ევროპაში ერთ–ერთი წამყვანი მუსიკალური
ქალაქი, რომელიც ამკვიდრებდა მუსიკალურ გემოვნებას და ტრადიციებს უდავოდ არის
ვენა, რაც პირველ რიგში ავსტრიული იმპერიის სათავეში ჰაბსბურგების დინასტიის
ხანგრძლივმა და წარმატებულმა მმართველობამ განაპირობა. მუსიკის მიმართ ავსტიული
მონარქების ხაზგასმული პროტექციონიზმი დაიწყო მე–XVIII საუკუნიდან, ამან შემდგომში ისეთი სახელები აჩუქა მუსიკალურ სამყაროს
როგორიცაა გლუკი, ჰაიდნი, მოცარტი და ა.შ. ამ ტრადიციების კვალდაკვალ ვენის
სახელმწიფო ოპერა ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს მთელ ევროპაში – სეზონზე
დაკავებულია საოპერო სცენის მსოფლიო ვარსკვლავები და სპექტაკლები პრაქტიკულად
ყოველდღიურად იდგმება. ექვს–წლიანი პაუზის შემდეგ ამ ზაფხულს საშუალება მომეცა
კიდევ ვწვეოდი ვენას – მისი სოპერო რეპერტუარიდან ორმა დადგმამ მიიპყრო ჩემი ყურადღება,
რომელიც მიყოლებით უნდა განხორციელებულიყო. ვერდის ‘მაკბეტი’ და გლუკის ‘ალცესტა’.
ნამდვილად გარკვეულ ბედისწერას ჰქონდა ადგილი, რადგან ამ ორივე (სრულიად
განსხვავებული ჟანრისა და სტილის) ოპერაში წამყვანი – ქალის პარტიაა, რომელიც
კლასიკური ტრაგედიის გმირია. შესაბამისად სპექტაკლის წარმატებულ წარმართვას კარგი
ხმის გარდა სამსახიობო ნიჭი და რეჟისორული მიდგომა ესაჭიროება. მეც როგორც კი ინტერნეტიდან
(http://www.wiener-staatsoper.at) ამ სპეტაკლების შემადგენლობას თვალი გადავავლე
მაშინვე ინტერესი გამიჩნდა.
ვენა ტრადიციულად თბილ, ლიბერალურ ფერებში
დამხვდა. მასთან კონტრასტში საპასპორტო კონტროლის ოფიცერმა ქალმა დოკუმენტების
დიდი “კირკიმალის” შემდეგ მოულოდნელად დამატებითი მონაცემები გამომართვა,
ისე მომექცა თითქოს ვიზა არ მქონოდა და უვიზო მიმოსვლა უკვე
შემოღებული იყო. არადა მქონდა ეს ვიძა და თან როგორი: გადამეტებულად პედანტურ და
არაკეთილგანწყობილ შვეიცარიის საელჩოს საკონსულოს განყოფილების მიერ მეტისმეტად ჭირვეულად გაცემული.
ვენაში ამინდი ისეთივე არეული იყო, როგორიც
თბილისში დავტოვე – მზეს ქარი ცვლიდა, ქარს ღრუბლები და წვიმა მოჰყავდა. მაგრამ
ყოველივე ამას ხელი არ შეუშლია 15 ივნისს ოპერაში ხალხმრავლობა ყოფილიყო. ტრდიციულად,
მოსული პუბლიკის სულ ცოტა მეხუთედს აზიური წარმოშობის მოქალაქეები წარმოადგენდა,
რომლებიც ძირითადად პარტერისა და ლოჟების რიგებს იკავებდნენ. ასევე შესამჩნევი იყო
რუსული წარმოშობის პუბლიკა. გერმნულენოვნები კი ტრადიციულად სმოკინგში და ქალბატონები
- გამომწვევ მოკლე კაბებში იყვნენ
გამოწყობილნი. ერთი სიტყვით სიჭრელე თვალში საცემი იყო, თუმცა ჭარბობდა ტრადიციული
გამოსასვლელი ტანსაცმელი.
დარბაზში შესულს უცნაური ფარდა დამხვდა.
მასზე გამოსახული იყო თანამედროვე ტანისამოსში გამოწყობილი შავგვრემანი ქალბატონი,
იატაკზე მუხლებით ჩამომჯდარი რაღაც უფანჯრებო და უავეჯო ინტერიერში, რომლის
კედლები მოდერნისტულ ცისფერ–მოწითალო ფერებში იყო მოხატული. არ ვიცი ეს მიმდინარე
სპექტაკლების სიუჟეტურ ხაზის უნისონად უნდა ჩამეთვალა თუ რაიმე სხვა გარემოება ედო
ამას საფუძვლად... ოპერის პრესცენტრმა მე ‘მაკბეტის’ სპექტაკლზე პარტერის მე–13
რიგის მარჯვენა მხარეზე მომცა ადგილი, სადაც საშუალო ასაკის ავსტრიელი ქალბატონებით გარშემორტყმული აღმოვჩნდი.
კიდევ ერთი მოულოდნელობა – ჩემთვის უცნობი
დირიჟორი – სიმონე იანგი (Simone Young), ქალბატონი აღმოჩნდა. დღევანდელ დღეს მე
უკვე არაფერი მიკვირს, მაგრამ ქალი–დირიჟორი ვერდის ამ უძნელეს პარტიტურაში
ნამდვილად გაკვირვებას უნდა იწვევდეს. ავსტრალიელი წარმოშობისა იგი უკანასკნელ
წლებში გერმანულ და ავსტრიულ ორკესტრებს ხელმძღვანელობდა და შესაბამისად ითვლებოდა
გერმანული კლასიციზმისა და რომანტიზმის საუკეთესო ინტერპრეტატორად. აკუსტიკა, რომლითაც ვენის საოპერო თეატრი ვერ
დაიკვეხნის, ჩემ ამჟამინდელ ადგილას არც ისე შეცვლილი იყო. ორკესტრი კარგად
ჟღერდა, ხმები ჩავარდნილი არ იყო. პრელუდიიდანვე დირიჟორმა სწრაფი ტემპი აირჩია –
პარალელურად ვიზუალური ეფექტების საშუალებით სცენაზე ჩამოწვა წითელი ბურუსი,
რომელიც უსაშველოდ იზრდებოდა, გეგონებოდა ცოტაც და ჩაყლპავდა მსმენელს, ამ ფონზე
ქალის ფიგურა მოსასხამს ააცლის მიწაზე
გაშხლართულ მამაკაცს და იკარგება სცენის
სიღრმეში. გამოჩნდა ბეტონის კედლები და ქარიშხლოვანი მუსიკის ფონზე (უმალვ ჩნდება პარალელი
‘რიგოლეტოს’ ქარიშხალთან) მოუსვენარი კუდიანების გუნდით იწყება ვერდის ‘მაკბეტი’.
რეჟისორულად მოქმედება გადატანილი იყო მე–XX საუკუნის მიწურულს, სიმბოლურად ეს
ნებისმიერი ევროპული, ლათინურამერიკული ან აღმოსავლეთის ქვეყანა შეიძლება ყოფილიყო.
ვერდისათვის ‘მაკბეტი’ შექსპირთან პირველი
შემოქმედებითი შეხვედრა იყო. და როგორც დიდ გენიოსებს ახასიათებთ, ასეთმა შემოქმედებითმა
დუეტმა მუსიკალური სიახლეები წარმოქმნა, რადგან იტალიური ოპერისთვის დამახასიათებელი
ვოკალური სტანდარტებით შექსპირის მუსიკალური დრამის გადმოცემა შეუძლებელი იყო.
ვერდიმ დეკლამაციაზე, თამაშზე და ვოკალურად განსხვავებული ხერხების (დახშულ, ნახევარხმაზე
მელოდიის შესრულება) გამოყენებაზე გააკეთა მთავარი აქცენტი, რაზედაც 1847 წლის
პირველ დადგმის დროს (ფლორენცია, თეატრი ‘ლა პერგოლა’) მიაქცევინა ყურადღება
მომღერლებს, რომლებიც სპეციალურად ამოარჩია ამ ოპერისათვის. მოგვიანებით, როდესაც
პარიზის ოპერამ მას ახალი დადგმა შეუკვეთა, ვერდიმ ისარგებლა პარიზის ოპერის
წინადადებით და გადააკეთა ნაწარმოები: დაამატა სცენები, უპირატესად მესამე და
მეოთხე აქტისათვის, რამაც დრამატურგიულად გაამდიდრა ოპერა, რომელიც უკვე 1865 წელს
დაიდგა. ამჟამად ეს ვერსია იდგმება ხოლმე სცენაზე. ეს იყო ვერდის მეათე ოპერა და
მისი პირველი სერიოზული მცდელობა შეექმნა იმ დროისათვის ახალი სტილის
რეფორმატორული ნაწარმოები – მუსიკალური თეატრალური დრამა. არც ისე მარტივია გაარჩიო, თუ რომელი პერსონაჟია
ამ ოპერის ღერძი – მაკბეტი თუ ლედი მაკბეტი. თავად ვერდიმ ოპერის ოთხი აქტი ისე
დატვირთა მუსიკალურად, რომ მაკბეტს მხოლოდ ერთი არია განუწესა ოპერის ფინალში
(Pieta rispetto, amore) ბრძოლის წინ, როდესაც აჯანყებულები მაკდუფი და მოკლული
მეფისწული მალკოლმი გააერთიანებენ ძალებს ტირანის დასამარცხებლად. და ლედი მაკბეტს
კი – მეორე აქტის შესწორებულ 1865 წლის ვერსიაში (La luce langue), სადაც ლედი
მაკბეტი აქეზებს მაკბეტს ახალი დანაშაულისკენ ( იგულისხმება ბანკოსა და მისი
შვილის მკვლელობა, რომლებიც, კუდიანების
წინასწარმეტყველებით, მეფე დუნკანის სიკვდილის შემდეგ შეიძლება შოტლანდიის ტახტზე
ასულიყვნენ). მუსიკის დიდი ნაწილი დათმობილი აქვს დუეტებს (ორი ლედი მაკბეტისა და
მეკბეტის და ერთი მაკბეტისა და ბანკოსი) და დიდ სცენებს – მაკბეტის სცენა
მოლანდებებით (Finche appelli, silenti), ლედი მაკბეტის სომნამბულიზმის სცენა (Una
macchia… e qui tuttora!) და გრანდიოზული მეორე აქტის ფინალი, სადაც ორგანულად
არის ლედი მაკბეტის ულამაზესი სამაგიდო სიმღერა (Si colmi il calice). ამ სცენების
მიღმა სხვა პერსონაჟები მხოლოდ სქემატურად არიან მონიშნულნი – შედარებით სრულად
მოხაზულია შოტლანდიის მხედართმთავარი ბანკო, ერთი ტენორის არია კი დათმობილი აქვს
მაკდუფს, რომელიც აჯანყებულებს ხელმძღვანელობს.
რეჟისორულად ვენის სპეტაკლი მინიმალისტური მანერით იყო შესრულებული – ამისათვის გონივრულად
გამოიყენეს მცირე დეკორაციები – ბეტონის კედელი, რომელსაც ზოგჯერ კიბეც ახლდა
(მაგრამ რომელიც მოხერხებულად და სწრაფად გარდაიქმნებოდა შემდგომი სცენისათვის
სხვა ფორმის კედლად; სცენის
დიზაინერი– გარი მაკკაანი/Gary McCaan). კოსტიუმები კი თანამედროვე სამხედროების ფორმას წარმოადგენდა –
გარდა ქალი პერსონაჟებისა (კუდიანების, ლედი მაკბეტისა და კარის მოახლე
ქალბატონისა), რომელთა შორის მხოლოდ ლედი მაკბეტის ტანისამოსი იყო მრავალფეროვანი.
საინტერესოდ იყო გადაწყვეტილი მაკბეტის მოლანდებების სცენა – თანმიმდევრულად მაკბეტის
საწოლთან ჩნდებოდა ჯერ კუდიანების ლანდი და მერე ბავშვების – როგორც სისხლიან მანტიაში
ასევე გვრიგვინით, რომლითაც თავად მაკბეტს შეამკობენ საბოლოოდ. ამ და სხვა სცენებში
რეჟისორი იყენებდა წმინდა კინემატოგრაფიულ მანერას , რამაც გამიმძაფრა ის აზრი,
რომ თავად ვერდიმ ‘მაკბეტის’ მოქმედების დაგეგმარებისას პროფესიონალური კინომონტაჟის
ხერხები გამოიყენა. ცხადია,
იგულისხმება დღევანდელი გადასახედი, თორემ მაშინ კი ეს რევოლუციური თეატრალური რეჟიროსული
ჩანაფიქრი იქნებოდა უთუოდ.
იტალიური კლასიკური ოპერისათვის
არასასურველი რეჟისორული და სცენოგრაფიული
მინიმალიზმის მიუხედავად ვერდის ჩანაფიქრი და მუსიკალური ტილო არ გადასულა
მეორე პლანზე. მუსიკალური დრამა იყო თეატრალურად მაინტრიგებელი და ძალზე მიმზიდველი მუსიკალურად. და ეს პირველ
რიგში ვერდის უკვდავი მუსიკის დამსახურებაა. მაგრამ ამ შთაბეჭდილების
ჩამოყალიბებაში შემსრულებლებმა არანაკლები როლი ითამაშეს. გარდა იტალიელი ბანისა
ფერუჩო ფურლანეტოსი (ბანკოს პარტიაში) ყველა მომღერალი ჩემთვის უცნობი იყო.
მაკბეტის პარტიაში გამოდიოდა პოლონელი ბარიტონი ანდრჟეი დობერი (Andrzej Dobber) –
მაღალი, ჩამოსხმული მრგვალსახიანი მამაკაცი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო
კარგი ფრაზირებითა და საკმაოდ თანაბარი შესრულებით მთელი ოპერის მანძილზე. მისი
ხმა რაღაცით რენატო ბრუზონისა და პიერო კაპუჩილის ნაზავს წააგავდა – ისმოდა ყველა
ადგილიდან კარგად და სრულფასოვნად. ეს იყო ტიპიური ვერდის ბარიტონალური ხმა. აღსანიშნავია,
რომ მისი წლევანდელი რეპერტუარი ზუსტად ვერდის ოპერების ცენტრალური პარტიების
შესრულებით არის გაჯერებული როგორც გერმანიის (ჰამბურგი, ბერლინი, მიუნხენი,
დრეზდენი) ასევე ვენის საოპერო თეატრებში. მასთან კონტრასტულად ლედი მაკბეტის როლში
– რუსი სოპრანო, ტატიანა სერჟანი პირველი აქტის კავატინაში (Vieni! t'affretta),
სადაც დეკლამაციის დიდი ნაწილია, სრულად უფეროვნად მომეჩვენა, რადგან მისი
იტალიური უფრო რუსულს წააგავდა და ვოკალურად არც ისე დამაჯერებელი იყო (ქვედა
რეგისტრი მეტად რბილი და ნაკლებად ჟღერადი,
ტემბრალურად კი მეცოსოპრანოს წააგავდა, აქა იქ გამოკვეთილი ვიბრატოთი). შემდგომ,
ოპერის მსვლელობისას მან გააუმჯობესა შესრულება – მისი დრამატული და დახშული ხმა
უფრო ლაღად გაისმა, ტექნიკური ხარვეზებიც
არ შეიჩნევოდა. სერჟანი სანკტ–პეტერბურგის ‘მარიინის’ ოპერის სოლისტია, სადაც
ასევე ძირითადად ვერდის ოპერებშია დაკავებული. რიკარდო მუტის ხელმძღვანელობით მან
უკანასკნელი წლებია იტალიის თეატრებში ვერდის ადრეულ ოპერებში წამყვანი პარტიები
იმღერა (‘ნაბუკო’, ‘ერნანი’, ‘ორი ფოსკარი’, ‘ატილა’, ‘ბრძოლა ლენიანოსთან’). ლედი
მაკბეტი მისი ერთ–ერთი წარმატებული პარტიად ითვლება.
![]() |
მაკბეტის მოლანდებების სცენა |
![]() |
ტ.სერჟანი ლედი მაკბეტის პარტიაში |
ფურლანეტომ დამაჯერებელი სახე შექმნა,
მაგრამ მისმა ხმამ დაკარგა გარკვეული სიმაგრე, განსაკუთრებით ქვედა რეგისტრში.
აღსანიშნავია ესპანელი ტენორი ხორხე დე ლეონი (Jorge de Leon), რომელსაც
იმპულსური, ემოციური სიმღერის მანერა ჰქონდა და არ გამოირჩეოდა კარგი ლეგატოებით,
მაგრამ იგი მარტივად აფრქვევდა ზედა რეგისტრის ნოტებს, რადგან სრულიად არ უჭირდა
ამ დიაპაზონში. მას ჩინებული პარტნიორობა გაუწია მეორეხარისხოვანი მალკოლმის როლის
შემსრულებელმა, ჩინელმა ტენორმა – ჯინხუ ხიაჰოუმ (Jinxu Xiahou). ორივე ეფექტურად
გამოჩნდა ოპერის ბოლო აქტში (La patria tradita და Vittoria, Vittoria!).
მიუხედავად ხარვეზებისა, რომელიც როგორც რეჟისორულ ასევე ვოკალურ მხარეს ეხება და,
რაც ასე ტრადიციული გახდა ვერდის ოპერების შესრულებისას ევროპის საუკეთესო სცენაზე,
სპექტაკლს მაინც გამოვყოფდი მყარი და სწორი ვოკალური ხაზისა და შეკრულობის გამო.
ყოველ შემთხვევაში, მე დიდად კმაყოფილი დავრჩი ამ სასიამოვნო და უცხო საოპერო
სპექტაკლის ნახვით და მოსმენით, არასოდეს აქამდე ვერდის ‘მაკბეტი’ სცენიდან არ
მომისმენია.
P.S. უკვე როდესაც ეს წერილი მზად იყო, მოულოდნელად
ხელში ჩამივარდა 2015 წლის ოქტომბრის ვენის სახელმწიფო ოპერაში ვერდის ‘მაკბეტის’
საპრემიერო წარმოდგენის ვიდეო ჩანაწერი, სადაც იგივე დასი მონაწილეობდა, გარდა მაკბეტის
შემსრულებლისა (ჟორჟ პეტეანი) და
დირიჟორისა (ალენ ანტილოგლუ). ამან გარკვეულად გაანელა ზოგადი დადებითი
შთაბეჭდილება, რადგან სიმონე იანგს ამ ოპერაში უკვე გაწვრთნილი ორკესტრი დახვდა და
ტატიანა სერჟანს საპრემიერო ღელვა ჩამცხრალი უნდა ჰქონოდა, თუმცა ჩანაწერში მომღერლის
იგივე (თუ მეტი არა) ხარვეზი ვლინდებოდა, რაც ზემოთმოყვანილ წარმოდგენაში.
საერთო შთაბეჭდილება – 3.8
დადგმა–3
ვოკალი – 3.8
ორკესტრი–4დავით გიგინეიშვილი
გამოქვეყნებულია ჟურნალში 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2016; 3(64):47–50.
Wiener Staatsoper - 15.06.2016
Giuseppe Verdi "MACBETH"
Conductor: Simone Young
Stage director: Christian Räth
Chorus and Orchestra of the Vienna State Opera
Andrzej Dobber - Macbeth
Tatiana Serjan - Lady Macbeth
Ferruccio Furlanetto - Banquo
Jorge de Leon - Macduff
Jinxu Xiahou - Malcolm
Said Grohe - Fleance