ბრემენის მუსიკალურ
ფესტივალზე, გარდა მრავალჟანრიან კონცერტებისა, იდგმებააგრეთვე
სრული ოპერაც. 2015 წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა ორი სპექტაკლი ჩასვეს
პროგრამაში: მოცარტის ‘- მოტაცება სერალიდან’ და როსინის ‘- კონკია/La Cenerentola’.
ეს უკანასკნელი ფესტივალის ბოლო დღეს (19 სექტემბერი) უნდა გამართულიყო და რამაც
მეტად მიიპყრო ჩემი ყურადღება – წარმოდგენას დირიჟორობდა ბაროკო მუსიკის
აღიარებული მაესტრო ფაბიო ბიონდი (Fabio
Biondi) თავის ძველებური საკრავების ორკესტრთან ‘Europa Galante’.
ბიონდის თან მოჰყავდა იტალიელი ვოკალისტები და სახელგანთქმული ვივიკა
ჟენო (Vivica Genaux),
რომელსაც მთავარი პარტია უნდა ემღერა. დასი მხოლოდ ფესტივალის დასვნით
საღამოზე მონაწილეობდა შესაბამისი საკონცერტო ნაწარმოებების შესრულებით.
ეს იყო ბაროკო
მუსიკის სპეციალისტის „შეჭრა“ ბელ კანტოში, რაც ძალზე იშვიათი მოვლენაა,
მხოლოდ უკანასკნელ წლებში იტალიელმა დირიჟორებმა (ა.დე მარკი, ჯ.ანტონინი) მიიღეს
ეს გამოწვევა, მაშინ, როდესაც ბელინის ოპერები შეასრულეს სცენაზე. ამდენად ორმაგი
ინტერესით გავეშურე სპექტაკლზე – ნეტავ როგორ აჟღერდებოდა ბაროკოს
შემსრულებლის ხელში როსინის ოპერა და ასევე მინდოდა მომესმინა ჟენო ანჯელინას
პარტიაში.
სპექტაკლი ბრემენის
‘ზარ’–ში (Die Glocke) ტარდებოდა და ამიტომაც დიდ კამერულ დარბაზში ორკესტრი
სცენაზევე მოეწყო, მათ უკან კი გუნდი განლაგდა. ბიონდი ნამდვილ ფალადებიან ფრაკში
და ვიოლინოთი ხელში რაღაც ხელოვნურად დადგმულ საფეხურზე ავიდა, საიდანაც იგი
ორკესტრს ხელმძღვანელობდა. მის მარჯვნივ კი ერთ მწკრივში მთავარი სოლისტები
მოთავსდნენ. ორკესტრი არ იყო მცირერიცხოვანი – 12 ვიოლინო, ორი ალტი, ორი ჩელო და
ორი კონტრაბასი წარმოადგენდა სიმებიანთა მთავარ ჯგუფს. უჩვეულო იყო ძველებური
მანდოლონა და კლავიჩემბალო, რომლებიც ორკესტრს განსხვავებულ ჟღერადობას აძლევდნენ.
უვერტიურა შედარებით ნელ ტემპში შესრულდაფინალში სასულე ინსტრუმენტების მკვეთრი აქცენტით.
![]() |
ვ.ჟენო, ფ.მარსილია, კ.დალიოტი, ბ.დე სიმონე (მარცხიდან მარჯვნივ) |
როგორც
მკითხველისათვის ცნობილია, პირველი აქტი მოკლე ინტროდუქციით იწყება, რომელშიც
მონაწილეობენ დონ მანიფიკოს ქალიშვილები კლორინდა (სოპრანო დამიანა მიცი/Damiana
Mizzi) და ტისბე (მეცო–სოპრანო ადრიანა დი პაოლა) და ‘კონკია’ ანჯელინა. ამ
დროს, კარზე მომდგარ უცნობ მათხოვარს (სინამდვილეში - პრინც რამიროს
დამრიგებელ ალიდოროს (ბარიტონი რენატო დოლჩინი/Renato Dolcini) ანჯელინა
თავშესაფარს და თბილ საკვებს შესთავაზებს. ამ სცენაში და შემდგომშიც ყვავილებით
მოქარგულ ელეგანტურ შავ კაბაში გამოწყობილი ჟენო დირიჟორის გვერდით იდგა. მისგან
მარცხნივ კი დანარჩენი მომღერლები. დები კლორინდა და ტისბე სხვადასხვა ფერის
ლამაზ კაბებში იყვნენ გამოწყობილნი: კლორინდა წითელ კაბაში, ტისბე –
მოლურჯო–მოცისფრო ფერისაში, მამაკაცებს კი ტრადიციული შავი
ფრაკ–კოსტუმები ეცვათ. ბიონდი დირიჟორობისას მომღერლებისაკენ ხშირად
იყურებოდა და ვიოლინოს ხემს ისე იქნევდა, რომ მაყურებლის თვალში ჟენოს ნამდვილად
საფრთხე ემუქრებოდა. თუმცა ეს უკანასკნელი არხეინად აგრძელებდა თავის პარტიას.
მიუხედავად საკონცერტო შესრულებისა დადგმას დინამიზმი არ აკლდა.
როგორც მე ვივარაუდე – ექსპრესიული იტალიელები თეატრალური პანტომიმით შეიარაღდნენ და აქა–იქ აქტიური სცენური მოქმედებაც კი აჩვენეს.
მარტივი და გასაგები სიუჟეტი მათ ხელში ცოცხალ და კომიკურ სპექტაკლად იქცა. ეპიცენტრში ორი პერსონაჟი
აღმოჩნდა
– დონ მანიფიკო (ბარიტონი ბრუნო
დე
სიმონე/Bruno de Simone) და დანდინი (ბარიტონი კლემენტე ანტონიო დალიოტი/Clemente Antonio Daliotti). თავისი ვოკალური, მსახიობური და ვიზუალური
თვითმყოფადობით
ამ ორმა მომღერალმა საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა და განსაკუთრებით გამოვყოფდი ცნობილ იტალიელ ბარიტონს – ბრუნო დე სიმონეს.
58 წლის
ნეაპოლელი
მომღერალი
იერითა და თეატრალური შესაძლებლობებით იდეალურად მიესადაგა ყოყლოჩინა, ეგოისტ, პროვინციელ და ქალიშვილების
ბედზე
მზრუნველ
მამის როლს და მისი სამსახიობო პალიტრა იყო ძალზე თვითმყოფადი, სრულიად განსხვავებული იმისაგან, რაც სულ ახლახანს ნეაპოლის სან–კარლოს თეატრში ვნახე და მოვისმინე
(იხილე ‘საქართველოს
ბიბლიოთეკა’ 2015, 3(60): გვ.62-65). იმ საღამოს მან მსმენელისა
და მაყურებლის გული სრულად დაიპყრო. მაგრამ წმინდა ვოკალურად
მისი ინტერპრეტაცია უნაკლო არ იყო – ამიტომაც ცნობილ კავატინაში (No.2 Miei rampolli femminini) მან ნელი ტემპი ამჯობინა. ჩანდა, რომ მომღერალს ქვედა და ზედა დიაპაზონში უკვე ხმის სირბილე შეპარვოდა. დანდინის პარტიაში ჩემთვის სრულიად უცნობი ახალგაზრდა
ბარიტონი დალიოტი გამოდიოდა. წვერ–ულვაშიანი, სუსტი მამაკაცი, შავი ყელსაბამით, ამ ძუნწი ნიშნებითაც
კი
ქმნიდა კომიკურ ატმოსფეროს, რომ არაფერი ვთქვათ მის თამაშზე,
რამაც ხელი შეუწყო ვოკალურად გამკლავებოდა არც ისე დატვირთული პარტიის შესრულებაში. შთამბეჭდავი გამოვიდა ამ ორი მსახიობის ცნობილი დუეტი მეორე აქტიდან (No.11 Un segreto d’importanza), რომელშიც დანდინი უმხელს დონ მანიფიკოს, რომ იგი ‘გადაცმული’ და არა ნამდვილი დონ რამიროა.
![]() |
დირიჟორი ფ.ბიონდი, ვ.ჟენო (ანჯელინა) და ფ.მარსილია (დონ რამირო) |
მაშინ როდესაც არც
ერთი ზემო ნახსენები მომღერალი (გარდა ტისბეს პარტიის შემსრულებლისა) არ მღეროდა ნოტების დახმარებით, დონ რამიროს პარტიის შემსრულებელი – ტენორი ფრანჩესკო მარსილია პირდაპირ არ
სცილდებოდა პიუპიტრს. ეს
ახალგაზრდა, მაღალი და
და ოდნავ სრული მამაკაცი ხშირი თმებით, აბსოლუტურად ამოვარდნილი ჩანდა დასიდან. მიუხედავად თბილი სამხრეთოვანი ხმისა, იგი
პარტიისადმი სრულიად მოუმზადებელი ჩანდა. ამის გარდა უკვე პირველ დუეტში ანჯელინასთან (No.3 Un soave non
so che in quegl’occhi) მაღალ რეგისტრში მას
ხმა გაუტყდა, რაც დასავლური სცენიდან არასოდეს ჯერ
არ მომისმენია. შემდგომ უკვე ტექნიკისა და ზედა დიაპაზონის სისუსტეც აშკარად გამოავლინა. ამას კიდევ მსმენელი აპატიებდა, რომ
რაიმე სამსახიობო ნიჭი მაინც ეჩვენებინა. მაგრამ ამაოდ – მარსილია და პიუპიტრი რაღაც განცალკევებულ კუნძულს წარმოადგენდა, რომელიც ერთადერთ და ძირითად დისონანს ქმნიდა იმ
საღამოს. გასაკვირი იყო, რატომ წავიდა დირიჟორი დონ რამიროს ურთულესი არიის გუნდთან შესრულებაზე მეორე აქტის დასაწყისში (No.9 Si ritrovarla
io giuro), რომელიც ტრადიციულ კუპიურას წარმოადგენს. ტენორმა იგი ფალცეტით (და ისევ ხმის გატეხვა!) და უღიმღამოდ იმღერა, რითაც სავსებით დაჩრდილა როსინის ეს უმშვენიერესი მუსიკა. ვოკალურად სრულიად საწინააღმდეგო აღმოჩნდა ვივიკა ჟენო – თხელი, ხორბლისფერი კანითა და
გადაწეული გიშრისფერი თმებით იგი ისევ მომხიბლელად გამოიყურებოდა, როგორც 2008 წელს პარიზის სცენაზე და ვოკალურად ვერცხლისწყალივით მოქნილს და სწრაფს – როგორც კი
მიეცემოდა საშუალება იგი
ფანტასტიკურ ტრელებს ჩართავდა შესრულებაში, რისი უბადლო ოსტატიც არის. მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, დირიჟორის მიერ დიდი ცვლილებების (სავარაუდოდ პარტიტურის განსხვავებული – და როგორც მოგვიანებით გაირკვა როსინის პირველი 1817 წლის ვერსიის) გამო ჟენოს ვოკალური შესაძლებლობების გამოვლენა და
მისი ფორმის შეფასება ვერ მოვახერხე.
პირველ აქტში ცვლილება შეეხო
ალიდოროს არიას – ნაცვლად ცნობილი დიდი არიისა (No.6 La del ciel nell’arcano) შესრულდა
ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი მოკლე ალტერნატიული ვერსია (Vasto
teatro è il mondo). მაგრამ ძირითადი ცვლილებები მეორე აქტს შეეხო.
იგი უცნაური გუნდით დაიწყო (Ah, della bella incognita),
რომელშიც დონ რამიროს ამალა თავის მსხვერპლს – დონ მანიფიკოს დასცინის. შემდგომი სცენები
ქარიშხლამდე უცვლელი იყო. სრულიად ამოვარდა ანჯელინას უცნობილესი კანცონეტა, სადაც
იგი თავის ბედს დასტირის (Una volta c’era un Re). თავად ქარიშხლის სცენა ისე სწრაფად
შესრულდა, რომ მე ვერც კი მოვახერხე ბუნების სტიქიის ატმოსფერო გამეზიარებინა. შემდგომ
შესრულდა ტრადიციული სექსტეტი, თუმცა მისი მეორე ნაწილი შემოკლებული და ოდნავ სახეცვლილი
იყო, რომლის შემდეგ ჩაისვა კლორინდას დამატებითი (ასევე ჩემთვის უცნობი) არია
(Sventurata!). ეს კოხტა, ვირტუოზული სევდიანი არია ასახავდა კლორინდას იმედგაცრუებას
და მის შეგუებას დონ რამიროს არჩევანთან. აქ უკვე თავი იჩინა დანილა მიცის კარგმა ტექნიკამ
და მეორეხარისხოვანი როლის შესატყვისმა ვოკალურმა მონაცემებმა. შემდგომი ფინალიც იყო
შემოკლებული – კერძოდ, ანჯელინას საფინალო რონდო, რომელიც ჟენომ ქვედა რეგისტრის ნოტით
დაასრულა. ოპერის ვერსიებში გაუთვიცნობიერებელს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩებოდა, რომ
გრძელი პირველი აქტის შემდეგ, იტალიელებმა ‘შეამოკლეს’ მეორე აქტი, რათა სპექტაკლი
დროულად დასრულებულიყო. მიჭირს თქმა, მსმენელებმა თუ იგრძნეს ეს – მაგრამ თამაში, როსინის
გენიალური მუსიკა, დასის მაღალი არტისტიზმი, და რასაკვირველია, ჟენოს და ბიონდის
დუეტის მაგნეტიზმმა ყველაფერი სხვა გადაწონა. და მეც და გერმანელი მსმენელიც იმ დღეს
კარგი განწყობით ვტოვებდით დარბაზს. ‘ეჰ, ნეტავი ეს ტენორი ასეთი უფერული არ ყოფილიყო’
– ამოიოხრეს ჩემმა გერმანელმა მეგობრებმა უკანა გზაზე, მაგრამ ისიც კარგად ვიცოდით,
რომ აბსოლუტური სილამაზე და ჰარმონია ძნელად მისაღწევია.
დავით გიგინეიშვილი
Musikfest Bremen 19.09.2015
Bremen ‘Die Glocke’, Groser Saal
Rossini ‘La Cenerentola’ (concert performance)
versione della prima rappresentazione al Teatro Valle di
Roma nel 1817
first version performed in Rome 's
Teatro Valle on 25 January 1817
Angelina - Vivica Genaux (Mezzosoprano)
Don Ramiro - Francesco Marsiglia (Tenor)
Dandini - Clemente Antonio Daliotti (Baritone)
Clorinda - Damiana Mizzi (Soprano)
Tisbe - Adriana Di Paola (Mezzosoprano)
Don Magnifico - Bruno de Simone (Baritone)
Alidoro - Renato Dolcini (Baritone)
Europa Galante
Fabio Biondi Violin & conductor