეზის ‘სტაბატ მატერთან’ ერთად იმავე საღამოზე ქართული საგალობლების შესრულება ანსამბლ ‘ანჩისხატის’ გუნდის მიერ. დასავლეთიდან ჩამოსული ჩვენო ორი მომღერლის (სალომე ჯიქია, სოპრანო და ქეთევან ქემოკლიძე, მეცოსოპრანო) თანხლებით აჟღერებული უკვდავი ‘სტაბატ მატერი’ შთამეჭდავი იყო. რომ არა ტენდენცია საოპერო მუსიკისათვის დამახასიათებელი შესრულების მანერის გამოყენებისა, სხვა წუნს ამ შესრულებას ვერ მოუნახავდა გამოცდილი მსმენელიც. იტალიური საეკლესიო ბაროკო მუსიკის სინთეზი ქართულ საეკლესიო მუსიკასთან მეტად სინერგიული გამოდგა. მსმენელი დატკბა, როგორც ქართული გალობის, ასევე ევროპული საეკლესიო მუსიკის ჰანგებით. 

გერმანელმა დირიჟორმა -  კორნელია ფონ კერსენბროკმა (Cornelia von Kerssenbrock) საგუნდო მუსიკის მრავალფეროვანი პროგრამა შემოგვთავაზა – წარმოდგენილი იყო ბახის, ჰენდელის, ვივალდისა და პიორსელის მუსიკა. მისი მანერის შესაბამისად,  შესრულება იყო მონუმენტალური – დიდი (ორი სხვადასხვა) გუნდის მონაწილეობით და უჩვეულო ფორტისიმოებით, რაც ბეთხოვენის ‘საზეიმო მესისათვისაც“ კი იქნებოდა შესაფერი. აქ,  სასიამოვნოდ გამოჩნდა  ჩვენი სოპრანო ანა ცარციძე – ლამაზი, კამერული ხმით, მან  ჰენდელის ულამაზესი და ვირტუოზული მოტეტი ‘Laudate pueri’ HWV237 იმღერა. მოქნილი ტექნიკის მიუხედავად მომღერალს იმ საღამოს თითქოს  სუნთქვის პრობლემები აწუხებდა (ავადმყოფობის გამო?), რაც უკვე ნაკლებად გამოვლინდა ზელენკას მაგნიფიკატში და ვივალდის ფსალმუნში Domine ad adiuvandum RV593. ფესტივალს შარშანდელი მონაწილეები ევროპიდან წელსაც ეწვივნენ – კლავესინისტი ჟან რონდო, ჩელისტი დავიდე ამადიო და ფაგოტისტი სერჯიო აცოლინი. ჟან რონდო (Jean Rondeau) დომენიკო სკარლატის სონატებითა და იოჰან კრისტიან ბახის ფა–მინორული კლავესინის კონცერტით წარმოგვიდგა. რონდო იყო შთამბეჭდავი, რასაც ვერ ვიტყვი ჩვენს კლავესინზე ,  პირველი რიგიდან იგი კარგად ისმის, მაგრამ მისი ჟღერადობა მკვეთრად იჩრდილება მომდევნო რიგებში.  

ვივალდის საღამოზე  ჩელო კონცერტებთან (RV424, 412, 418) ერთად შესრულდა სავიოლინო კონცერტები ციკლიდან L’estro armonico (No.2,8 &10) ორი და ოთხი ვიოლინოსათვის. ამადიოს (Davide Amadio) ცეცხლოვან, სწრაფ და წყვეტილ შესრულებას, სადაც მუსიკალური ექსპრესია აჭარბებდა შესრულების სიზუსტეს, ჩვენმა ორკესტრმა საპირწონედ დაუდო ემოციური, მყარი და სწრაფი შესრულება. საინტერესო და მისასალმებელია, რომ ყოველ სავიოლინო კონცერტში სოლისტები იცვლებოდნენ – ჩვენმა ქალბატონებმა ჩინებულად დაძლიეს ვივალდის პასაჟები, ოდნავი ხარვეზებით არპეჯიოებში. ამიტომაც, იმ საღამოს, როგორც ვენეციელი ამადიოს, ასევე ჩვენი მევიოლინეების ბენეფისი იყო. ქართული ორკესტრის სასახელოდ ვიტყვი, რომ მათ შესძინეს შესრულებას ის ტემპერამენტი და გრძნობები, რაც ასე უხდება ვივალდის მუსიკას. 


სხვა კონცერტებიდან დისტანცირებული აღმოჩნდა საღამო,  რომელშიც რუსი მევიოლინე სერგეი მალოვი მონაწილეობდა. მან შეასრულა სოლოც, ასევე ორკესტრთან ერთადაც. ნაწარმოებებს ასრულებდა რიგრიგობით  როგორც ვიოლინოზე, ასევე ჩელო და სკალაზე – იშვიათ პატარა ჩელოზე, რომელიც შესრულებისას მკერდზე მაგრდება. მალოვმა ორკესტრთან ერთად იოჰან სებასტიანისა და კარლ ფილიპ ემანუელ ბახის გადაკეთებული ნაწარმოებები შეასრულა (ორიგინალში დაწერილი კლავიშებიანი ინსტრუმენტისათვის  ან ტრადიციული ჩელოსათვის). ვინც მალოვის საშემსრულებლო მანერას იცნობდა იმ საღამოს პროგრამით გაკვირვებული არ დარჩებოდა – ვირტუოზული, სწრაფი და მეტად თანამედროვე მანერა სავარაუდოდ ნაკლებად მოუხდებოდა ნაწარმოების ორიგინალურ ვერსიას. იგი ისე ჩქარობდა რომ პირველი კონცერტის დასაწყისში კიდევაც უსწრებდა ორკესტრს. ასეთმა შესრულებამ   უფრო მალოვი დაგვანახა და ჩრდილში დატოვა კომპოზიტორი.
ყველაზე უცხო და შესაბამისად საინტერესო მუსიკალური საღამო ფესტივალის დახურვისას უნდა ყოფილიყო. იოჰან ფრიდრიხ ფაში, იან დისმას ზელენკა და იოჰან გეორგ პისენდელი – ეს ის ბაროკო კომპოზიტორებია, რომლებიც პრაქტიკულად უცნობია ჩვენი მსმენელისთვის და მათი კონცერტები ვირტუოზულობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამ შესრულებისათვის ექვსი უცხოელი მუსიკოსი შეიკრიბა – სახელგანთქმული ფაგოტისტი - სერჯიო აცოლინი (Sergio Azzolini), ფაგოტისტი - აი იკედა, ჰობოისტები: ჯოვანი დე ანჯელი და პრიშკა კომპლოი, ჩელისტი -  დავიდე ამადიო და თეორბაზე – ეტიენ გალეტიე. ყველაფერი წარიმართებოდა ბრწყინვალედ რომ არა პირველი ჰობოისტის ‘უცნაური’ შესრულება – ნაზი ტონის ნაცვლად ჰობოი გამოსცემდა მყვირალა ტონს, შემსრულებლის ძალზე წყვეტილი მანერაც კი ვერ ფარავდა ტონალურ უზუსტობას (ინსტრუმენტის პრობელემა?). ამან ერთგვარი დისონანსი შექმნა სხვა შემსრულებლებთან და ზელენკას ულამაზესი კონცერტებით (ZWV 186 & 189) სრულყოფილი დატკბობის საშუალება არ მომცა. მიუხედავად ამისა, კონცერტი შედგა და  განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ XVIII საუკუნის დრეზდენის კარის მუსიკოსების საუკეთესო შედევრები პირველად აჟღერდა თბილისში!

აგრეთვე ცალკე უნდა აღინიშნოს ოთხი საჯარო ლექცია, რომელიც ბაროკო ეპოქას მიეძღვნა. თემატიკა გონივრულად გათვლილი და შერჩეული იყო –  საუბრები შეეხო  ბაროკო მუსიკისადმი ინეტერესის მძლავრ მომატებას უკანასკნელი დეკადების დროს, დრეზდენის კარის მუსიკოსებს და ვივალდის (რომელთა ნაწარმოებები შესრულდა ფესტივალის დროს), ასევე კარავაჯოს და მის მიმდევრებს. ლექციები კონსერვატორიაში გაიმართა, გულდასაწყვეტი მხოლოდ ის იყო, რომ მომხსენებლების ჩინებულ დონეს შესაბამისი მსმენელების არმია არ დაესწრო, მით უფრო, როცა აკლდნენ თავად კონსერვატორიის სტუდენტები.  
სიამოვნებას იწვევს ის ფაქტიც, რომ უკვე მეორე ფესტივალიდან დამკვიდრდა კარგი პრაქტიკა – ლექცია–გაცნობითი ნახევარსაათიანი საუბარი კონცერტის წინ, რაც  კონცერტზე მისულ მსმენელს უქმნიდა შესაბამის განწყობას, რათა სწორად აღექვათ შემდგომი მუსიკალური კონცერტი. ამ წამოწყებამ ჰპოვა მსმენელების ინტერესი, რასაც დამსწრეთა რაოდენობა ადასტურებდა. 
განსაკუთრებული მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ფესტივალის ძირითადი დამფუძნებლები – ჩვენი ორკესტრი -  ‘საქართველოს სინფონიეტა’ – რა სწორად და გემოვნებით იყო შედგენილი პროგრამა! როგორი ავტორიტეტები იყვნენ მოწვეულნი და რა უცხო მუსიკა აჟღერდა, რომელიც დარბაზის უმრავლესობას არასოდეს მოუსმენია.

ჩვენი ორკესტრი ჩინებულად გამოვიდა – უდავოა, მან მიიღო კარგი ‘საშტატო’ ორკესტრის სახე, რომელიც ერთნაირად უწევს კარგ პარტნიორობას სხვადასხვა მუსიკოსებს. მაგრამ, მინდა აღვნიშნო, რომ ორკესტრის შესრულების მანერა ჩემი თვალსაზრისით, მეტად თანამედროვეა,  ნაკლებად ექცევა  ყურადღება აკუსტიკას და სიფაქიზეს, არადა, ამის კარგი მაგალითი, ბერლინის ძველებური მუსიკის აკადემიის ორკესტრმა ზუსტად  გვიჩვენა.  

დავით გიგინეიშვილი

გამოქვეყნებულია გაზეთში 'საქართველოს რესპუბლიკა' 2017, 256(8393):9. (20 დეკემბერი)