ძმები გრიმების ზღაპრის გმირები ‘მუსიკოსები ბრემენიდან’ ბევრისათვის
ცნობილია, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ
იცის როგორი მუსიკალური ცხოვრებით ცხოვრობს ბრემენი ამჟამად.
ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ერთ–ერთი ცენტრალური ადგილი უკავია
საკონცერტო დარბაზს, რომელსაც ‘ზარი“ /Die
Glocke/ ეწოდება. სიმბოლურია, რომ იგი ბრემენის ულამაზესი რატუშის მარჯვნივ მდებარეობს,
ბრემენელი მუსიკოსებისადმი მიძღვნილი სახელგანთქმული
სკულპტურა კი - მარცხნივ, რითაც არქიტექტორებმა, როგორც ჩანს, ერთგვარად დაიცვეს ‘მუსიკალური ბალანსი’ ქალაქის ცენტრში.
‘ზარის’ შენობა რამოდენიმეჯერ გადაკეთდა, თუმცა როგორც მუსიკალური დარბაზი, იგი მხოლოდ მე–XX საუკუნის დასაწყისიდან გახდა ცნობილი.
შუა საუკუნეებში ეს შენობა ჯერ კათედრალური ტაძრის ნაწილი იყო, სადაც
შეკრებები იმართებოდა. მოგვიანებით მის ადგილას აშენდა ოქტაგონური შენობა და მხატვართა
ასოციაციას გადაეცა. 1915 წლის ხანძარმა ძირფესვიანად შეცვალა შენობის დანიშნულება
და მხოლოდ 1928 წლიდან მოქმედებს, როგორც მუსიკალური
დარბაზი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მან
დაიბრუნა ქალაქის მუსიკალური ცენტრის სტატუსი, მაგრამ დიდი საერთაშორისო რეპუტაცია
მას 1997 წლის განახლებამ მოუტანა, რომლის შედეგად ხელუხლებლად დარჩა დარბაზის
აკუსტიკური თვისებები, მაგრამ ‘არტ დეკო’–ს სტილში განახლდა შენობის ფასადი,
კორიდორები და შიდა დარბაზები. მუსიკალური სამყაროს სხვადასხვა ავტორიტეტების მიერ
დარბაზი ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესო
მუსიკალურ შენობად იქნა აღიარებული აკუსტიკური ჟღერადობისა და არქიტექტურის გამო. ამჟამად
ფუნქციონირებს ორი დარბაზი: ძირითადი დიდი დარბაზი, რომელიც სტუმრობს 1400–დე მსმენელს
და მის გვერდზე მყოფი პატარა დარბაზი, სადაც 400–მდე ადამიანი ეტევა. ყოველწლიურად
დარბაზებში 300–მდე საღამო იმართება, რომელშიც, კლასიკური მუსიკის გარდა, ჟღერს
კაბარე, ჯაზი, ხალხური მუსიკა, იდგმება მიუზიკლები.
უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე საკონცერტო დარბაზს საოპერო სცენის თითქმის ყველა დიდი ვოკალისტი სტუმრობდა. ჩამოვთვლით
მხოლოდ რამოდენიმეს: ჩეჩილია ბარტოლი, სიმონ კერმესი, ფილიპ ჟარუსკი, როლანდო
ვილიასონი და ჯოის დიდონატო. დარბაზს არც ცალკეული ინსტრუმენტალისტები აკლდებოდნენ
(საბინა მეიერი, მარტა არგერიხი, ანა–სოფი მუტერი და ა.შ.).
ამჟამად, ბაროკოს ეპოქის მუსიკისადმი მომეტებული ინტერესის გამო,
ბრემენი მასპინძლობს სახელგანთქმულ
ანსამბლებს და შემსრულებლებს. ასევე
პოპულარულია იგი ფესტივალის პერიოდში (Musikfest
Bremen), რომელიც ყოველწლიურად ტარდება აგვისტო–სექტემბრის თვეში. ამ დროს ქალაქში
ჩამოდიან დიდი კოლექტივები და დირიჟორები, რომლებიც ოპერების სრულად დადგმასაც არ
არიდებენ თავს.
ამა წლის თებერვლის თვეში, ბაროკო მუსიკის აღიარებული ავტორიტეტი,
იტალიელი დირიჟორი ალესანდრო დე მარკი (Alessandro de Marchi) აძლევდა ორ კონცერტს
ბრემენის სახელგანთქმულ დარბაზში. საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ მას ბრემენის
ფილარმონიის ორკესტრისათვის უნდა ეხელმძღვანელა და არა მისი ტრადიციული
ანსამბლისათვის ‘Academia Montis Regalis’. უცნაური იყო აგრეთვე, ის ორდღიანი პროგრამა, რომელიც ‘წმინდა ვენეციურ
ბაროკოს’ ეძღვნებოდა. პირველ დღეს იგეგმებოდა მხოლოდ კამერული კონცერტი, სადაც
ბაროკოს მარგალიტები აჟღერდებოდნენ (ალბინონი, გალუპი, ვივალდი), მათ შორის
კონცერტი მანდოლინასთვის RV93 და კონცერტი 4 ვიოლინოსათვის RV580, და მარჩელოს
ჰობოის რე–მინორული კონცერტი.
მეორე დღეს უნდა
შესრულებულიყო ვოკალური ნაწარმოებები, რომელსაც ამერიკელი სოპრანო რობინ იოჰანსენი
(Robin Johannsen) შეასრულებდა. ამ მომღერალს ჩანაწერებიდან ვიცნობდი, კერძოდ, ალესანდრო
სკარლატის ორატორიიდან ‘Davidis pugna et
victoria(„დავითის ბრძოლა და გამარჯვება“ კომპანია Hyperion–ზე) ზემოთ ხსენებული
ალესანდრო დე მარკის ხელმძღვანელობით.
ვოკალური კონცერტი საინტერესო
მომეჩვენა და ბრემენის ფილარმონიის
პრეს–ოფისის გულითადი დახმარების შედეგად,
ამ კონცერტს დავესწარი კიდეც.
როგორც უკანასკნელ დროს დამკვიდრდა, კონცერტში, ვოკალურ
ნაწილებში კამერულიც იყო ჩართული. დე
მარკი საშუალო სიმაღლის ხმელი და არტისტული პიროვნება აღმოჩნდა. კონცერტის დაწყებამდე, სცენაზე ორი კლავესინი ისე იყო მიდგმული, ერთის
შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელსაც ორი კლავიატურა ჰქონდა. დე მარკი მარცხნივ დაჯდა,
მარჯვნივ - სხვა შემსრულებელი. ორკესტრი ოდნავ არატრადიციულად განლაგდა –
მევიოლინეები მთელი რიგის გასწვრივ, სხვა შემსრულებლები (ვიოლა, ჩელო, კონტრაბასი,
სასულე და მანდოლინა) მარჯვნივ, ზოგი მარცხნივ განლაგდნენ, როგორც მევიოლინეების
წინ ასევე უკან.
ვოკალური ნაწილი დაიწყო
ვივალდის ოპერა ‘Orlando finto pazzo’–დან ნაწყვეტით. არია ‘La speranza
verdeggiando’ ვენეციელი კომპოზიტორის სტილისტური სწრაფი არია აღმოჩნდა. სოპრანოს
ლამაზი კამერული ხმა ჰქონდა, იგი ლაღად მღეროდა – მას არ ეშინოდა არც თავბრუდამხვევი
ტრელებისა და არც სწრაფი ტემპის. თავისი მანერითა და ტემბრით რობერტა ინვერნიცის
მოგაგონებდათ. მერვე რიგის შუა ადგილიდან
სცენა კარგად ჩანდა და ორკესტრი და ხმა იდეალურად იყო დაბალანსებული. არც ერთი
მუსიკალური ფრაზა არ იკარგებოდა და იოჰანსენის ხმა არცთუ ისე პატარა დარბაზს
კარგად ავსებდა. ორკესტრი არც ერთ პასაჟში
არ სჯაბნიდა მომღერლის ხმას. ტექნიკა და სიმღერის მანერა წუნდაუდებელი იყო, ხმა - სუფთა, ტემბრალური შეფერილობის გარეშე. მომღერალი
სცენაზე თავდაჭერილი და ნაკლებად
ექსპრესიული იყო. მაგრამ გმირის განცდები მაინც კარგად აისახებოდა მის შესრულებაში.
პირველ არიას მოჰყვა ბენედეტო მარჩელოს პატარა ვოკალური შედევრი –
არია ‘come mai puoi vedermi piangere’ ოპერა ‘Arianna’–დან. მასში სევდიანი მელოდია, რომელსაც გადმოსცემენ სიმებიანი
ინსტრუმენტები, მსმენელის გულის სიღრმემდე
აღწევს თავისი უცნაური და არატრადიციული მელოდიური ინტონაციით, ამას ერთვის
ვოკალური ხაზი და ტექსტის გაცნობის გარეშეც მსმენელს ადვილად წარმოუდგება დამწუხრებული
არიანა, რომელიც ტესეიმ დატოვა, მიუხედავად იმ დიდი სიყვარულისა და დახმარებისა,
რომელიც არიანამ მას გაუწია მინოტავრის დამარცხებისათვის. ამ არიის მოსმენა
შეიძლება მხოლოდ პატრისია პეტიბონის მიერ ჩაწერილ დისკზე კონცერტ ‘rosso’–ს ბაროკო არიებს შორის.
ბრემენის ფილარმონიის ორკესტრი ბაროკო მუსიკაში ისეთი გამოცდილი არ
არის როგორც იტალიური, ძველებური მუსიკის ორკესტრები, ამიტომაც საინტერესო იყო, ეს
გამოწვევა როგორ მიიღო ბრემენის კოლექტივმა. ვივალდის სავიოლინო კონცერტი rv552 დე
მარკიმ ძალზე ორიგინალურად გადაწყვიტა. პირველი ვიოლინოს მიერ (რეინჰოლდ ჰეისე) გადმოცემული
მუსიკალური თემის ექოთი გამეორების შემსრულებლები – სამი მევიოლინე ქალბატონი, დე
მარკიმ სცენის მარჯვენა ზედა კუთხეში განალაგა – იქ საიდანაც შემსრულებლები
ჩამოდიოდნენ სცენაზე. აკუსტიკურად ტრიომ არაფერი წააგო, დამატებით კიდევ მსმენელმა
ზუსტად იცოდა, როდის სრულდებოდა მელოდიური ხაზი პირველი ვიოლინოს მიერ და როდის
მისი ‘ანარეკლის’ მიერ. ტემპი გაცილებით ნელი იყო, ვიდრე საკუთრივ იტალიელი
ვირტუოზები სთავაზობენ ხოლმე მსმენელს, მაგრამ შემსრულებლები, პირველ რიგში
სიმებიან ინსტრუმენტებზე, ლეგატოს ბოლოში იდნავი წყვეტითა და ოსცილაციით
ასრულებდნენ, რაც უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებდა და მთელ შესრულებას აუთენტობის
ნიშანს ანიჭებდა. მთელი საღამოს მანძილზე ეს ხერხი არაერთხელ გამეორდა, რაც დე
მარკის შესრულების მანერას ასახავდა. ასეთივე მანერა მან თავისი პირველ დიდ
ჩანაწერშიც გამოავლინა (ვივალდის ორატორია ‘იუდითი ტრიუმფატორი’ კომპანია Naïve–ზე).
მერე შესრულდა ორი არია ვივალდის ოპერა ‘Bajazet/ბაიაზეტი’–დან. დრამატულ
არიას ‘sposa son disprezzata’-ს პირველ ნაწილს აკლდა შესატყვისი დაძაბულობა და პერსონაჟის
განცდებში ჩაწვდომა, მაგრამ იოჰანსენმა მეორე ნაწილში მოახერხა გმირის განცდებისა
და მისი ტრაგიზმის სიღრმის გადმოცემა. მეორე არია შესრულდა არნახული სისწრაფით –
ახალგაზრდა მომღერალი იმდენად შეუკავებელი იყო, რომ უსწრებდა ორკესტრის
აკომპანიმენტს.
აღსანიშნავია ვივალდის ‘წელიწადის დრონის’ (‘ზაფხულის’) შესრულებისას
ამ ნომრისათვის დირიჟორის მიერ გამოყოფილი პირველი ვიოლინოს (ოლეგ დულიბას)
კურიოზები – ჯერ იყო და მან დააგვიანა და თავის ადგილს მევიოლინეებს შორის ეძებდა,
მერე იყო და გაახსენდა რომ წინ უნდა გამოვიდეს. ის, რომ იგი დარბაისელი (უმეტესად
ასაკოვანი), ტრადიციული, გერმანელი მსმენელის ყურადღების ქვეშ მოექცა, მას დიდ
უხერხულობაში აგდებდა და იგი ამას არ მალავდა.
შესრულებისას შეცდომები არ იყო და დე მარკი არ მოერიდა მძლავრი
ფორტისიმოებს სიმებიანებით (ისინი დიდი სიზუსტით შესრულდა). პირველი ვიოლინოს
საქციელი მაყურებლის ყურადღების მიღმა არ დარჩა – მსმენელი გაახალისა და იგი უფრო დიდი ოვაციებით
შეხვდა დირიჟორის ამ მიღწევას ბრემენის ფილარმონიულ ორკესტრთან.
კონცერტის მიწურულს შესრულდა ჯერ პორპორას ‘Semiramide riconosciuta/ სემირამიდიდან’
ჰაეროვანი არია, რომელსაც იოჰანსენი იოლად და ჩინებულად გაუმკლავდა. ბოლოს შესრულდა ურთულესი არია ვივალდის ‘L'Olimpiade/ოლიმპიადიდან’
– ‘siam navi all’onde algenti’. ეს არია, რომელიც პირველად დიდი აუდიტორიისათვის
ცნობადი ჩეჩილია ბარტოლიმ გახადა და მერე უკვე სიმონე კერმესმა ჩაწერა თავის სოლო
დისკში, სავარაუდოდ ვივალდის შედევრების სიაში შედის. უმძიმესი რულადები და ფიორიტურები,
რომელიც მასში გამოყენებულია, მოითხოვს მომღერლისაგან უზადო (ვიტყოდი სუპერ
კლასის) ტექნიკასა და არტისტიზმს. და ეს ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით, ქარიშხალივით
სრულდება. არც აქ დაიბნა ახალგაზრდა მომღერალი და შესაშური ტემპი აიღო და აქაც ორკესტრი
ეწეოდა მას. მაგრამ მაინც ძნელია იგი ბრწყინვალე ჩეჩილია ბარტოლის შეადარო
(ვივალდის სოლო დისკი DECCA–ზე და ასევე ვიდეო ჩანაწერი), რომელსაც მეტი
არტისტიზმი და ტექნიკა გააჩნია.
ცოცხალი შესრულებისათვის იმ
საღამოს აჟღერებული ვარიანტი ნამდვილად გულგრილს არავის დატოვებდა წკრიალა,
მძლავრი და მოქნილი ხმის მოსმენით. ოვაციები ხანგრძლივი იყო, ამიტომაც შემსრულებელმა
ბისზე მომზადებული არია – ისევ ოპერა ‘ოლიმპიადიდან’ უკვე შედარებით მშვიდად
დაასრულა თანდართული სიმებიანი აქცენტებით.
ვფიქრობ, რომ საღამო, როგორც ჩემთვის ასევე მსმენელთათვის მოულოდნელად სასიამოვნო აღმოჩნდა – ვოკალისტი
თავის საუკეთესო ფორმაში, იშვიათი და ძნელად შესასრულებელი ბაროკო არიები, მაესტრო
დე მარკი, ერთგვარად სახეცვლილი ბრემენის ფილარმონიის ორკესტრი, მშვენიერი
აკუსტიკა და მადლიერი მსმენელი – განა ეს სრულებით საკმარისი არაა საუკეთესო
კონცერტისათვის?
ვოკალი–4.5 / ორკესტრი–4
დავით გიგინეიშვილი
20.02.2014
გამოქვეყნებულია გაზეთ 'ლიტერატურული საქართველო' 2014 #10(3696):13;
და ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2014 #1(54): 49–51 სათაურით 'მუსიკოსები ბრემენიდან'.
"Venezianischer Barock pur" (Day 2)
Baroque Music Concert on 04 February, 2014
Big Concert Hall, 'Die Glocke' Bremen
1. Antonio Caldara: Sinfonia in D-major »Santa Francesca«
2. Antonio Vivaldi: 'La speranza verdeggiando' Aria from »Orlando finto pazzo«
3. Benedetto Marcello: 'Come mai puoi vedermi piangere' Aria from »Arianna«
4. Vivaldi: Concert for three violins A-major »per eco in lontano« RV 552
5-6. Vivaldi: 'Sposa son disprezzata' & 'Anche il mar' Arias from »Il Bajazet«
7. Tomaso Albinoni: Sinfonia G-major
8. Nicola Porpora: 'Bel piacer saria d'un core' Aria from »Semiramide riconsciuta«
9. Vivaldi: Concerto Nr. 2 G-minor op. 8 RV 315 »L'Estate/Summer«
10. Vivaldi: 'Siam navi all'onde algenti' Aria from »L'Olimpiade«
Encore:
Vivaldi 'Il fidarsi della speme' Aria from »L'Olimpiade« (?)
Encore:
Vivaldi 'Il fidarsi della speme' Aria from »L'Olimpiade« (?)
Robin Johannsen, Soprano
Bremer Philharmoniker
Violino principale: Reinhold Heise (4), Oleg Douliba (9)
Violino principale: Reinhold Heise (4), Oleg Douliba (9)
Alessandro de Marchi, conductor