Saturday, November 14, 2015

ბრემენის მუსიკალური ფესტივალი 2015 / Musikfest Bremen 2015 (1 ნაწილი)

ბრემენის მუსიკალური ფესტივალი (Musikfest Bremen), მიუხედავად ქალაქის მრავალსაუკუნოვანი წარსულისა, არ ითვლის დიდ ისტორიას. იგი დააარსა ამჟამად მოქმედმა პროფესორმა, ბრემენის მკვიდრმა თომას ალბერტმა 1989 წელს. აქამდე ცნობილი მევიოლინე და პერიოდული ინსტრუმენტების კამერული ანსამბლის დირიჟორი იგი 1986 წელს ქ.ბრემენში აარსებს ძველებური მუსიკის აკადემიას, ხოლო რამოდენიმე წელში კი საფუძველს ჩაუყრის აღნიშნულ ფესტივალს, რომელმაც მოკლე დროში მოიპოვა დიდი ავტორიტეტი. ფესტივალის გამართვის თვეებია გვიანი აგვისტო და სექტემბერი და უკანასკნელ პერიოდში იგი თავს უყრის არანაკლებ 30 წარმოდგენისა. მასში კლასიკური მუსიკის გარდა (რაც ძირითადია), წარმოდგენილია ჯაზი, მსოფლიო ხალხთა მუსიკა და ჟანრობრივი არეული მიმართულება (კროსოვერი). საღამოები ტარდება ბრემენის არა მხოლოდ განსხვავებულ დარბაზებში, არამედ ბრემენის სიახლოვეს მყოფ ქალაქებშიც და ტაძრებშიც (ძირითადად საორღანო და საგუნდო მუსიკა). ძალზე ორიგინალურად არის გადაწყვეტილი გახსნითი საღამო – ბილეთის მფლობელს საშუალება ეძლევა 24 საათის მანძილზე სამ კონცერტს დაესწროს, რომელიც შესაბამისად სხვადასხვა დროს იმართებოდა (ცხრა განსხვავებული კოლექტივი დროის ამ მონაკვეთში სამჯერ ზედიზედ აძლევდა წარმოდგენას).  დარბაზების სიუხვის მიუხედავად წამყვანი არის ბრემენის ‘ზარი/Die Glocke’ – რომელშიც როგორც გახსნითი, ასევე დახურვის საღამო იმართება. უკანასკნელი დეკადა ბრემენის ფესტივალზე გამოდიოდნენ ძველებური მუსიკის სახელგანთქმული კოლექტივები საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და ინგლისიდან (მარკ მინკოვსკი, ემანუელ ჰაიმი, რენე იაკობსი, ოტავიო დანტონე, ხორდი სავალი, პოლ მაკკრიში), რამაც ფესტივალს დიდი სახელი მოუტანა. ბრემენს ეწვია კლასიკური და ბაროკო მუსიკის დიდი საოპერო ვარსკვლავებიც. ასეთი დიდი რეპუტაციის გამო გეგმაში მქონდა ფესტივალზე დასწრება, მაგრამ ეს მხოლოდ ამა წლის შემოდგომაზე მოვახერხე. აკრედიტაცია იმაზე ადრე მოვიპოვე, ვიდრე ფესტივალის პროგრამა გამოცხადდებოდა. მიუხედავად არც თუ უსახელო კოლექტივებისა, წელს ფესტივალზე საინტერესო წარმოდგენა არც ისე ბევრი იყო. პირველი, რასაც დავესწარი, იყო კამერული მუსიკის კონცერტი ქ.ბრემერჰაფენის ინდუსტრიისა და კომერციის დარბაზში (IHK), რომელიც 12 სექტემბერს გაიმართა. აპოლონ მუზაგეტის სიმებიანი კვარტეტი (Apollon Musagète Quartett) ასრულებდა დვორჟაკის და ბრამსის კვარტეტებს. დარბაზი პატარა, დეკორაციების გარეშე, მაგრამ აკუსტიკურად დაბალანსებული იყო. დარბაზში არც თუ ისე ბევრმა მსმენელმა მოიყარა თავი. თავად თომას ალბერტმა გახსნა საღამო და ხაზი გაუსვა კამერული მუსიკის შესრულების სასურველ მოთხოვნას – პატარა და აკუსტიკურად გამართული დარბაზი, რითაც ახსნა რატომ გადაწყვიტეს ფესტივალის მესვეურებმა ამ ქალაქში ამ საღამოს ჩატარება. ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სახელმოხვეჭილმა პოლონურმა ანსამბლმა დვორჟაკის დო მაჟორული (N11, op.61) კვარტეტი ოდნავ არადამაჯერებლად დაიწყო, აკუსტიკურად ჩელო ოდნავ ჩავარდნილიც კი იყო. მხოლოდ მესამე ნაწილში (სკერცო – საცეკვაო მოტივით) კვარტეტმა საჭირო შეთანხმებულობა და სიმტკიცე მიიღო, ხოლო ბოლო ნაწილში, რომელიც კვარტეტის საუკეთესო და უსაზღვროდ ლამაზი ნაწილი გამოდგა, შესრულებამ სიცოცხლე და ენერგია მიიღო. შედარებით დავდაჭერილი კოლეგებისაგან განსხვავებით პირველი ვიოლინო (პაველ ზალეჟსკი/Pavel Zalejski) ამ ნაწილში მოეცა სრულ მუსიკალურ ნეტარებას – სუსტი და მაღალი პაველი ისე სულგანაბულად ქარგავდა მელოდიას, რომ დაძაბულობისაგან კიდევაც ცერებზე იდგა მთელი შესრულების დროს! შემსრულებელთა მუხტი მსმენელებზეც გადავიდა, რაც მხოლოდ მოკლე შესვენებამ გარკვეულად გაანელა. მეორე ნაწილის შუბერტის სოლ–მაჟორული კვარტეტი (N15, op.161), დვორჟაკისაგან განსხვავებით, უფრო ტრადიციული და კლასიკური, თან სევდით აღსავსე აღრმოჩნდა. პირველი ტიპური შუბერტისეული ნაწილის შემდეგ ნაწარმოებში რომანტიკული ვებერისეული მინარევი გაუჩნდა. აპოლონ მუზაგეტის კვარტეტს კარგად ეჭირა შუბერტის პულსი – მდგრადად და დინჯად დაასრულა კვარტეტმა კონცერტი. ერთია, რაც მე და ჩემმა გერმანელმა ნაცნობებმა გამოვთქვით – უკეთესი იქნებოდა საღამოს პროგრამა რომ საპირისპიროდ ყოფილიყო დაგეგმილი – ჯერ შუბერტი და შემდგომ დვორჟაკი.
  მეორე საღამო, რომელსაც დავესწარი, უკვე ბრემენის ‘ზარ’–ში 16 სექტემბერს წარმოადგენდა ერთგვარ ექსპერიმენტს. ცნობილი ნოველისტი და მუსიკის ქომაგი, ქალბატონი დონა ლეონი უძღვებოდა ბაროკო მუსიკის საღამოს – ამჟამად პოპულარულ იტალიურ ანსამბლ ‘Il Pomo d’Oro’–სთან, რომელიც აკომპანიმენტს უწევდა ორ მომღერალ ქალბატონს – ვერონიკა კანხემისა (Veronica Cangemi) და ქეით ოლდრიჩს (Kate Aldrich). პროგრამაში იყო უცნობი და საინტერესო იტალიური ბაროკოს მუსიკა – იომელი, პასკუალე ჩეფარო, დავიდე პერესი, ფრანჩესკო დე მაჯო, ნ.პორპორა, ჯენარო მანა და ლ.ლეო. ჩანაწერებშიც იშვიათად ჟღერადი, ამ კომპოზიტორთა მუსიკის ცოცხლად მოსმენა უკვე წარმატება იყო. კონცერტს საინტერესო სიუჟეტური ხაზი ახლდა, რაზედაც მწერალი დონა ლეონი ყოველი მოქმედების წინ უამბობდა მსმენელს. მუსიკა შეირჩა ისეთი, რომელიც გაცილებას ასახავდა – შესაბამისად კონცერტსაც ‘მშვიდობით/Addio’ დაერქვა. 
ქ.ოლდრიჩი, მ.ემელიანიჩევი, ვ.კანხემი

დონა ლეონმა ინგლისურ ენაზე გადმოგვცა დეტალებში, თუ როგორი მუსიკალური პალიტრით ასახავდნენ განშორებას იტალიელი კომპოზიტორები მე–XVIII საუკუნეში. მის წინასიტყვაობას დარბაზში ერთი–ორმა კრიტიკოსმა ხმამაღალი ‘ჩამხშობი’ კიჟინით შეხვდა, რასაც მე არ მივესალმე და არც თავად ლეონს მოეწონა. საღამოში ერთი დასანანი ცვლილება მაინც შევიდა – ორკესტრის დირიჟორი და მევიოლინე – რიკარდო მინაზი ოჯახური მიზეზების გამო არ ჩამოსულა, ამიტომაც ინსტუმენტალისტებს (რომელთა რიცხვი ათს არ აღემატებოდა) მეტად ახალგაზრდა ჩემბალისტი მაქსიმ ემელიანიჩევი (Maxim Emelyanychev) ხელმძღვანელობდა.

ორი არიის გარდა ყველა ნაწყვეტი დუეტი იყო. ვოკალურ ნაწარმოებებს შორის საკმაოდ უღიმღამო კამერული სონატემი (ჯუზეპე ავიტრანო და ანჯელო რაგაცი) შესრულდა. უკანასკნელი წლების ერთ–ერთ ყველაზე რეზონანსულ ორკესტრისაგან მეტს ველოდი. არიები საინტერესო გამოდგა – პერესის ვირტუოზული ‘Ah! Non lasciami, no’ სოპრანოსათვის და მანას ბობოქრული ‘Ove son? Che vegg’io?’ მეცო–სოპრანოსათვის. თუმცა ოლდრიჩს დიდი ხმა და მკვრივი მაღლები ქონდა, კანხემის უბადლო ფრაზირება და ტექნიკა, იდეალური ბაროკო მუსიკისათვის საბოლოოდ მაინც გხიბლავდა. დუეტები სევდიანი და ლირიული იყო. ბისზე შესრულდა ჰენდელის ‘ტეზეო’–დან მოკლე, მაგრამ ძალზე შთამბეჭდავი დუეტი (ჯერ კონტინუოთი, რასაც ბოლოში სრული ორკესტრი ერთვებოდა – ესეც ჰენდელის გასაოცარი ინსტრუმენტალიზმი). ყველაფერი იმ საღამოს საინტერესო და უცხო იყო – თუმცა იგი სამწუხაროდ მოკლე აღმოჩნდა, რადგან მზად ვიყავი მეტ ნეტარებას მივცემოდი ჩემთვისაც უცხო ჰანგების ასეთი კარგი შესრულებით.
   მესამე კონცერტზე მომიწია ქალაქ ვერდენში გამგზავრება. ეს ლამაზი და კოხტა ქალაქი, რომელმაც დიდი რესტავრაცია განიცადა და ტურისტების მოზიდვა გადაწყვიტა, ბრემენის აღმოსავლეთით არის განლაგებული მდინარე ალერის სიახლოვეს. მას დიდი ლუთერანული საკათედრო ტაძარი ამშვენებს (Dom zu Verden). ზუსტად ამ ტაძარში იმართებოდა 18 სექტემბერს მოცარტის ნაწარმოებებიდან შედგენილი კონცერტი (‘მოცარტი–1791/Mozart-1791’).  საღამოს უძღვებოდა ძველებური მუსიკის აღიარებული სპეციალისტი – შოტლანდიელი დირიჟორი ჯონ ბატი (John Butt) თავის ორკესტრთან (დანედინ კონსორტ/Dunedin Consort) და სოლისტებთან ერთად. მე ამ კოლექტივს ბახისა და ჰენდელის მუსიკის ჩანაწერებიდან ვიცნობდი, რომლებმაც დიდ ბრიტანეთში დიდი აღიარება და მრავალი პრიზი მოიპოვა. ქალაქის ცენტრალური ქუჩიდან უკვე კილომეტრის მოშორებიდან ჩანდა ვერდენის ტაძარი თავისი გრძელი, მასიური და ძალზე დაქანებული სახურავით. მიახლოვებისას აღმოჩნდა, რომ შესვლა გვერდითი ლამაზი წითელაგურიანი ორსართულიანი სახლის გერბიანი კარებიდან შეიძლებოდა, რომელიც ტაძრის ან მონასტრის ასოციაციას სრულიად არ ტოვებდა და პირიქით - ფარავდა ტაძარს. ტაძრის სამხრეთის მხრიდან, სადაც ერთადერთი მაღალი კოშკი იყო აღმართული, პატარა ფოიეს მეშვეობით უკვე პირდაპირ ტაძრის დიდ დარბაზში მივყავდით. 

ტაძარი დიდი და მასიური აღმოჩნდა, მას ორი ორღანი ამშვებებდა – ერთი უფრო ძველი, მისი სამხრეთის შესასვლელის თავზე და მეორე – უფრო თანამედროვე, უკვე დასავლეთის მხარეს, ზუსტად იმ კარების თავზე, რომელსაც ცალკე ეზოში მივყავდით და ვიწრო კორიდორების მეშვეობით უკვე ადრე ნახსენებ გერბიან კარებამდე, რომელიც თავის მხრივ ქალაქის ცენტრალურ ქუჩას უყურებდა. საკურთხევლის ტერიტორია იყო მოკრძალებული, მისი წინა შედარებით გრძელი და ვიწრო ფართობი მძიმე ხის სკამებს და ნოტებიან პიუპიტრებს ეჭირა. 

კონცერტში მოცარტის ‘ჯადოსნური ფლეიტიდან’ უვერტიურა, ლა–მაჟორული კლარნეტის კონცერტი (KV622) და ‘რექვიემი’ უნდა შესრულებულიყო. პროგრამა იყო საინტერესო და მე დიდი მოლოდინით ველოდი ორკესტრანტების გამოჩენას. განსხვავებით წინა სპექტაკლებიდან ტაძარი სრულად დაიტვირთა, მეტიც – მსმენელმა ყველა შემოსასვლელი კარების ტერიტორია დაიკავა და ნაკადი მოდიოდა და მოდიოდა.
შოტლანდიური კოლექტივი სრული შემადგენლობით ჩამოვიდა, მაგრამ როდესაც უვერტიურის პირველი ბგერები აჟღერდა ნათელი გახდა, რომ კომფორტს ამაოდ ველოდი. ტაძრის უჩვეულო აკუსტიკა აღმოჩნდა ამის მიზეზი, კედლებიდან არეკლილი რევერბერაცია მძიმედ და გვიან უბრუნდებოდა მსმენელს და თან ნაწილობრივ ახშობდა ორკესტრანტების მიერ შესრულებულ ახალ ტაქტს. ასე რომ უკვე შესრულებული მოეფინებოდა ახლად შესრულებულს და იქმნებოდა გარკვეული ქაოსი. დაიკარგა დეტალიზაცია და გაქრა აქცენტები: ფლეიტა და ჰობოი საერთოდ არ ისმოდა. პირველი რაც გავიფიქრე – შემსრულებლებმა თავად არ დაკარგონ ერთმანეთში სინქრონიზაცია, მაგრამ დირიჟორი და ორკესტრი აუღელვებლად აგრძელებდნენ. ეფექტი იგივე დარჩა მოცარტის მშვენიერი კლარნეტის კონცერტის შესრულებისას – არც უჩვეულო ბას–კლარნეტის ჟღერადობა (ერიკ ჰეპრიკ/Eric Hoeprich) და არც ორკესტრანტების ვირტუოზობა არ ისმოდა სრულყოფილად, მხოლოდ შუა ნელ ნაწილში თუ გაიხსნა ეს ნისლი და მუსიკამ საჭირო მწყობრი მიიღო. 

შესვენების შემდეგ შესრულებულმა ‘რექვიემმა’ ჩემი გუნებაგანწყობა საგრძნობლად აწია – პატარა გუნდი (6 მამაკაცი და 6 ქალბატონი) და ოთხი სოლისტი (მაირი ლოუსონი, ესთერ ბრეზილი, ნიკოლას მალროი და მეთიუ ბრუკი - M.Lawson, E.Brazil, N.Mulroy, M.Brook) ტაძრის აკუსტიკამ გააძლიერა და მათი ხმები დიდი გუნდის შესატყვისი იყო. ხანგრძლივი რევერბერაცია მოუხდა რექვიემს. ტემპები, როგორც მოსალოდნელი იყო, იყო სწრაფი – ეფექტი მძლავრი და გახანგრძლივებული, ცალკეული სოლისტების ხმების კი უფრო გამონათდა ამ უცნაური აკუსტიკის ხარჯზე. მუსიკა დაწერილი ტაძრისათვის სრულიად შესატყვისი იყო არსებული აკუსტიკისათვის. ამიტომაც საღამო არ ჩაიშალა – მსმენელმა და მათ შორის მეც, სიამოვნება მივიღეთ. შოტლანდიელები მხურვალე აპლოდისმენტებით გააცილეს, მათვე დასავლეთით მდებარე  კარების ვიწრო გასასვლელში კორიდორი შეუქმნეს ტაძრის დროულად დასატოვებლად.

  წინა სპექტაკლებმა კარგი მოლოდინი შემიქმნეს სრული საოპერო სპექტაკლის მოსასმენად – რაც ზუსტად ფესტივალის დახურვისათვის შემოინახეს ფესტივალის ორგანიზატორებმა. ამის შესახებაც შემდეგში მოგახსენებთ...

დავით გიგინეიშვილი

გამოქვეყნებულია ჟურნალში 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2015; 4(61):49–52.

12.09.2015 
Kammersaal der Industrie- und Handelskammer Bremerhaven
»Kammer-Konzert«   Program:
Antonin Dvorak: Streichquartett Nr. 11 C-Dur op. 61
Franz Schubert: Streichquartett Nr. 15 G-Dur op. 161 D 887


Apollon Musagete Quartett
+++++++++++++++++++

16.09.2015 
Die Glocke / Large Hall  (Bremen)

»Addio« Program:
Text: Donna Leon 
Music:
Niccolo Jommelli (Recit accomp), Pasquale Cafaro (duet), G.Avitrano (sonata), D.Perez (aria for soprano), G.F.De Majo (duet), Nicola Antonio Porpora (duet), A.Ragazzi (sonata), G.Manna (aria for mezzo-soprano), Leonardo Leo (duet)
Encore: Handel-Teseo (duet) Il Pomo d’Oro
Veronica Cangemi, Soprano
Kate Aldrich, Mezzosoprano
Donna Leon, Speaker

Maxim Emelyanychev, Cembalo & conductor
+++++++++++++++++++
18.09.2015 
Dom zu Verden
»Mozart 1791« Program:
Wolfgang Amadeus Mozart: 
Ouverture aus »Die Zauberflote« KV 620, 
Klarinettenkonzert A-Dur KV 622, 
Requiem d-Moll KV 626


Dunedin Consort Choir & Players
Eric Hoeprich, Clarinet
Mhairi Lawson, Soprano
Esther Brazil, Alto
Nicholas Mullroy, Tenor
Matthew Brook, Bass
John Butt conductor