Monday, September 26, 2016

ლონდონის საკონცერტო დარბაზები / London Concert Halls

ლონდონში სამეცნიერო მიზნით ჩასულმა ფართო კულტურული პროგრამაც დავგეგმე წინასწარ. პირველი წარმოდგენა, რომელსაც 13 სექტემბერს დავესწარი იყო წმინდა იოანეს სმითის სკვერზე (St.John’s Smith Square) დარბაზში ბამპტონის კლასიკური ოპერის მიერ დადგმული ‘უზენაესი კომედიები’. ეს დარბაზი წარმოადგენს მე-XVIII  საუკუნეში ინგლისური ბაროკო სტილის მანერაში აგებულ ეკლესიას, რომელიც მე–II მსოფლიო ომის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა გერმანული ავიაციის დაბომბვის შედეგად. ეკლესია მდებარეობს ვესტმინსტერის სასახლისა და სააბატოს სიახლოვეს – ვიქტორია კოშკის ბაღის წინ, იქვე, მდინარე თემზის ახლოს. ამჟამად იგი თავისი გამორჩეული აკუსტიკური თვისებების გამო კლასიკური მუსიკის დარბაზს წარმოადგენს, სადაც ევროპისა და მსოფლიო საუკეთესო ანსამბლები და შემსრულებლები გამოდიან. ადგილობრივი მოსახლეობის ინიციაცივით (ტრადიციული ევროპისათვის) ეს ნაკვეთი დანგრეული ეკლესიის შენობითურთ სახელმწიფოსაგან შეისყიდეს, ეკლესია აღადგინეს და 1969 წლიდან მას  საკონცერტო დარბაზის როლი დაეკისრა.



ბამპტონის კლასიკური ოპერა (Bampton Classical Opera) ახალგაზრდა დასია, რომელიც 1993 წლიდან ასრულებს მსმენელისათვის უცნობ კლასიკურ ოპერებს ინგლისურ ენაზე. უჩვეულო ის არის, რომ დადგმები ტარდება ღია ცის ქვეს, წმინდა მარიამის ეკლესიასთან მიმდებარე ულამაზეს პარკში საგულდაგულოდ აღმართულ სცენაზე, პატარა ქალაქ ბამპტონში (ოქსფორდშირი), შესვენების დროს, იქვე პარკში, მსმენელისათვის დაშვებულია ვახშმობა. სპექტაკლებს ასევე დგამენ შთამბეჭდავ ვესტონბირტის სკოლის ორანჟერეაში – გლოჩესტერშირში. ანსამბლი რეგულარულად ატარებს გასტროლებს ლონდონში, რომელსაც მე დავესწარი.
ამჯერად ლონდონის მსმენელისათვის დასი წარმოადგენდა ორ ერთაქტიან ოპერას – გლუკის ‘ფილემონი და ბავკიდა (1769)’ და არნის ‘პარისის განსჯა (1742)’. ამ ოპერებს აერთიანებს არა მხოლოდ ერთი მუსიკალური სტილი, არამედ ის, რომ მათში გამოყენებულია მითოლოგიური სიუჟეტი. დადგმის რეჟისორმა – ჯერემი გრეიმ, დატოვა მხოლოდ სიუჟეტური კანვა და მოქმედება თანამედროვე ეპოქაში გადაიტანა. მეტიც, ყველაფერი თვითმფრინავში ხდება, სადაც ძირითადი მონაწილეები არიან თვითმფრინავის პილოტი, ბორტ–გამცილებლები და მგზავრი. გლუკის ოპერის (‘Philemon & Baucis’) გმირები – კეთილი, ერთგული და გულგაშლილი წყვილი – ფილემონი და ბავკიდაა, ისინი შეიფარებენ უცნობ მოგზაურს. ეს ღმერთი იუპიტერია, რომელიც განრისხებულია იმ კუთხის მცხოვრებთა არასტუმართმოყვარეობით და გამონაკლისი გულკეთილობით ის მხოლოდ ამ  წყვილისათვის ირჯება  – აუგებს ტაძარს და დალოცავს მათ. წარმოდგენაში მთავარი გმირები ბორტ–გამცილებლის როლში და იუპიტერი კი – მგზავრის სახით მოგვევლინა, რომლის რისხვას გამცილებლები ცეცხლჩამქრობით აცხრობენ.  კომიკურ ვითარებას ოსტატურ ფონს უქმნიან სხვა მგზავრები და უბაჟო საჩუქრების გამყიდველი სტიუარდესა. ეს არის გვიანი ბაროკოს მუსიკის ნიმუში, სადაც ხაზგასასმელია ბავკიდის არია თავისი უძნელესი რულადებითა და მაღალი პასაჟებით, რაც განსაკუთრებულად მოქნილ და ტექნიკურ სოპრანოს ხმას მოითხოვს. ამ როლში კანადელი წარმოშობის ახალგაზრდა მომღერალი – ბარბარა კოულ უოლტონი (Barbara Cole Walton) გამოდიოდა, რომელმაც ცოცხალი ხასიათი და დახვეწილი კოლორატურა აჩვენა. მისი ხმა ზედა რეგისტრში უახლოვდებოდა სალამურის ჟღერადობას, როგორც ტემბრალურად ისევე სიძლიერით – ასეთი ფენომენალური შეფერილობის ხმა ცოცხლად არასოდეს მომისმენია, ამიტომაც მსმენელი სრულად მოიხიბლა ამ გრძელი არიით, სამწუხაროდ არიის მესამე განმეორებით ნაწილში კოლორატურა შემცირდა და მომღერალი მაღალ მი–ბემოლზე არ წავიდა. დანარჩენი ქალი შემსრულებლები ადეკვატურები იყვნენ თავიანთ როლებში,  რასაც ვერ ვიტყვით მამაკაცებზე. იუპიტერის შემსრულებელს (ქრისტოფერ ტერნერი) აკლდა შესატყვისი ტექნიკა და ხმის სილამაზე. დირიჟორი პოლ ვინგფილდი (Paul Wingfield) ამ წარმოდგენაზე ლონდონში არა ბამპტონის ოპერის ორკესტრს არამედ ანსამბლ Chroma–ს ხელმძღვანელობდა. ვფიქრობ, ამან გავლენა მოახდინა შესრულების ხარისხზე – ორკესტრი ჩანდა უსახო, აკლდა ბაროკო მუსიკისათვის სასურველი პეწი და შემართულობა.  ამას კიდევ ის ემატებოდა, რომ დარბაზი სავსებითაც არ იყო გათვლილი ოპერის დადგმისათვის, რისთვისაც ორკესტრი დირიჟორიანათ სცენის უკან განთავსდა მოქმედებიდან შირმით გადამალული.  
უფრო საინტერესო გამოდგა მეორე ოპერა – ინგლისელი კომპოზიტორის თომას არნის ‘პარისის განსჯა/The Judgment of Paris’. რომელშიც დამდგელმა ძალზე იუმორისტულად წარმართა სიუჟეტი: პარისმა მერკურის დავალებით უნდა გადაწყვიტოს – სამ მშვენიერ ქალღმერთისაგან რომელი არის საუკეთესო და დააჯილდოვოს იგი ოქროს ვაშლით. ისევ თვითმფრინავში გათამაშებული მოქმედება გვაჩვენებს სამ მშვენიერ სტიუარდესას (ვენერა, იუნონა და მინერვა), რომლებიც ცდილობენ გული მოუგონ მგზავრს (პარისს) და სთავაზობენ თავბრუდამხვევ დაპირებებს. ოპერა მერკურისა და პარისის სცენების შემდეგ პირდაპირ გადადის ქალღმერთების პაექრობაში: ვენერას არიას მოსდევს ტრიო, რომელიც დიდი კომიზმითა და არტისტიზმით იყო შესრულებული. ამ ტრიოში კარგად გამოვლინდა კომპოზიტორის ნიჭი – მუსიკალური ხერხებით გადმოგვცა ქალური მეტოქეობის სული და იმავდროულად შეინარჩუნა სიმსუბუქე და ირონია. პრეტენდენტების შეჯიბრში იმარჯვებს ვენერა, რომლისთვისაც კომპოზიტორმა კიდევ 2 არია დაწერა. სტიუარდესების კეკლუცობასა და ოინებს მოსდევს ვენერას მიერ პარისის შეტყუება ტუალეტში, რაც პაექრობის დასრულებაც აღმოჩნდა – დაპყრობილი პარისი ზუსტად ვენერას გადაცემს ჯილდოს, – ამ წყვილის ამურული ურთიერთობა არც პრესას გამოეპარება, ამიტომაც ფინალში ვენერა ამაყად აფრიალებს ბულვარულ ჟურნალს, რომლის გარეკანზე იგი პარისთან ერთადაა გადაღებული.
სამი ქალღმერთი – სტიურდესა:
მინერვა (ქ.ბეკჰაუზი), ვენერა (ა.ო'სალივენი) და იუნონა (ბ.კოყლ უოლტონი)
კლასიკურ ბაროკო მანერაში დაწერილ ოპერაში, არნე ოსტატურად და ტრადიციულად (გავიხსენოთ ჰენდელი) იყენებს სასულე ინსტრუმენტებს, რათა უკეთ წარმოაჩინოს დღესასწაულის ელფერი. ამ ოპერაში ვენერას პარტიას ასრულებდა სოპრანო აოიფე ო’სალივენი (Aoife O’Sullivan), მინერვას – მეცო–სოპრანო ქეთრინ ბეკჰაუზი (Catherine Backhouse) და იუნონას - ხსენებული ბარბარა კოულ უოლტონი.  მინდა აღვნიშნო, რომ მომღერლები ოპერას კლასიკური ოპერის შესაფერ სტილში ასრულებდნენ, – სრული ხმითა და ფორსირებით, რაც გარკვეულ დისონანსს უქმნიდა გამოცდილ მსმენელს, თუმცა ეს დადგმის საერთო ფონის (თანამედროვე ბულვარული ისტორია) შესატყვისი იყო. თომას არნი, ინგლისური მუსიკის თვალსაჩინო კომპოზიტორი, არა მხოლოდ სცენაზე, არამედ დისკოგრაფიებშიც კი ძალზე მოკრძალებულად არის წარმოდგენილი, ამიტომაც მის ლამაზ და ცოცხალ მუსიკასთან შეხება ყველა მსმენელს დიდ სიამოვნებას მიანიჭებდა. სცენური დინამიზმით, ინტრიგითა და მუსიკალური ხანგრძლივობით არნეს ნაწარმოები უფრო შთამბეჭდავად გამოჩნდა.

ლონდონის ცნობილ საკონცერტო დარბაზში – ვიგმორ ჰოლში (Wigmore Hall) უკვე 14 სექტემბერს მეტად საინტერესო საღამო იმართებოდა. დარბაზი აშენდა 1904 წელს ფორტეპიანოს გერმანელი მწარმოებლის ბეხშტეინის მიერ, რომელიც 12 წლის შემდეგ გადავიდა ბრიტანელი მეპატრონის მფლობელობაში. ადრეულ წლებიდან დარბაზში მუსიკის დიდი ვარსკვლავები გამოდიოდნენ – როგორც ვოკალისტები (კარუზო, მელბა და ა.შ.) ასევე პიანისტები (შნაბელი, რუბინშტეინი და ა.შ.) და დირიჟორები. დარბაზი ვიგმორის ქუჩაზე საცხოვრებელი შენობებს შორის არის განლაგებული და მხოლოდ წინწამოწეული რკინის ფარდულიანი შესასვლელით გამოიყოფა მეზობელ შენობებიდან. როგორც წინა დარბაზში (ჯონ სმიტ სკვერის) ვიგმორ ჰოლშიც იგივე ტრადიცია დამხვდა – ნულოვან სართულზე დიდი რესტორანი იყო განთავსებული, როგორც ჩანს გასტრონომიული და მუსიკალური დაწესებულებების სიმბიოზი ფისკალური ინტერესებით არის განპირობებული. 

აღნიშნულ საღამოს სახელგანთქმული ორკესტრი ‘The English Concert’ ასრულებდა სერვანტესის ‘დონ კიხოტით’ შთაგონებულ მუსიკას, დაწერილს ბაროკოს ეპოქაში. პირველ ნაწილში გაისმა ჰენრი პიორსელის მუსიკა თეატრალური პიესისათვის – სუიტისა და ვოკალური ნაწილის სახით. აქ ორი მომღერალი – ანა დევინი (Anna Devin) და მეთიუ ბრუკი (Matthew Brook) წარდგნენ არიებითა და დუეტით, რომელიც სერვანტესის რომანის ზოგიერთ სცენას ასახავდა.  ზომიერად სევდიანი მუსიკა დროდადრო სადღესასწაულო ელფერს იძენდა, არიების ნაწილი სრულდებოდა ტრადიციულად, მცირე აკომპანიმენტით (კლავესინი, ჩელო და ლუთნა). შესრულება ორკესტრის მხრიდან იყო ზედმიწევნით მკაფიო და პროფესიონალური, დიდი აქცენტით სიმებიანებზე. ამ ორკესტრის შესრულების ხარისხი აღემატებოდა წინა დღის მოსმენილ შესრულებას. ბანი, ბახისა და ჰენდელის ვოკალური მუსიკის მრავალი ჩანაწერების თანამონაწილე, – ამ საღამოს ბაროკო მუსიკის გამოცდილ ვოკალისტად წარმოგვიდგა, მისი მჭიდრო ხმა კარგად უმკლავდებოდა პასაჟებს, თუმცა ზედა რეგისტრში ხმა კარგავდა ფოკუსს და ეპარებოდა სირბილე. ახალგაზრდა სოპრანო ანა დევინი არ ერიდებოდა სრული ხმით შესრულებას (განსაკუთრებით ზედა ნოტების), რითაც წინა დღის ქალი ვოკალისტები გამახსენა.

მაგრამ ამ საღამოს ნამდვილი მარგალიტი გეორგ ფილიპ ტელემანის სუიტა ‘დონ კიხოტი/Le Burlesque de Quichotte, TWV55:G10’ იქცა. ტელემანის კამერული მუსიკის ეს ბრწყინვალე ნიმუში, დაწერილი მხოლოდ სიმებიანებისათვის, ძველებური ინსტრუმენტების პრაქტიკულად ყველა თანამედროვე გერმანულ ანსამბლს აქვს ჩაწერილი, რომელთა უმრავლესობა მოსმენილი მქონდა. ინგლისურმა ანსამბლმა ჰარი ბიკეტის (Harry Bicket) ხელმძღვანელობით შემოგვთავაზა ძალზე ცოცხალი, უფრო ფორტისიმოზე აწყობილი შესრულება ვიოლინოების დომინანტით. შესრულებას ერთი თავისებური სიახლე ახლდა – შვიდ ნაწილიანი სუიტის შუალედებში გამოდიოდა თეატრის მსახიობი, დანა მაკალერი მთხრობელის სახით, რომელიც   სერვანტესის რომანიდან ზოგიერთ ეპიზოდს კითხულობდა,  რაც შეესატყვისებოდა სუიტის ნაწილებს: სიტყვამ გაამდიდრა მუსიკა და პირიქითაც. ექსპერიმენტმა გაამართლა – ტელემანის მუსიკა, სავსე ბურლესკით და ცეკვით, რასაც  რაღაც მავრიტანულიც დაჰკრავდა, მაღალი პროფესიონალიზმით შესრულდა. იტალიური ვირტუოზებისათვის დამახასიათებელი ინსტრუმენტული აქცენტები არ იგრძნობოდა, შესრულების მანერა სუფთა ბრიტანული (კონსერვატული) იყო. მაგრამ დარბაზის კარგმა აკუსტიკამ და ორკესტრის იდეალურმა სინქრონულობამ დაუვიწყარი ეფექტი შექმნა.

ბამპტონის კლასიკური ოპერა: შესრულება – მომღერლები–3.4, ორკესტრი–3, დადგმა–4
დონ კიხოტი (The English Concert): შესრულება–4.5

დავით გიგინეიშვილი

გამოქვეყნებულია ჟურნალ 'საქართველოს ბობლიოთეკა'–ში 2016; #4(65):43–5.

St John’s Smith Square, London; Tuesday 13th September 2016.

Bampton Classical Opera - 'Divine Comedies'


G.W.Gluck (1714–1787): Philemon and Baucis
Baucis - Barbara Cole Walton,
Philemon - Catherine Backhouse,
Jupiter - Christopher Turner,
Chorus soprano (shepherdess) - Aoife O’Sullivan

Thomas Arne (1710–1778): The Judgment of Paris

Venus - Aoife O’Sullivan,
Juno - Barbara Cole Walton,
Pallas - Catherine Backhouse,
Paris - Christopher Turner,
Mercury - Robert Anthony Gardiner

Director/designer - Jeremy Gray
Orchestra 'Chroma'
Conductor - Paul Wingfield

----------------------------

Wednesday 14 September 2016
Wigmore Hall, London


‘Don Quixote’

The English Concert
Anna Devin soprano
Matthew Brook bass-baritone
Danann McAleer narrator
Harry Bicket director, harpsichord


Henry Purcell  (c.1659-1695)
The Married Beau Suite Z603 (excerpts)
The Comical History of Don Quixote Z578 (excerpts)

Georg Phillipp Telemann        (1681-1767)
Ouverture-Suite 'Burlesque de Quixotte' TWV55:G10