მე–XVIII საუკუნის
დასაწყისში, გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, იმდროინდელმა ვაჭარმა გოტფრიდ ციმერმანმა თავისი
სავაჭრო საქმიანობის გასაუმჯობესებლად წმინდა კატერინის ქუჩაზე გახსნილ საკუთარ კაფეს
სახლში ‘კაფე ციმერმანში’ ზამთრის სეზონში, კვირაში ერთხელ, მუსიკალური საღამოების
გამართვა დაიწყო. ზაფხულში კი ასეთი საღამოები გააგრძელა ქალაქგარეთ, სახელგანთქმული
ლაიფციგის ბაღებში, რითაც მუსიკოსებს საშუალება მიეცათ საკუთარი ნაწარმოებები
შეესრულებინათ, ხოლო დამსწრე საზოგადოებას,
მუსიკის მოსმენასთან ერთად, ცხელი ყავისა და ტკბილის დაგემოვნება შეეძლოთ. მოგვიანებით,
ცნობილი კომპოზიტორის ტელემანის მიერ მე–XVIII საუკუნის დასაწყისში დაარსებულმა ორკესტრმა
‘Collegium Musicum,’ თავი დაიმკვიდრა ამ კაფეში,
ხოლო 1729 წლიდან იოჰან სებასტიანი ბახი ხდება ამ საღამოებების ნამდვილი გმირი. როგორც
შემორჩენილი წყაროებიდან არის ცნობილი, ორკესტრი ზოგჯერ 40–დე მუსიკოსსაც აერთიანებდა
და შედგებოდა ძირითადად ახალგაზრდა ადგილობრივი მუსიკოსებისაგან. ორკესტრი აგრეთვე
ძლიერდებოდა ცნობილი ინსტრუმენტალისტებისა და ვოკალისტების მიერ, რომლებიც გასტროლებზე
ჩამოდიოდნენ ლაიფციგში. დღეს მკვლევარები და მუსიკის მოყვარულები ვარაუდობენ როგორ
შეიძლებოდა ჩატარებულიყო ეს საღამოები, რას ასრულებდა ბახი და რამდენად თავისუფალი
და იმპროვიზაციული იყო მუსიკის შესრულება. დიდი ალბათობით, ბახს მიეცემოდა საშუალება
ამ საღამოებისათვის დაეწერა და წარმოედგინა მსმენელის წინაშე საერო კანტატები, მათ
შორის სახელგანთქმული ‘ყავის კანტატა’(BWV211) და ასევე მრავალი კონცერტი ცალკეული
ინსტრუმენტებისათვის, კერძოდ, კლავესინისათვის. ციმერმანი თავის საქმის სასარგებლოდ
არც მუსიკოსებსა და არც შემოსულ სტუმარს მუსიკის მოსმენისთვის არაფერს ართმევდა. ეს
კაფეში გახსნილი ატმოსფეროს შექმნისა და შემსრულებლების მხრიდან ინტერპრეტაციის საშუალებას
იძლეოდა. მუსიკოსები გაბედულად მიმართავდნენ იმპროვიზაციას, რაც საღამოებს დაუვიწყარ
ელფერს აძლევდა. ამ კონცერტებში ბახი გამოდის როგორც კაპელმაისტერი და ზოგჯერ კლავესინზე
შემსრულებელიც.
1999 წელს საფრანგეთში ყალიბდება კამერული ორკესტრი
სახელწოდებით – ‘კაფე ციმერმანი/Café Zimmermann,’ რომელიც
მიზნად ისახავს შეასრულოს ბაროკო ეპოქის, კერძოდ, ბახის კონცერტები და რეკონსტრუქცია
მოახდინოს იმ ატმოსფეროსი, რომელიც დღევანდელი წარმოდგენით, ბახის ხელმძღვანელობით
კამერული მუსიკის შესრულებისას სუფევდა გოტფრიდ ციმერმანის კაფეში. ამისათვის ცნობილმა
მევიოლინემ, პაბლო ვალეტიმ და კლავესინისტმა
სელინ ფრიშმა შეკრიბეს განსხვავებული მუსიკოსები
და წარმოადგინეს ისეთი ვირტუოზული და ტექნიკური დონის შესრულება, რომელმაც მალე დაიმსახურა
საერთაშორისო აღიარება, ამავე დროს ფრანგულ ფირმა ‘Alpha’–ზე სტუდიაში ჩაიწერეს ბახის
ყველა საორკესტრო კონცერტი (მათ შორის ბრანდენბურგის და სუიტები).
ამ კომპლექტის სრულად გაცნობისას ჩემი ყურადღება
მიიქცია ხმისჩამწერი ინჟინრების განსაკუთრებულმა ნამუშევარმა. მათ განუმეორებელი აუთენტური
და ცოცხალი ატმოსფერო შექმნეს სულ რამოდენიმე ინსტრუმენტის ჟღერადობიდან. ეფექტი მოულოდნელი
და ძნელად დასაჯერებელი იყო. მსმენელი ალბათ ვერ წარმოიდგენდა რომ უსმენდა უკეთეს შემთხვევაში
ათკაციან და არა 18–30 კაციან ორკესტრს.
ზალცბურგის დიდი საუნივერსიტეტო
ოთხკუთხედი ფორმის დარბაზი, რომელშიც ზალცბურგის ბახის საზოგადოების თაოსნობით და ორგანიზებით
ამა წლის 28 თებერვლის საღამოს ანსამბლი ‘კაფე ციმერმანი’ პირველად ამ ქალაქში კონცერტს
ატარებდა, 500 მსმენელს იტევს. რიგები, ძველი საუნივერსიტეტო ტრადიციებისამებრ, მაღლდება
თანდათანობით, პირველი რიგიდან ბოლომდე, ასე რომ მაყურებელი წინა რიგში ხელს არ უშლის
მომდევნო რიგის მაყურებელს. იმ საღამოს, დარბაზის
შესატყვის, ასევე ოთხკუთხედი ფორმის პატარა სცენაზე, რომელიც იატაკიდან ერთი მეტრით
მაღლა იყო, გარდა გრძელი კლავესინისა, სკამებისა
და პიუპიტრებისა, არაფერი იყო. დარბაზის თეთრ კედლებზე, დიდი ფანჯრების თავზე ძველი
სურათები იყო განთავსეწბული. როგორც წყაროები იუწყებიან, ეს დარბაზი (როგორც უნივერსიტეტის
ნაწილი, რომელიც 1622 წელს არის დაარსებული ბენედიქტთა ორდენის მიერ) წარსულში მოცარტის
მუსიკის ადრეული ოპერა ‘აპოლონი და ჰიაცინტი’–ის პირველი შესრულების მომსწრეა. მას
შემდეგ, ანუ უკანასკნელი 25 წლის შემდეგ, დარბაზმა განახლება განიცადა და ერთ–ერთ წამყვან მუსიკალურ
სცენად იქცა, სადაც სახელგანთქმული მოცარტის ზალცბურგის ფესტივალები ტარდება.
იმ საღამოს პროგრამა შედგებოდა
მეორე სი მინორული სუიტის (BWV1067), ლა მაჟორული კლავესინის კონცერტის (BWV1055), სოლ მაჟორული ტრიო–სონატისა (BWV1038) და მეხუთე
ბრანდენბურგის კონცერტისაგან (BWV1050). ბახის მეორე სუიტა შესრულდა 5 სიმებიანი საკრავის,
კლავესინისა და ფლეიტის მიერ. ფლეიტისტი დიანა
ბარონი ინსტრუმენტალისტების წინ იდგა და კლავესინი კი სულ უკანა ხაზზე აღმოჩნდა.
მაგრამ კონცერტის დაწყებიდანვე მივხვდი, რომ აკუსტიკური მრავალფეროვნება და სისავსე
(რაც ამ ანსამბლის ჩანაწერებში გამოჩნდა) არა ხმის ოპერატორების, არამედ ანსამბლის
სტრატეგიის შედეგი იყო. ყურადღებით გამორჩეული შემსრულებლები და იმ ეპოქის ინსტრუმენტები
ქმნიდენ არნახულად აუთენტურ ჟღერადობას, რომელიც მეტად თანამედროვე და მიმზიდველი იყო.
შვიდი ინსტრუმენტი თავისი სიძლიერით დიდ დარბაზს ავსებდა და ქმნიდა ხმით გაჯერებულ
ატმოსფეროს, რომელიც საორკესტრო კონცერტებში გამოვლენილ ბახის იუმორულ ხასიათსა და
იმპროვიზაციულ ნიჭს კარგად ასახავდა. კლავესინის
ხმა არ ჭარბობდა, იყო პრაქტიკულად ერთ რეგისტრში და რბილ, მრგვალ ბგერებს გამოსცემდა.
მეხუთე ბრანდენბურგის კონცერტი ის ნაწარმოებია, სადაც კლავესინს დიდი როლი ენიჭება
თავისი ხანგრძლივი სოლო კადენციის გამო. სელინ ფრიშმა არცთუ უხარვეზოდ, მაგრამ კარგად
გაუმკლავდა ამ პარტიას, დაიჭირა ტემპი და იმპროვიზაციის კარგი სტილი.
თავიდანვე შესრულების ტემპი
იმ თავბრუდამხვევზე ნელი მომეჩვენა, რაც ანსამბლმა ჩანაწერში შემოგვთავაზა, თითქოს
შესრულებას ასევე აკლდა სიცოცხლე და სითბო.
მუსიკოსები უკრავდნენ, მაგრამ რატომღაც ბახის მუსიკით აღტკინებულები არ ჩანდნენ, რასაც
პაბლო ვალეტის შეკრული, უემოციო სახეც
ასახავდა. ამან ძალზე დამწყვიტა გული. მაგრამ დარბაზი, რომელიც დიდი სიჭარბით ასაკოვანი
მსმენელით იყო სავსე, მაინც გულთბილად იღებდა ვირტუოზებს და კონცერტის ბოლოს არ უშვებდა
მათ სცენიდან. ბისზე ჯერ შესრულდა ბახის ცნობილი არია მესამე სუიტიდან (BWV1068) და რადგან დარბაზი არ მალავდა თავის განსაკუთრებულ
განწყობას, პაბლო ვალეტიმ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ მეორე სუიტის ფლეიტის ვირტუოზული
ნაწილი გაემეორებინა. ახლა უკვე მეტად რელაქსირებულებმა და ეგზალტირებულებმა შესატყვისი
ემოციური სილაღე დააყოლეს, რამაც შესრულებას ის გულისცემა შესძინა, რაც კონცერტს თავიდანვე
აკლდა. აქ გამოვლინდა ანსამბლის საუკეთესო საშემსრულებლო თვისებები.
შესრულება–4.0; არტისტიზმი–3.8; აკუსტიკური ბალანსი–5.0
დავით გიგინეიშვილი
11.03.2013
გამოქვეყნებულია ჟურნალ 'საქართველოს ბიბლიოთეკა' 2013, N4(53):33–34.
Café Zimmermann
Konzertmeister:
Pablo Valetti
David
Plantier, violine; Patricia Gagnon, viola;
Petr
Skalka, violoncello; Ludek Brany, kontrabass;
Celine
Frisch, cembalo;
Diana
Baroni, traversflote (auf
Originalinstrumenten)
J.S. Bach:
Ouvertüre
(Suite) Nr. 2 h-Moll, BWV 1067
Cembalokonzert
A-Dur, BWV 1055
Triosonate G-Dur,
BWV 1038
Brandenburgisches
Konzert Nr. 5, BWV 1050
Große
Universitätsaula
Max-Reinhardtplatz,
Salzburg
Austria
28 February 2013